ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ დავარწმუნოთ ბავშვები, რომ „სწავლა სინათლეა“

„აი, წლის ბოლოს თუ სულ ხუთები გექნებათ ჟურნალში, აგვისტოში ზღვაზე წაგიყვანთ და ველოსიპედს გიყიდით”, – ჰპირდებოდნენ ჩემს ერთ თანაკლასელს და მის და-ძმას მშობლები ყოველი სასწავლო წლის დამდეგს. გადიოდა წელი და ბავშვებს, არცთუ სახარბიელო ნიშნების მიუხედავად, მაინც სჩუქნიდნენ ველოსიპედს და მიჰყავდათ ურეკში, მე კი მუდამ მიკვირდა: რა საჭირო იყო კარგი ნიშნებისთვის დასაჩუქრება? სწავლა ხომ სიკვდილივით და გადასახადებივით გარდაუვალ რამედ მეჩვენებოდა და ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, მათემატიკის ამოცანის სწორ პასუხს რომ მივიღებდი რამდენიმესაათიანი წვალების შემდეგ.

უნივერსიტეტში გავიგე, რომ ზემოხსენებული მეზობელი ცდილობდა, შვილებისთვის გარეგანი მოტივატორებით შეეყვარებინა სწავლა. აი, ჩემმა მშობლებმა კი თითქოს ინექცია გამიკეთეს და ვენაში შემიყვანეს სწავლის აუცილებლობის განცდა, ანუ შინაგანი მოტივაცია ჩამომიყალიბეს. თუმცა მაგისტრატურაში სწავლის დროს, მიზეზთა გამო, „ავურიე” და არათუ შინაგანი, გარეგანი სტიმულებიც კი არ მეყო სასწავლო პროცესში მოსწავლის მოტივაციაზე მოქმედ ფაქტორებზე სამაგისტრო ნაშრომის დასაწერად. ის, რომ დღეს მაგისტრის დიპლომი მაქვს, ჩემი ლექტორების დამსახურებაა, რომლებმაც ხელახლა მასწავლეს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.

მოსწავლის სასწავლო მოტივაცია აკადემიურ მოსწრებაზე ზეგავლენის განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა და თანამედროვე სკოლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მოტივაცია შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს. ფსიქოლოგები მოტივაციის ორ სახეს განასხვავებენ. შინაგანად მოტივირებული ადამიანი მოქმედებს საკუთარი ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად. მაგალითად, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი, აღმოვაჩინე, რომ გალაკტიონის ორმოცდახუთი ლექსი ვიცოდი ზეპირად. ვიზუთხავდი, განურჩევლად იმისა, შეტანილი იყო თუ არა პროგრამაში და ეს მსიამოვნებდა. აი, გარეგანი მოტივაციის დროს კი ადამიანი გარე ფაქტორების ზეგავლენით მოქმედებს. მაგალითად, მათემატიკას იმიტომ ვაქცევდი განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ დედაჩემი ჰუმანიტარებს არ სწყალობდა. მასწავლებელი გარეგანი მოტივატორების შემოტანით ცდილობს, გაუმძაფროს მოსწავლეს მიზნის მიღწევის სურვილი.

მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსწავლეთა შინაგანი მოტივაცია მესამე კლასიდან საგრძნობლად იკლებს. ამ დროს მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ მათი შინაგანი მოტივაციის შესანარჩუნებლად, მაგრამ არც გარეგანი მოტივატორები დაივიწყონ.

ფსიქოლოგიური თეორიები მოტივაციის შესასწავლად რამდენიმე მიდგომას გვთავაზობს. ბიჰევიორისტული მიდგომის თანახმად, მოსწავლეთა მოტივირება შეიძლება გარეგანი იმპულსების (დასჯა-წახალისების) გამოყენებით. თუ მოსწავლეს მუდმივად შეაქებენ რაიმე ქცევისთვის, დიდია ალბათობა, მან ეს ქცევა გაიმეოროს და პირიქით, თუ რამისთვის დასჯიან, უსაყვედურებენ, შესაძლოა, ეს ქცევა შემდგომში აღარ განმეორდეს. 

კარგი ნიშნები, სტიკერები, ვარსკვლავები და სხვა საშუალებები სასწავლო პროცესში სწორედ მოსწავლის კარგი ქცევის განსამტკიცებლად გამოიყენება. კიდევ ერთი სასიამოვნო მოტივატორია ქება, რომელშიც მასწავლებელმა უნდა ასახოს როგორც დღევანდელი მიღწევები, ასევე რჩევაც, გაუზიაროს მოსწავლეს თავისი მოლოდინი. მაგალითად: „ნინო, ძალიან მომეწონა შენი შესრულებული დავალება. მეტი ყურადღება მიაქციე პუნქტუაციას და შემდეგში უფრო მაღალ ნიშანს მიიღებ”. ქება უნდა იყოს ინფორმაციული, გასაგები; მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მისი მიღწევების შესახებ მოცემულ მომენტში, ამასთან, ყურადღება გაამახვილოს მოსწავლის ძალისხმევაზე და არა მის უნარებსა და ინტელექტზე. ეს მოსწავლეს ჩამოუყალიბებს რწმენას, რომ ძალისხმევით ყველაფერს მიაღწევს.

მოტივაციისადმი კოგნიტური მიდგომის მიხედვით, მშობლებისა და მასწავლებლების დაინტერესება ზრდის მოსწავლის შინაგან მოტივაციას. მოსწავლეები, რომლებიც განიცდიან მიკუთვნებულობას მშობლებთან, მასწავლებლებთან ან თანატოლებთან, უფრო ემოციურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში. კოგნიტური თეორეტიკოსები აქცენტს მოტივაციაზე სვამენ და სჯერათ, რომ ადამიანის ქცევა აზროვნებით არის განპირობებული და არა იმით, ამ ქცევის გამო წარსულში დაააჯილდოეს თუ დასაჯეს.

მოტივაციაზე სოციოკულტურული წარმოდგენა ხაზს უსვამს ერთობის წევრობას. ადამიანები ერთვებიან აქტივობაში, რათა განამტკიცონ თავიანთი იდენტობა და ინტერპერსონალური ურთიერთობები ამ ჯგუფის შიგნით. მოსწავლეებს აქვთ სწავლის უფრო ძლიერი მოტივაცია, როდესაც გრძნობენ მიკუთვნებულობას იმ ჯგუფისადმი, რომლისთვისაც სწავლას დიდი ღირებულება აქვს. ჯგუფის ახალი წევრები მოტივირებულნი არიან ისწავლონ და შეითვისონ ჯგუფის ღირებულებები და გამოცდილება, რათა მის ნამდვილ წევრებად იგრძნონ თავი. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის იმის ჩვენება, რომ სწავლა აუცილებელია.

განსხვავებული კულტურების კვლევის შედეგად მაკკლელანდმა (McClelland, 1955) დაასკვნა, რომ მიღწევის მოთხოვნილება ანუ სწრაფვა წარმატებისა და უპირატესობისკენ კულტურული ღირებულებებით არის განპირობებული. მისი მტკიცებით, ბავშვებს, რომელთა მშობლებიც პრიორიტეტს არ ანიჭებენ განათლებას, ხშირად აქვთ დაბალი მოტივაცია სასკოლო დავალებების შესასრულებლად. აი, ხომ გახსოვთ, კუკარაჩას რომ ეკითხება ანიკო ბახტაძე: „ვინ დამღუპა?” – ის კი პასუხობს: „თქვენ, ქალბატონო ანიკო! დადგენილია, რომ ყველაზე ხშირად ის ბავშვები იწყებენ მოწევას, რომელთა ოჯახის წევრებიც ეწევიან”. ასე რომ, თუ გსურთ, თქვენს შვილს შეუქმნათ სასწავლო მოტივაცია, თავად იკითხეთ წიგნები. სასურველია, იკითხოთ ბავშვთან ერთად ან ესაუბროთ იმ წიგნზე, რომელსაც მოცემულ მომენტში კითხულობს – ამით მას დაანახვებთ, რომ კითხვა მნიშვნელოვანია.

კვლევებით დადგენილია, რომ მასწავლებლის მოტივაცია და მისი სწავლების სტილი გავლენას ახდენს მოსწავლის სასწავლო მოტივაციაზე. კერძოდ, თუ მასწავლებელი შინაგანი მოტივაციით ხელმძღვანელობს პროფესიული საქმიანობისას, ესე იგი თუ მისთვის სწავლება სახალისო და საინტერესო პროცესია, მისი მოსწავლეების მოტივაციაც იზრდება. ასეთივე გავლენა აქვს მასწავლებლის გარეგან მოტივაციასაც: თუ მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია მისი სტატუსი და ღირსება კოლეგებისა და სკოლის ადმინისტრაციის წინაშე, ის ყველაფერს იღონებს, რათა არ შებღალოს თავისი რეპუტაცია და მაღალპროფესიონალურ დონეზე დარჩეს; ამის გამო ის ეცდება მოსწავლეთა მოტივირებას, რაც დადებითად აისახება კიდეც მათ მოტივაციაზე, თუმცა შინაგანი მოტივაცია უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე გარეგანი. რაც შეეხება სწავლების სტილს, თუ ის ეფექტურია, რაც იმას გულისხმობს, რომ მასწავლებელი ორიენტირებულია პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებაზე, იყენებს ახსნისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს და მოსწავლის შეფასების მკაფიო და ცხად კრიტერიუმებს, მაშინ მოსწავლის მოტივაციაც იზრდება.

მე მჯერა, რომ თუ მშობლები და მასწავლებლები გავერთიანდებით და ბავშვებს დავანახვებთ, რომ „სწავლა სინათლეა”, ისინი ამას გაითავისებენ და მათი ცხოვრების გზა საინტერესო და სასიამოვნო გასავლელი იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი