ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

უკანა მერხის ბავშვები

პირველი გაკვეთილი რომ ჩავატარე, კლასში 21 მოსწავლე იყო. მახსოვს, მაშინ ვიფიქრე, რომ 45 წუთი გაკვეთილისთვის ძალიან ცოტაა, რადგან თითო მოსწავლეს დაახლოებით 2 წუთი თუ ერგება ყურადღებისთვის, ყურადღება კი მთავარი ამბავია განათლებაში და აი, რატომ:

ჩემი, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლის მიდგომა საკუთარ რემინისცენციებს ემყარება – ვიხსენებ ხოლმე საკუთარ შეგრძნებებს სკოლის პერიოდიდან და ვცდილობ, რაც მომწონდა, მოსწავლეებთან ის მიმართულება გავაუმჯობესო, რაც მთრგუნავდა მე ან კლასელებს, ბავშვებთანაც შევამცირო. ერთი ასეთი მომენტი გადამეტებული ყურადღება ან უყურადღებობაა.

თუ დაკვირვებიხართ და ალბათ დაკვირვებიხართ, მასწავლებლებმა ვიცით ხოლმე ბავშვების უნებური ამოჩემება, ვიღაც ძალიან ნიჭიერია და ვიღაცას თითქოს უფრო უჭირს საკუთარი თავის გამოხატვა, გამოკითხვის პროცესშიც, ვცდილობთ, რომ ვიღაც მეტად დავტვირთოთ, ვიღაც ნაკლებად. ამ მეტნაკლებობაში კი არიან ხოლმე ბავშვები, ვინც რაღაც პირადი პრობლემის გამო, იქნებ იმიტომ, რომ სახლში მამა ან დედა თრგუნავს, იქნებ იმიტომ, რომ საკუთარი თავის არ სჯერა, იქნებ კი იმიტომ, რომ ენა ებმის და სრულიად დაუმსახურებლად სხვა ბავშვები დასცინიან და მისთვის გაკვეთილზე ჯდომა დიდი ტრაგედიაა, უხმოდ სხედან და სულ უფრო ცოტას და ცოტას სწავლობენ.

მე მყავდა კლასელი, რომელიც თითქმის არასოდეს ლაპარაკობდა, მუდამ უკანა მერხთან იჯდა და თუ მასწავლებელი დაფასთან გამოიძახებდა, თავს დახრიდა და კითხვებზე პასუხს არ სცემდა. ამის გამო, ჩვენი შეფასების სისტემის მიხედვით, ცხადია ორიანს უწერდნენ.
სხვა ბავშვები ვიცინოდით ხოლმე ამ მომენტზე, როცა მასწავლებელი ირონიულად ჰკითხავდა გოგოს: გამოხვალ თუ ისევ 2? „ისევ 2, მასწ!“ – წამოვიყვირებდით. „გამოვა და მთელ წელს ჩაგაბარებთ!“ – ასეთებსაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ სიცილის, ამ დაცინვის მიუხედავად, თანავუგრძნობდით, მე ნამდვილად თანავუგრძნობდი, რადგან ბევრჯერ დავმჯდარვარ მის გვერდით და დედაჩემი გამომცხვარი ხმელი ნამცხვარი მერხის ქვეშიდან მიმიწოდებია.

როდესაც  მასწავლებელი გავხდი, პირველი სწორედ ეს გამახსენდა – ბავშვები, რომლებსაც გამოხატვის საშუალება არ აქვთ, რადგან, ჯერ ერთი მასწავლებლები უფრო მეტს ვლაპარაკობთ, ვიდრე ბავშვები, მეორეც – აქტიური მოსწავლეები ყოველთვის ცდილობენ იყვნენ დომინანტურები, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ როდესაც ეს ხდება სხვისი დროის ხარჯზე (მე მიყვარდა ასე, ბიოლოგია ჩემი საყვარელი საგანი იყო და სხვები რომ „გადამერჩინა“ ავიწევდი ხელს და მთელი გაკვეთილი ვყვებოდი იმ და მომდევნო საკითხებსაც) დრო კი სულ რაღაც 45 წუთია, ჩაკეტილი ბავშვები ვერ ასწრებენ გახსნას.

იმიტომ, რომ ნაკლები პრაქტიკა მქონდა, ან იმიტომ რომ მიყვარს თანასწორობა და ვცდილობდი ჩემი დრო და რესურსი ყველასთვის სამყოფი ყოფილიყო, იქნებ იმიტომაც, რომ ყველაზე მთავარს მივხვდი რაც სწავლისას საჭიროა – ბავშვის სრულყოფილ ჩართულობას გაკვეTილზე, ჩემი მეთოდი (ჩემს რომ ვამბობ, არ ვგულისხმობ, რომ არავის გამოუყენებია აქამდე) შევიმუშავე. ეს მეთოდი ძალიან ქმედითი და მუშაა და 45 წუთიანი გაკვეთილის რაციონალურად დადეგმვაში ძალიან მეხმარება.

თუ ავიღებთ ნიმუშად 20 მოსწავლიან კლასს, სადაც, ვთქვათ, 7 მოსწავლე მაინც არის ისეთი, ვინც საგნის მიმართ ინტერესს გამოხატავს და ვეცდებით 45 წუთში ჩავატიოთ გამოკითხვაც და ახსნაც, როლური თამაშები ასე გადანაწილდებოდა:

პირველი 3-5 წუთი მისალმებას და განწყობას სჭირდება, შემდეგ გადავდივართ პირდაპირ გამოსაკითხ მასალაზე. გამოკითხვა კი ამგვარად მიმდინარეობს: დაფასთან მსურველს ვიძახებთ დანარჩენებს კი ხელის აწევით აქვთ საშუალება მასალიდან (მიმდინარე ან წინა) დასვან ერთი შეკითხვა. თითო შეკითხვა (ნებისმიერი სირთულისა და შინაარსის შეკითხვის, აქ მთავარი აქტიურობა და ჩართულობაა) ერთ ქულად ფასდება, თითო პასუხიც ერთ ქულად. ქულებს დაფაზე მეორე მოსწავლე წერს (სასურველია ის, ვისაც ლაპარაკი ერიდება, ცუდად სწავლობს ან ჯგუფთან გაუცხოვებულია. ამას სიხარულით აკეთებენ ხოლმე).

სანამ ქულებს ჩამოწერდეს, მოსწავლე კლასის ყველა მოსწავლის სახელს წერს დაფაზე, ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს, იციან გაკვეთილი თუ არა, განცდა აქვთ, რომ პროცესში მონაწილეობენ.

შეკითხვების (ქულების) ჯამური რაოდენობა შეფასების კონკრეტულ ქულას უდრის. მაგალითად 10 კითხვა=10 ქულა=შეფასების ნიშანს 10, 6=6 და ასე შემდეგ.

დაფასთან გამოსულს აქვს მეტი შანსი სწრაფად დააგროვოს 10 ქულა, ამიტომ დაფასთან გამოსვლა მათთვის მოტივაციაა. მოტივაცია არის სახელების დამწერისთვისაც, ვისაც მომდევნო მოსვლაზე +2 ქულა უკვე უწერია „დახმარებისთვის“.

როგორც წესი, დროის სიმცირის გამო (თუ 20- ვე ბავშვი მომზადებულია) 70-80%-ზე მეტი სასურველ 10 ქულას ვერ აგროვებს, ამიტომ მათ აქვთ შანსი თავად გადაწყვიტონ თანხმდებიან ვთქვათ 7, 8 ან თუნდაც 9 ქულას თუ ურჩევნიათ მომდევნო გაკვეთილზე სცადონ. როგორც წესი, იმ ბავშვებსაც კი, ვისაც სხვა დროს შეფასება 7 დამაკმაყოფილებელი ჰგონიათ, აღარ აკმაყოფილებთ ნიშნის 8, 9 მიღება და უფრო მაღალ სტანდარტზე ასვლას ცდილობენ. მასწავლებლის როლი სწორედ აქაა, რომ აძლევს შანსს ეს სასურველი „10-იანი“ ხშირად მიიღოს.

პირველივე დაფასთან გამოსული ბავშვი, ვინც ქულას 10 დააგროვებს, ჯდება მასწავლებლის გვერდით და მას ევალება აწეული ხელებიდან რიგითობა განსაზღვროს. ბავშვებისთვის ეს სასიამოვნო და სახლისო პროცესია. მეორე, ვინც 10 ქულამდე ადის, თავად წყვეტს ვინ იქნება დაფაზე ქულების დამწერი და ასე შემდეგ.

გაკვეთილის პროცესის ამგვარად წარმართვა, საშუალებას იძლევა მწირი 45 წუთი გამოკითხვაში მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ. პედაგოგი ამ დროს მხოლოდ მოდერატორია, მისი ფუნქცია ზედმეტად აჟჯიტირებული მოსწავლეების დამშვიდება და შეუსაბამო კითხვების გაცხრილვაა. ასეთ თამაშ-გამოკითხვაში, კლასის 80 % მუდმივად ჩართულია, დინამიკა, მცირე ხმაური, სიცილი, ცოდნის დემონსტრირება ყველაზე მორცხვ მოსწავლეებსაც კი აიძულებს „ჯგუფს“ შეუერთდეს. ასეთ დროს მე მათ ამის საშუალებას დაფასთან გამოსვლით და სახელების ჩამოწერით ვაძლევ.

გაკვეთილის მსგავსად დაგეგმვამ მომცა ის, რომ 20 -ვე ბავშვის გამოკითხვას ვახერხებ. ბავშვებმა იციან, რომ ყველა ჩართულია გამოკითხვაში, რომ მათ აქვთ შანსი საკუთარი ცოდნის დემონსტრირება მოახდინონ, მასწავლებელი კი არ ლაპარაკობს მეტს, არამედ ბავშვები და ეს ყოველ (მეორე) გაკვეთილზე ასეა.

ამ სისტემის მთავარი ხიბლი ერთის მხრივ იმაშია, რომ მთელი კლასი ჩართულია გამოკითხვაში. მეორე ისაა, რომ ყველა გამოკითხვა ერთგვარი შეჯიბრია. მესამე და აუცილებელი კი ის, რომ ბავშვი თავად ირჩევს რა ნიშანი უნდა 6,7,8,10 თუ 3?

მე, როგორც მასწავლებელი დაბალ ნიშანს არცოდნისთვის არასოდეს ვწერ და ველოდები იმ მომენტს, როცა ჯგუფის დიდი ნაწილი ზეგავლენას მოახდენს იმ მცირეზე, ვისაც სწავლა რაღაც ობიექტური მიზეზების გამო ეზარება, არ გამოსდის, არ შეუძლია და ასე შემდეგ.

რაკი დრო ცოტაა, 45 წუთია და თანაც ჩვენი განათლების სისტემა არაა 7 ვარსკვლავიანი, როცა 3 ბავშვს შეიძლება ერთი პედაგოგი ჰყავდეს, მსგავსი მეთოდიკა ამართლებს. ერთის მხრივ, ჯგუფი უფრო მეტად იკვრება, მეორეს მხრივ, პედაგოგი მართავს ბავშვების მოტივაციას, მესამე, მუშაობს ყველაზე სუსტ რგოლზე, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე აქტიურ მოსწავლეებად გარდაიქმნებიან ხოლმე.

ჩემ კლასში, უკანა მერხი არ არსებობს და ეს დროის სწორად განაწილებაში ძალიან მეხმარება.

გამოკითხვას თუ 30 წუთს დავუთმობთ და ბავშვებმა იციან, რომ ამ დროში თუ მოასწრებენ 10 ქულას, თუ არადა შემდეგ გაკვეთილს უნდა დაელოდონ. ესეც მოტივაციაა, მობილიზებაა, კითხვებს სწრაფად სვამენ, პასუხებიც სწრაფია. დრო ცოტაა და ეს ბავშვებმაც იციან.

დარჩენილი 10-12 წუთი გაკვეთილის ახსნას ვანდომებ ხოლმე და როგორც წესი ვერ ვასწრებ და დასვენების ხარჯზე ვახერხებ ამას, თუმცა არასოდეს, არასოდეს გაუპროტესტებიათ ჩემ მოსწავლეებს, რადგან ეს დრო, ეს 45 წუთი მათთვისაც ძალიან ცოტაა.

გთავაზობთ შეფასების ჩემეულ სისტემას, რაც შესაძლოა, დახვეწის შემთხვევაში, გამოგადგეთ კიდეც:

დასწრება 1 ქულა (ამ შემთხვევაში, ცხადია ისედაც ესწრებიან ბავშვები, ეს მათი ვალდებულებაა, მაგრამ მოტივაციაა, რომ სასურველ 10 იანამდე დარჩენილია 9 და არა 10 ქულა)

საწერი 2 ქულა (ყველა გაკვეთილზე რაღაც დასაწერს აუცილებლად ვაძლევ, ამ შემთხვევაში, ხარისხი ცალკე ფასდება, მაგრამ დაწერა უკვე ქულაა და ესეც გათვლილია სწორედ იმ ‘მორცხვზე“ ვისი ჩართულობაც კლასისთვის მნიშვნელოვანია)

დანარჩენი ქულები დასმული შეკითხვების მიხედვით (მთავარია არასოდეს დაგენანოთ 10-იანები, მაშინაც კი თუ ბავშვი ამის მოპოვებას რაღაც ხრიკებით ცდილობს. ხშირად, მაღალი შეფასების მიღება სასწავლო წლის მომდევნო პროცესს სრულიად ცვლის და ბავშვი მოტივირებულია).

მე არასოდეს ვწერ ნიშანს, ბავშვი თავად ირჩევს აკმაყოფილებს მიღებული ქულები თუ არა. როგორც წესი, ბავშვი არასოდეს ირჩევს დაბალ ნიშანს და ესეც დამატებითი მოტივაციაა მისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი