პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სასკოლო კომპლექსები

წინა სტატიაში იმის შესახებ ვისაუბრეთ, როგორ ყალიბდება არასრულფასოვნებისა და უპირატესობის კომპლექსები. ისინი ასახავენ უკვე განმტკიცებული ცუდი სოციალური ადაპტაციის ფაქტს. ეს კომპლექსები წარმოიშობა ინდივიდისა და მისი გარემოცვის ურთიერთქმედების პროცესში. ითქვა, რომ აღნიშნული განცდები ყველა ინდივიდის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს, კომპლექსები კი ყველას არ აქვს. რატომ? ისინი არ გააჩნიათ მათ, ვისთვისაც არასრულფასოვნებისა და უპირატესობის გრძნობები საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის მამოძრავებელ ძალად იქცა –  ერთობა, სითამამე და საღი აზრის ლოგიკა, საზოგადოდ, სოციალური ინტერესი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაჩვენებელია. წარმატება გამბედაობაზეა დამოკიდებული. ფსიქოლოგის ამოცანაა, სასოწარკვეთილება აქციოს იმედად, რომელთან ერთადაც ჩნდება კონსტრუქციული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ენერგია. ა. ადლერის აზრით, ამ საქმეში უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია პედაგოგს.
პრობლემების გადალახვისკენ მიმართულ მამოძრავებელ ძალას ა. ადლერი ცხოვრების სტილს უწოდებს. ცხოვრების სტილი ინდივიდუალური და განუმეორებელია, რადგან ყველა თავისებურად წყვეტს არასრულფასოვნების ამოცანას. არასრულფასოვნების კომპლექსს სკოლამდელ ასაკში ეყრება საფუძველი და ადრევე იჩენს თავს ჯერ ოჯახში, შემდეგ – ბაღში, სკოლაში, სტუდენტობის პერიოდში, პროფესიულ საქმიანობაში, მეგობრებთან, მასწავლებლებთან, თანამშრომლებთან ურთიერთობისას… სხვადასხვა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ზოგჯერ ახალი კომპლექსების წარმოშობას უწყობს ხელს და ძველ „შენაძენთან” ერთად შესაძლოა ადამიანის მთელი ცხოვრების თანამგზავრად და დამანგრეველ ძალად იქცეს. ხშირად მშობლები აღზრდისას სერიოზულ შეცდომებს უშვებენ – მათი უმრავლესობა ვერ ამჩნევს გაძლიერებულ არასრულფასოვნების განცდას და არ შეუძლია მისი გამოსწორება. მშობლებს ურჩევნიათ, გაანებივრონ შვილები (ან პირიქით, საერთოდ არ აინტერესებთ ისინი) და უჭირთ აღზრდისას დაშვებული შეცდომების აღიარება. ამდენად, მათი დახმარების იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს, – აღნიშნავს ა. ადლერი. 
პროტოპებში (ჩამოყალიბებულ სქემებში) არსებული ხარვეზები ხშირად სკოლაში წასვლამდე არც კი მჟღავნდება, ამიტომ მათი შემჩნევა და ამოვსება გამოცდილ და მცოდნე მასწავლებელს უფრო შეუძლია, ვიდრე ოჯახს. მასწავლებელი, თავისი სოციალური ფუნქციიდან გამომდინარე, უფრო უკეთ ამჩნევს ბავშვის არასასურველ თვისებებს და ძალუძს სასურველი ქცევის ფორმირებაზე მუშაობა. სკოლები ხომ იმიტომ დაარსდა, რომ ოჯახს ნაკლებად შესწევს უნარი, სოციალური მოთხოვნების შესაბამისად აღზარდოს ბავშვი. ყველაფერი ეს კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს მასწავლებლების ფსიქოლოგიური ცოდნით აღჭურვის აუცილებლობაზე, რადგან ამ შემთხვევაში მათი შრომა გაცილებით ნაყოფიერი იქნება.

სასკოლო კომპლექსები. ა. ადლერი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პრობლემური ქცევის საფუძველს არასრულფასოვნების კომპლექსი წარმოადგენს. მისი სიმპტომები მრავალნაირია – უკიდურესი ჩაკეტილობით დაწყებული, თამამი, მაგრამ უტაქტო გამოხტომებით დამთავრებული. სასკოლო კომპლექსების რაოდენობა შესაძლოა დიდი არ იყოს, მაგრამ მათი გავლენა უდიდესია. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

1. პასიური დამკვირვებლის კომპლექსი. ამ კომპლექსს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩაურთველობა იწვევს. უცნაურია, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება იყოს სწავლისთვის „ზედმეტი” მომზადება. წერა-კითხვის მცოდნე ბავშვისთვის უინტერესოა სასკოლო ცხოვრების პირველი თვეები, ის ზის გაკვეთილზე და უხალისოდ ადევნებს თვალს, რაც მის გარშემო ხდება. ირგებს „პასიური დამკვირვებლის” ნიღაბს. თუ მასწავლებელმა ასეთი მოსწავლის მიმართ არ გამოიჩინა სათანადო ყურადღება და არ მისცა ისეთი დავალება, რომელიც მას დააინტერესებს და აზროვნებისკენ უბიძგებს, მოსწავლე შესაძლოა აღნიშნული კომპლექსის ტყვეობაში აღმოჩნდეს – შეეჩვიოს პასიური დამკვირვებლის პოზიციას და ასეთივე იყოს ლექციებზე, სამსახურში, საზოგადოდ, ცხოვრებაში.

2. ლუზერის კომპლექსი. მისი ჩამოყალიბება შესაძლოა სასკოლო ასაკამდე დაიწყოს. ეს უმეტესად იმ ბავშვებს ეხება, რომლებსაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ ან ეზოში თანატოლებთან არ აქვთ კონტაქტი. ასეთი ბავშვები, წესისამებრ, ზედმეტად მზრუნველი მშობლების შვილები არიან. ისინი დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ყველაფერს, რაც სკოლაში ხდება, არ ამჟღავნებენ ინიციატივას, შიშობენ, რომ მათი პასუხები შესაძლოა მცდარი იყოს და უმეტესად ჩუმად არიან. მალე თვითონვე გრძნობენ, რომ გამოირჩევიან სხვებისგან, თანდათან ეს დაშორება უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. ბავშვი კარგავს საკუთარი თავის რწმენას, უყალიბდება განწყობა „მე სხვებზე უარესი ვარ”, „არაფერი შემიძლია”, „არაფერი გამომივა”, იკეტება საკუთარ თავში… ეს უკვე ლუზერის კომპლექსის გამოხატულებაა. რას ფიქრობს სინამდვილეში ასეთი ბავშვი? იგი ოცნებობს მეგობრებზე, სურს, შესვენებაზე მხიარულად ირბინოს დერეფანში მათთან ერთად, მაგრამ ჰგონია, რომ მასთან მეგობრობა არავის უნდა, ამიტომ იგი, მაგალითად, დიდხანს უნდება ჩანთის ჩალაგებას, დავალების შესრულებას და თავს ისე აჩვენებს, თითქოს დაკავებულია, არ სცალია. მერხი მისი ნავსაყუდელია, აქ ის დაცულად გრძნობს თავს. თუ ასეთ მოსწავლეს მასწავლებელმა დროულად არ გაუწია კვალიფიციური დახმარება, წარუმატებლობის სინდრომი მთელი სიცოცხლე გაჰყვება.

3. ოროსნის ან ფრიადოსნის კომპლექსი. უდავოა, რომ სკოლაში ბავშვის ღირსების მთავარი საზომი აკადემიური მოსწრებაა. ასეც კი მჯელობენ: ფრიადოსანი კარგი ბავშვია, ოროსანი – ცუდი. ვინაიდან დაწყებით კლასებში მასწავლებელი მოსწავლეზე უდიდეს გავლენას ახდენს, თავად ნიშნებსაც შეუძლიათ, მოახდინონ გავლენა მოსწავლის პიროვნულ შეფასებაზე მეგობრების მხრივ, რაც საბოლოოდ დაბალ თვითშეფასებას უყალიბებს მას. ამ მხრივ უფრო უკეთ აქვთ საქმე საშუალო მოსწრების მოსწავლეებს – მათ კომპლექსები ნაკლებად ემუქრებათ. უფროსები, რომლებიც ბავშვს სხვას ადარებენ და აჩვენებენ, რომ თავად უუნაროა, სხვას კი მასზე უკეთ გამოსდის, არასრულფასოვნების განცდისთვის წირავენ მოზარდს. თვითონ ბავშვს შედარების უნარი ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული და ჩვენი შეგონების მნიშვნელობაც არ ესმის, ამიტომ ამგვარი დამოკიდებულება შესაძლოა ნევროზის მიზეზად ექცეს. ფრთხილად უნდა ვიყოთ მოსწავლეებთან ურთიერთობისას. „სამაგალითო” ბავშვი, რომელიც მასწავლებელს უსიტყვოდ ემორჩილება, ზრდასრულ ასაკში უინიციატივო ხდება და უჭირს ცხოვრებისეულ სირთულეებთან ბრძოლა, მათი გადალახვა. მეორე მხრივ, მეამბოხე, დაუმორჩილებელ ბავშვებს, რომლებიც ამჟღავნებენ ამბიციას, სიჯიუტეს და მარცხისადმი გადაჭარბებულ მგრძნობიარობას, მიზნის მიუღწევლობა ზრდასრულ ასაკშიც ჰგვრის გადაჭარბებულ ემოციურ სტრესს და უღვიძებს არასრულფასოვნების განცდას. განებივრებას კი ხშირად ყოვლისშემძლეობის განცდის ჩამოყალიბებამდე მივყავართ. ასეთ პირობებში მკაცრ ცხოვრებისეულ რეალობასთან შეხებას, სურვილებისა და მოლოდინების დაუკმაყოფილებლობას ადამიანი დეპრესიისკენ მიჰყავს. ამ კომპლექსთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რამ: ერთი მხრივ, მასწავლებლებს მოსწავლის მცირე წარმატებაც კი არ უნდა გამოგვეპაროს, მეორე მხრივ კი არ უნდა შთავაგონოთ მათ, რომ ნიშნები მთავარია ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი კია, მაგრამ არა მთავარი.

4. შეცდომის შიშით გამოწვეული კომპლექსი. ეს კომპლექსი იმ მოსწავლეებში წარმოიშობა, რომლებსაც თავის შეკავება არ შეუძლიათ, მაგ., დაბალი ნიშნის მიღებისას. თავდაპირველად ცუდი შეფასების გამო მათ ეშინიათ მშობლებისა, მასწავლებლებისა, მერე უკვე თვითონ დაბალი ნიშნისა, დაბოლოს – საზოგადოდ, შეცდომისა. რა გზას მიმართავს მოსწავლე შეცდომის თავიდან ასაცილებლად? – არ წერს საკონტროლოს, გაურბის სირთულეებს, არ ენდობა საკუთარ ცოდნას, წარმოდგენებს, უნარებს. ეს კომპლექსი მას მთელი ცხოვრება თან სდევს, აწუხებს და წარუმატებელს ხდის. ადრე ჩამოყალიბებული პროტოტოპების შეცვლაზე მუშაობა სკოლამდელ ასაკში გაცილებით ადვილია, მაგრამ შესაძლებელია მოგვიანებითაც, სკოლაში. ფსიქოლოგიის მცოდნე მასწავლებელი ამ ხარვეზს მალე შეამჩნევს, მცოდნე და გამოცდილი – სწავლის პირველსავე კვირას.

5. თეთრი ყვავის კომპლექსი. გარდამავალ ასაკში მოზარდს უჩნდება თანატოლებისადმი მიჯაჭვულობის განსაკუთრებით ძლიერი მოთხოვნილება, სურვილი, არ გამოირჩეოდეს მათგან: „არ მაქვს ისეთი მობილური, როგორიც სხვებს”, „არ ვარ ისეთი, როგორიც ჩემი მეგობრების უმრავლესობაა”, „არ მაცვია ისე, როგორც მათ”… ეტალონური ჯგუფისგან განსხვავებულობა მოზარდისთვის შეიძლება სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმის წყაროდ იქცეს და ჩიხში მოაქციოს მისი სოციალიზაციის პროცესი. შედეგი კი საკმაოდ არასასურველია – საკუთარ თავში ჩაკეტვა და აგრესია.

აქვე უნდა მივუთითოთ ერთ მომენტზეც, რაც მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. კერძოდ, მან ხაზი არ უნდა გაუსვას იმას, რომ მამაკაცი ძლიერია, ქალი კი სუსტი. ამან შესაძლოა მამაკაცში წარმოშვას უპირატესი პოზიციის დაკარგვის შიში, მოთხოვნილება, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ეს პოზიცია შეინარჩუნოს, ხოლო ქალში – მამაკაცთან გატოლებისადმი მისწრაფება, რაც მასთან განუწყვეტელი პაექრობითა და შეჯიბრით იჩენს თავს.

როგორ ვლინდება კონკრეტულ ქცევებში არასრულფასოვნების კომპლექსები?

სოციალური იზოლაცია. მოსწავლე თავს არიდებს საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობას, შეხვედრებს, დისკუსიებს. ხშირად აცდენს გაკვეთილებს – შინ დარჩენას ამჯობინებს, ცდილობს, თავისი სისუსტეები შეუმჩნეველი გახადოს, ეშინია დაცინვის.

უხეშობა, უკმეხობა. მოსწავლე შესაძლოა იმ დონემდე გახსნილი იყოს, რომ მისი ღიაობა უხეშობაში გადაიზარდოს. ამას საფუძვლად უდევს სურვილი, დაუმტკიცოს სხვებსაც და საკუთარ თავსაც, რომ შეუძლია იმის კეთება, რასაც სხვები აკეთებენ.

პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალება (მათ შორის – სამყაროსთვის). თავის ნებისმიერ წარუმატებლობას ადამიანი სხვას აბრალებს: უიღბლობას, ცუდ წრეს, გარემოს, ბედისწერას… თუ ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია, ის უდავოდ წარუმატებლობის კომპლექსის მატარებელია.

ე.წ. „მკვახე ყურძნის” მექანიზმი. ეს ძალზე ცნობილი სიმპტომია. მაგ., წარუმატებლობის შემთხვევაში მოსწავლე გამოაცხადებს, რომ კმაყოფილია შედეგით, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა დროსაც მას დაავალებდნენ ამის გაკეთებას, ან ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდა მათ რიცხვში, ვინც წარმატებით გაართვა თავი დავალებას, მეორემ კი სასურველი შედეგი მიიღო. პირველი ცდილობს, მისი წარმატება გარე ფაქტორებს მიაწეროს („გადაიწერა”, „უკარნახეს”, „წინასწარ იცოდა”, „ბედი აქვს” და სხვა). დაკომპლექსებული ადამიანი სხვის წარმატებას განიხილავს როგორც გარე ფაქტორების მოქმედების შედეგს და არა როგორც მის პიროვნულ უნარს.

კონკურენციისთვის თავის არიდება. მოსწავლე გაურბის კონკურენციას, სადაც მისი უნარების დემონსტრირების საშიშროება არსებობს. არ ცდილობს შეჯიბრებაში ჩართვას და თუ მაინც ჩაერთო, მიაჩნია, რომ წარმატებას მაინც ვერ მიაღწევს.

ნაკლოვანებების ძიება. რაც უნდა ბედნიერი იყოს, ის ვერ იქნება მშვიდად, თუ სხვაც ბედნიერია, ამიტომ ხშირად პოულობს ნაკლს, მაგ., თანაკლასელში და ცდილობს, ისიც დააჯეროს, რომ უუნაროა. საზოგადოდ, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი ხშირად ცდილობს, სხვებიც ჩაითრიოს თავის ბუნაგში.

ზედმეტი მგრძნობელობა. არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე მოსწავლე ძალზე მგრძნობიარეა როგორც კომპლიმენტის, ისე კრიტიკის მიმართ. მაგალითად, კარგადაც რომ მოყვეს გაკვეთილს, მაინც არ სურს საქებარი სიტყვების მოსმენა – მიაჩნია, რომ არც იმსახურებს და არც გულითაა ნათქვამი, კრიტიკის შემთხვევაში კი მაშინვე თავდაცვაზე გადადის. არაადეკვატურად რეაგირებს ხუმრობაზეც. ხდება პირიქითაც – ზოგიერთი კომპლექსიანი ადამიანი მიისწრაფვის, რაც შეიძლება მეტი კომპლიმენტი დაიმსახუროს, ხშირად ილაპარაკონ მასზე, აღნიშნონ მისი თუნდაც უმნიშვნელო მიღწევები.

არასრულფასოვნების ძლიერი განცდის ნიშნები უფრო შესამჩნევად ვლინდება დაძაბულ ან რთულ ვითარებაში. ეს ნიშნებია:

▪ ზედმეტი თავდაჯერება, მოუთმენლობა და მოჩხუბრობა, აგრესიულობა, მტრობაც კი;
▪ უჩვეულო ინტერესები, მომავლის უჩვეულო გეგმები; 
▪ სხვებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, სხვებზე მაღლა დგომისადმი მისწრაფება;
▪ საკუთარ შესაძლებლობათა რწმენის უქონლობა, სხვებისგან შორს დგომა ან ვიწრო წრის სოციალური კონტაქტები (გაურბის ძლიერ ბავშვებს და ეთამაშება სუსტებს);
▪ ყოყმანი, გადაწყვეტილების მიღების უუნარობა ან სირთულე;
▪ წინააღმდეგობრივი ბუნება (მაგ., ხან მეტისმეტად აგრესიულია, ხან – მეტისმეტად დამთმობი, ზოგჯერ – კეთილი, ზოგჯერ – მეტისმეტად ძუნწი);
▪ მერხთან ჯდომის, დაყრდნობის, დგომის, სიარულის, ჟესტიკულირების უჩვეულო მანერები, დაძაბული (არაბუნებრივად გამართული – უპირატესობის კომპლექსი) ან ზედმეტად მოშვებული დგომა (მოხრილია, მაგრამ არა ფიზიკური ნაკლის გამო); კედელთან დგომისა და მასზე მიყრდნობის ჩვევა (როგორც არასაკმარისი დამოუკიდებლობის სიმპტომი);
▪ მეტისმეტად დამთმობი ხასიათი (რომლის მიღმა უპირატესობის კომპლექსი იმალება);
▪ მეტისმეტი მორცხვობა (რაც ზრდასრულ ასაკში შესაძლოა ნევროზში გადაიზარდოს);
▪ ზედმეტი მოშიშრობა, მიუკარებლობა, სიტყვაძუნწობა და არაბუნებრივი სიწყნარე და სხვა.

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანთა უმეტესობა, ცდილობს რა პირდაპირ ან ირიბად შენიღბოს საკუთარი კომპლექსები, სწორედ იმას გამოკვეთს, რის დამალვაც სურს.

კომპლექსებთან გამკლავების საუკეთესო გზაა ბავშვის ჩართვა ისეთ საქმიანობაში (წრეში, სპორტულ სექციაში და სხვა), სადაც ის თავის საჭიროებასა და ნიჭიერებას დაინახავს. მნიშვნელოვანია მოსწავლის საქმიანობის პოზიტიური შეფასება მასწავლებლის მხრივ, რაც ხელს შეუწყობს თვითშეფასების ამაღლებას და გაანეიტრალებს სასკოლო გარემოს ზოგიერთი არასასურველი კომპონენტის უარყოფით ზემოქმედებას.

უნდა ითქვას, რომ ცალკე აღებული რომელიმე მახასიათებელი შესაძლოა სანდო არ იყოს დასკვნის გამოსატანად, მაგრამ მათი ერთობლიობა და სისტემატურობა უკვე გარკვეული სიგნალია. საჭიროა გამოვლენილ თავისებურებათა ერთმანეთთან შეჯერება, ფსიქოლოგთან კონსულტირება, რათა მოხდეს პრობლემის სწორი იდენტიფიკაცია და შემდგომ – მასზე მუშაობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი