ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

„ჩემი პატარა ქალაქი“

„ჩემი პატარა ქალაქი“ ბავშვობის სპექტაკლი იყო. მიხეილ თუმანიშვილის თეატრში  მისივე რეჟისურით იდგმებოდა. რამდენჯერმე მაქვს ნანახი. ყოველ ჯერზე სხვადასხვა თვალით ვუყურებდი და ახალს ვიგებდი. ამ ქალაქში უყვარდათ, უხაროდათ, სწყინდათ, განიცდიდნენ. ამ ქალაქში  ქალაქით სწავლობდნენ, რადგან ქალაქი მასწავლებელია.

„ქალაქი მასწავლებელია“-ეს სლოგანი სხვა პატარა ქალაქში ვნახე. ამ ქალაქშიც ცხოვრობენ, ქმნიან, უხარიათ, განიცდიან. აქ დიდი პოეტი იუნუს ემრე დაიბადა. ამავე ქალაქის ხიბლია მწვანე მდინარე -„პორსუქი“  და ცისფერი გუმბათებით დამშვენებული თეთრი „შატო“. ქალაქის სახელი ესქიშეჰირია, რაც „ძველ ქალაქს“ ნიშნავს (მასზე ერთხელ უკვე დავწერე https://mastsavlebeli.ge/?p=14710).   ზემოთ ნახსენები სლოგანის და „შატოს“ მომფიქრებელი კი მისი თავკაცი- მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იილმაზ ბუიუქერშენი გახლავთ. მის სახელს  უკავშირდება „შატოს“ გვერდით მდებარე მეცნიერების პოპულარიზაციის ცენტრის ამუშავება და მასზე მზრუნველობაც. ის, რომ ესქიშეჰირი მასწავლებელი ქალაქია, ამას იუნესკოც ეთანხმება და ქალაქს შესაბამისი სტატუსიც აქვს.

ბატონ იილმაზს  სამუშაო ოთახში შევხვდი. ისე გულთბილად მომიკითხა, განცდა გამიჩნდა, რომ უკვე დიდი ხანია ვიცნობდი. გულღია შეხვედრამ მაშინვე საუბრის გუნებაზე  დამაყენა.

-რატომ არის ქალაქი მასწავლებელი?

-ყველაზე დიდი მასწავლებელია. ჩემი ქალაქიდან მეც კი დღემდე რაღაცას ვსწავლობ. ახლა პატარა ბავშვი წარმოიდგინეთ, ქუჩა მოძრაობის წესებს ასწავლის, გარემო ბუნების და რესურსების გაფრთხილებას, სკვერებში მოჭიკჭიკე ჩიტები და ქუჩებში მოსეირნე ფისოები  ფრინველების და ცხოველების სიყვარულს ასწავლის. თქვენ რა გასწავლათ თქვენმა ქალაქმა ბოლო დროს?-კითხვა შემომიტრიალა

-მე?-გავიოცე და ცოტა ჩავფიქრდი. სუფთა ჰაერის ფასი მასწავლა, ვპასუხობ ღიმილით.

-ხომ ხედავთ, ქალაქი გვასწავლის.

-ბატონო იილმაზ, მეორე სლოგანზეც გვითხარით. მეცნიერების პოპულარიზაციის ცენტრში  და კოსმოსის სახლში შევდივართ თუ არა, თქვენი სიტყვები გვხვდება: „მომავალი ესქიშეჰირიდან იწყება“. რატომ ესქიშეჰირიდან?

-(ეღიმება) 21-ე საუკუნეა, მომავალი ზუსტ მეცნიერებებს და ტექნოლოგიებს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მომავალი თაობა ქიმიაში, ფიზიკაში, ელექტრონიკასა და მექანიკაში, კოსმოსის მეცნიერებებში. ხვალინდელი  პროფესიონალები დღევანდელი ბავშვები არიან, რომლებიც სწორედ დღეს უნდა დავაინტერესოთ ამ საგნებით. დაინტერესება კი რაიმეს მცდელობით იწყება. სამწუხაროდ, ყველა სკოლას როდი აქვს საშუალება, ასწავლოს კეთებით და კვლევით. ამიტომ, მეც  ასეთ ცენტრზე დავიწყე ფიქრი. აქ მეცნიერება, მასწავლებელი და მოსწავლე ერთად არიან.

ცენტრში სხვადასხვა მიმართულებით უამრავი ცდის იმიტაცია, მრავალფეროვანი ცდები და კვლევები ტარდება ქიმიაშიც. ოღონდ, ამ ყველაფერს გართობის და თამაშის ფორმა აქვს. ბავშვები ერთობიან, უფრო სწორედ, ასე გონიათ, სინამდვილეში კი სწავლობენ, კვლევას ატარებენ, სიახლეებს ეცნობიან და არც მეცნიერების ისტორიას ივიწყებენ. დროთა განმავლობაში  იფიქრებენ, მე ამას უკეთესად გავაკეთებ! შემდეგ, აქედან ინოვაციებს მთელ მსოფლიოში წაიღებენ. სწორედ ამიტომ, მომავალი ესქიშეჰირიდან იწყება. ისევე როგორც, თბილისიდან, ან საქართველოს სხვა ქალაქიდან შეიძლება დაიწყოს. მთავარი ჩვენი მონდომებაა და სწავლებისადმი სწორი მიდგომა.

-მე ცენტრში მშობლებიც ვნახე. ისინიც სახალისო ცდებს ატარებდნენ.

-დიახ, მშობლებისთვის ცალკე ტრენინგები ტარდება, რათა შემდეგ სახლში თავად ჩაუტარონ ბავშვებს უსაფრთხო და საინტერესო ექსპერიმენტები.

-სწავლების პროცესში მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორი უნდა იყოს ის?

-დავიწყოთ იქედან, რომ მასწავლებელმა თავისი საგანი არა მხოლოდ ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს, არამედ უნდა უყვარდეს კიდეც. იმდენად უყვარდეს, რომ შეძლოს და ბავშვებსაც შეაყვაროს. თავად კი მოსწავლესთვის უნდა იყოს მასწავლებელი, და, ძმა, მშობელი. აი,  მხოლოდ ასეთი ურთიერთობა ამართლებს.

– იცით კიდევ რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა?- აგრძელებს -ისე უნდა ასწავლოს საგანი, რომ თუნდაც მოსწავლემ სხვა პროფესია აირჩიოს, იმავე ქიმიაში საბაზისო ცოდნა უნდა ჰქონდეს. რა არის წყალი, ჰაერი, მის ორგანიზმში რა ქიმია მიდის, ვიტამინები რა არის, უნდა იცოდეს.

-წეღან სწავლა-კეთებით ახსენეთ…

-დიახ, მხოლოდ ასე, კეთებით და კვლევით. ხომ გახსოვთ, გამოთქმაც არის: მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, მომეცი დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება და ვისწავლიო. როდესაც მოსწავლე უშუალოდ არის ჩართული ექსპერიმენტში, ან თუნდაც სასწავლო თამაშში და შედეგების მიხედვით თავად გამოაქვს დასკვნები, ეს კონკრეტული საკითხი არასდროს დაავიწყდება. უფრო მეტიც, დაინტერესდება და თავადაც გააგრძელებს კვლევას, მეტი ინფორმაციის მოძიებას.

-ესქიშეჰირის ცნობილი „შატო“ თქვენ მოიფიქრეთ. რას ნიშნავს ზღაპრის ეს ქმნილება თქვენთვის?

-„შატო“ მართლაც მოუხდა ქალაქს, მისი გუმბათები თითქმის ყველა კუთხიდან ჩანს. სხვათა შორის, ეს გუმბათებიც ისტორიას ასწავლის მომავალ თაობას, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში არსებული კოშკების გუმბათებს  განასახიერებს. შიგნით ზღაპარი ცხოვრობს. ბავშვები მსოფლიო ხალხთა ზღაპრის გმირებს ხვდებიან. ერთი სართული მთლიანად მოლა ნასრედინს აქვს დათმობილი. აქ იმართება სხვადასხვა ვორკშოპები, კონცერტები და თეატრალიზებული წარმოდგენები. მოკლედ, „შატოც“ მასწავლებელია.

-თეატრსა და კონცერტზე გამახსენდა. ესქიშეჰირში თეატრიც არის და საკონცერტო დარბაზიც. კიდევ უამრავი მუზეუმი. სხვათა შორის, თოჯინების მუზეუმით ძალიან მოვიხიბლე.

-ხელოვნება განსაკუთრებულად მიყვარს. სპეციალობით ეკონომისტი ვარ.  ბავშვობიდან კი ცნობისმოყვარე ვიყავი. ყველაფერი მაინტერესებდა. ამას ისიც დაერთო, რომ გამიმართლა და კარგი მასწავლებლები შემხვდნენ. ერთ დღესაც კარიკატურებით დავინტერესდი. ვცადე და იმდენად კარგად გამომივიდა, რომ ერთი პერიოდი გაზეთისთვისაც კი ვხატავდი. შემდეგ თეატრით მოვიხიბლე და მივხვდი, რომ ხელოვნება ყველა მეცნიერების შესწავლაში გეხმარება, გახალისებს და ენერგიას გაძლევს.

(ინტერვიუ უკვე ჩაწერილი მქონდა, როდესაც გაზეთიდან შევიტყვე, რომ ბატონ იილმაზს და ესქიშეჰირს კულტურაში განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო მიენიჭათ).

-და დღეს ესქიშეჰირს თავისი თეატრიც აქვს და საკონცერტო დარბაზიც – ვიმეორებ.

-დიახ, და იქ მისვლით დიდი თუ პატარა ხელოვნებას სწავლობს. ჰოდა, იმას ვამბობდი, დაინტერესება ჯაჭვური რეაქციასავით არის. მაგალითად, ქაღალდზე ვწერთ, ვბეჭდავთ, ვხატავთ. რისგან შედგება ქაღალდი? კარიკატურების ხატვისას, მეც   დავინტერესდი. რა არის ის, რაზეც ვხატავ?  და…კვლავ ქიმიას მივადექით. რა ვქნათ, ქიმია ყველგანაა. ცელულოზისგან შედგება. ცელულოზა რაღაა? რთული ნახშირწყალია. მხოლოდ ხაზობრივი აღნაგობა აქვს და სახამებლისგან განსხვავებით წაგრძელებული ფორმით გამოირჩევა. მექანიკურად მდგრადია. ამიტომ, მცენარის სამშენებლო მასალისთვის ბუნება ცელულოზას იყენებს. ზოგიერთ მცენარეში, მაგ. ბამბაში ცელულოზას ძაფისებრი მოლეკულები ერთმანეთის პარალელურადაა განლაგებული, რაც ბოჭკოს წარმოქმნის. მცენარიდან ამ ნატურალური ბოჭკოს გამოყოფისას მას ძაფების და ქსოვილების დასამზადებლად იყენებენ.

აი, მერქნიდან ბოჭკო არ მიიღება. რატომ? ცელულოზას მოლეკულები მერქანში უწესრიგოდაა განლაგებული. ბუნებას არაფერი ეშლება. ცელულოზას ადამიანები ვერ ითვისებენ, შესაბამისი ფერმენტების არქონის გამო. სამაგიეროდ, ასეთი ფერმენტები ზოგიერთ ცხოველს აქვს, მაგ. ჟირაფს და ისინი სიამოვნებით მიირთმევენ ცელულოზას. ქიმიურ ლაბორატორიაში ყველაზე მეტი ცელულოზა სად არის? ფილტრის ქაღალდში. ასე არის გადაბმული ქიმია ყველაფერზე (იცინის).

-ჰოჯამ (ჰოჯამ თურქულად „ჩემო მასწავლებელოს“ ნიშნავს და პატივისცემის გამომხატველი მიმართვაა),  ჟირაფზე გამახსენდა. ესქიშეჰირში ზოოპარკიც არის, ხომ მართალია?

-დიახ, ესქიშეჰირს  საკუთარი ზოოპარკი აქვს. ამფიბიები, მწერები, თევზები, ფრინველები, მელაკუდები, მაიმუნები, ირმები და სხვადასხვა სახის ცხოველი გვყავს. რა თქმა უნდა, ეს ადგილიც მასწავლებელია. ბავშვები ცხოველების სიყვარულს სწავლობენ. მოდიან, აკვირდებიან და ვინ იცის რამდენი მომავალი ბიოლოგია მათ შორის. ზოოპარკის გამრავალფეროვნებასაც  ვფიქრობთ.

-თქვენი ინტერვიუ მასწავლებლების გაზეთში გამოქვეყნდება. ეს კი ნიშნავს, რომ მას ქართველი მასწავლებლები წაიკითხავენ. რას ეტყვით მათ?

-ჯერ თქვენს გაზეთზე უნდა ვთქვა (იღიმება). ვიცი, რომ თქვენი გაზეთი მეცნიერების პოპულარიზაციაზე ზრუნავს და სხვა მრავალფეროვან სტატიებთან ერთად, სამეცნიერო  პოპულარულ სტატიებს აქვეყნებს. მეცნიერების სწავლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მარტივი და საინტერესო ენით უნდა დააინტერესო მოსწავლე, თემაში შეიტყუო და შემდეგ უკვე თავადაც გამოგყვება მეცნიერების ლაბირინთებში.

ახლა ქართველ მასწავლებლებს მივმართავ. გიყვარდეთ თქვენი საქმე და თქვენი მოსწავლეები. ენერგია და უნარები არ დაიშუროთ იმისთვის, რომ  თქვენს მოსწავლეებს მეცნიერება შეაყვაროთ. გამოიგონეთ ახალი ცდები, თამაშები, მათთან ერთად ჩაებით კვლევაში და მაშინ… მომავალი სწორედ თქვენი სკოლიდან დაიწყება.

 

შენობიდან გამოსულმა ღრმად ჩავისუნთქე. ჰაერი ისეთი სუფთა იყო… არც არის გასაკვირი, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხეები და სკვერებია. ამინდიც დეკემბრისთვის უჩვეულოდ თბილი დგას. ხვალ საქართველოში ვბრუნდები, ამიტომ თავისუფალ ერთი-ორ საათს გამოვიყენებ და კიდევ ერთხელ გავისეირნებ საზოვას პარკში,  „შატოს“ შევავლებ თვალს და მოვიფიქრებ, როგორ დავიწყო წერილი „ჩემს პატარა ქალაქზე“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი