შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში

ხატვა ბავშვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. შემთხვევითი არ არის, რომ ის ხატვას ლაპარაკზე ადრე იწყებს. ამეტყველების შემდეგაც, იმის გამო, რომ ბავშვის ლექსიკური მარაგი არც ისე დიდია, მისთვის ბევრი რამის დახატვა უფრო ადვილია, ვიდრე  სიტყვებით გადმოცემა.  ხშირად ბავშვის ნახატს გრაფიკულ მეტყველებას უწოდებენ, რადგანაც ის ასახავს ყველაფერს ბავშვის მიერ დანახულს, მოსმენილს, მაშინაც კი, თუ ბავშვი ჯერ კიდევ არ ლაპარაკობს. ნახატი გულწრფელი საუბარია საკუთარ თავზე, იმაზე, თუ როგორ აღიქვამს პატარა, როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს. ის ხშირად ბავშვის ფსიქიკური განვითარების, აღქმის, მოტორიკის, აზროვნების, მეტყველების განვითარების და მისი ემოციური მდგომარეობის  მაჩვენებელიცაა. ნახატი გვეხმარება გავიგოთ, თუ რას ფიქრობს, რას გრძნობს ბავშვი და სად შეიძლება გვქონდეს პრობლემები.

ხატვა ბავშვის პირველი შემოქმედებითი საქმიანობაა. როგორც წესი, პატარები სიამოვნებით ხატავენ. საკმაოდ ადრეული ასაკიდან ბავშვები იღებენ ფანქარს და ჯერ კიდევ  „დაუმორჩილებელი“ თითებით ქმნიან ფერწერულ „შედევრებს“. სანამ მისი ზეპირი და წერითი მეტყველება მწირი და არასრულყოფილია, ის „ლაპარაკობს“ საგნებზე, სიტუაციებზე ნახატის დახმარებით. ხატვის ეს როლი შენარჩუნებულია ათ წლამდე. როცა თავს იჩენს გამოხატვის სხვა საშუალებები, საკუთარი ნახატები ბავშვს სასაცილოდ ეჩვენება. დაწყებით კლასებში ხატვა გაცნობიერებულ, სისტემატურ საქმიანობად იქცევა. ამ ეტაპზე მნიშვნელობა არა აქვს,  არის თუ არა ბავშვი ხატვის ნიჭის მატარებელი. ხატვის გაკვეთილები მრავალმხრივი, ჰარმონიული პიროვნების ფორმირების აუცილებელი პირობაა.

     რას აძლევს ხატვა ბავშვს:

  • ბავშვის განვითარებისთვის ხატვა ღირებულია არა შედეგით, არამედ უშუალოდ შემოქმედებითი პროცესით;
  • ხატვა ავითარებს წვრილ მოტორიკას. ეს კი ტვინის იმ უბნების სტიმულაციას უწყობს ხელს, რომლებიც პასუხისმგებელია აზროვნებაზე, მეტყველებაზე, მეხსიერებაზე, კოორდინაციაზე;
  • ბავშვს უვითარდება სივრცითი ინტელექტი და წარმოსახვა;
  • ნახატის საშუალებით ბავშვი ახერხებს თვითგამოხატვას, პროეცირებას უკეთებს ქაღალდზე თავის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ხატვა შესანიშნავი და ეფექტური ხერხია საკუთარი გრძნობების, ემოციების და განცდების გამოსახატად. ბავშვის ნახატი თავისებური ეკრანია, რომელიც ასახავს პატარას აზრებს და განცდებს;
  • ხატვა დამამშვიდებელ საქმიანობად ითვლება და კარგია დაღლილობის მოსახსნელად. პატარა ამას „ხვდება“ ინტუიციის დონეზე და გაუცნობიერებლად მიმართავს განტვირთვის ასეთ მეთოდს. განსაკუთრებით სასარგებლოა ხატვა ბავშვისთვის, რომელსაც მიდრეკილება აქვს ჭირვეულობისკენ, დეპრესიისა და ნევროზისკენ;
  • ფერწერის სისტემატური გაკვეთილები ბავშვს ასწავლის დროის სტრუქტურირებას, გამოუმუშავებს დისციპლინირებულობას;
  • ხატვის საშუალებით ბავშვები სწავლობენ გარემომცველი სამყაროს შემოქმედებითად გააზრებას და იმის გაგებას, რომ თითოეულ ადამიანს აქვს რეალობის საკუთარი აღქმა, თავისებურად ხედავს საგნებს და მოვლენებს;
  • ბავშვი,  უფროსისაგან განსხვავებით,  ბევრად უფრო აქტიურად შეიმეცნებს სამყაროს. პრაქტიკულად, თითოეული მისი დღე სავსეა ახალი და მნიშვნელოვანი აღმოჩენებით, შთაბეჭდილებებით და მიღწევებით. სწორედ ამის გამო ბავშვი პერიოდულად საჭიროებს ფსიქოლოგიურ განტვირთვას, რაშიც მას ხატვა დიდ დახმარებას უწევს;
  • ხატვა ავითარებს წარმოსახვას, ფანტაზიას, მხედველობით მეხსიერებას, ემოციურ გულისხმიერებას, მშვენიერების გრძნობას;
  • ბავშვისთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, მნიშვნელოვანია საკუთარი „მე“-ს გამოხატვა. თითოეული ადამიანი თავისი ბუნებით შემოქმედია. შემოქმედება კი მოითხოვს გამოხატვას. ხატვა ასეთი გამოხატვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს;
  • ხატვა ძალიან სასარგებლოა ბავშვებში დამოუკიდებლობის, შრომისმოყვარეობის, სამუშაოს ბოლომდე მიყვანის, ფსიქომოტორული კოორდინაციის უნარის გამოსამუშავებლად;
  • ხატვა, ისევე როგორც ბევრი სხვა სახის მოქმედება, სწავლის უნარსაც უმუშავებს ბავშვს – იმისათვის რომ დახატოს რამე საგანი, ბავშვმა უნდა შეძლოს მისი სრულყოფილად აღქმა, დამახსოვრება. მისი ფორმის, სიდიდის, ფერის, კონსტრუქციის შესწავლა. ხატვის დროს ბავშვები არა მხოლოდ გამოხატავენ საკუთარ თავს, არამედ სხვადასხვა მასალასაც (ქაღალდი, საღებავები და ა.შ.) ეცნობიან. ეცნობიან ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტებს (ფუნჯი, ფანქარი და ა.შ.), შეისწავლიან მათ თვისებებს, სწავლობენ მათ გამოყენებას ხატვის პროცესში. ყოველივე ეს კი მნიშვნელოვანი და აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის;
  • ხატვა აქტიურად გამოიყენება ფსიქოთერაპიაში. დღეს ბევრისთვის კარგად არის ნაცნობი არტთერაპია. ამ მეთოდს საფუძვლად უდევს შემოქმედებისა და მხატვრული ხერხების გამოყენება მკურნალობისას, საკორექციო და განმავითარებელი მუშაობის პროცესში. არტთერაპია გვეხმარება თავი გავართვათ ბავშვებში ფსიქომოტორიკის დარღვევებს, ფსიქიკური და  მეტყველებითი განვითარების შეფერხებას, შიშებს და ნეგატიურ ემოციებს, ეხმარება ბავშვს გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის სწავლაში, იმის გამოხატვაში, რაც აწუხებს და აღელვებს; იძლევა განტვირთვის საშუალებას.

     იმისათვის, რომ ხატვამ, ბავშვისთვის საოცრად საყვარელმა საქმიანობამ, თავისი დადებითი როლი შეასრულოს მის ცხოვრებაში, საჭიროა უფროსების სწორი დამოკიდებულება აღნიშნული საქმიანობის მიმართ და მათი მხრიდან რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • ნუ ვეჩხუბებით და ნუ ვუსაყვედურებთ ბავშვს, თუ მისი ნახატი ისე არ იქნება შესრულებული, რომ ჩვენ მოგვეწონოს. გავითვალისწინოთ, რომ ის, რაც ჩვენთვის უბრალოდ  „ნაჯღაბნია“, ბავშვისთვის შეიძლება ნამდვილი „შედევრი“, ხელოვნების ნიმუში იყოს. ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ თავს შევიკავებთ კრიტიკისგან;
  • ვთხოვოთ პატარას, მოგვითხროს, აგვიხსნას, თუ რა დახატა. ეს მას დაანახვებს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა მისი „შემოქმედება“;
  • მაშინაც კი, თუ ნახატი ძალიან შორს იქნება რეალობისგან, ნუ ვეტყვით პატარას, რომ მან დახატა არასწორად და ის სრულიადაც არ ჰგავს ნამდვილს;
  • არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვუთხრათ ბავშვს, რომ ის ხატავს ყველაზე ცუდად ჯგუფში ან უფრო ცუდად, ვიდრე მისი მეგობარი. ბავშვები, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანები, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავისი უნარებით. ამიტომ, ერთადერთი, რასაც ჩვენ მივაღწევთ მსგავსი საყვედურებით, ხატვის ინტერესის დაკარგვა იქნება. ხატვა ბავშვს სიამოვნებას და კმაყოფილებას უნდა ანიჭებდეს. ჩვენი საყვედურები, შენიშვნები და უკმაყოფილება კი შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ მან საერთოდ უარი თქვას მისთვის ასეთ საჭირო საქმიანობაზე;
  • ხშირად ვესაუბროთ ბავშვს მის ნახატებზე. ეს ნამუშევრები შესანიშნავი საბაბია საუბრისთვის. ამ გზით ჩვენ გავიგებთ, თუ რაზე ფიქრობს პატარა, რა აწუხებს, რა ახარებს, რაზე ოცნებობს ის. შეიძლება საუბრის პროცესში დავუსვათ სხვადასხვა შეკითხვა: „ვინ ან რა დახატე“? „რატომ მაინცდამაინც ასეთი ფერის“? „რატომ არის ამ ადგილას დახატული“? „ვინ აკლია ნახატზე“? „როგორ გრძნობს თავს ნახატზე გამოსახული ადამიანი“?

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელი არ არის ბავშვმა ხატოს იმისათვის, რომ დიდი მხატვარი გახდეს. გვახსოვდეს, რაც უფრო მეტად ვითარდება ბავშვი ადრეული ასაკიდან, მით უფრო მეტად იდება მასში შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც მას დიდობაში გამოადგება. ხატვა, ისევე როგორც თამაში, ბავშვისთვის ყველაზე ორგანული, ბუნებრივი საქმიანობაა. ბავშვები ხატავენ იმიტომ, რომ უბრალოდ ბავშვები არიან. და, თუ ბავშვი არ ხატავს, ან არ თამაშობს, ამან განგაში უნდა გამოიწვიოს მშობლებში. ნახატები გვეხმარება დავინახოთ სამყარო ბავშვის თვალით და შევძლოთ მისი უკეთესად გაგება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი