ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ შექმნეს მოსწავლეებმა კონფლიქტების მოგვარების ,,კონტრაქტი’’ -დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების კვალდაკვალ

სწავლების დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ მოსწავლეთა უნარ-ჩვევების  ფორმირებას, რომელიც დაეხმარება  მათ  სოციალურად აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში, რათა დამოუკიდებლად შეძლონ პრობლემურ სიტუაციაში გამოსავლის მოძებნა იმგვარად, რომ არ შეურაცხყონ სხვათა უფლებები.

პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი – დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების მოდელი. ოთხ თავში გაწერილია ოცი კომპეტენცია:

  1. ღირებულებები;
  2. დამოკიდებულებები;
  3. უნარები;
  4. ცოდნა და კრიტიკული გააზრება.

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები გვეხმარება მასწავლებლებს, ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ იაზროვნონ, რა განაპირობებს მშვიდობიანი თანაარსებობის აუცილებელ პირობას, როგორ მოიქცნენ მაშინ, როდესაც მათ მოსაზრებას სხვები არ იზიარებენ, განსაკუთრებით – კონფლიქტურ სიტუაციაში.

ზოგადად, ხშირია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შორის სხვადასხვა ტიპის კონფლიქტი. მნიშვნელოვანია ჩვენი, მასწავლებლების როლი, რომ თვითონ ბავშვებმა შეძლონ პრობლემების დანახვა, იდენტიფიცირება და გადაჭრის გზის პოვნა. ეს ნამდვილად არ არის რთული, თუ მოთმინებით აღვიჭურვებით და მათი ასაკის შესაბამისად, სწორად გაწერილ სახალისო აქტივობებს შევთავაზებთ.

გთავაზობთ მეოთხე კლასის მოსწავლეებთან განხორციელებული თავისუფალი გაკვეთილის ნიმუშს, სადაც ბავშვებმა თვითონ შექმნეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი: ,,კონფლიქტების მოგვარების კონტრაქტი’’.

მიზნის შესაბამისად, მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:  კლასში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება (პირადი, საერთო), მსჯელობა კონფლიქტის მოგვარების გზებზე, არგუმენტების ჩამოყალიბება, ერთობლივად ფორმულირებული პოსტერების წარდგენა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გათვალისწინებით წესების (კონტრაქტის)  შექმნა.

დაგვჭირდება რესურსები: ფლიპჩარტის ქაღალდი პოსტერების დასამზადებლად, პატარა ზომის ფერადი ფურცლები, მარკერები, ფლომასტერები, დაფები, კალმები, ცარცი.

 

I აქტივობა:   დაფაზე ვწერთ სათაურს: ,,ყველაფერი კარგად არის! ეს მართლა ასეა?’’
მოსწავლეებს ვაცნობთ საზოგადოებრივი და პირადი კეთილდღეობის ცნებებს. შემდეგ ისინი ასახელებენ სასკოლო ცხოვრებაში კონფლიქტების გამომწვევი პრობლემების მაგალითებს. ძირითადად, ჩამონათვალი ასეთი სახისაა: სხვისი ნივთებით სარგებლობა; ვაჟებსა და გოგონებს შორის ურთიერთობა; ვინმესთან მეგობრობა; ერთმანეთის გაღიზიანება, დაცინვა, ან დაშინება. მოსწავლეები ახარისხებენ პიროვნულ და საერთო პრობლემებს, მცირე ზომის ფერად ფურცლებზე წერენ, ხმამაღლა კითხულობენ და ბარათებს ფერების მიხედვით დაფაზე განათავსებენ.

(შენიშვნა: შესაძლებელია, რომელიმე მოსწავლეს არ სურდეს პირად პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი, ამ შემთხვევაში, მისი სურვილისამებრ შერჩეულ, ნდობით აღჭურვილ მოსწავლეს ვთხოვთ, დაეხმაროს პრობლემის გადაჭრაში. თუ ჩვენ მოგვმართავს, ამ შემთხვევაში, ცხადია, მასწავლებელი დაეხმარება).

 

II აქტივობა: პრობლემების იდენტიფიცირებისა და მცირე დისკუსიის შემდეგ  დაფაზე ვწერთ მსგავსი პრობლემების ჩამონათვალს. მოსწავლეები ნაწილდებიან წყვილებად, ან ჯგუფებად, ირჩევენ 1-2 პრობლემას და აკეთებენ  მცირე ზომის პოსტერებს წარწერით: ,,პრობლემა’’ და ,,როგორ მოვაგვაროთ’’.
III აქტივობა: მოსწავლეები მომზადებულ პოსტერებს წარადგენენ თანაკლასელების წინაშე და არგუმენტებით ასაბუთებენ, კონკრეტულად, კონფლიქტის მოგვარების რა მეთოდები შეიმუშავეს.

 


IV აქტივობა: შეთანხმების შედეგად  მიღებულ, პოსტერებზე განთავსებულ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გადაიტანენ ფლიპჩარტის ფურცელზე, რომელსაც პირობითად ,,კონტრაქტს’’ უწოდებენ. მასზე ასევე განთავსდება ყველა მოსწავლის ხელმოწერა.

განხორციელებული აქტივობების შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს  კლასში არსებული პიროვნული და საერთო პრობლემების იდენტიფიცირება, არგუმენტირებულად იმსჯელეს  კონფლიქტის მოგვარების გზებზე და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გათვალისწინებით შექმნეს ერთობლივად ფორმულირებული წესების დოკუმენტი  – ,,კონტრაქტი’’.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რა მოხდება, თუ ვინმე დაარღვევს კონტრაქტის რომელიმე მუხლს? ეს უმჯობესია, ვკითხოთ მოსწავლეებს. ვერ დავფარე სიხარული, როდესაც კითხვის პასუხად მომიგეს, ხშირად შევახსენებთ, ვისაც დაავიწყდება და ერთ დღესაც აღარ დაავიწყდებაო. ასე იპოვეს გამოსავალი ჩემმა საყვარელმა მოსწავლეებმა.

უმთავრესია, ვასწავლოთ ბავშვებს, რომ კონფლიქტის დროს არ არსებობს ,,მოგებული’’ და ,,წაგებული’’, არამედ გამარჯვებულია დემოკრატიული კულტურა.

გულწრფელად გეტყვით, რომ თავდაპირველად, როდესაც დავსვი კითხვა: – ყველაფერი კარგად არის? – ბავშვებმა ერთხმად, გაუცნობიერებლად იყვირეს: – დიახ! მაგრამ დამაზუტებელ კითხვაზე: – ეს მართლაც ასეა? – პასუხის დროს მათი ღიმილიანი სახეები ნელ-ნელა მოწყენილობამ შეცვალა და დაიწყეს ფიქრი.

დემოკრატიული მოქალაქეობისთვის განათლების მიზანიც სწორედ ეს არის: კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა იმგვარად, რომ კონფლიქტების დროს ბავშვებმა შეძლონ დაფიქრება, პრობლემების დანახვა და მათი გადაჭრა არა აგრესიის ენაზე, არამედ საკუთარი და თანაკლასელების მოსაზრებების გათვალისწინებით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები – თანაცხოვრება კულტურულად მრავალფეროვან დემოკრატიულ საზოგადოებაში © მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2017 წლის ოქტომბერი. https://tpdc.ge/ptk_files/_ckuploaded/909610.pdf

 

  1. დემოკრატიული პედაგოგიკა https://mastsavlebeli.ge/?p=7030

 

 

  1. ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში – რ. გოლობი, პ. კრაფი, ვ. ვეიდინგერი – ევროპის საბჭოს გამომცემლობა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი