რას ვეტყოდი უცხოელებს ქართული ენის შესახებ?

გასულ წელს სენეგალის დედაქალაქ დაკარში მომიწია ბრიტანეთის საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ადგილობრივი ენების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა. უაღრესად საინტერესო ამბების ეპიცენტრში აღმოვჩნდი, რის შესახებაც სხვა დროსაც მოგითხრობთ. ჩემთვის ვფიქრობდი: რას ვეტყოდი და როგორ გავაცნობდი აფრიკელ მსმენელს ჩემს სამშობლოს და მშობლიურ ენას? და უნებურად დაიწერა ეს ტექსტი:

ქართველი მასწავლებლისთვის აფრიკის ულამაზეს ქვეყანაში, სენეგალში, ყოფნა და ენის მნიშვნელობაზე საუბარი რამდენად ამაღელვებელია, ამის გადმოსაცემად დედამიწის ყველა ენა უძლურია. ენა უნიკალური ფენომენია, მაგრამ ზოგჯერ მასაც უჭირს ადამიანური გრძნობების გადმოცემა. ალბათ ენის სიღრმე და სიმდიდრე სწორედ იმით იზომება, რამდენად შეუძლია მას თავის წიაღში ადამიანის გონებრივ და შემოქმედებით იმპულსებს გამოხატვის შესაძლებლობა მისცეს.

საქართველო ევრაზიის კონტინენტზე, კავკასიის რეგიონში, შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანაა. ის 190 წლის მანძილზე იყო რუსეთის კოლონია და მხოლოდ 1991 წელს აღიდგინა სუვერენიტეტი. ემიგრაციის ჩათვლით ქართულ ენაზე 5 მილიონამდე ადამიანი საუბრობს. ის ახლაც გავითარებად ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება, მიუხედავად საკმაოდ მოწესრიგებული დემოკრატიული სისტემებისა.

საქართველოს უმდიდრესი ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა აქვს. კაცობრიობამ შექმნა ათასობით ენა, მაგრამ მხოლოდ 14 დამწერლობა, რომელთა შორისაც ქართული ანბანიც არის. ქართული ანბანის შექმნა ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის მეფე ფარნავაზ პირველს მიეწერება. ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი, „შუშანიკის წამება“, მეხუთე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედშია დაწერილი და მხატვრული სრულყოფილებით გაგაოცებთ. არ ვიცი, რამდენად შეგვიძლია ქართველებს თავმოწონება ჩვენი ქვეყნის განვითარებით, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ქართული სიმღერა, ქართული ცეკვები და ქართული ლიტერატურა გულგრილს არავის დატოვებს…

ქართული ცივილიზაციის უძველესი მსოფლიო კულტურის სათავეებთან ყოფნას მხოლოდ ორი მაგალითით წარმოგიდგენთ: მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწაზე პირველი ღვინის მწარმოებლები ქართველები იყვნენ და მსოფლიოს ყველაზე ენაზე მიღებული სიტყვა „ღვინო-ვაინ“ ქართული წარმომავლობისაა, ხოლო მედიცინას სახელი უძველესი ცივილიზაციის ქართველი მეფის ასულის, მედეას სახელის მიხედვით ეწოდა. მედეა  არგონავტების ცნობილი მითის მთავარი გმირია. ქართული სამთავროს – კოლხეთის მეფის, აიეტის ასული, რომელსაც ბერძენი არგონავტი იასონი შეუყვარდა. გრძნეულმა ქალმა სატრფოს მამის სამეფოდან გაატაცებინა მითიური ოქროს საწმისი, ცხვრის ტყავი, რომელზეც, როგორც ამბობენ, ოქროს მოპოვების წესები იყო აღბეჭდილი.

მოგეხსენებათ, რა ძნელია გეოპოლიტიკურად აქტუალურ ზონაში მოქეული ქვეყნისთვის მეტროპოლიის დაქვემდებარებაში, კოლონიურ რეჟიმში განვითარება. საქართველოს ისტორია სავსეა ძლიერი და  მრავალრიცხოვანი იმპერიების შემოსევებისა და თვითგადარჩენისთვის დაუსრულებელი ბრძოლის  მაგალითებით. სულ ვფიქრობ, რამ იხსნა ჩემი ქვეყანა ამ ერთი შეხედვით გადაულახავი განსაცდელებისგან? ქართულმა ენამ! ხომ არ ვაჭარბებ? არა მგონია! ქართულ ენასა და ანბანში, ჩვენს წერილობით და ზეპირმეტყველებით ძეგლებში იყო კოდირებული ყველა ის ეთნომენტალური საიდუმლო, რაც ქართველ ხალხს ეხმარებოდა, დიდ ინგლისელ მწერალს, ჯოზეფ კონრადს თუ დავესესხები მეტაფორას, წყვდიადის გულში ევლო, რომ გადაშენება არ ეწერა, რომ სამყარო ყოველთვის მოისმენდა ქართულ სიმღერას და 400-მდე ენაზე თარგმნილს წაიკითხავდა მეთორმეტე საუკუნის გენიალურ პოეტს, შოთა რუსთველს. მან ხომ მსოფლიო რენესანსს გაუსწრო თავის პოემა „ვეფხისტყაოსანში“ გაცხადებული ნოვატორული იდეალებით?! რომში, ვილა ბორგეზეს ბაღში, მსოფლიო მწერლობის ტიტანებს შორის დღეს რომ დგას რუსთველის ძეგლი წარწერით „grande poeta georgiano”, ეს ჩვენი ეროვნული სიამაყეა.

მეათე საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი იოანე ზოსიმე, რომელიც სინას მთაზე ქართველთა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში მოღვაწეობდა, წერდა, რომ „ყოვლი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“… ენა ცვლადი და განვითარებადი ორგანიზმია, მაგრამთანამედროვე ქართველს თავისუფლად ესმის მეხუთე ან მეათე საუკუნეების სალიტერატურო ქართული და საჭირო არ არის ტექსტების ადაპტირებული ვერსიების შექმნა.

ქართულ ენას მუდამ ემუქრებოდა ასიმილაციის საფრთხე, მაგრამ ის ყოველთვის იყო მიმღებ-გამტარი სისტემა და თავისი ლექსიკა გაიმდიდრა სპარსულ-არაბული, ბერძნული, თურქული, რუსული, ევროპული ენების ლექსიკური ერთეულების შემოდინებით.  ქართველი ხალხისთვის „მამული, ენა, სარწმუნეოება“ ერთარს ცნებებად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო მულტიეთნიკური და მულტირელიგიური ქვეყანა და ტოლერანტობა აქ უპირველეს  ღირებულებად ითვლებოდა. მეათე საუკუნის ავტორი გიორგი მერჩულე თავის მოთხრობა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ქვეყნის საზღვარს არა პოლიტიკური და გეოგრაფიული ნიშნით, არამედ ენობრივ-რელიგიური ნიშნით საზღვრავდა, როცა წერდა, რომ ქართლია ყველგან, სადაც ქრისტიანული ეკლესია დგას და წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ დაპყრობილ ქვეყნებს ხშირად უწევთ ბილინგვურ რეალობაში ცხოვრება. გლობალიზაციის შეუჩერებელი პროცესი, რომელსაც უამრავი სიკეთე მოაქვს კაცობრიობისთვის, მცირე ერებისთვის ამავე დროს არის ენისა და ტრადიციების გაქრობის საფრთხე. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ გააუქმა და რუსეთს შეუერთა ქართული მონარქიული სახელმწიფო. ზოგ ქვეყანაში დღემდე ჰგონიათ, რომ ის რუსეთის ნაწილია და წარმოდგენაც არა აქვთ, რამდენად თვითმყოფადი და თავისუფლებისმოყვარე ქვეყანაა პატარა საქართველო. მეცხრამეტე საუკუნეში რუსიფიკაციის პოლიტიკამ უკიდურესად შეზღუდა ქართული ენა. სკოლებში ბავშვებს სასტიკად ეკრძალებოდათ ქართულად ლაპარაკი, საზოგადოებას ენატრებოდა უნივერსიტეტი მაშინ, როცა XI-XII საუკუნეებში ქართველებს უკვე ჰქონდათ გელათისა და იყალთოს აკადემიები.

მეცხრამეტე საუკუნეში ქართველი ერის დიდი ლიდერის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის და მისი თანამებრძოლების მიერ წამოწყებული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის შედეგად მივიღეთ პირველი ქართული უნივერსიტეტი 1918 წელს და ქართულ ენაზე სწავლება სკოლებში. 1978 წელს საბჭოთა იმპერიამ კვლავ მოითხოვა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება და სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადება, რასაც დიდი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა და ჩვენმა ხალხმა შეძლო დედაენის შენარჩუნება.

დღეს საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფო ენაა ქართული, ხოლო დასავლეთ საქართველოს ერთ ნაწილში, აფხაზეთში, რომელიც რუსეთის იმპერიის მიერ ინსპირირებული სეპარატისტული მოძრაობის შედეგად, 1993 წლიდან, მოწყვეტილია საქართველოს – აგრეთვე აფხაზური. აფხაზეთში ჩატარებული ეთნოწმენდის შედეგად მშობლიურ მიწას მოწყვიტეს 400 ათასი ქართველი. ქართველებს იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო თანამეგობრობის მიერ არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოს დაუბრუნდება ფართო ავტონომიით და რომ ამ მისიას უპირველესად ქართული და აფხაზური ენების ძმობა შეასრულებს.

ქართული ენა მსოფლიო ენათა ოჯახის ღირსეული წევრია. ის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება. ცალკეც არსებობს ქართველურ ენათა ოჯახი, რომელშიც შედის: ქართული, მეგრული, სვანური და ლაზური ენები. ქართულის გარდა სხვები უდამწერლობო ენებია და იუნესკოს მიერ მომაკვდავ ენათა ნუსხაშია შეტანილი.

თანამედროვე ქართველისთვის ქართულთან ერთად მნიშვნელოვანია უცხოური ენების სწავლება და ჩვენთან პოპულარულია მრავალი უცხო ენა. რუსული და ერთ-ერთი ევროპული ენა უსათუოდ ისწავლება ჩვენს სკოლებში. ქართულ ენაზე ინტენსიურად ითარგმნება მსოფლიო ინტელექტუალური მემკვიდრეობა.

მეოცე საუკუნის ქართველ პოეტს, ირაკლი აბაშიძეს ეკუთვნის ლექსი „ხმა კატამონთან“, რომელიც დაიწერა მაშინ, როცა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველ მეცნიერთა ექსპედიციამ აღმოაჩინა ჩვენი დიდი პოეტის, შოთა რუსთველის, ფრესკა. აქ ავტორი აცხადებს, რომ ქართული ენა მისთვის არის: მზე, ცხოვრების სიტკბო, ლხინი, სევდა, ყოვლის გამომთქმელი, გმირი, ბრძენი, წარსული და მომავალი, ჰიმნი და სამარის ცრემლი, XII-XIII საუკუნეების ლეგენდარული ქართველი მეფის – თამარის ენა. თამარი ის მეფეა, რომლის სიყვარულით გახელებულმა რუსთველმაც ამ ქალღმერთს მიუძღვნა საოცარი პოემა, გასხივოსნებული ფილოსოფიური სიბრძნით, საკვირველი ლირიზმით, თვალწარმტაცი ნარატივებით.

სულ ახლახან საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატთან შეიქმნა ქართული ენის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც იზრუნებს სახელმწიფო ენის ინტერესების დაცვაზე. ქართველი ხალხი თავისი ეთნოიდენტობის უპირველეს საგანძურს, ქართულ ენას, მუდამ დაიცავს.

1901 წელს ქართველების დიდ პოეტს – ვაჟა-ფშაველას ენის შესახებ დაუწერია:  „არა მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რითი ჰგავს ენა მდინარეს? იმით, რომ, რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნურად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს; მიმდინარეობს იმჟამიდან ამჟამამდე დაუდგრომელად. მისი შეჩერება, დაგუბება, ცოტახნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი – არასოდეს“…

ენა ეროვნული სიამაყის საგანია. მე და ჩემს მოსწავლეებს სწორედ ამის რწმენა გვასულდგმულებს, რომ ქართული ენის მდინარე არასოდეს დაშრება და ის მუდამ იდინებს ჩვენი ერის სულიერებისა და მსოფლაღქმის გამოსახატავად… თანამედროვეობის უდიდესი ქართველი მწერლის ოთარ ჭილაძის სიტყვები ნათლად გამოხატავს ჩვენს გულისნადებს: „როგორც ტყიდან მეორე ტყეში გადააქვთ ქარებს თესლი ხეების, ისე გადადის გულიდან გულზე ჩვენი ფიქრები და სურვილები“…

 

კომენტარები

comments