შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ გადავარჩინოთ მშობელთა კრება

ხშირად მშობელთა კრების ჩატარება როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მშობლისთვის მხოლოდ უსიამოვნო ვალდებულებაა. რამდენიმე საათიანი შეხვედრა, როგორც წესი, რუტინულია, მოსაწყენი, ზოგჯერ კონფლიქტურიც კი. როგორ ვაქციოთ მშობლებთან შეხვედრა სასარგებლო და ნაყოფიერ ამბად, თავის გამოცდილებას დაწყებითი სკოლის პედაგოგი, ლინდსი ბარეტი გვიზიარებს:

„ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ სკოლაში გამამწესეს. ბევრი განსხვავებული იდეა მქონდა, მაგრამ, მშობლების პირისპირ რომ აღმოვჩნდი, მივხვდი, ჩემი ბრწყინვალე იდეების მხოლოდ მცირედ ნაწილს ჰქონდა კავშირი რეალობასთან.

ახლა ოთხი შვილი მყავს და გამოცდილი პედაგოგი ვარ. ამ გამოცდილებამ შემაძლებინა, ჩამომეყალიბებინა რამდენიმე ზოგადი პრინციპი, რომელიც მეხმარება მშობლებთან შეხვედრა ეფექტიან და სასიამოვნო პროცესად ვაქციო.

პირველი პრინციპის მიხედვით, სასურველია მშობელთა კრება კარგი ამბების გაზიარებით დავიწყოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მშობლები შეიკრიბნენ, იმ მოსწავლეების, ვინც კარგად სწავლობს თუ სხვების.

მასწავლებელს შეუძლია მოჰყვეს, როდის მიაღწია კლასმა წარმატებას, კონკრეტულად რომელმა მოსწავლეებმა დაიმსახურა მათი მოწონება, რომელი სიტუაცია იყო სხვა კლასებისთვის სამაგალითო. ეს შეგიძლიათ მოჰყვეთ ისტორიად ან უკეთესი – ამის დემონსტრირება მოახდინოთ ვიდეოთი ან ფოტოკოლაჟით.

კრების ასეთი დასაწყისი გაახალისებს მშობლებს, გაზრდის მათ მიმღებლობას ინფორმაციის მიმართ, განაწყობს პოზიტიურად. ასევე, შეგიძლიათ მოამზადოთ ბარათები. სათითაოდ ყველა ბარათზე დაწეროთ მოსწავლეთა ვინაობა და მიუწეროთ ერთი-ორი წინადადებით, რაში გამოიჩინეს თავი – ვიღაცამ გონიერებით, ვიღაცამ ხუმრობით, ვიღაცამ ოლიმპიადაში წარმატებით, ვიღაც მასწავლებელს ან თავის კლასელს დაეხმარა და სხვა. ეს შეფასებაც აუცილებლად პოზიტიური უნდა იყოს. ბარათებს ხმამაღლა ჩაიკითხავთ და მშობლებს დაურიგებთ. ჯერ ერთი, მშობელი ამ ბარათს აუცილებლად აჩვენებს ოჯახის სხვა წევრს და მეორეც, მას კარგ მოგონებად, სახსოვრად გადაინახავს. ბარათების ჩაკითხვის შემდეგ მშობლები გააცნობიერებენ, რომ მასწავლებელმა უყურადღებოდ არცერთი მოსწავლე არ დატოვა და ეს განცდაც აუცილებლად გაზრდის მშობელთა ინტერესს კრების მიმართ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშობლებმა ცოტა რამ იციან სკოლის შესახებ. თქვენ მასწავლებელი ხართ და სკოლას „შიგნიდან“ იცნობთ. მშობლებს კი რეალურ სასკოლო სიტუაციებზე მწირი წარმოდგენა აქვთ. მაგალითად, მეც, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი ვარ, ზუსტად არ ვიცი, რა ხდება ჩემი შვილების საკლასო ოთახსა და სკოლის დერეფნებში. ეს ნორმალურია.

სასკოლო ცხოვრების შესახებ ბავშვები მშობლებს დიდი ხალისით არ უყვებიან. თანაც, სკოლის შესახებ მშობლები შვილებს მაშინ ეკითხებიან, როდესაც გვიანი საღამოა და ბავშვებს დასვენება უნდათ. ბავშვებიც სასკოლო მოვლენებს თავიანთი გადასახედიდან აფასებენ. ბავშვებს უყვართ მოვლენების დრამატულად აღწერა. სინამდვილე შესაძლოა სხვა იყოს. ამიტომ მშობელთა კრებაზე მასწავლებელმა დეტალურად უნდა აღწეროს მშობლისათვის საინტერესო მოვლენები, მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მათ, ჩააყენოს საქმის კურსში, განმარტოს მათთვის მარტივ და გასაგებ ენაზე.

მშობელთა კრებაზე მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა არა მხოლოდ ისაუბროს, არამედ კითხვებიც დასვას. მასწავლებელს კრებისთვის ცოტა დრო აქვს და ბევრი რამის თქმა უნდა მოასწროს. ამიტომ აუცილებელი როდია ერთი ბავშვის საშინაო დავალების დეტალური გარჩევა…

თუ მშობელთა კრების შემდეგ მასწავლებელს ხმა წაუვა, ე.ი. ზედმეტად ბევრი ილაპარაკა. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მშობლებს ნაკლებად აინტერესებთ ზოგადი სასკოლო სიტუაცია. მათ აინტერესებთ შვილის ამბები და კრებაც ამ მიმართულებით უნდა წაიყვანოთ. მშობელი ყურადღებით მაშინ უსმენს მასწავლებელს, როდესაც ის მის შვილზე საუბრობს.

მიეცით მშობელს თავისი მოსაზრების გამოთქმის საშუალება. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს ის კითხვები, რომლებზეც მშობლისგან პასუხს მიიღებს და ეს პასუხი რამეში გამოადგება (როგორ იქცევა ბავშვი სახლში მსგავს სიტუაციაში? მისი ქცევა განსხვავებულია? რატომ აქვს სწავლის პრობლემა? რა უშლის ხელს?). მშობელს აქვს ის ძვირფასი ინფორმაცია, რომელსაც მასწავლებელი არ ფლობს. ამიტომ მასწავლებელმა ეს ინფორმაცია უნდა მოიპოვოს.

მასწავლებელი მოდერატორიცაა. მან ხშირად უნდა დახედოს საათს, აკონტროლოს დრო, არც თვითონ გადაიღალოს, არც მშობლებს მოაწყინოს თავი.

კიდევ ერთი პრინციპი – მკაცრად გაწერეთ მშობელთა კრების გეგმა. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ დედების გონების ბრაუზერის ყველა ჩანართი გააქტიურებულია. მშობლებს მილიონი დარდი და პასუხისმგებლობა აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შვილი ჰყავთ, ერთი თუ ათი. საზრუნავი მაინც ბევრია. სკოლა ბრაუზერის ერთ-ერთი ჩანართია, შვილის/შვილების ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მშობელი ერთდროულად ფიქრობს შვილების გლობალურ კეთილდღეობასა და წვრილ-წვრილ საკითხებზე – „იქნება თუ არა ის ბედნიერი მომავალში“ და „რა მოამზადოს დღეს ვახშმად “. ეს უნდა გვახსოვდეს.

საუკეთესო მშობელთა კრებები არა გლობალური, არამედ მაქსიმალურად ვიწრო ამოცანებსა და მიზნებს ემსახურება. მშობელთა კრებაზე უნდა გაჟღერდეს სკოლისა და მშობლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მასწავლებელი კი მათ გაჟღერებისას თანამდევრული უნდა იყოს.

ნუ შეგაშინებთ რთული საუბრები. ხანდახან მშობლების მწვავე რეაქციების შიშით წინასწარ გამიფრთხილებია ისინი, რომ შეხვედრისას რთული საუბარი გველის. ზოგჯერ ეს მოულოდნელ შედეგებს იძლევა. ერთხელ ჩემი მოსწავლის მამა, რომელიც, ჩემი აზრით, სკოლიდან ისევ საბავშვო ბაღში უნდა დაებრუნებინათ, იმდენად გაბრაზდა ჩემი პოზიციის გამო, რომ უარი თქვა, დასწრებოდა მშობელთა კრებას.

სასურველია, მშობლებთან რთული საუბარი მას შემდეგ დავიწყოთ, რაც მათთან კონტაქტს დავამყარებთ და ურთიერთგაგების გარკვეულ ეტაპზე გავალთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მივიღებთ. მშობელთა კრების გააზრებული ტაქტიკა მშობლებს საშუალებას მისცემს სხვა რაკურსით შეხედონ რთულ სიტუაციებს.

მშობელთა კრებაზე საუბრისას ზოგადიდან კონკრეტულ შემთხვევებზე უნდა გადავიდეთ და არა პირიქით.

გვახსოვდეს, როდესაც მშობელი იღებს ინფორმაციას ბავშვის შესახებ, უჩნდება სურვილი განიხილოს ეს მასწავლებელთან, მეორე მშობელთან ან უბრალოდ, მეგობართან. არ ააჩქაროთ მშობელი, მიეცით ლაპარაკის, ემოციების გაზიარების დრო, თუნდაც კრების შემდეგ.

არ იხუმროთ მშობლებთან მათ შვილებზე. ახალგაზრდა  რომ ვიყავი, ერთი გოგონა მის მშობელთან ხუმრობით მოვიხსენიე. მშობელს მივანიშნე, რომ მისი შვილი სხვა გოგოებს გაკვეთილზე იოლად იყოლიებდა და თავის ენერგიას უმისამართოდ ფლანგავდა. ჩემი მხრიდან ეს შეცდომა იყო.

გვახსოვდეს, რომ ყველა მშობელი მოწყვლადია, როდესაც ხუმრობა ან სარკაზმი მის შვილს ეხება. კრების შემდეგ, განაწყენებულმა დედამ შენიშვნა მომცა და მითხრა, რომ მისი შვილი არ მიყვარდა, ამოჩემებული მყავდა, ამიტომაც ვიხუმრე მასზე. მოკლედ, ორივე გულდაწყვეტილი დავრჩით. აშკარად ვერ გავუგეთ ერთმანეთს. სიტუაციის განსამუხტად დიდი დრო და ახსნა-განმარტებები დამჭირდა. სასწავლო წლის ბოლოს გოგონას მშობელი ჩემი საუკეთესო მეკავშირე იყო და მადლობაც გადამიხადა, რომ მის შვილს ყურადღებას ვაქცევდი. ასეთი ურთიერთობა შეიძლებოდა თავიდანვე გვქონოდა, მეტი ტაქტი რომ გამომეჩინა.

მასწავლებლისა და მშობლების შეხვედრებს ორი მხარე აქვს. მასწავლებელი უამრავ კრებას ესწრება, ბევრი მოსწავლე და მშობელი ჰყავს. მშობლებს კი მხოლოდ შვილები ჰყავთ. კარგი იქნებოდა, რომ ორივე მხარე ერთმანეთის მიმართ უფრო ლოიალური ყოფილიყო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი