პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

არასრულფასოვნებისა და უპირატესობის განცდა – განვითარების მამოძრავებელი თუ შემაფერხებელი ძალა?

„მხოლოდ გამბედავ ადამიანებს, რომლებიც ამ სამყაროში თავისუფლად გრძნობენ თავს, შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ამქვეყნიური ცხოვრების სიკეთეებით, ისე მისი სირთულეებითაც. მათ არ აშინებთ ცხოვრებისეული პრობლემები, რომლებიც, როგორც წესი, სოციალური პრობლემებია; ადამიანად ყოფნა სოციალური ქცევისთვის მზაობას მოითხოვს” (ა. ადლერი).
ა. ადლერის ინდივიდუალურ ფსიქოლოგიაში განვითარების პირველად, ძირეულ მოტივად მიჩნეულია არასრულფასოვნების განცდა და მისი კომპენსაციის მექანიზმები. ვიცით, რომ ორგანიზმი აკომპენსირებს თავის სისუსტეს (მაგ., ცალი თირკმლის დაზიანების შემთხვევაში მის ფუნქციას მეორე იღებს). ასევე ცდილობს ადამიანი, მოახდინოს თავისი ორგანული სისუსტის კომპენსაცია ვარჯიშითა და წვრთნით (მაგ., დემოსთენე, რომელსაც მეტყველების დეფექტი ჰქონდა, ვარჯიშით ერთ-ერთი უდიდესი ორატორი გახდა). ეს მექანიზმი მუშაობს, საზოგადოდ, ფსიქიკაში. საკუთარი ფსიქოლოგიური და სოციალური უმწეობის გამო ადამიანს უჩნდება არასრულფასოვნების სუბიექტური განცდა. ეს განცდა სათავეს იღებს ბავშვობიდან, როდესაც პატარა დიდხანს არის მიჯაჭვული უფროსს. ამგვარი    გამოცდილება მასში, ერთი მხრივ, ბადებს არასრულფასოვნების განცდას, მეორე მხრივ კი უბიძგებს ბრძოლისკენ – თვითონვე წარმოშობს ამ განცდის დაძლევის ტენდენციას – მოიპოვოს უპირატესობა უფროსებზე. ის აღვივებს უპირატესობის გრძნობას (მისი უკიდურესი ვარიანტია ძალაუფლებისკენ სწრაფვა), რომელიც თანდაყოლილია და ადამიანის ცხოვრების ძირითად მამოტივირებელ ძალას წარმოადგენს. იგი ზოგადი, პირველადი და ნორმალური ტენდენციაა, პიროვნების განვითარების სტიმულია, მაგრამ ერთი პირობით: თუ ადამიანს აქვს ერთობის განცდა, პოზიტიური განწყობა ცხოვრებისა და საზოგადოების მიმართ. ამგვარად, ადლერის თეორიის თანახმად, ადამიანის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ლტოლვების სოციალურ მიმართულებას.

არასრულფასოვნების დაძლევის ამოცანა ყველა ადამიანის წინაშე დგას და მას ყველა თავისებურად წყვეტს. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: პიროვნების ტიპზე, ბავშვის დაბადების რიგითობაზე, საზოგადოდ, სოციალიზაციის პროცესის თავისებურებებზე. სოციალიზაციის პროცესში ყალიბდება სოციალური გრძნობა, რომელიც სამ სფეროში ვლინდება: პროფესიულ საქმიანობაში, სოციალურ კონტაქტებსა და სიყვარულში. პიროვნება, რომლის სოციალური გრძნობა შესუსტებულია, სრულყოფილად ვერ რეალიზდება. შედეგად ვიღებთ სხვადასხვა დარღვევას – ადამიანი, ნაცვლად კომპენსაციის „ნორმალური” საშუალებების ძიებისა, „მირბის ავადმყოფობაში”. არასრულფასოვნებისა და უპირატესობის გრძნობის ზედმეტად მაღალი ხარისხი იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს – საკუთარი სისუსტის, შეუმდგარობისა და უმწეობის ძლიერ განცდას. ა. ადლერი გამოყოფს არასრულფასოვნების კომპლექსის სამ მიზეზს: რომელიმე ორგანოს არასრულფასოვნებას, მშობლების მხრივ ბავშვის განებივრებას (ჰიპერმზრუნველობა) ან, პირიქით, უარყოფას. ზოგადი კანონზომიერებიდან გამომდინარე, არასრულფასოვნების კომპლექსს ინდივიდი პასუხობს ჰიპერკომპენსაციით -უპირატესობის კომპლექსით. იგი ვლინდება საკუთარი ფიზიკური, სოციალური და ინტელექტუალური უნარების გადაჭარბებული შეფასებით. ვიდრე უპირატესობისკენ სწრაფვა საზოგადოებრივი ინტერესებით შემოიფარგლება, ადამიანის აქტიურობა კონსტრუქციულია და მის ქმედებებს სარგებლობა მოაქვს, ხოლო როცა საზოგადოებასთან მისი ერთობის განცდა დაქვეითებულია, ადამიანი არაადეკვატურად იქცევა: ან დეპრესიას ეძლევა და უმოქმედო ხდება, ან საკუთარ თავს იმაზე უკეთესად წარმოაჩენს, ვიდრე სინამდვილეშია და არასრულფასოვნების გრძნობას ამ ყალბი წარმატებით ინაზღაურებს. ეს არ არის დაბრკოლებათა გადალახვისკენ მიმართული ჯანსაღი სწრაფვა. ამ დროს ადამიანი ტრაბახაა, ეგოცენტრული, სარკასტული და ქედმაღალი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას არ შესწევს უნარი, მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის (დაბალი თვითშეფასების გამო) და თავის მნიშვნელოვნებას მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც სხვებს ამცირებს.

რა გავლენას ახდენენ ოჯახი და სკოლა არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებაზე? მათი გავლენა უმნიშვნელოვანესია, რადგან აქ დაშვებული შეცდომები ძალიან ძვირად უჯდება ადამიანს. ბავშვობის შთაბეჭდილებები უდევს საფუძვლად პირველად ნიმუშებს (პროტოტიპებს), რომლებიც 4-5 წლის ასაკში ფორმირდება. ეს შთაბეჭდილებები გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე უფროსებს წარმოგვიდგენია.

უგულებელყოფილი და უარყოფილი ბავშვების მდგომარეობა გასაგებია, მაგრამ არანაკლებ დრამატულია განებივრებული ბავშვების ბედი. მათაც გარიყვა მოელით, რადგან ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ არც ოჯახსა და არც საზოგადოებას არ სურთ ადამიანზე უსასრულოდ ზრუნვა. ოჯახში განებივრებული ბავშვი მალე, ჯერ – საბავშვო ბაღში, მერე კი სკოლაში, ეჯახება ცხოვრებისეულ პრობლემებს. ასეთ ბავშვს უჭირს სხვებთან კონტაქტი , არ უნდა თამაში, მისმა გამოცდილებამ ჯერ ვერ მოამზადა იგი სოციალური ურთიერთობებისთვის, ეშინია და ეძებს მეურვეს. როგორია მშობლის მდგომარეობა? თუ დასაჯა ან სასტიკად მოექცა ბავშვს, მას გული უმძიმდება, ბავშვი კი ეძებს ტანჯვის შემსუბუქების გზებს და ხშირად გამოსავალს განრიდებაში პოვებს. მაგ., აგრესიული მამის აღზრდილი გოგონა შესაძლოა გაურბოდეს მამაკაცებს, ხოლო მკაცრი დედის აღზრდილი ვაჟი – ქალებს. შესაძლოა, ბავშვი გახდეს მორცხვი, ჩამოუყალიბდეს გაუკუღმართებული სქესობრივი ქცევა და სხვა. ეს უკანასკნელი, ა. ადლერის აზრით, თანდაყოლილი თვისება არ არის, ის იმ გარემოს გავლენით ფორმირდება, რომელშიც იზრდება ბავშვი. ამ შემთხვევაში შენიშვნები და რჩევა-დარიგება საქმეს არ შველის. როცა არც ბავშვმა და არც მოზრდილმა არ იციან, რისი შეცვლაა საჭირო, შეგონებები უნაყოფოა, დასჯა და რჩევა-დარიგება მიზანს ვერ აღწევს. აქ სპეციალისტის ჩარევაა საჭირო, რათა აღმოჩენილ და შეცვლილ იქნეს ამ სირთულეთა საფუძვლები (პირველადი ხატები).

საზოგადოდ, ის, რაც მიესადაგება ბავშვს, შეიძლება ყველა ადამიანს მივუსადაგოთ – სისუსტე, რომლის გამოც ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, იმ სისუსტის ანალოგიურია, რომელიც მოზრდილ ადამიანს საზოგადოებაში ცხოვრებას აიძულებს. ყველა ადამიანი ითრგუნება ცხოვრების სირთულეებით და ყველას სჭირდება ადამიანთა ჯგუფი ამ სირთულეებთან გასამკლავებლად. სუსტი ცხოველები ჯოგებად ცხოვრობენ, რადგან გადარჩენის მეტი შანსი აქვთ. ასეა ადამიანიც. სოციალური ცხოვრების პირველმიზეზი სწორედ ადამიანის სისუსტეა. კარგად დაბალანსებული საზოგადოება ეხმარება ადამიანებს. სოციალური პროგრესი – ეს არის ისტორია იმისა, როგორ თანამშრომლობდა ერთი ადამიანი სხვებთან. სწორად ორგანიზებულ საზოგადოებაში ახერხებს ადამიანი თავის ნაკლოვანებათა კომპენსირებას. ენაც ინდივიდუალურმა ნაკლოვანებამ გააჩინა, ყურადღების მიპყრობისა და სურვილები დაკმაყოფილების მოთხოვნილებამ. ადამიანები სირთულეებს საღი აზრის დახმარებით ძლევენ, ის კი სოციალური ჯგუფის ერთობლივ გონებას მოიაზრებს.
რით გამოიხატება ძლიერი არასრულფასოვნების გრძნობა? სირთულეების მშვიდად გადალახვის უუნარობა ადამიანს მოუთმენლს ხდის. თუ პიროვნების ქმედებას ძლიერი ემოცია ახლავს თან, მოუთმენელია და მოჩხუბარი, ეს არასრულფასოვნების კომპლექსზე მიუთითებს. ამ რეაქციათა დამანგრეველი ძალა სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ კომპლექსი ძნელი ამოსაცნობია – შესაძლოა, რომელიმე სფეროში ის არ წარმოჩნდეს, მაგრამ სხვაგან აშკარად ჩანს. მაგ., ადამიანი სამსახურში თავდაჯერებულია, ოჯახში კი დეპრესიული ან გაუწონასწორებელი და აგრესიული. ნიშნები განსაკუთრებით აშკარაა დაძაბულ, რთულ სიტუაციებში. გამოთქმები: „მე ამას მოვუვლიდი, მაგრამ…”, „მე ამას გავაკეთებდი, მაგრამ…” ასევე კომპლექსზე მიუთითებს. მოყოყმანე ადამიანის ქმედება მისსავე გამონათქვამებს შეესაბამება (ა. ადლერი).

მომდევნო სტატიაში კომპლექსის ზოგადი სიმპტომებისა და ბავშვების სასკოლო კომპლექსების შესახებ ვისაუბრებთ, ახლა კი გთავაზობთ ტესტს. 
უპასუხეთ კითხვებს და დათვალეთ ქულები:

1. ჩემი არ ესმით.
ხშირად (0)
იშვიათად (3)
არასოდეს (5)

2. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ამქვეყნად ჩემი ადგილი არ მიკავია.
არასოდეს (5)
სიტუაციას გააჩნია (3)
ძალზე იშვიათად (0)

3. ოპტიმისტი ვარ
კი (5)
გამონაკლის შემთხვევებში (3)
არა (0)

4. ყველაფერი გამხიარულებდეს –
სისულელეა (0)
გეხმარება რთულ სიტუაციებში (3)
ღირს ამის სწავლა (5)

5. მსურს, მქონდეს ისეთივე უნარები, როგორიც სხვებს აქვთ
კი (0)
ზოგჯერ – კი (3)
არა, თვითონვე მაქვს საჭირო უნარები (5)

6. ბევრი ნაკლი მაქვს
დიახ, ასეა (0)
სულაც არ მიმაჩნია ასე (3)
არ არის ასე (5)

7. ცხოვრება მშვენიერია 
დიახ, ასეა (5)
ძალიან ზოგადი ნათქვამია (3)
სულაც არა (0)

8. არავის ვჭირდები
ხშირად მგონია ასე (0)
ზოგჯერ ასე მგონია (3)
იშვიათად მგონია ასე (5)

9. ჩემი ქცევა ირგვლივ მყოფთათვის გაუგებარია
ხშირად (0)
ზოგჯერ (3)
იშვიათად (5)

10. მეუბნებიან, რომ იმედები ვერ გავამართლე
ხშირად (0)
ზოგჯერ (3)
ძალიან იშვიათად (5)

11. მრავალი ღირსება მაქვს
კი (5)
გააჩნია სიტუაციას (3)
არა (0)

12. პესიმისტი ვარ
კი (0)
გამონაკლის შემთხვევებში (3)
იშვიათად (5)

13. როგორც ყველა მოაზროვნე ადამიანი, მეც ვაანალიზებ ჩემს საქციელს
ხშირად (0)
ზოგჯერ (3)
იშვიათად (5)

14. ცხოვრება მოსაწყენი რამ ყოფილა
დიახ, ასეა (0)
მეტისმეტად განზოგადებული დასკვნაა (3)
არა, ასე არ არის (5)

15. სიცილი ჯანმრთელობაა
ბანალური ნათქვამია (0)
რთულ სიტუაციებში ასე ვფიქრობ (3)
სრულიადაც არა (5)

16. ადამიანები ვერ მაფასებენ
სამწუხაროდ, ასეა (0)
ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ (3)
სრულიადაც არა (5)

17. სხვებს ადვილად განვიკითხავ
ხშირად (0)
ზოგჯერ (3)
იშვიათად (5)

18.წარუმატებლობას ყოველთვის წარმატება მოსდევს
მჯერა, თუმცა ვიცი, რომ ეს ნიშნავს, სასწაული ირწმუნო (5)
შესაძლოა ასე იყოს, მაგრამ ამის მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს (3)
სასწაულებისა არ მჯერა (0) 

19. აგრესიულად ვიქცევი
იშვიათად (0)
ხშირად (3)
ძალიან ხშირად (0)

20 მარტოსულად ვგრძნობ თავს
იშვიათად (5)
ზოგჯერ (3)
ხშირად (0)

21. ადამიანები არ არიან კეთილგანწყობილნი
უმეტესობა (0)
ზოგიერთი (3)
სრულიადაც არა (5)

22. არ მჯერა, რომ შეიძლება, სასურველს მიაღწიო
ამისთვის ჯერ არავის მიუღწევია (0)
ზოგჯერ ასეც ხდება (3)
მე მჯერა (5)
23. ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა ჩემს ძალებს აღემატება
ხშირად (0)
ზოგჯერ (3)
იშვიათად (5)

24. ალბათ, ყველა ადამიანი უკმაყოფილოა თავისი გარეგნობით
ალბათ, კი (0)
ზოგჯერ კი (3)
არა მგონია (5)

25. როდესაც რამეს ვაკეთებ ან ვლაპარაკობ, ჩემი არ ესმით
ხშირად (0)
ზოგჯერ (3)
ძალზე იშვიათად (5)

26. ადამიანები მიყვარს
კი (5)
მეტისმეტად ზოგადი განცხადებაა (3)
არა(0)

27. ზოგჯერ ეჭვი მეპარება ჩემს უნარებში
ხშირად (5)
ზოგჯერ (3)
იშვიათად (0)

28 საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ
ხშირად (5)
ზოგჯერ (3)
იშვიათად (0)

29 მიმაჩნია, რომ საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული უნდა იყო, ვიდრე სხვების მიმართ
კი (0)
არ ვიცი (3)
არა( 5)
30. მჯერა, რომ მეყოფა ძალა მიზნის მისაღწევად
კი (5)
ზოგჯერ კი (3)
არა (0)
თუ მოაგროვეთ ერთნაირი ქულები შემდეგ კითხვებში/წყვილებში: 3 და 18, 9 და 25, 12 და 22, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენი მონაცემები სანდოა.

0-40 ქულა – სამწუხაროდ, თქვენ კომპლექსები გაქვთ, საკუთარ თავს უარყოფითად აფასებთ, გამუდმებით ებრძვით მას, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კომპლექსს და საქმეს გირთულებთ. გაიხსენეთ ა. ადლერის სიტყვები: „თუ ადამიანი ამბობს, რომ ის რამეს ვერ შეძლებს, დიდი ალბათობით, მისი ქმედებაც შესაბამისი იქნება”. შეიცვალეთ საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება, ეცადეთ აღმოაჩინოთ საკუთარი ღირსებები, ძლიერი მხარეები და მათზე გაამახვილოთ ყურადღება. მიმართეთ სპეციალისტს, თუ ამის აუცილებლობას გრძნობთ. 

41-80 ქულა – მშვენივრად შეგიძლიათ, თვითონვე მოუაროთ საკუთარ კომპლექსებს, რომლებიც ხელს გიშლით ცხოვრებაში. დროდადრო გაურბიხართ საკუთარი ქცევის ანალიზს. ნუ მიიღებთ სირაქლემას პოზას. მეტი გამბედაობა გმართებთ. „შეგიძლიათ, დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ სირთულეებს და გადაჭრათ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა პრობლემა. ეს ადამიანისთვის საკუთარი თავის რწმენის დაბრუნებისა და არასრულფასოვნების ძლიერი განცდისგან თავის დაღწევის საუკეთესო ხერხია” (ა. ადლერი).

81-130 ქულა – ისევე როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, თქვენც გაქვთ ერთგვარი არასრულფასოვნების განცდა, მაგრამ მშვენივრად უმკლავდებით პრობლემებს, ობიექტურად აფასებთ საკუთარ ქცევასა და შესაძლებლობებს. თქვენი განცდები თქვენი პიროვნების ჯანსაღი განვითარების სტიმულია. ასე გააგრძელეთ!

131-150 ქულა – თავს ნუ მოიტყუებთ. ასეთი თვითშეფასება საშიშიც კია – კომპლექსები ხომ იმისთვის არსებობს, რომ გავუმკლავდეთ მათ და არა იმისთვის, რომ გვიყვარდეს. ასე ცხოვრება გაგიჭირდებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი