პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ბულინგი

ხშირად გაიგონებთ, რომ ახლანდელი თაობა მეტად აგრესიული და დაუნდობელია. მიზეზებზე აქტიურად მსჯელობენ და კამათობენ, დამნაშავესაც პოულობენ: სოციალური ქსელი, ფილმები, ვირტუალური თამაშები… ყველაზე მეტად კი, რა თქმა უნდა, სკოლას და მასწავლებელს ადანაშაულებენ.

ზოგადი განათლების ერთ-ერთი მიზანი სწორედ ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაა. მოთხოვნა „იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე” ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ პრიორიტეტულ კომპეტენციებშიც არის ასახული:

„სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვ.”

საგნის სწავლება სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად ხელს უნდა უწყობდეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყოფილი ცხრა პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციის განვითარებასაც, რისთვისაც საგანთაშორისი კავშირების დამყარებაა საჭირო. მოსწავლეს უნდა შეეძლოს, ერთ საგანში შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენოს (ტრანსფერი).

გეოგრაფია როგორც კომპლექსური მეცნიერება საბაზო და საშუალო საფეხურებზე შესანიშნავ საშუალებას იძლევა, მოსწავლეებმა არა მარტო შეისწავლონ გეოგრაფია როგორც ცალკე დისციპლინა, არამედ განივითარონ გლობალური ხედვა და დამოკიდებულება, ჩამოყალიბდნენ შემოქმედებით და კრიტიკულ, შემწყნარებელ და სხვისი უფლებების პატივისმცემელ პიროვნებებად.

გთავაზობთ გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმას, რომლის ჩატარებაც შესაძლებელია როგორც საბაზო, ისე საშუალო საფეხურზე, გლობალური გეოგრაფიის შესწავლისას.

ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში” და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში გაართულ ტრენინგზე შემოგვთავაზეს სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით. საგანმანათლებლო პაკეტი მოიცავს 6 დოკუმენტურ ფილმს, 4 სოციალურ რეკლამასა და მეთოდურ სახელძღვანელოს მასწავლებლებისთვის. თითოეული ფილმის ნახვით გამოწვეულ ემოციებზე ცალკე სტატია დაიწერება…

მინდა, შემოგთავაზოთ სამოქალაქო განათლებისა და გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა ერთი-ერთი დოკუმენტური ფილმის გამოყენებით.

ფილმი ოთხწუთიანია და ეხება ბავშვთა უფლებების დაცვას, ბულინგს. რატომ დამაინტერესა ამ ფილმმა? ალბათ იმიტომ, რომ მიიჩნევა, თითქოს საქართველოში ეს პრობლემა არ არსებობს და არც ჩვენს სკოლებში ბულინგის შემთხვევათა ზუსტი სტატისტიკა მოიპოვება.

2013 წელს ჩემმა მეათეკლასელებმა სხვადასხვა საკითხზე გამოკვლევა ჩაატარეს. გამოკითხვის დროს ისინი არ შემოფარგლულან თავიანთი სკოლით. კითხვაზე, ხდება თუ არა სკოლაში რაიმე სახის ძალადობა (ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური), მათ ასეთი შედეგი მიიღეს.
 
აქვე უნდა ითქვას, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ფსიქოლოგიურ ძალადობას ვერ აღიქვამს, არ იცის, რა არის ბულინგი და ეს ძალადობად არ მიაჩნია.

ამიტომ იყო, ამ პატარა ფილმმა რომ დამაფიქრა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ჩატარების სურვილი აღმიძრა. ბულინგი არ არის ცალკეული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი პრობლემა, ის შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სკოლაში მოხდეს. მთავარია ვიცოდეთ, როგორ დავადგინოთ, ბავშვი პოტენციური მსხვერპლია თუ აგრესორი. ნებისმიერი მოსწავლე შეიძლება იყოს როგორც ბულინგის მსხვერპლი, ისე მისი ინიციატორიც.

სასურველია, გაკვეთილამდე მოსწავლეებმა ჩაატარონ მცირე კვლევა ძალადობის შესახებ. საკმარისია რამდენიმე კითხვა:

1. რა არის ბულინგი?
2. არის თუ არა ძალადობა სკოლაში?
3. რას მიიჩნევთ ძალადობად?

მოსწავლეები კითხვარს თავად ადგენენ. 

გაკვეთილი იწყება ფილმის ჩვენებით.

„რომი” /ნიდერლანდები/

ფილმი მოგვითხრობს 12 წლის გოგონას ისტორიას, რომელიც წლების განმავლობაში თანატოლების მხრიდან ბულინგს განიცდის. რომი უბედურია, ხშირად ტირის და გაურბის მეგობრებს. იმის მაგივრად, რომ პრობლემა მოაგვაროს და სხვა ბავშვებივით იცხოვროს, დარდის დასავიწყებლად ჭამს და კიდევ უფრო უმწეოდ და უბედურად გრძნობს თავს. ყველაზე თვალშისაცემი ფილმში ის არის, რომ რომის პრობლემის შესახებ არავინ იცის, არც მშობლებმა და არც მასწავლებელმა.

მერწმუნეთ, ფილმი გულგრილს არც ბავშვებს დატოვებს. პირველი აქტივობაც სწორედ ემოციებისა და შთაბეჭდილებების გამოხატვაა. ასეთ დროს შეიძლება ყველაზე გულახდილი დიალოგი წარიმართოს. 

* რა ემოცია მოგგვარათ ფილმმა?
* რა პრობლემაა წამოჭრილი მასში?
* რა არის მისი ძირითადი თემა? დამატებითი?

ამ საკითხების განხილვის შემდეგ მასწავლებელი ატარებს აქტიურ ლექციას, რადგან ბულინგის სახეობათა განხილვაში სასურველია მოსწავლეთა ჩართვა.

მასწავლებელი განიხილავს ბულინგსა და მის სახეობებს.

ბულინგი ტერმინია, რომელიც აღნიშნავს გარიყვას, შეშინებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას. ეს არის აგრესიული ნეგატიური ქცევა. არსებობს ბულინგის რამდენიმე სახეობა:

ფიზიკური ბულინგი გულისხმობს ფიზიკურ თავდასხმას.

სიტყვიერი ბულინგი გულისხმობს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომელიც დაკავშირებულია ეროვნებასთან, რელიგიასთან, რასასთან და ა.შ.

არაპირდაპირი ბულინგი გულისხმობს ინფორმაციის, ჭორის გავრცელებას. იგი ბულინგის ყველაზე გავრცელებული სახეობაა.

კიბერბულინგი გულისხმობს ბულინგს ტექსტური გზავნილების, სურათების, ბლოგებისა და სოციალური ქსელის საშუალებით.

ბულინგის ფორმების განხილვაში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული და გამოთქვამენ საკუთარ აზრს.
შემდეგ მოსწავლეები ავსებენ T დიაგრამას. მათ აგრესორი და მსხვერპლი ბავშვის დამახასიათებელი თვისებები უნდა ჩამოაყალიბონ: 
ბავშვი მსხვერპლი ———— ბავშვი აგრესორი
შემდეგ მოსწავლეები ჯგუფებად მსჯელობენ იმაზე, არის თუ არა მათ გარშემო ბულინგის შემთხვევები და ფიქრობენ პრობლემის მოგვარების გზებზე.
პრეზენტაციის დროს შეიძლება მცირე დისკუსიაც გაიმართოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი