ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კითხვა-პასუხის კომპლექსი, როგორც სწავლა-სწავლების ინდიკატორი

ნებისმიერ ადამიანს აქვს თუნდაც ერთი გამოცდილება ურთიერთობისა და დიალოგისა, რომელიც მოწმობს, რომ არანაირი ურთიერთობა არ მყარდება კითხვა-პასუხის გარეშე.  რადგანაც კითხვა-პასუხის კომპლექსი ადამიანთა აზროვნებისა და ურთიერთობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს, ამიტომ მისი გამოყენება სასწავლო პროცესს მეტ ეფექტურობას და წარმატებას მოუტანს. ამდენად, უმნიშვნელოვანესია შემეცნებითი და კომუნიკაციური  ფუნქციების სწორად მართვა, რაც, თავის მხრივ, შესაბამის ლინგვისტურ და ლოგიკურ განათლებას მოითხოვს.


კითხვა-პასუხის კომპლექსის შემეცნებითი ფუნქცია გამოიხატება აზროვნებაში და ადამიანის მიერ საკუთარი თავისა და გარე სამყაროს შესახებ ცოდნის მიღებასა და ფიქსაციაში (რომელიც ენის მეშვეობით ხორციელდება).   კომუნიკაციური ფუნქცია კი, უპირველესად,  კითხვა-პასუხის გზით ცოდნისა და წარმოდგენების (შეხედულებების, აზრების) ერთი ადამიანის მიერ მეორისთვის გადაცემას გულისხმობს.


ზოგადად, კითხვა-პასუხი ერთ მთლიან კომპლექსს ქმნის: შეკითხვა თავისთავად  შეიცავს  რაიმე ინფორმაციის  თხოვნას  ანდა  მოთხოვნას,  პასუხი კი ისეთი მოსაზრებაა, რომელშიც მოთხოვნილი ინფორმაციაა დაფიქსირებული.


აღნიშნული კომპლექსი დიდხანს იყო რიტორიკის შესწავლის საგანი. შეკითხვის დასმა განიხილებოდა, როგორც საუბრის რიტორიკული ხერხი (რიტორიკული შეკითხვა). ამასთან, შეკითხვა შეიცავს მსმენელზე ძლიერი ზემოქმედების “ინსტრუმენტსაც”, აცოცხლებს საუბარს, იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას, იწვევს ინტერესს და ინიციატივას, ჩართოს საუბარში კოლექტიური ცნობიერება.


მეცნიერების განვითარებასთან და საზოგადოების დემოკრატიულ მოწყობასთან ერთად კითხვა-პასუხის კომპლექსი ლოგიკის განუყოფელი ნაწილი გახდა. თანამედროვე საზოგადოებაში დიდია მოთხოვნილება სწორად წარმართულ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. თანამედროვე ლოგიკოსებმა შეიმუშავეს და განავითარეს კითხვა-პასუხის კომპლექსის ერთგვარი თეორია: ეროთემატიკური (ლათ.  erotematikos   – კითხვითი ფორმა) ანდა ინტეროგატიური (ლათ. Interrogatives –  კითხვითი) თეორია.


საუბარში წამყვან როლს ძირითადად შეკითხვა ასრულებს. ნებისმიერი შეკითხვა რაიმე ცოდნაზეა დაფუძნებული და შეკითხვის დასმისას ის, ვისაც ეკითხებიან, აზუსტებს ამ ცოდნას, ავსებს და აღრმავებს მას. მაგალითად:


“ვინ დააარსა პირველი  სტამბა თბილისში?”

ეს შეკითხვა უკვე შეიცავს ცოდნას (ინფორმაციას), რომ სტამბა ვიღაცამ დააარსა თბილისში. შეკითხვის დახმარებით ავტორი გამოხატავას თავის მოთხოვნილებას, გაიგოს მისთვის უცნობი ადამიანის სახელი, რომელმაც  პირველმა დააარსა თბილისის სტამბა.


რამდენად სწორადაა ფორმულირებული შეკითხვა და შეესაბამება თუ არა მიზანს?  აქ უნდა გავიხსენოთ, რომ თავისთავად შეკითხვა – ესაა მოსაზრება, რომლის  ჭეშმარიტება  არაა  დადგენილი,  მისი  შემადგენელი ელემენტების ურთიერთმიმართება  ჯერ კიდევ არ არის გარკვეული (ანუ გაურკვეველია  ლოგიკური  ქვემდებარე  და ლოგიკური  შემასმენელი). მოცემულ შემთხვევაში,  ლოგიკური სისწორე მდგომარეობს იმაში, რომ ავტორის აზროვნებაში არ არის განსაზღვრული ლოგიკური ქვემდებარე, რასაც მიუთითებს კითხვითი სიტყვა “ვინ?”. Aამ მაგალითის თანახმად, შეკითხვა აზროვნების ფორმაა, რომელიც ეფუძნება ამოსავალ  ინფორმაციას (არსებული ცოდნა) და წარმოადგენს არასრული ინფორმაციიდან (უცოდინრობა) გაცილებით სრულ ინფორმაციაზე (ახალი ცოდნა) გადასასვლელ საფეხურს. 


ინფორმაციას, რომელსაც ეყრდნობა შეკითხვა და რომელიც რაიმე ფორმით აისახება მასში, ეწოდება შეკითხვის მატრიცა (წინაპირობა), ხოლო ინფორმაციას, რომლის  არარსებობა  მითითებულია შეკითხვაში, ეწოდება უცნობი, ცვლადი. მატრიცის არსებობა აუცილებელია შეკითხვის დასმისთვის, იგი განაპირობებს შეკითხვის დაბადებასაც და შეკითხვის საერთო სქემასაც.


როგორია შეკითხვების კლასიფიკაცია?


შეკითხვის სახეების კლასიფიკაცია სხვადასხვა საფუძველზე ხდება, უმთავრესი  ინფორმაციის ხასიათია, რომლის არარსებობაც დასტურდება თავად შეკითხვის საჭიროებით. გამოიყოფა ასევე ე.წ. თუ-შეკითხვა და რა-შეკითხვა.


თუ-შეკითხვები თავისთავში შეიცავენ თხოვნას,  მიეთითოს ჭეშმარიტება ანდა სიცრუე იმისა, რასაც შეიცავს შეკითხვის მატრიცა. მაგალითად:


“მართალია თუ არა, რომ ვახტანგ VI-მ დააარსა პირველი სტამბა თბილისში?”

ასეთ შეკითხვაზე შესაძლებელია ვუპასუხოთ მოკლედ, ერთმნიშვნელოვნად _ “კი” ან “არა”. ეს პასუხი _ “კი” და “არა” _ ავსებს იმ მოსაზრებას, რაზეც საუბარია შეკითხვის მატრიცაში:


“დიახ, თბილისში სტამბა პირველად ვახტანგ VI-მ  დააარსა”.

რა-შეკითხვა  შეიცავს  მოთხოვნილებას,  შეავსოს  ინფორმაციაში  არსებული  ზღვარი, ანუ  დაამატოს  რაღაც  უკვე  არსებულ ინფორმაციას. ასეთ  შეკითხვებზე პასუხი უნდა ემსახურებოდეს თვალსაზრისს, რომელიც გარკვეულწილად შეიცავს შეკითხვის  “წინასიტყვაობას” და იმ ინფორმაციას, რომელზეც ეს “წინასიტყვაობა” მიუთითებს, მაგრამ რომელიც, თავისთავად ცხადია,  მასში არაა: “პირველი სტამბის დამაარსებელი თბილისში ვახტანგ VI გახლავთ”.


რა-შეკითხვების ასაგებად გამოიყენება კითხვითი სიტყვა, რომელიც გამოსაკითხი  ინფორმაციის  ხასიათზე (ცოდნაზე) მიუთითებს: რა? სად? როდის? რატომ? როგორ? რამდენი? რისთვის? ვისთვის? და ა.შ.


თავის მხრივ, შეკითხვები შეიძლება იყოს მარტივი და რთული.  მარტივი (ელემენტარული) ხასიათისაა შეკითხვა, რომელიც თავის სტრუქტურაში შეიცავს მხოლოდ ერთ მატრიცას და მხოლოდ ერთ “უცნობ წინასიტყვაობას”: მაგალითად:


·         “როგორია ქვეყნის ყველაზე მსხვილი ქარხნის ფინანსური აქტივობები?”


რაც შეეხება რთულ  შეკითხვას, იგი წარმოადგენს მარტივი კითხვების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან კავშირებითი სიტყვებითაა დაკავშირებული: და, ანდა, თუკი, და ა.შ.


რთული შეკითხვა შეიძლება შედგებოდეს:


Ø  რამდენიმე მატრიცისგან და ერთი უცნობი წინასიტყვაობისგან (“როგორია ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხნის ფინანსური და მატერიალური აქტივობები?”);


Ø  ერთი მატრიცისგან და რამდენიმე წინასიტყვაობისგან (“ვინ და როდის ააშენა ქვეყნის ყველაზე დიდი ქარხანა?”);


Ø  რამდენიმე მატრიცისგან და რამდენიმე უცნობი წინასიტყვაობისგან (“ვინ და როდის ააშენა ქვეყნის ყველაზე დიდი ქარხანა და როგორია მისი მატერიალური და ფინანასური აქტივობები?”)


სანამ ვუპასუხებთ “რთულ შეკითხვას”, შესაძლებელია მისი დაცალკავება  ელემენტარულ შეკითხვებად. ეს საშუალებას იძლევა, შევაფასოთ მარტივი კითხვების ხარისხი, რომლებისგანაც შედგება მოცემული რთული შეკითხვები.


მარტივ შეკითხვებში გამოყოფენ ღია და დახურულ შეკითხვებს. ღია შეკითხვების აზრი არაერთმნიშვნელოვანია. ამიტომ ასეთ კითხვებზე პასუხი არაა შემოსაზღვრული მკაცრი წესებით და ძირითადად თავისუფალი ფორმითაა გადმოცემული. მაგალითად:


·         “რა პერსპექტივები არსებობს მსოფლიოში მტკნარი წყლის პრობლემის გადასაჭრელად?”


შესაძლებელია, პასუხს მოხსენების ფორმა ჰქონდეს. ამავე დროს განსახილველი პრობლემის ასპექტებს თვითონ მომხსენებლი განიხილავს და თვითონვე არჩევს ინფორმაციის ხასიათსაც და დოზირებასაც.


დახურული შეკითხვა ცალსახა მნიშვნელობისაა და მასზე პასუხი მკაცრ ჩარჩოებს მოითხოვს (გამოსაკითხი ინფორმაციის დოზირების ჩათვლით).  დახურულ შეკითხვაზე პასუხი იმ სავარაუდო ინფორმაციაზეც მიუთითებს, რომლისკენცაა მიმართული შეკითხვის წინასიტყვაობა (კუთვნილებითი ფორმით).Dდახურული შეკითხვის მაგალითია ზემოთ მოყვანილი შეკითხვა: “ვინ დააარსა ეს ქარხანა?”


როგორც აღვნიშნეთ, იმისათვის,  რომ შეკითხვამ შეასრულოს თავისი ფუნქცია და საგაკვეთილო პროცესის ღირებულ ნაწილად იქცეს, ის უნდა იყოს სწორად შედგენილი.Gგანვიხილოთ შეკითხვების სისწორის (კორექტულობის) კრიტერიუმები:


              შეკითხვების სისწორის (კორექტულობის) კრიტერიუმები


I კრიტერიუმი – შეკითხვა  უნდა იყოს გონივრული და  განსაზღვრული აზრის. ძნელად თუ ვინმე უპასუხებს ასეთ შეკითხვას: “ვინ იყო აშშ-ის პირველი იმპერატორი?” ცხადია, ეს შეკითხვა უაზროა, რადგან შეიცავს თავის მატრიცაში ტერმინს “აშშ-ის იმპერატორი”, რომელსაც არ გააჩნია მნიშვნელობა, ანუ არ მიეკუთვნება რეალურად არსებულ არც ერთ საგანს.


II კრიტერიუმი – შეკითხვა უნდა იყოს გარკვეული, ნათლად ფორმულირებული. შეკითხვის მატრიცაში არ უნდა იყოს ცარიელი ტერმინები, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს მრავალმხრივი, “დაწნეხილი”, “შემჭიდროებული” ტერმინები (როგორც წესი, მათ ორი ან მეტი ინტერპრეტაცია აქვთ). მაგალითად: 


·         ”როგორ უნდა მართოთ ეს ქარხანა?”


ლოგიკის წესებით, ის არ შეესაბამება მოცემულ კრიტერიუმებს. ის მრავალმხრივია. მაინც რა უნდა იცოდეს შემკითხველმა: ნაგებობის ადგილმდებარეობა? მისი შინაგანი სტრუქტურა? კლიენტების მომსახურების სისტემა? პერსონალის მომზადება? ამგვარად, არაზუსტად დასმულმა  შეკითხვამ შეიძლება წარმოშვას მთელი რიგი დაუზუსტებელი საკითხები.


თუ დასმული შეკითხვის პირველი კრიტერიუმი თავის თავში შეიცავს “აკრძალვას” რაიმე აზრისას, მეორე კრიტერიუმი, პირიქით, კრძალავს შეკითხვების მრავალფეროვნებას. ამ წესების დაცვა აუცილებელი პირობაა, როცა შეკითხვების კონკრეტულობის საკითხი დგება.


დასმული შეკითხვების მესამე კრიტერიუმია მატრიცის ჭეშმარიტება. ცხადია, რომ შეკითხვა


·         “რამდენს იწონის ერთი დოლარის აზრი?”


არ არის კონკრეტული, და ეს იმიტომ, რომ მისი მატრიცაა არასწორი, ზოგადად, აზრია არასწორი, რადგან  შეუძლებელია აზრის აწონა, მას არავითარი წონა არ გაჩნია (ფიზიკური კუთხით).


ყოველგვარი  შეკითხვა ბუნებრივად გულისხმობს პასუხის არსებობასაც. რას წარმოდგენს, ზოგადად, პასუხი? პასუხი – ესაა მოსაზრება, რომელიც ინფორმაციაში ხელმისაწვდომი არაა. პასუხის ძირითადი ფუნქცია  არასაკმარისი ინფორმაციის მინიმალიზაციაა, თუ არადა, უნდა მიეთითოს შეკითხვის დასმის არაკორექტულობაზე.


პასუხები სხვადასხვაგვარია. ერთსა და იმავე შეკითხვაზე შეიძლება სხვადასხვაგვარი პასუხი არსებობდეს. როგორც აღინიშნა, პასუხი  დამოკიდებულია სიტუაციაზე, შეკითხვასა და მის კორექტულობაზე.


ჭეშმარიტი  (სწორი) პასუხები  შეესაბამება სინამდვილეს, ტყუილი (არასწორი)  კი  არ  შეესაბამება სინამდვილეს  (მაგალითად,  “ქალაქი ფოთი დააარსა ნიკო ნიკოლაძემ” _ ჭეშმარიტია, “ილია ჭავჭავაძემ დააარსა ქალაქი ფოთი” – არასწორია, ტყუილია).


პირდაპირი პასუხები აწარმოებენ შეკითხვების მატრიცას.


ძირეული, ძირითადი პასუხები _ ესაა მოსაზრება, რომლიდანაც გამოიყოფა  მატრიცა (მაგალითად, “თევზია თუ არა ვეშაპი?” პასუხი: “ვეშაპი ძუძუმწოვარია”. ცნობილია, რომ თევზები არ მიეკუთვნებიან ძუძუმწოვრებს. ამდენად, შეკითხვიდან გამომდინარეობს უარყოფითი პასუხი: “ვეშაპი არ არის თევზი”).


მოკლე პასუხებში არ ხდება მატრიცის წარმოება: მათში შენახულია აზრის მხოლოდ ის ელემენტი, რომელიც უარყოფს, აბათილებს შეკითხვის ბუნდოვანებას, მოსალოდნელ  გაუგებრობას, ცვლილებას სავარაუდო პასუხში (მაგალითად, “ვინ აღმოაჩინა ამერიკა? – კოლუმბმა”. “მართალია თუ არა, რომ კოლუმბმა  აღმოაჩინა ამერიკა? – დიახ”).  


გრძელი  პასუხები  შეიცავს  ლოგიკურ  ელემენტს, რომელიც არ ტოვებს  ბუნდოვან  შთაბეჭდილებას, და შეკითხვის  მატრიცას (მაგალითად, “კოლუმბმა  აღმოაჩინა ამერიკა? – დიახ, კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა”).


სრული პასუხი შეიცავს ლოგიკურ ელემენტებს, რომლის დროსაც საერთოდ უარყოფილია  პასუხების ბუნდოვანება (მაგალითად, “ვინ და როდის აღმოაჩინა ამერიკა? – ამერიკა აღმოაჩინა კოლუმბმა 1492 წლის 12 ოქტომბერს”). რაც შეეხება არასრულ პასუხს, მასში გარკვეულწილად რჩება ბუნდოვანი მხარე  (“ვინ და როდის აღმოაჩინა ამერიკა? – ამერიკა აღმოაჩინა კოლუმბმა”. აქ დაკონკრეტებულია, თუ ვინაა ამერიკის აღმომჩენი, მაგრამ გაუგებარი დარჩა თარიღი _  როდის მოხდა ეს).


რეალურ პასუხად ითვლება ის მოსაზრება, რომლის ჭეშმარიტების საჩვენებლად შემოთავაზებულია მტკიცებითი ფორმა (მაგალითად, “ამერიკა აღმოაჩინა კოლუმბმა”), ხოლო შესაძლო პასუხად ითვლება ის, რომლის კითხვითი ფორმა უკვე შეიცავს სავარაუდო პასუხს, მაგრამ ეს პასუხი არაა დაფუძნებული საკმარისად მყარ ნიადაგზე  (მაგალითად, “ამერიკა აღმოაჩინეს ვიკინგებმა”).


დასმულ შეკითხვებზე პასუხის ძებნისას უნდა გვახსოვდეს, რომ პასუხის ხარისხი პირდაპირაა დამოკიდებული შეკითხვის ხარისხზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად სწორადაა დასმული შეკითხვა; მით უფრო, რომ პასუხმა უნდა დააკმაყოფილოს რამდენიმე კრიტერიუმი.


                        პასუხების კრიტერიუმები               


პირველ რიგში, პასუხი შეკითხვაზე უფრო ინფორმაციული უნდა იყოს: თუნდაც პასუხი წარმოდგენილი იყოს არასრული ფორმით, მასში ინფორმაციის მოცულობა მაინც უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე შეკითხვის შინაარსშია მოცემული.


მეორეც, პასუხის სტილი  შეკითხვის “ენას” უნდა ემთხვეოდეს: თუ შეკითხვა კორექტულია, მაშინ პასუხიც კორექტული უნდა იყოს, ანუ უნდა შეესაბამებოდეს შეკითხვის  პარამეტრებს:  უნდა იყოს ზუსტი, ნათელი, ცალსახა და შეიცავდეს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც გამოყენებულია შეკითხვის ფორმულირებისას (მაგალითად, არაპროფესიონალი ძნელად თუ გაიგებს სპეციალისტის პასუხს, თუ იგი ქვეყნის ეკონომიკის კრიზისზე უპასუხებს მაკრო- და მიკროეკონომიკის ტერმინების გამოყენებით: სეკვესტრი, ვალების რესტრუქტურიზაცია, ფასიანი ქაღალდების ლიკვიდაცია, ოფშორული ოპერაციები და ა.შ.).


მესამეც, პასუხი არაკორექტულ შეკითხვაზე თავის თავში უკვე შეიცავს ინფორმაციას შეკითხვის არასწორად დასმის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ყალბი საფუძველი აქვს (მაგალითად, პასუხი შეკითხვაზე: “ვინ იყო აშშ-ის პირველი იმპერატორი?” საჭიროა, მივუთითოთ თავად შეკითხვაში მოცემული ინფორმაციის  მცდარობაზე: “ისტორიულმა მეცნიერებამ არ იცის და არც შეუძლია იცოდეს სახელი ისტორიული პირისა, რომელიც აშშ-ის ტახტს იკავებდა; ყველამ  იცის, რომ რომ შეუძლებელია დაიკავო ადგილი, რომელიც არ არსებობს”).


მეოთხე, შეკითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს მეორე შეკითხვაც, თუკი ეს უკანასკნელი აზუსტებს  პირველს, ანდა წარმოადგენს რიტორიკულ შეკითხვას  (ანუ არის ერთგვარი რიტორიკული ხერხი). ყველა დანარჩენ შემთხვევაში შეკითხვაზე შეკითხვით პასუხი შეიძლება ჩაითვალოს ლოგიკურ მინიშნებად, რომლის მიზანია პასუხისთვის თავის არიდება და საუბრის შეწყვეტა, ანდა პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაცემის მცდელობა. 


როგორ გამოვიყენოთ კითხვა-პასუხის კომპლექსი სასწავლო პროცესში?


განვიხილოთ კითხვა-პასუხის კომპლექსის პედაგოგიური მოდელის მაგალითი, რომელიც ამ კომპლექსს სწავლა-სწავლების ერთგვარ იდნიკატორადაც წარმოგვიდგენს.


               კითხვა-პასუხის პედაგოგიური მოდელი


რადგან შეკითხვების დასმა და მათზე პასუხების გაცემა საგაკვეთილო პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სწორ კომუნიკაციას. იგი ისე უნდა აიგოს, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს მოსწავლის “წვლილი” საუბარში. ეს ძალიან სერიოზულია, რადგან შეკითხვები არა მარტო პასუხების მიღების საფუძველს წარმოადგენს მასწავლებლისთვის, არამედ ისინი მოსწავლესაც მრავალმხრივ ეხმარება.


 


Ø  შეკითხვები ავითარებს და აკონტროლებს სააზროვნო  უნარებს;


Ø  მოსწავლეები იკვლევენ სხვადასხვა შესაძლო ვარიანტს, რადგან არ არსებობს ერთადერთი “სწორი” პასუხი;


Ø  შეკითხვები უბიძგებს მოსწავლეებს საკითხის დეტალური განხილვისაკენ, ამზადებს საფუძველს ჭეშმარიტების მოსაძებნად;


Ø  სტიმული ეძლევა მოსწავლის წარმოსახვას და ეხმარება მას,  დააკავშიროს შესასწავლი საგანი საკუთარ იდეებთან და გამოცდილებასთან.


მაგალითად მოვიყვანთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღირებულების შეკითხვებს:


მაგალითი  №1


1.      რა არის კლიმატი?


2.      შეგვიძლია თუ არა ჩავთვალოთ, რომ კლიმატური პირობები გავლენას ახდენს ხასიათის თვისებებზე, მაცხოვრებელთა ტემპერამენტზე?


3.      კონკრეტულად რაში გამოიხატება კლიმატური პირობების გავლენა ხასიათის თვისებების ფორმირებაზე?


მაგალითი  №2


1.      არსებობს მთელი რიგი ალგებრული ფუნქციები: ლოგარითმული, ტრიგონომეტრიული და სხვ. რა ძირითადი ნიშნებით ხასიათდება ალგებრული ფუნქციები?


2.      შეგვიძლია თუ არა ჩავთვალოთ, რომ ადამიანის ქცევა სხვადასხვა სფეროში (პირად ცხვორებაში, საზოგადოებრივ საქმიანობაში, სასწავლო გარემოში და ა.შ.) შეიძლება აისახოს სხვადასხვა ალგებრული ფუნქციის დახმარებით?


3.      არსებობს მთელი რიგი ალგებრული ფუნქციები: ლოგარითმული, ტრიგონომეტრიული და სხვ. თითოეულ ამ ფუნქციას შეუპირისპირეთ თქვენი საქმიანობის სხვადასხვა სფერო – მაგალითად, გარკვეული საგნის სწავლა, გამოცდისთვის მომზადება და ა.შ. იმსჯელეთ მოცემული შესაბამისობის შესახებ და გააკეთეთ დასკვნა _ რომელი მათგანი შეესატყვისება ყველაზე მეტად თქვენს ხასიათს, ბუნებას?


მასწავლებლის  მიერ  დასმული  ასეთი  ტიპის შეკითხვები  მოსწავლეთა  თვითრეალიზაციას უწყობს ხელს. Mპედაგოგიური თვალთახედვით, მოსწავლეთა შემოქმედებითი მოღვაწეობა “დაფიქსირებულია”, სტანდარტიზებულია შემოქმედებით “კოორდინატებში”.


რამდენადაც  მოსწავლის  მიერ  დასმული  შეკითხვები  პასუხის  პედაგოგიური  მოდელებიც  შეიძლება იყოს,  ამდენად შესაძლოა ისინი შეფასების ძირითად მაჩვენებლადაც  მივიჩნიოთ. ამით შემოწმდება მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი მასალის გაგების ხარისხი. ასეთებს მიეკუთვნება, მაგალითად:


1) მოსწავლის კოგნიტური შეკითხვები, რომლებიც მიმართულია ახალი მასალის გაცილებით ღრმად შესწავლისაკენ.


2) ექსტენსიური შეკითხვები, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ თემას სხვა თემებთან და ასევე საგნებთანაც.


3) რაოდენობრივი  განსხვავება  მოსწავლეთა  შეკითხვებსა  და  მასწავლებლის  შემხვედრ შეკითხვებს შორის (მაორგანიზებელი შეკითხვები).


4) კრეატიული, ანუ სინკრეტული  შეკითხვები (თავისი შინაარსით სინკრეტულია შეკითხვა, რომელიც მიმართულია საგანთშორისი ცოდნის “სიღრმისკენ”. მაგალითად, “შეგვიძლია თუ არა დავამტკიცოთ, რომ კულტურის დაქვეითებას აქვს “ზვავისმაგვარი” ხასიათი?”).


მოსწავლეთა შემოქმედებითი  საქმიანობის შეფსებისთვის ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ შეკითხვების რიგითობაც. მაგალითად, მტკიცებულების ანდა უარყოფის შემთხვევაში ორი მეზობელი შეკითხვის თანმიმდევრობა საშუალებას  გვაძლევს შეფასოთ მოსწავლე _ თუ როგორ ახერხებს იგი საგნის დიფერენცირებას და ინტეგრირებას, პოულობს თუ არა ანალოგიებს დ ასოციაციურ კავშირებს სხვადასხვაგვარ კომპონენტებს შორის და ა.შ.


შეკითხვების ამგვარი გამოყენება (და არა მათზე გაცემული პასუხები) მნიშვნელოვანია მოსწავლეთა შემოქმედებითი საქმიანობის შეფასებისთვის ტესტურ დავალებებშიც.  


სწავლა-სწავლების პროცესში განსაკუთრებულ  ინტერესს იწვევს შეკითხვების  ემოციურ-მოტივაციური ქვეტექსტიც. მაგალითად, შეკითხვის ფორმის მქონე ემოციური გამონათქვამი, რომელიც არაა მიმართული ინფორმაციის მიღებაზე, საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ მოსწავლეთა ემოციურ-ღირებულებითი დამოკიდებულება სინამდვილის მიმართ. პედაგოგიურ ლიტერატურაში ამგვარი  გამოცდილება (ემოციურ-ღირებულებითი ურთიერთობა) განიხილება, როგორც მოსწავლეთა პიროვნული აღზრდის ერთ-ერთი გზა, როდესაც მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს თავისი და სხვისი ქცევა და ა.შ. ამ  დროს  შეკითხვა იბადება ემოციიდან და ემოციის წყალობით გარდაიქმნება  ინდივიდის მამოძრავებელ  ძალად,  საშუალებად – დაძლიოს  განათლების  სისტემაში არსებული  ზღვარი  ცოდნასა და  შემოქმედებით  კომპონენტებს  შორის,  რამდენადაც  სწორედ  ის აძლევს ემოციურ-ღირებულებით ფუნქციას მოვლენებს და საშუალებას იძლევა განვიხილოთ  პრობლემა რამდენიმე კუთხით.


ინდივიდის ემოციურ-მოტივაციური სფეროს გამოყენება სასწავლო პროცესში (მოსწავლის მხრიდან ემოციური შეკითხვების შემოთავაზება) პერსპექტიული მიმართულებაა პედაგოგიკაში, რომელიც შეიძლება აისახოს საგანმანათლებლო ნორმატიულ დოკუმენტებშიც.


თუ გავითვალისწინებთ კითხვა-პასუხის კომპლექსის ზემოთ მოყვანილ დახასიათებას და პედაგოგიური მოდელის ყველა დეტალს, მაშინ მივიღებთ ასეთ ფორმულას:


მოსწავლის შეკითხვა + მასწავლებლის პასუხი = განვლილი მასალის განმეორებას და ახლის ათვისებას.


ამიტომ სწორად გამოყენებული კითხვა-პასუხის კომპლექსი სწავლა-სწავლების ძალზე სანდო ინდიკატორად შეიძლება ჩაითვალოს.


 




 


 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი