გაიქეცი, შვილო, გაიქეცი!

საბჭოთა კავშირის დაშლა ყველასთვის სხვადასხვა რამესთან ასოცირდება. ჩემთვის კი ეს ამბავი 2 მნიშვნელოვან ფიქსაციასთანაა კავშირში – რუსული მანეთი რომ გაუქმდა და მუხიანის ბაზრობაზე თავში „ლიმონკა“ ჩამარტყეს.

1992 წლის დეკემბერში, როცა ჯერ 12 წელი არ შემსრულებოდა, სახლში მოსულმა მამაჩემმა თქვა, რუსული მანეთიანები გაუქმდება და თუ რამე გვაქვს, თავიდან მოვიშოროთო. „თავიდან მოსაშორებელი“ ბევრი არაფერი აღმოჩნდა, ამიტომ გადანახული ფული ოთხად გავყავით და ვთქვით – მოდი, ყველამ ის ვიყიდოთ, რაც გვინდაო.

მე ამერიკულ ფილმებში ნანახ „რეიბანებზე“ ვოცნებობდი, ნანახიც მქონდა ბაზრობაზე, სადაც ერთი შავგვრემანი კაცი იდგა, ჩურჩელებივით ასხმულ სხვადასხვა სათვალეს ყიდდა და ბულდოგი ძაღლივით მკაცრი სახით იყურებოდა. ადამიანები თვალის ფერით მამახსოვრდება. მისი თვალები კი არასოდეს მინახავს, ეკეთა ერთ-ერთი „რეიბანი“ და იბღვირებოდა.

ჩემი წილი 50 მანეთიდან, 30-ით დედაჩემს საჩუქარი ვუყიდე. ორი ცალი თუმნიანი კი საგანგებოდ გადავდე და ბაზრობაზე წასვლა გადავწყვიტე.

მაშინ გლდანში ვცხოვრობდით, ვინც იცის, გლდანსა და მუხიანს შორის იმდენივე მანძილია, რამდენიც როშკიდან აბუდელაურის ტბებამდე. ამიტომ ფეხით წავედი, რომ შერჩეული სათვალე მეყიდა.

მაშინდელი ბაზრობა გზიდანვე იწყებოდა. ტრიალ მინდორზე უსწორმასწოროდ, ნაუცბათევად ახონხლილი თაროები გაეშალათ, ზოგი ნივთებს პირდაპირ მანქანიდან ყიდდა. ცეცხლი ალაგ-ალაგ ენთოთ და კუშტურიცას რომ არც დაესიზმრება, ისეთი ამბავი ხდებოდა.

სათვალე მოვირგე, ახლაც მახსოვს, უკვე წარმომედგინა, როგორ გავიკეთებდი ოდნავ დიდ სათვალეს გაისად, როცა, იმედი მქონდა, თავიც გამეზრდებოდა.

ჯინსის მარცხენა ზედა ჯიბიდან ორი ცალი ლენინისთავიანი კუპიურა ამოვიღე და მივაწოდე, ამ სათვალეს ვყიდულობ-მეთქი. გამომართვა, დახედა და ხუთი მანეთი დაამატეო.

იმდენჯერ მიკითხავს ამ სათვალის ფასი, იმდენჯერ მომისინჯავს, ყურებს არ დავუჯერე. წარმოუდგენელი იყო სხვა ფასი ღირებულიყო და გავამეორებინე. 5 მანეთით გაძვირდა, ეს ფული ფუჭდება და მალე გადასაყრელი იქნებაო.

შემეძლო მამაჩემისთვის მეთქვა და მომცემდა, შემეძლო მეთხოვა და მიყიდდა, არასოდეს უთქვამს უარი თხოვნაზე. ერთი ეგ იყო, თხოვნები არ მიყვარდა, მერიდებოდა.

ჩავიდე ფული ჯიბეში და გაწბილებული წამოვედი. ჩემი ოცნება, რეიბანებით მივსულიყავი სკოლაში, სადაც პირველმა ვთქვი უარი სკოლის უნიფორმის ჩაცმაზე, აუხდენელი რჩებოდა.

ბაზრობის გასასვლელი ახლაც ცხადად მახსოვს. ეს ამბავი ჩემი 7 წლის ბიჭისთვის რამდენჯერმე მომიყოლია და რაკი ბევრჯერ მომიყოლია, ცნობილი ფილმის შესავალ სცენასავით ნათლად ვხედავ – რკინის ვედროებში დანთებულ დაჭრილ საბურავებს, ბაზრობის შესასვლელთან მდგარ ვაზ 011-ის კაპოტზე გაშლილ სუფრას, ზედ რომ იაფიანი ძეხვი, არაყი და მწნილეული ალაგია; რაღაცნაირად უკვე დაბეჩავებული სახით მოსიარულე ადამიანებსა და მოხუც ქალს, ხმამაღლა რომ მღერის.

სწორედ ამ შესასვლელთან მომადგნენ სამნი. ერთი ჩემი ასაკის, ერთი 16-17 წლის და მესამე კი ალბათ იმხელა იყო, რამდენი წლისაც ახლა მე ვარ.

შუათანამ მითხრა, ჩვენი უფროსი ძმაკაცი ციხეში ზის და ფულს ვუგროვებთო. „მე ჩემი უფროსი ძმები მყავს დასახმარებელი-მეთქი“ – მივუგდე ცალყბად ნასწავლი ფრაზა. აქ „ძაღლები“ (თუ მაინც ვინმე ისეთიც კითხულობს, ვინც არ იცის, მაშინდელი მილიციის მეტსახელი) დარბიან და გვერდით გავიდეთო, თქვა სულ უფროსმა.

ასეთი შემთხვევებისთვის, კაი გვარიანი „ტრენინგი“ მქონდა გავლილი ჩემი უფროსი მეგობრებისგან, რომ არავის არსად უნდა გავყვე ცალკე; რომ სჯობს უთხრა, დაგელოდონ იქვე და ძმაკაცებით მიხვალ; რომ სჯობს გაიქცე, ვიდრე სადმე მოყუჩებულში „სპიცი“ გატაკონ და ასე შემდეგ.

მე კი მაინც გავყევი. ჯერ ერთი ბაზრობა იყო, ამდენი ხალხი ტრიალებდა და მერე – რაღაცნაირად, იმ უფროსი კაცის იმედი მქონდა.

გადავიარეთ ტანსაცმელები, ფეხსაცმელები, მეორადი წიგნები, ჯამ-ჭურჭელი, მგონი რაღაც დაშლილი ავტონაწილებიც იყიდებოდა გზაზე და პატარა გორასთან გავჩერდით. ისევ შუათანამ ამოიდგა ხმა – ფული უნდა მოგვცეო.

მე უარზე ვიდექი და პატარამ მეწაღის დანა ამოიღო ჯიბიდან, ყელთან დამადო, რაღას ველაპარაკებით ამდენს, ადგება და მოგვცემსო.

ის უფროსი კაცი, ასე რომ მეიმედებოდა, ხმას არ იღებდა, სიგარეტს ეწეოდა და უმცროსებს აკვირდებოდა, აქაოდა, ხომ ყოჩაღები არიან ჩემი ბიჭები, ხომ არ მარცხვენენო.

არის მომენტები, როდესაც ადამიანი ინსტინქტებით მოქმედებს. ამას გულადობასთან და მშიშარობასთან კავშირი არ აქვს, არსებობს მხოლოდ უნებური ინსტიქტი, რაც წმინდად ადამიანურია. მსმენია, მაკედონელი მოწინავე ჯარს ამ ინსტიქტით არჩევდა – ცხვირწინ ჩამოუტარებდნენ ლომს და ვინც შიშით ფითრდებოდა, ზურგში დგებოდა; ვინც, ასევე შიშით, წითლდებოდა – წინა ხაზზე უშვებდნენო. თურმე შიშსაც აქვს თავისი გრადაციები და ამ დროს ინსტიქტები უნებრად და თავისით მუშაობს.

მე კი მაგრად შემეშინდა. დანის დადება რომ უფრო საშიშია, ვიდრე იარაღის დანახვა, ეს მხოლოდ იმან იცის, ვისაც გამოუცდია. ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ იმ უფროსმა კაცმა „ლიმონკა“ შეათამაშა ხელში და ავაფეთქოთ აქაურობაო.

სულ ცოტაც და შიშისგან ალბათ მარცხიც მომივიდოდა და ინსტინქტურად, ყველაზე პატარას ჩავცხე და გავიქეცი. ასე არასოდეს მირბენია. ზოგადად კაი მორბენალიც არ ვარ, მაგრამ იმ დღეს კი ძალიან მოვინდომე.

ეს ეპიზოდი უთვალავჯერ მომიყოლია, თუმცა შვილი ყოველ ჯერზე იმედიანად მეკითხება – გაასწარიო? ვერა, ვერ გავასწარი. ზედ ტრასის პირას, სადაც გარემოვაჭრეები იდგნენ და უამრავი ადამიანი ტრიალებდა, კისერში წამავლო ხელი იმ კაცმა, ვისი იმედითაც „გვერდზე“ გავედით. ჩამავლო და თავში „ლიმონკა“ ორჯერ მაგრად დამცხო. ისეთი დამცხო, თავზე კოპი მეორე თავივით ამომეზარდა, ქვედა ტუჩი კი, კაი ხანი ახალდაბარულ მიწასავით მქონდა ამობრუნებული. რომ ვთქვა არ ვიყვირე-მეთქი, ტყუილს ვიტყვი. მიშველეთ, ხალხი არ ხართ-მეთქი? ვიყვირე და მომეჩვენა, რომ მოძრაობა გაჩერდა, მანქანებიც გაჩერდნენ, ღრუბლებიც გაჩერდა, ვედროში დანთებული ცეცხლიც კი გაჩერდა. გვიყურებდნენ.

ჯინსის ქურთუკი მეცვა. ფული ზედა ჯიბეში მედო. იმ კაცმა ჯიბიანად ამაგლიჯა, ამომაცალა და სწრაფად გამშორდა.

იქნებ მანამდეც და მას მერეც მომხვედრია, მაგრამ ასე არასოდეს მწყენია. არასოდეს, რადგან ამდენ ადამიანში, ამდენ კაცსა თუ ქალში, ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, გამოქომაგება მაინც ეცადა. იდგნენ და გვიყურებდნენ.

მხოლოდ ერთმა ქალმა, ხელში გასაყიდი წინდები და კოლგოტები რომ ეჭირა, თავისებურად დედაშვილურად მომაძახა ძირს დაგდებულს, რაღაცნაირად მუსიკალურად მომაძახა, როგორი ხმითაც იმ თავის წინდებსა და კოლგოტებს სთავაზობდა გამვლელებს:

„ადე, შვილო, გაიქეცი!“

 

კომენტარები

comments