პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ ვასწავლოთ წერა მხატვრული ტექსტის სტილზე (თეორიული რეკომენდაციები)

სწავლების საშუალო საფეხურზე მხატვრული ტექსტის ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარების განვითარება ლიტერატურის მასწავლებლის უმთავრესი გამოწვევაა. მოსწავლეებს ყველაზე მეტად უჭირთ ტექსტების ანალიზთან დაკავშირებული თხზულებების წერა. მოგეხსენებათ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტი მოიცავს ტექსტის წერით ანალიზს, რომელიც სამი მითითების მიხედვით უნდა შესრულდეს და ამჯერად უკვე 25-ის ნაცვლად 30 ქულით ფასდება. ეს 30 ქულა შეფასების ათ კრიტერიუმშია ჩაშლილი, რომელთა შორის ტექსტის მხატვრული თავისებურებების შეფასებას 4 ქულა ენიჭება.

ტექსტის საანალიზო სამი მითითებიდან მესამე ყოველთვის მოითხოვს ტექსტის მხატვრული მახასიათებლების, ავტორის სტილებრივი თავისებურებების შესახებ მსჯელობას. შეფასების კრიტერიუმებს, ტექსტის ადეკვატურ გაგებასთან ერთად, დაემატა დავალების მითითებათა ადეკვატური გაგებაც, რაც ზოგჯერ პრობლემაა, თუკი მოსწავლე ავტორის იდეებს, მხატვრულ სახეებსა და სტილებრივ მახასიათებლებს სრულიად ან ნაწილობრივ არასწორად გაიგებს.

მოსწავლეები და აბიტურიენტები ხშირად ჩივიან, რომ ტექსტის მხატვრული თავისებურებების გაგებას მეცნიერული ცოდნა სჭირდება და რომ ეს მათთვის დაუძლეველი სირთულეა, რომ შეუძლებელია, მოსწავლე იყოს ლიტერატურათმცოდნე მკვლევრის დონეზე და ა.შ.

აბიტურიენტისგან ან უფროსკლასელისგან, რასაკვირველია, არავინ ითხოვს ტექსტის მეცნიერულ დონეზე კვლევას და ლიტერატურათმცოდნის კომპეტენციებს.

იმისთვის, რომ ტექსტი სათანადოდ იქნეს აღქმული, აუცილებელია ავტორის წერის ტექნიკის, ჟანრული და სტილებრივი მახასიათებლების თუნდაც მინიმალურ დონეზე გაგება. უამისოდ მოსწავლე ტექსტს ვერ შეაფასებს.

სახელდობრ, საით უნდა წარმართოს მსჯელობა თხზულების ავტორმა?

  • ტექსტის შინაგანი ენერგია, ენობრივი საშუალებები, ემოცია, განწყობა;
  • ტექსტის დინამიკა და არქიტექტონიკა, თხრობის მიმდინარეობა;
  • პერსონაჟთა/ლირიკულ გმირთა (საზოგადოდ, მხატვრული სახეების) ხატვის მანერა და ოსტატობა;
  • პოეტური ტექსტის შემთხვევაში – ვერსიფიკაციული თავისებურებანი, ლექსის ევფონია, სალექსო საზომები, რითმა, რიტმი;
  • ტროპული საშუალებები და მათი მხატვრული ფუნქცია.

ზოგჯერ ბავშვები გულუბრყვილოდ ამბობენ ხოლმე, რომ ამა თუ იმ ტექსტს, მათი თვალთახედვით, არ გააჩნია არავითარი განსაკუთრებული მხატვრული თავისებურება და რომ მასში ტროპული სახეების მიგნება შეუძლებელია, რაც სრული აბსურდია, რადგან რაც უნდა სადა და შეულამაზებელი იყოს ტექსტი, ის მაინც ატარებს ინდივიდუალურ ხელწერას და აქვს უნიკალური მახასიათებლები, რის გარეშეც კლასიკური ტექსტი წარმოუდგენელია. დავით კლდიაშვილი ცნობილია ტროპული საშუალებებისადმი გულგრილობით, ის მთელ აქცენტს თავგადასავლებზე, ამბებზე, ნარატიულ დინამიკაზე სვამს, მაგრამ ეს არამც და არამც არ აღარიბებს მის ტექსტებს, პირიქით, კიდევ უფრო გამომსახველს ხდის. მთავარია, მოსწავლემ სწორად წაიკითხოს ტექსტის ჟანრული და სტილური მახასიათებლები და ავტორისეული ხელწერის ამოცნობა შეძლოს.

ყოველი ტექსტი განსაკუთრებული მოვლენაა და აქვს ერთი უმთავრესი მახასიათებელი – სიტყვის მაგია! ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტების ერთობლიობაა. მხატვრული ტექსტი ჯადოქრობაა, გულთამპყრობელია, მიმზიდველია, შთამბეჭდავია და ჩვენ უნდა ავხსნათ, რა ემოცია აღძრა მან ჩვენში, რით არის დაუვიწყარი და რით გამოიხატება ლოგოსის მაგიის თავისებურებანი. როცა მხატვრული ტექსტის ამ თავისებურებების აღქმას ვეუფლებით, ყველაფერი მარტივდება და რომელი ეპოქისა თუ ქვეყნის მწერლობიდანაც არ უნდა ავიღოთ ტექსტი, მისი სტილური თავისებურებების შესახებ მსჯელობა არ გაავიჭირდება. ასევე აქტუალურია ენობრივი საშუალებების ამოცნობა. ტექსტებში შესაძლოა შეგვხვდეს არქაული ენობრივი ნორმები, დიალექტიზმები, ქალაქური, სლენგური მეტყველება, ან ავტორს ჰქონდეს ახალი სიტყვათქმნადობები, რის მაგალითებსაც უხვად გვჩუქნიან გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, ნიკო ლორთქიფანიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე, რევაზ ინანიშვილი… ასევე ავტორები ხშირად იყენებენ Litentia Poetica-ს ანუ პოეტურ თავისუფლებას, როცა მწერალი, რითმის ინტერესებიდან გამომდინარე ან სხვა სტილური დატვირთვით, არღვევს ენის გრამატიკულ ნორმებს და ახალ ლექსემას (სიტყვას), სინტაგმას ან მოზრდილ სინტაქსურ კონსტრუქციას ქმნის. ამგვარი თავისუფალი სიტყვათქმნადობებით წარმოუდგენლად მდიდარია „ვეფხისტყაოსანი“. გავიხსენოთ ზოგიერთი: „ათასიმცა ენა ენდა“, „ბროლი ბროლდა, სათი სათდა“, „ბროლო და ლალო, ოროვე“, „ცამცა გაიდარბაზესა“…

რაც შეეხება ავტორის ემოციას და განწყობას, მწერალი ყოველთვის თავისებურად „მონაწილეობს“ ტექსტში, ზოგჯერ მკითხველთან ინტერაქციაშია, მას მიმართავს და რთავს ტექსტში, რაც ცოცხალ და განუმეორებელ ემოციას აღძრავს. ავტორის მიზანდასახულობასთან ერთად მისი ემოცია და განწყობა თავისებურად „წაკითხვადია“, მთავარია დაკვირვებული თვალი. განწყობა ხან მინორულია, ხან – მაჟორული, რაც დაკავშირებულია ნაწარმოების თემასა და მოტივებთან.

პროზაულ ტექსტებში უმნიშვნელოვანესია ტექსტის აგება, კომპოზიციური ხაზების წარმართვა, დინამიკური, ენერგიული, არამოსაწყენი თხრობა. დაცული უნდა იყოს უნიკალური სიუჟეტური ქარგა, რომელსაც მოსწავლეებს საბაზო საფეხურზევე ვაცნობთ:

შესავალი (პროლოგი) – ექსპოზიცია (სადაც გამოიფინება მოქმედების დრო-სივრცე ანუ ქრონოტოპი, გმირები, ძირითადი ამბების მონახაზები) – მოქმედების განვითარება – კვანძის შეკვრა – მოქმედების განვითარება – კულმინაცია – მოქმედების განვითარება – კვანძის გახსნა (სადაც ნათელი ეფინება ინტრიგას, რომელიც კვანძის შეკვრისას ჩაიდო) – მოქმედების განვითარება – ფინალი.

ეს კომპოზიციური სქემა უნდა იყოს უნაკლო, დაუნაწევრებელი, ლოგიკური ჯაჭვებით აკინძული, თანმიმდევრული, ჩამთრევი, დამაინტრიგებელი. უამისოდ ტექსტი მკითხველს დაკარგავს. სასურველია, მოსწავლემ ახსნას, რით გამოიხატება ეს კომპოზიციური თანმიმდევრულობა და მოიყვანოს რამდენიმე მაგალითი.

სახეობრიობა მხატვრული ტექსტის უმთავრესი კომპონენტი და ღირსებაა, შთამბეჭდავი მხატვრული სახეების გარეშე არ არსებობს ემოციური და იდეური ტექსტი, სახე იდეის რეალიზაციის საშუალებაა. პროზაულ ტექსტში უნდა შევამჩნიოთ პერსონაჟთა ხასიათების ძერწვის მანერა, ხოლო პოეტურ ტექსტებში – ლირიკულ გმირთა და მხატვრულ სახეთა ძირითადი შტრიხები. უნდა აიხსნას, კერძოდ, რა მახასიათებლები ქმნის დაუვიწყარ გმირს.

თუ პოეტური ტექსტის განხილვა გვიწევს, აუცილებელია მისი ვერსიფიკაციული მახასიათებლების წარმოჩენა. უნდა დავწეროთ ლექსის ევფონიაზე – რამდენად მუსიკალურია ის, რომელი სალექსო საზომები გამოიყენება, როგორია რითმა და რიტმი. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პოეზიაში რითმა ნაკლებად ფასობს და რომანტიკოსებისა და რეალისტების შემოქმედებაში უმთავრესად კოჭლი, ყრუ, არაზუსტი რითმები გვხვდება. ეს, უპირველესად, განპირობებულია იმით, რომ აქცენტი ტექსტის იდეებსა და შინაარსზეა გადატანილი და ფორმა მეორეხარისხოვანია, ხოლო მეოცე საუკუნის დასაწყისის მოდერნისტულ ტექსტებში რითმამ უმაღლესი ღირებულება შეიძინა, რითმის ფეტიში დაიწყო, რამაც საგრძნობლად დააზიანა ტექსტის იდეები. ფორმისა და შინაარსის იდეალურ, ჰარმონიულ შეთანაწყობას მხოლოდ გენიოსები ახერხებდნენ. მეოცე საუკუნის მიწურულს პოსტმოდერნისტულმა ესთეტიკამ შვა ვერლიბრი, თავისუფალი ლექსი, რომელიც რიტმულობით რითმიან ლექსს არ ჩამოუვარდება, მაგრამ მასში რითმამ ღირებულება დაკარგა და მეორეხარისხოვანი გახდა.

ტექსტის უმნიშვნელოვანესი სამკაულია ტროპი. ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სასკოლო საატესტატო გამოცდების პროგრამები მოითხოვს, აბიტურიენტი იცნობდეს რამდენიმე ტროპულ საშუალებას: შედარებას, მეტაფორას, ეპითეტს, გაპიროვნებას, ჰიპერბოლას, ლიტოტესსი, პეიზაჟსა და ალეგორიას. ასევე საინტერესო მხატვრული საშუალებაა ოქსიმორონი, რომელსაც ხშირად ვხვდებით „ვეფხისტყაოსანშიც“.

ტროპული აზროვნება არის ის, რაც მხატვრულ ტექსტს არამხატვრულისგან განასხვავებს. თუმცა ტექსტში მათი მარკირება და შემდგომ მაგალითების მოხმობა არ არის საკმარისი, აუცილებელია ტროპული საშუალებების მხატვრული ფუნქციის ახსნა, რაც არ არის იოლი ამოცანა. ტროპული სახეების უმთავრესი ფუნქციაა შთამბეჭდავი მხატვრული სახის შექმნა, გმირის მახასიათებლების ან მოვლენის არსის ამოცნობა. სწორედ ამ მიზნით ჩნდება ტექსტში ტროპი. როცა ტექსტის გაგებაზე ვმუშაობთ, იოლი ხერხია ტროპული საშუალებების მარკირება და შემდგომ არა მაგალითების ქაოსური, მექანიკური ჩამოთვლა, არამედ მათი ზოგადი სტრუქტურული ანალიზი და შემდეგომ – მსჯელობის კონკრეტული მაგალითებით დასაბუთება. ტროპულ საშუალებებს შორის ზღვარი ხშირად წაშლილი ან გარდამავალია და არსებობს მათი აღრევის საფრთხე, ამიტომ მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ, რომ შედარება, მეტაფორა, ჰიპერბოლა და ლიტოტესი ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან, კერძოდ: მეტაფორა გავრცობილი შედარებაა და ამოცნობის საგანგებო უნარებს მოითხოვს მკითხველისგან, ხოლო ჰიპერბოლა და ლიტოტესი მეტაფორის კერძო სახეობებია და მასში არ უნდა აგვერიოს. არსებობს ორმაგი დატვირთვის, მრავალშრიანი ტროპული სახე, მაგალითად, ჰიპერბოლიზებული შედარება ან მეტაფორული ეპითეტი. ამ ტიპის მხატვრული სახე კიდევ უფრო მეტ ემოციას აღძრავს მკითხველში.

წერილში მოცემული თეორიული რეკომენდაციების პრაქტიკაში გადატანა და სულ რამდენიმე მასტერკლასი საკმარისია საიმისოდ, რომ ტექსტების მხატვრულ და სტილურ თავისებურებებზე წერა მოსწავლემ დაუბრკოლებლად შეძლოს. ამ უნარის დასწავლა, ტრენირებით მისი შეძენა უდავოდ შესაძლებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი