პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ყოველ ადამიანში მზეა -სწავლების სხვადასხვა სტილი და ახალი იდეები

“ყოველ ადამიანში მზეა, ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს”, _ ამბობდა სოკრატე. ეს გამონათქვამი ექოსავით გაისმის საუკუნეებში სხვადასხვა ვარიაციით: ყოველ ადამიანში ღმერთია, ყოველ ადამიანში ანგელოზია. ყოველ ადამიანში ნიჭის ნაპერწკალია…

ოღონდ აცალეთ… _ მრავალმნიშვნელოვანი ფრაზაა და, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ხელშეწყობას, რათა არ ჩაქრეს ეს მზე. 

მეტაფორულად თუ ვიტყვით, მასწავლებელი ყველაზე კარგად გრძნობს მოსწავლეებში ამ მზეების არსებობას, ამიტომაც ცდილობს, ხელი შეუწყოს მათ კაშკაშს. პირდაპირი მნიშვნელობით კი, ეს გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელმა უნდა შეძლოს ყოველი მოსწავლისთვის ინდივიდუალური “პირობის” შექმნა, მიხვდეს, სწავლების რომელი სტილი შეესაბამება მის ბუნებას, მონაცემებს და ისე დაგეგმოს გაკვეთილი. ეს, რა თქმა უნდა, დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემის პირობებში საკმაოდ რთულია. 

თანამედროვე სკოლებში ბავშვები სხვადასხვა კლასში ასაკის მიხედვით სხედან და არა მათი ნიჭისა და უნარის შესაბამისად. ფსიქოლოგიური კვლევების საფუძველზე კი დასტურდება, რომ ერთი ასაკი არ გულისხმობს განვითარების ერთ დონეს. თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს სრულიად განსხვავებული უნარი აქვთ სამყაროს აღქმისა და შემეცნებისა. 

სად არის გამოსავალი?

პედაგოგიური გამოცდილება მოწმობს, რომ სწავლების სხვადასხვა სტილის გამოყენება, მეთოდების მრავალფეროვნება, სწავლების გამოცდილი სტრატეგიების შემოქმედებითად განვითარება, სასწავლო მასალის შესაბამისი მეთოდების ვარიაციების მოფიქრება გარკვეულწილად გადაწყვეტს ამ პრობლემას _ ყველა მოსწავლე ჩაერთვება სწავლის პროცესში. 

ახალი მასალის შესწავლისას, განმტკიცებისას თუ ძველის გახსენებისას, საზოგადოდ, გასათვალისწინებელია შემდეგი:

1.მოსწავლეთა ერთი ნაწილი იყენებს სწავლების ერთ რომელიმე სტილს ნებისმიერ შემთხვევაში;

2.მოსწავლეთა მეორე ნაწილი იყენებს სწავლების სხვადასხვა სტილს ნებისმიერ შემთხვევაში (აქ გასათვალისწინებელია სხვადასხვა სტილის ვარიაციები);

3.მოსწავლეთა მესამე ნაწილი იყენებს სწავლების ერთ რომელიმე სტილს ერთ შემთხვევაში, მეორე სტილს _ სხვა შემთხვევაში.

მასწავლებელმა დაკვირვების საფუძველზე უნდა შეძლოს გაარკვიოს, კლასში მოსწავლეთა რა ტიპის ჯგუფები ჰყავს და შესაბამისად უნდა შეარჩიოს სწავლების სტილი.

მაგალითად, კონკრეტული მასალის სწავლებისას სასურველია, მასწავლებელმა გამოიყენოს სწავლების სხვადასხვა სტილი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის ინტელექტის მრავალმხრივ განვითარებას და ამავე დროს, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამგვარი მიდგომა გაზრდის შესაძლებლობას, ყველა მოსწავლემ მისთვის ხელმისაწვდომი სტილის საშუალებით შეისწავლოს მასალა.

ტრადიციული სწავლება, ძირითადად, ეფუძნება ლინგვისტურ და ლოგიკურ მეთოდებს. ცოდნის შესაძენად და გასამყარებლად სკოლაში, არსებითად, იყენებენ წიგნის მასალის კითხვაზე დაფუძნებულ მეთოდებს, გამეორებასა და გამოცდებს. არადა, სასურველია, მასწავლებელმა შემოქმედებითად გამოიყენოს სწავლების შვიდივე სახის სტილი:

1.ვიზუალური (სივრცობრივი, მხედველობითი) _ ზოგ მოსწავლეს განვითარებული აქვს ერთგვარი სივრცობრივი წარმოსახვა, ამიტომ მასალას უკეთ ითვისებს, როდესაც მასწავლებელი უხსნის და ასწავლის ფოტოებით, სურათებით, გრაფიკული, კოგნიტური სქემების გამოყენებით;

2.სმენითი (აკუსტიკური, მუსიკალური) _ ზოგ მოსწავლეს განვითარებული აქვს მოსმენით ათვისების უნარი, ამ შემთხვევაში, მასწავლებლის ვრცელი ახსნა-განმარტება, მინილექცია უფრო მიზანშეწონილია;

3.ვერბალური (ლინგვისტური) _ ამ შემთხვევაში, კითხვა-პასუხი, ზეპირად თუ წერილობით, იძლევა შედეგს იმ მოსწავლეებში, რომლებიც ამ სტილს ანიჭებენ უპირატესობას (ბუნებრივი თუ შეძენილი უნარის გათვალისწინებით);

4.ფიზიკური (კინესტიკური) _ სწავლების ეს სტილი გულისხმობს სხეულის ენის (ჟესტ-მიმიკის, ხელების მოძრაობის, შეხების) გამოყენებას; 

5.ლოგიკური (მათემატიკური) _ ზოგ მოსწავლეს განვითარებული აქვს ლოგიკური (მათემატიკური) ათვისების უნარი, ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილია მეტი მსჯელობა, მოვლენებს შორის ლოგიკური კავშირების დაძებნა,  სააზროვნო ამოცანების გადაწყვეტა; 

6.სოციალური (ინტერპერსონალური) _  სწავლების ეს სტილი ისეთ მოსწავლეებს გამოადგებათ, რომლებსაც უყვართ სხვებთან ერთად სწავლა, გამოირჩევიან სოციალური აქტიურობით. ამ შემთხვევაში, გამართლებულია ჯგუფური, წყვილური მუშაობა, თუმცა მასწავლებელს არ უნდა დაავიწყდეს, რომ სწავლების ეს სტილი ყველასთვის მისაღები არ არის. ზოგიერთ მოსწავლეს არაფერს აძლევს ამგვარი მუშაობა. დღეს კი ხშირად გაიგონებთ ჯგუფური სწავლების, როგორც ეთგვარი პანაცეის, აღიარებას, რაც არ არის გამართლებული; 

7.ინდივიდუალური (ინტრაპერსონალური) _ არიან მოსწავლეები, რომლებსაც ურჩევნიათ ინდივიდუალური მუშაობა, რადგან ასე უფრო კარგად ითვისებენ. ასეთი მოსწავლეები დამოუკიდებლადაც მშვენივრად მეცადინეობენ. ამიტომ ასეთ ბავშვებს ჯგუფური მუშაობა ნაკლებად გამოადგებათ. 

ამ საკითხებზე ფიქრისას მოგვაგონდა აკაკი წერეთლის მოთხრობის “ჩემი თავგადასავალი” ერთი სახალისო ეპიზოდი, რომელიც თვალნათლივ გვიჩვენებს, როგორ ეძებს შემოქმედებითი ბუნების აღმზრდელი აღსაზრდელისთვის სწავლების ინდივიდუალურ სტილს, რომელიც მას დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარება. აკაკი იხსენებს: “ჩემს ამხანაგ-ბიჭებში ერთი პატარა ბიჭი ერია. დიდი გამოეშმაკებული იყო ყველაფერში, მაგრამ გულისყური კი არ ჰქონდა. როცა დედა დაგვასწავლიდა ხოლმე ჩვენ ყველას საზეპირო ლოცვებს, ის ბიჭი ისე გამოშტერებული იდგა, რომ სიტყვის გამეორებას ვერ ახერხებდა. დედაჩემს ეს ძალიან უკვირდა: “ისე ყველაფერში მოხერხებული და ნიჭიერიაო და გულისყური კი დახშული აქვსო”.  

_ გაიკეთე სამი თითი, _ ეტყოდა ხოლმე გამოლენჩებულ ბიჭს, _ დაიდე შუბლზე! თქვი: “სახელითა მამისათა!” ახლა კიდევ ჭიპზე და თქვი: “და ძისათა!” ახლა მარჯვენა მხარზე და: “და სულისა წმინდისათა!”. ახლა მარცხენაზე: “ამინ!”. ბიჭი იმეორებდა თუთიყუშივით, მაგრამ დამოუკიდებლად კი ვერ ამბობდა. ბოლოს რომ ვეღარა მოუხერხა რა, სულ დაანებებინა თავი და ერთხელ, ბუხრის წინ რომ ვთამაშობდით, დედა ვითომ ხუმრობით მიუბრუნდა იმ ბიჭს და უთხრა: “პეტრე იყო ბელატიო!” (მელოტიო) უჩვენა შუბლი და დაადებინა სამი თითი. “წვერი ჰქონდა აქამდეო”, დაადებინა თითები ჭიპზე. “ულვაშები აქედან აქამდეო” _ გაატანინა მარჯვენა მხრიდან მარცხენაზე ხელი. ამ სიტყვების შემდეგ, რასაკვირველია, წარმოვიდგინეთ მოხუცებული პეტრე, თავტიტველა, დიდი წვერებითა და ულვაშებით. დავიწყეთ სიცილი და ზედიზედ ვიმეორებდით ზემო სიტყვებს, ხან ერთი და ხან მეორე. შედეგი კი ამისა ის იყო, რომ უგულისყურო ბიჭმა პირჯვრის წერა ისწავლა და მეორე დღეს “სახელითა მამისათაც” გაიზეპირა”.

თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, უფრო გამრავალფეროვნდეს სწავლების სტილი და მიესადაგოს ჩვენს ყოველდღიურობას _  საქართველოსა თუ მთელ მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებას. ნებისმიერი სწავლების სტილით ხომ, საბოლოო ჯამში, ყალიბდება პიროვნება, რომელმაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, შეძლოს შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და განვითარება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ე.წ. უკუკავშირის საშუალებით გაარკვიოს სწავლების ამა თუ იმ სტილის უპირატესობა კლასთან მუშაობისას, რათა შემდეგ უკეთესად შეძლოს ორი მნიშვნელოვანი საკითხის გარკვევა:

1.სწავლების რომელი სტილით მიაღწევს შედეგს;

2.თვითონ მასწავლებელი არის თუ არა დაოსტატებული სწავლების იმ სტილის მეთოდიკაში, რომელიც მოსწავლეებისთვის გარკვეული საკითხის სწავლებისას სჭირდება. 

ბილ გეიტსმა, “მაიკროსოფტის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, 2013 წელს TED-ის ერთ კონფერენციაზე (*TED მსოფლიოში პოპულარული ვებსაიტია, არაკომერციული ამერიკული ფონდის დაარსებული,  რომლის მიზანია ორიგინალური იდეების გავრცელება) ისაუბრა საგანმანათლებლო სისტემის რეფორმისთვის მნიშვნელოვან ახალ პროექტზე. მან გულისტკივილით აღნიშნა, რომ გამოკითხვის შედეგად, რომელიც მოსწავლეთა კითხვის უნარს არკვევდა, ამერიკელმა მოსწავლეებმა მხოლოდ მე-15 ადგილი დაიკავეს მსოფლიოში, პირველზე კი ჩინეთი  აღმოჩნდა.

მისი აზრით, ამ შედეგმა არსებული სისტემის ნაკლი წარმოაჩინა. ერთ-ერთ მიზეზად იგი სუსტ უკუკავშირს მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს ტექნიკა, მაგალითად, ვიდეოკამერა _ მასწავლებელი გადაიღებს თავის გაკვეთილებს და შემდეგ ნახავს. ეს მას გამოადგება, რათა გვერდიდან შეხედოს საკუთარ თავს, სწავლების პროცესს, განიხილოს, გააანალიზოს და შემდეგ ხარვეზები გამოასწოროს. ვფიქრობთ, საგულისხმო და გასათვალისწინებელი იდეაა. მასწავლებელმა შეიძლება ეს გაკვეთილი (სასურველია, არა საჩვენებელი, არამედ რიგითი) კოლეგებთანაც განიხილოს, რომლებიც კრიტიკულად შეაფასებენ, რაღაცას გაიზიარებენ, რაღაცას ვარიაციულად გამოიყენებენ.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა: ხომ შეიძლება, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე, კოლეგები დაესწრონ ერთმანეთის გაკვეთილებს? რა თქმა უნდა, ეს გამოცდილი პრაქტიკაა, მაგრამ ამას აქვს უარყოფითი მხარეები, რომელთაგან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:

1.ერთგვარი სტრესი, რომელსაც, სხვების დასწრების შემთხვევაში, იღებს მასწავლებელიცა და მოსწავლეც;

2.ხშირ შემთხვევაში, ეს არის მხოლოდ საჩვენებელი გაკვეთილი და არაფერი აქვს საერთო (ან თითქმის არაფერი) იმასთან, რაც ხდება ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში;

3.ბევრი რამ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს.

ვიდეოკამერით გადაღებული გაკვეთილი კი ცოცხლად შეინახავს ყველა ნიუანსს და მასწავლებელს შეეძლება, რომ ერთგვარი დისტანციიდან შეაფასოს საკუთარი თავიცა და მოსწავლეებიც, ემოციისა და სტრესის გარეშე. თანაც, როცა მასწავლებელი ჯერ თვითონ ნახავს, გაიაზრებს ხარვეზებს, მერე მისთვის უფრო იოლი იქნება კრიტიკული შეფასებების მოსმენა. 
ახალგაზრდა მასწავლებლების დასწრება უფროს კოლეგათა გაკვეთილებზე, შემდეგ განხილვა, რასაც მენტორობის სისტემა გულისხმობს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გზაა მომავალი მასწავლებლების დახელოვნებისთვის.

“ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც დაეხმარება ჩვენს მასწავლებლებს, იყვნენ საუკეთესოები”, _ თქვა ბილ გეიტსმა. იმისთვის, რომ გაერკვიათ არსებული საგანმანათლებლო სისტემის არსი, ბილ გეიტსის მიერ დაარსებული ფონდის წარმომადგენლებმა მთელი ამერიკის მასშტაბით 3000 მასწავლებელთან იმუშავეს. პროექტს ეწოდა: “სწავლების ეფექტურობის გაზომვა”. პროექტის მონაწილე ექსპერტები უყურებდნენ ვიდეოებს, რომლებზეც გადაღებული იყო საგაკვეთილო პროცესი და ნათლად ჩანდა, რას და როგორ ასწავლიდა მასწავლებელი, სწავლების რომელ სტილს ანიჭებდა უპირატესობას, როგორ იღებდნენ მონაწილეობას მოსწავლეები. პროცესი ფასდებოდა სხვადასხვა კრიტერიუმით, მაგალითად, რა ტიპის კითხვებს სვამდა მასწავლებელი, რამდენად მრავალფეროვანი იყო ეს კითხვები (გაგება, გააზრება, გამოყენება და სხვ.) შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ცნობილი “ბლუმის ტაქსონომია” რეალობაში. სხვა კრიტერიუმი აფასებდა, ეძებდა თუ არა მასწავლებელი ახსნის სხვადასხვა მეთოდს. მათ აგრეთვე გამოკითხეს მოსწავლეები, რომელთაც უნდა გაეცათ პასუხი, მაგალითად, ასეთ კითხვებზე: ხვდება თუ არა მასწავლებელი, რომ ბავშვმა ახალი მასალა გაიგო? ასწორებთ თუ არა საკუთარ შეცდომებს? საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც ამ გამოკითხვით უკეთესი შედეგი აჩვენეს, საუკეთესო მოსწავლეები  ჰყავდათ. პროექტში ჩართულმა პედაგოგებმა განაცხადეს, რომ ეს ვიდეოები და მოსწავლეთათვის შედგენილი კითხვარები იყო ძალიან  კარგი დიაგნოსტიკური საშუალება კონკრეტული ხარვეზების გამოსავლენად, გასაანალიზებლად და გამოსწორების გზების საპოვნელად.

ყველამ კარგად იცის, რომ ხშირად მასწავლებელი პროფესიონალიზმს იმაღლებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგზე დასწრებით, სადაც ისმენს მსოფლიოში აღიარებულ თეორიებს სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ, თუმცა შემდეგ საკუთარ კლასში კონკრეტული მასალის სწავლებისას ვერაფერს ვერ იყენებს. ეს მასწავლებლის ბრალი კი არ არის, არამედ იმისა, რომ ცალკეა თეორია და ცალკე _ პრაქტიკა. მხოლოდ ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში, ჩვეულებრივ მოსწავლეებთან ურთიერთობისას გამოვლინდება მოსმენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკული ღირებულება. ამიტომაც, ვფიქრობთ, თვითშეფასების ეს ფორმა (ვიდეოები) ერთ-ერთი გზაა სწავლების პროცესის უკეთესად დასაგეგმად და გასაუმჯობესებლად. ამასთანვე, ეს ვიდეოები აშკარად გამოკვეთენ, ვთქვათ, რას ფიქრობს მასწავლებელი თეორიულად და რა გამოსდის პრაქტიკულად. შეიძლება ვიდეოკამერამ (შტატივზე დამაგრებულმა) სრულად ვერ მოიცვას (გამოსახულების თვალსაზრისით) საკლასო ოთახის მთელი სივრცე, მაგრამ ის ყველა ხმას აღბეჭდავს, რაც საშუალებას მისცემს მასწავლებელს, ყველა ნიუნსი აღიქვას და გააანალიზოს, გააუმჯობესოს სწავლების მეთოდოლოგია, სრულყოს კლასის მენეჯმენტი, კომპლექსური სწავლების ზოგიერთი ელემენტი შეცვალოს უფრო ეფექტური საშუალებით. როგორც პროექტის ერთმა მონაწილე მასწავლებელმა აღნიშნა, რასაც მასწავლებელი თავისსავე ვიდეოზე  ნახავს, ეს არც სასწავლო სტანდარტშია, არც პედაგოგიკის სახელმძღვანელოებში.

ყველა მასწავლებელი გამოარჩევს თავის საუკეთესო ვიდეოებს და შეიქმნება ერთგვარი ბაზა, პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომი. ეს ბაზა ყოველთვის შეივსება და განახლდება. ახალბედა თუ გამოცდილი პედაგოგი ნახავს, როგორ ასწავლიან სხვები ამა თუ იმ საკითხს და გაითვალისწინებს იმას, რაც მისაღებია მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა თუ მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფისთვის. 

თავდაპირველად კლასში კამერის დადგმის იდეამ შეიძლება ბევრი შეაცბუნოს, მაგრამ თუკი მასწავლებელი ნახავს, რომ სხვები ამას წარმატებით იყენებენ, მაშინ თვითონაც გაუჩნდება სურვილი არა მხოლოდ სხვების გაკვეთილების ნახვისა, არამედ საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა. რა თქმა უნდა, ამგვარ პროექტს დიდი ინვესტიცია სჭირდება, მაგრამ ეს აუცილებელია.

გასათვალისწინებელია ბილ გეიტსის ნათქვამი, რომ მასწავლებლებს სჭირდებათ ისეთი ყურადღება, როგორიც მათ სურთ და იმსახურებენ. მასწავლებლები საუკეთესოს იმსახურებენ, ამიტომ სახელმწიფომ არ უნდა დაიშუროს ფინანსები, რათა მათ ამგვარი პროექტების განხორციელება შეძლონ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი