ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მათემატიკური ნაყინი-სახალისო აქტივობა სასწავლო პროცესში

მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, როდესაც მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრები. მოგყავს მაგალითები და უყვები საინტერესო ამბებს. ნებისმიერ საგანში მნიშვნელოვანია, მოსწავლემ დაინახოს მსგავსება გაკვეთილის თემასა და საკუთარ ინტერესებს შორის.
პირველ კლასში, როდესაც იწყებენ რიცხვების შედგენილობის სწავლას, მე ვიყენებ სახალისო აქტივობას- მათემატიკური ნაყინი. ჩემი მიზანია, მოსწავლეებს კარგად დაამახსოვრდეთ რიცხვები, შეძლონ მათი გამოყენება, იყვნენ შემოქმედებითნი სასწავლო პროცესში და რაც მნიშვნელოვანია, ეს პროცესი იყოს საინტერესო და სახალისო.

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებთან ვიწყებ საუბარს, რომ სხვადასხვა საკვების დამზადებას განსხვავებული პროდუქტები სჭირდება. თითქმის ყველა ბავშვს ძალიან უყვარს ნაყინი. ვეკითხები-როგორ შეიძლება ნაყინის დამზადება? პასუხის შემდეგ მოსწავლეებს ვეუბნები, რომ დღეს ჩვენ დავამზადებთ მათემატიკურ ნაყინებს. მათი გაოცებული და გახარებული სახის მიხედვით ვხვდები, რომ კლასი მოტივირდა. ვაზუსტებ, რომ დღევანდელი ჩვენი მუშაობის თემა იქნება რიცხვებისგან ნაყინების დამზადება. ნიმუშის სახით წინასწარ მაქვს გამზადებული ერთი ნაყინი, რომელსაც დემონსტრაციისთვის ვიყენებ. ნაყინს აწერია რიცხვი ,,7″ ე.ი ახლა მე ვანილის, კარამელის ან შოკოლადის ნაყინი კი არა, ,,7″-იანის ნაყინი მაქვს. ყველა ნაყინს თავისი შესაბამისი „ინგრედიენტები“ აქვს, ჩვენი ,,7-“იანის ნაყინსაც თავისი ,,ინგრედიენტები” სჭირდება. ვეკითხები მათ, თუ რამდენნაირად შეიძლება რიცხვი 7-ის მიღება(ამ დროს რიცხვის შედგენილობებს ვწერ დაფაზე) . სავარაუდო პასუხების ჩანიშვნის შემდეგ, მოსწავლეებს ვთავაზობ ნაყინის ბურთულებში ჩავწეროთ ისეთი რიცხვები, რომელთა დაჯამების შემდეგ მივიღებთ „7″-ს. მაგალითად, 3 და 4. ამ დროს კლასში შეიძლება რომელიმე მოსწავლეს გაუჩნდეს სურვილი, რომ თავის ნაყინს უფრო მეტი ბურთულა ჰქონდეს და ამბობს, რომ 7-იანი შეიძლება მივიღოთ, როგორც 3-იანის და 4-იანის დაჯამებით, ასევე 1, 2 და 4-იანისგან. იდეას ვაქებ და მისაღებ პასუხად ვთვლი.

მოსწავლეებს ვაცნობ, რომ ისინი იმუშავებენ ჯგუფურად(მერხები წინასწარ არის მომზადებული ჯგუფური მუშაობისთვის). ვახსენებ მათ ჯგუფური მუშაობის წესებს. ვაცნობ რესურსებს, რაც დასჭირდებათ. ესენია:

ყვითელი ან ყავისფერი ფურცელი (ვაფლისთვის);
ფერადი ფურცელი (ბურთულებისთვის);
მაკრატელი;
წებო;
ფლომასტერები(რიცხვების დასაწერად).
კლასს ვუხსნი, რომ თითოეული ჯგუფი დაამზადებს სხვადასხვა რიცხვის ნაყინს. ვურიგებ მათ პატარა ფურცლებს, სადაც დაწერილია ის რიცხვები, რომელი რიცხვის ნაყინიც უნდა დაამზადონ(ყველა ჯგუფს სხვადასხვა რიცხვი აქვს, იმისათვის რომ მათი შესწავლილი ყველა რიცხვი იქნეს გამოყენებული, არ განმეორდეს ან არ გამოვტოვოთ რომელიმე რიცხვი). ფურცელზე დაწერილ რიცხვებს მიიღებს ყველა ჯგუფი. მოსწავლეები შეფასდებიან როგორც ჯგუფური მუშაობით, ასევე დავალების სწორად შესრულებით. თანამშრომლობითი მუშაობა შეუძლიათ დაფაზე აკონტროლონ, ყველა ჯგუფის დასახელება იწერება დაფაზე და მუშაობის პროცესში ფასდება თითო ვარსკვლავით. მუშაობის ბოლოს, თითოეული ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას. კლასს ვაცნობ ჯგუფური მუშაობისთვის განსაზღვრულ დროს. მას შემდეგ რაც კლასისთვის ნათელია დავალება, ვიწყებთ მუშაობას.

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად და ამზადებენ მოცემულ დავალებაში მითითებული რიცხვების ნაყინს. მუშაობის დასრულების შემდეგ ვიწყებთ პრეზენტაციას. პროცესში მთელი კლასია ჩართული. ყველა მოსწავლე სათითაოდ წარადგენს, რა რიცხვის ნაყინი დაამზადა, როგორ მიიღო ის. დაუშვათ მან დაამზადა 8-იანის ნაყინი. ბურთულებში კი უწერია 1,3,4. კლასს მივმართავ და ვთხოვ, შეკრიბონ ბურთულებში ჩაწერილი რიცხვები და დააკვირდნენ ჯამში თუ მივიღებთ 8-იანს. კლასი გამოთვლის და გამოთქვამს მოსაზრებას, სწორად არის თუ არა კონკრეტული ნაყინი დამზადებული. პრეზენტაციის ასე წარმართვა ხელს უწყობს სწავლის პროცესში კლასის მაქსიმალურ მონაწილეობას.

მათემატიკური ნაყინის აქტივობა მოსწავლეებს უვითარებს:

შემოქმედებითობას;
თანამშრომლობას (ჯგუფის წევრებთან);
ამარტივებს არითმეტიკული მოქმედებების შესრულებას;
ხელს უწყობს რიცხვების დამახსოვრებას.
მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ეს აქტივობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი