შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თანამედროვე ქართული რომანი – არჩილ ქიქოძის “სამხრეთული სპილო”

რომანი, როგორც უმბერტო ეკო შენიშნავს “ვარდის სახელისთვის” დაწერილ ბოლოთქმაში, ვარიანტებისა და ინტერპრეტაციების წყაროა. ყოველი მკითხველი საკუთარ წარმოსახვაში უკვე დაწერილის თავისებურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი აღქმისა და ინტელექტის შესაბამისად ქმნის ახალ მოდელებს. სწორედ მკითხველები აძლევენ სიცოცხლეს სიტყვებით შექმნილ სამყაროებს. ეკოს აზრით, „ავტორი უნდა მოკვდეს ნაწარმოების დასრულების შემდეგ, ტექსტის სვლა რომ არ დააბრკოლოს“.  არჩილ ქიქოძის “სამხრეთული სპილოც” იქნება წყარო ინტერპრეტაციებისა, რადგან ფიქრისა და განსჯის საბაბს აძლევს მკითხველს.

ცხოვრებაში ყველას თავისი გზა აქვს. გზათა სიმრავლე და მრავალფეროვნება განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების არსსა და მდინარებას. ის არის უმთავრესი ფენომენი ლიტერატურისა, რომელიც თანაბარი სიმძაფრითა და ვნებით აღწერს ზეციურსა თუ მიწიერ გზებს და ამ გზებზე მიმავალ ადამიანებსაც, რომლებიც სასრულსა თუ უსასრულო ბილიკებზე ხეტიალისას ან იკარგებიან, ან საკუთარ თავსა თუ დანიშნულებას, სიცოცხლის აზრსა  და მიზანს აღმოაჩენენ.  გზა არჩილ ქიქოძის რომანშიც “სამხრეთული სპილო”  მთავარი პარადიგმაა. მისი უსახელო  პერსონაჟი, რომლის თვალითაც აღვიქვამთ წარსულისა  და აწმყოს მოვლენებს, ერთი დღის განმავლობაში თანამედროვე თბილისის ქუჩებსა და საკუთარ თავში ისევე დახეტიალობს, როგორც ჯოისის “ულისეს” გმირები დუბლინის ქუჩებში. თავდაპირველად ეს ხეტიალი უფუნქციოა, მხოლოდ დროის მოსაკლავად გამიზნული, თუმცა შემდგომ ყველაფერი იცვლება და მნიშვნელობას იძენს. ამ რომანშიც ისეთი ზუსტი და ცხადია პერსონაჟის მოძრაობის გრაფიკი, შეიძლება რუკაც დაიხატოს, ხოლო რომელიმე მოცლილმა მკითხველმა არა მხოლოდ წარმოსახვით, არამედ თავისი ფეხით “გაიმეოროს” ეს გზა, რათა წაკითხული რეალური შეგრძნებებით გაამდიდროს.

მწერალი ხატავს მთავარი გმირის მეტამორფოზას, თუ როგორ მიაგნებს ის თავისი არსებობის აზრსა და მიზანს. სახარებისეული ჭეშმარიტება “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი” რომანში ღირებულებას იძენს და წარმოჩნდება, როგორც ადამიანის თვითგადარჩენის გზა და საშუალება.  პერსონაჟი ერთდროულად მოძრაობს რეალურ დროში, აწმყოსა და წარსულში. დროის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები ქმნიან ჯვარს და ამგვარი “ჯვარსახოვნებით” სიღრმისეულად წარმოჩნდება მისი შინაგანი სამყარო, ის სირთულეები, რომლებსაც ცხოვრება “ცდუნებებისა და ილუზიების” სახით სთავაზობს, როგორც დაბრკოლებებს “მეს” შემეცნების გზაზე.

არჩილ ქიქოძეს სჯერა ადამიანისა, ამიტომაცაა, რომ ერთნაირი შთამბეჭდაობით ხატავს დაცემულსაც და აღდგომილსაც. დემონური თუ ანგელოზური თანაბრად ნიშნეულია მისი  პერსონაჟებისთვის, მაგრამ მაინც სიყვარული და თანაგანცდა ჭარბობს. რომანი  სავსეა ადამიანური ამბებითა და ისტორიებით, რომლებიც მეტყველებენ იმაზე, რომ მწერლისთვის  ყოველი ადამიანი, რომელიც რაიმე შემთხვევითი,  აბსურდული თუ კანონზომიერი მიზეზით შემოიჭრება მისი აღქმის ორბიტაზე, მნიშვნელობას იძენს. ეპიზოდურად გაელვებულ პერსონაჟებსაც თავიანთი მშვიდი თუ ბობოქარი ვნებებით სავსე სამყაროები მოჰყვებათ, ისინიც თავიანთ გზებს მიჰყვებიან და დროდადრო სხვებს ხვდებიან, ასე იქმნება გზაჯვარედინები, როგორც ადგილები, სადაც ყოველმა მათგანმა არჩევანი უნდა გააკეთოს.  მასაც სჯერა, რომ “არ არსებობს ადამიანი, რომლის შესახებაც რომანი არ შეიძლება დაიწეროს” (მიხეილ ჯავახიშვილი). ყველა ისინი, თავიანთი ცხოვრებით, პერსონაჟთან სიახლოვის მასშტაბების მიუხედავად, ღრმა კვალს ტოვებენ არა მხოლოდ გმირის, არამედ მკითხველის შთაბეჭდილებაში. “ყველაფერი იმისთვის შეემთხვევა კაცს, რომ საკუთარ თავსა და ღმერთს მიაგნოს” (კონსტანტინე გამსახურდია).

რომანის გმირი, საკუთარ თავსა და სამყაროსთან გაუცხოებული, თავისი ტკივილიანი ფიქრებისავე ტყვე, ერთ ჩვეულებრივ დღეს შინიდან გადის და მკითხველის თვალწინ იხატება მხოლოდ ერთი რეალური დღე, რომელიც წუთისოფელზე უფრო გრძელი აღმოჩნდება. ეს არის თბილისური ოდისეა, გმირის შინიდან გასვლით, გზაში თავსგადამხდარი ფათერაკებითა და შინ დაბრუნებით.  როგორც იტალო კალვინო წერს: “ეჭვი არაა, ლიტერატურა არ იარსებებდა, ადამიანთა ნაწილი გულჩახვეული და მარტოსული რომ არ ყოფილიყო, გარემომცველი სამყაროთი უკმაყოფილო, უდრტვინველად, დღეობით, თვეობით უხმოდ ჩაჩერებული მუნჯ სიტყვათა უძრაობას”.

გმირის გზა რეალურსა და წარმოსახულ სივრცეში არ არის სწორხაზოვანი, ის გამუდმებით გადაუხვევს მთავარი ხაზიდან და ასე შემოიჭრება რომანში სხვადასხვა ამბავი. ამგვარად, ერთგვარად იწელება თხრობა, თუმცა სისხარტეს მაინც არ კარგავს. შინიდან გასვლა თვითშემეცნების საფუძველია. გმირისთვისაც შინ მრავალმნიშვნელოვან ცნებად იქცევა და გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ-მატერიალური ბინიდან, არამედ საკუთარი თავიდან გასვლასაც. გზა, რომელსაც გმირი ადგება, ნაცნობი და ჩვეულია, მაგრამ მაინც რაღაც საიდუმლოებით სავსე, რადგან საგნები თითქოს განსხვავებული რაკურსებით შემოიჭრებიან და ახალ სახეებს აჩვენებენ. ქიაჩელის ქუჩიდან ვაკის პარკამდე და მერე ისევ ქიაჩელის ქუჩაზე დაბრუნებული გმირი, დილიდან საღამომდე, თითქოს მთელ ცხოვრებას გაივლის. მისი აღქმის ველში და, შესაბამისად, მკითხველის წარმოსახვაშიც შემოიჭრება აწმყოსა და წარსულის საქართველოს სოციალ-პოლიტიკური მოვლენები, მათ შორის, საბჭოთა ეპოქა, ტოტალიტარული რეჟიმი, იდეოლოგიური წნეხი, ბერიას მსგავსი ადამიანი-ურჩხულები თუ წამებული მიხეილ ჯავახიშვილი. ალუზიები კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის, კინოს, მუსიკის სფეროდან. ყოველივე ეს ქმნის იმ ფერადოვნებას, რომელიც ატყვევებს მკითხველს და აღწერილი მოვლენებისა და შეგრძნებების თანამონაწილედ აქცევს.

შინიდან გასვლისთანავე გზა თითქოს ორად იყოფა – ერთ გზას ავსებს რეალურ დროში ნაცნობსა თუ უცნობ ადამიანებთან შეხვედრები, საუბრები, შთაბეჭდილებები, მეორე გზა კი მეხსიერების სიღრმეებისკენ მიიმართება და მოგონებების სახით შემოიჭრება თხრობაში. ამგვარად იქმნება ასოციაციების მრავალფეროვანი ჯაჭვი, რომლის ყველა რგოლი ლოგიკურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან, ყოველ შემთხვევაში, მკითხველი არ იბნევა და იოლად მიჰყვება მწერალს. თავდაპირველად შინიდან მხოლოდ ბანალური მიზეზით (მეგობარმა სთხოვა ბინა ქალის მისაყვანად) გასული გმირი არაცნობიერად გრძნობს თითქოს, რომ მისი არსებობის საზღვრები უნდა გაფართოვდეს, არა იმ აზრით, რომ რაღაც გააკეთოს, არამედ რაღაც აღმოაჩინოს, უპირველეს ყოვლისა, დაკარგული საკუთარი თავი. ის, ქუჩაში გასული რიგითი უსაქმური, ცხოვრებისეული აბსურდით გაბეზრებული, ყოფილი რეჟისორი, ყოფილი ქმარი, ყოფილი საყვარელი, მოულოდნელად, ერთი შეხედვით, შემთხვევით გარემოებათა წყალობით, ცარიელი “ყოფილობიდან”, მხოლოდ წარსულის მოგონებებით რომ საზრდოობს და აწმყოში პასიური დამკვირვებლის როლს სჯერდება, უცებ ცხოვრების აქტიურ მონაწილედ იქცევა. ის იტანჯება შეგრძნებით: “კლაუსტროფობიით შეპყრობილივით ჯოჯოხეთად მექცევა ის სივრცე, რომელშიც ვიმყოფები და გარეთ მინდა, მაგრამ უბრალოდ გასვლა კი არა, გარღვევა მინდება, უცებ მიჩნდება დაუნდობელი სურვილი, ვლეწო მინები და ფანჯრიდან გავიდე”, “ფანჯრებს პირდაპირ შუბლით მინდა ვეხეთქო”.

გმირს სახელი არა აქვს და არც ეს არის შემთხვევითი. ის არის თაზოს მეგობარი, ქეთოს მამა, ელენეს ქმარი, ნელიკოს საყვარელი და ა. შ. შესაბამისად, ის მათი ნაწილია, ერთგვარი სარკეა, რომლებშიც დანარჩენები ირეკლებიან. მისი “სისუფთავე” ერთგვარად განსაზღვრავს მასში “მაყურებელთა” გამოსახულების სიმკვეთრე-ბუნდოვანებას, სილამაზე-სიმახინჯეს. სარკე პირველივე ეპიზოდებიდან ჩნდება ნაწარმოებში. ის გმირის სადარბაზოში ჩამოკიდებული “მედიკოს სარკეა”, ვერტიკალურად აყირავებული თვალი, რომელშიც კიბეზე ამვლელ-ჩამვლელნი ირეკლებიან. ეს თვალის ფორმის სარკე უნებურად წამოატივტივებს ღვთის ყოვლისმხედველ თვალსაც, რომელსაც არაფერი გამოეპარება და მარადიული მოწმეა ჩვენი სიკეთისა თუ ცოდვისა.

რომანი სათაურიდანვე იქცევს ყურადღებას. „სამხრეთული სპილო“ იმ რიგის სათაურებს განეკუთვნება, რომლებიც ეგზოტიკურობით იზიდავენ მკითხველს, თავისი მრავალმნიშვნელოვნებით ერთგვარი საიდუმლოების ბურუსში ახვევენ და გამოცნობისკენ უბიძგებენ. თუმცა, რომანის კითხვისას სათაურის გამოცანას იოლად ეძებნება გასაღები, ის ბავშვობისეულ “სამოთხეს” განასახიერებს. მთხრობელისთვის ძვირფას რელიკვიად იქცა ფოტო, რომელზეც მეგობარ თაზოსთან ერთად სამხრეთული სპილოს ჩონჩხის ფონზე არის გადაღებული მუზეუმის ეზოში. ეს ფოტო დროდადრო ამოყვინთავს რომანში, როგორც გადამრჩენელი კუნძული, რომელიც ცხოვრების ტალღებში ჩასაძირავად განწირულ გმირს, არაფრობის, სიცარიელის, ამაოების შეგრძნებით, დაღლილსა და გამოფიტულს, სასიცოცხლო ენერგიას მიაწვდის. თვითონ ავტორი ერთ ინტერვიუში ამ სათაურთან დაკავშირებით ამბობს: “სპილოს პრეისტორიული ჩონჩხი გამოდგა იმ ქალაქის სიმბოლოდ, რომელიც აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო, გინდაც ადამიანების სიმბოლოდ, რომლებიც გადაშენების გზაზე დგანან იმიტომ კი არა, რომ სხვებზე უკეთესები არიან, უბრალოდ, ქალაქთან ერთად ადამიანებიც იცვლებიან და აღარასოდეს იქნებიან ისეთები, როგორებიც კონკრეტულ ეპოქაში იყვნენ. იმის თქმა მინდა, რომ წესიერად არც ვიცი, რისი სიმბოლოა ეს სპილო და მოდი ამაზე სხვამ იფიქროს”.

თხრობაში ბუნებრივად შემოიჭრება ხსენება ოთარ იოსელიანის ფილმისა “იყო შაშვი მგალობელი”. მკითხველს უჩნდება განცდა, რომ გმირის გულში იბადება წყურვილი, თუნდაც კედელზე ერთი ლურსმის ჩარჭობისა, რომელზეც ვიღაცა რაიმეს ჩამოკიდებს. წყურვილი რადგან ჩნდება, წყაროც გამოჩნდება, რადგან ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც. ფეისბუქის ერთმა ფოტომ, რომელზეც მეგობარ თაზოს შვილის, გიოს, შიშველი მუშტი იყო აღბეჭდილი, მისი „მე“ შეძრა და ჩვეული, რუტინად ქცეული ერთფეროვანი ყოფის მდინარებიდან ამოაგდო და იმ გზაზე დააყენა, რომელსაც სინათლისკენ უნდა წაეყვანა. მასში რაღაც ახალი, ავთანდილისეული თავგამეტების მსგავსი, სურვილი დაიბადა, რომელსაც ჩვეული მელანქოლიური გულგრილობა ვეღარ გადაეღობებოდა.

მწერალი ხატავს ადამიანს, საკმაოდ ნიჭიერს იმისთვის, რომ საკუთარი ადგილი ეპოვა ცხოვრებაში. მისმა ერთადერთმა ფილმმა  საერთაშორისო ფესტივალებზე  არაერთი ჯილდო მოიპოვა, მაგრამ: “მაშინაც კი, როცა ჩემი ფილმით ვმოგზაურობდი, უკვე მქონდა შეგრძნება, რომ იმ ჭყეტელა სამყაროში სრულიად დროებით და ლამის შემთხვევით ვიყავი მოხვედრილი”. მან შეიძულა პრაგმატულ-ანგარიშიანი, მლიქვნელობითა და ფარისევლობით, ყალბი ურთიერთობებით სავსე სამყარო, ყველა ჯილდოს ერთ ტომარაში უკრა თავი და კუთხეში მიაგდო. ყველასა და ყველაფრისგან გაუცხოვდა, შესაბამისად, ასევე აღიქვამდა სამყაროსაც, თუმცა არ დაუკარგავს ადამიანების, მათი პატარა სიხარულისა და ტკივილის დანახვის ნიჭი. ამიტომაც ივსება მისი აწმყო სხვადასხვა ადამიანის ამბებით.

რომანის გმირის ცხოვრებისეულ გზაჯვარედინებს ქმნის მისი ურთიერთობა საყვარელ ნელისთან, ცოლ ელენესა, შვილ ქეთოსთან, მეგობარ თაზოსა თუ სხვა ნაცნობსა თუ შემთხვევით შეხვედრილ ადამიანებთან.  ნელის სიყვარულისა და მათი ურთერთობის რომანტიკული ამბები წარსულის დრო-სივრციდან შემოიჭრებიან. სანამ ნელის გაიცნობდა, ისეთი ამბავი გადახდა, ჰიჩკოკის ფილმში ეგონა თავი, ძაღლმა უკბინა “ნეორეალისტურ” ჩიხში.  მერე “ოკუპაციური თერაპევტი”, ნელი, დასჭირდა  თითების ასამოძრავებლად და ასე გაიცნო შავგვრემანი ქალი: “ნელისთან ერთად როცა ვარ, ყველაფერი მინდა ამქვეყნად, ტაჯმაჰალიდან დაწყებული, ნიაგარის ჩანჩქერით დამთავრებული, ჩემია ყველაფერი. ერთ სიგარეტთან ერთად შემიძლია, მთელი სამყარო შევისრუტო და კიდევ მინდოდეს”. ნელის შეუძლია “ურთიერთობა ლამაზ თამაშად გადააქციოს”.  თხრობის რეალურ დროში ნელისთან ურთიერთობა ისტორიაა, აწმყოში იგი სხვისი ცოლია, უცხოეთში გადაკარგული. თუმცა მასზე მოგონებები, ფეისბუქზე ნანახი მისი ფოტოები კვლავ ცხოვრების ნაწილია. მკითხველიც გრძნობს, რომ სიყვარულის ნაკვალევს დრო ვერასოდეს წაშლის. “თავისუფლად აწყდები სამყაროს ერთი კიდიდან მეორეს, მე ნელისაც მოვწყდი და ამიერიდან ჩემთვის აღარ არსებობს მიზიდულობის ცენტრი, არსებობს მხოლოდ ხიბლისა და სასოწარკვეთის ზღვარზე გამართული მარათონი”.

რომანის გმირის გული, სული და გონება თითქოს პალიმფსესტად ქცეულა, რომლის ყველა შრე ძნელად თუ იოლად, მაგრამ მაინც იკითხება. სიყვარულის კიდევ ერთი ამბავი  ელვასავით შემოანათებს მოთხრობაში. ეს არის ის ეპიზოდები, რომლებშიც დახატულია ქეთოსა და “პარკურის ბიჭის”, კასკადიორის ერთი ნახვით შეყვარება. “პატარა ბიჭი ყვითელქოლგიან პატარა გოგოს კოცნის და მათ ქოლგას აწვიმს, და მთელი სადგური, მთელი სამყარო  წვიმაში და ძილბურანშია ჩაფლული”. ამგვარი ფერწერული დეტალებით, როცა შეიგრძნობ და შეისუნთქავ რომანის ფერებს, ჰაერსა თუ განწყობილებებს, სავსეა თხრობა.

ეს “პარკურის ბიჭიც” საბედისწეროდ შემოიჭრა გმირის ცხოვრებაში, მისი ფილმის გადაღებისას ბიჭი ვაგონიდან გადმოხტომისას დაიღუპა. ამან კი საბოლოოდ ხელი ააღებინა ისედაც უკვე აცრუებულ საქმეზე, რეჟისორობაზე. აქ მისი ზნეობრივი არჩევანიც ჩანს, მას შეეძლო ეს სცენა შეეტანა ფილმში, მაგრამ ეს მის სინდისს ეწინააღმდეგებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა კინოს ისტორიიდან მსგავსი მაგალითი, ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს. რომანში შემოჭრილ სიყვარულის თემას ამძაფრებს საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი დროის ერთი “ანეკდოტური” ამბავიც, რომლის გადაღებაც დაიწყო, მაგრამ ტრაგიკული შემთხვევის გამო ვეღარ შეძლო დასრულება. ინგლისელებმა მასობრივად იქორწინეს ქართველ ქალებზე. შემდეგ, როცა მატარებლით ტოვებდნენ საქართველოს, თან ქართველი ცოლებიც წაიყვანეს ცალკე, ბოლო ვაგონით, რომელიც გზაში, ლიხს იქით, ჩახსნეს. მხოლოდ ერთ ინგლისელს ვერ აუტანია ეს, გადმომხტარა და საყვარელი ქალი საკუთარ ვაგონში გადაუყვანია. მთხრობელმა ჯონათან ჰოუპი დაარქვა ამ ინგლისელს. როგორც თვითონ ამბობს, ეს იყო “ტრაგიკული კარნავალური ისტორია, როგორც მთელი ის სამი წელიწადი”.

ასეთი გამოგონილი თავბრუდამხვევი ბევრი ამბავია ჩართული რომანში, რომელთაც ცალკე ღირებულებაც აქვთ და რომანის ერთიანი სამყაროს ნაწილსაც წარმოადგენენ. მთავარი პერსონაჟის ხასიათი კარგად იკვეთება დედასა და მამასთან ურთიერთობაში. ის მამისგან მიტოვებული შვილია, შესაბამისი სულიერი ტრავმებით. ტრაგიკომიკურად იხატება უკვე ცნობილი რეჟისორის შეხვედრა “არტელშჩიკ” მამასთან. რეალურად, ორი სრულიად სხვადასხვა სამყარო შეეფეთება ერთმანეთს და ამ შეხვედრიდან არ წარმოიქმნება ნაპერწკალი. დონკიხოტური შტრიხებით იხატება გმირის უპერსპექტივო გაუმჟღავნებელი ამბოხი, ოდესღაც ნასწავლი კრივის ილეთებით მამის ცემის და, ამგვარად, მისი დაგვიანებული დასჯის წარმოსახული სცენები.

საოცრად დამაჯერებელია დედასთან ურთიერთობის ეპიზოდები. ზოგადად, ამ ქალის სახე, რომელმაც ამაოდ იბრძოლა ცხოვრებასთან და დამარცხდა. იგი მთელი სიცოცხლე ოცნებობდა, რომ ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებზე რამე აღმოეჩინა, მაგრამ ისე დაიფერფლა, ვერაფერი იპოვა.  დედა და მისი მეგობრები, ე. წ. ზვიადისტები, ისევე, როგორც დანარჩენი საზოგადოება, რომელიმე ჯგუფურ წარმოდგენებსა თუ ოფიციალურად აღიარებულ იდეოლოგიას შეფარებული, ერთგვარი მსხვერპლია კაფკასეული აბსურდისა. თითქოს რაღაც “პროცესში” მონაწილეობენ, თავიდან შეიძლება ნებით ჩართულნი, შემდეგ კი თვით პროცესისვე მსხვერპლნი.  ისინიც რაღაც სამართალს დაეძებენ და ისე იხოცებიან, ვერ არკვევენ, რა დააშავეს. დედა მათგან იმით გამოირჩევა, რომ ამ აბსურდულობას ბოლოს თითქოს ხვდება და დასცინის, ითხოვს საფლავში ჩაატანონ გათხრებში ნაპოვნი უძველესი ნატეხი, რათა მომავლის არქეოლოგებს თავსატეხი გაუჩინოს.

საღამოს შინ დაბრუნებული პერსონაჟი თაზოს ეუბნება, რომ დიდი ხანია სახლიდან არ გასულა, დღეს  კი უამრავი ხალხი ნახა და: “ამდენ სიარულში ერთ რაღაცას მივხვდი, კი არ  მივხვდი, ვიგრძენი… მგონი არ არის ეს ადგილი ცუდი, ჩვენს საცხოვრებელ ადგილზე გეუბნები, ამ ქალაქზე”. ამ სიტყვებში ჩანს თითქოს არა მხოლოდ, ზოგადად, ადამიანური სამყაროს, სიცოცხლის არსის, არამედ, კერძოდ, მისი საკუთარი არსებობის გამართლებაც. გოდერძი ჩოხელის ფინალური ფრაზა გვახსენდება მოთხრობა “თევზის წერილებიდან”: ადამიანად ყოფნა ღირს, და ამას გაიფიქრებს ადამიანებზე ხელჩაქნეული პერსონაჟი, როცა მათს გაუბედურებულსა და მოწყენილ სახეებზე მოყვასის გაწირვის გამო სინანულს შენიშნავს.

ერთი ჩვეულებრივი დღის თბილისური ოდისეა თვითშემეცნებით დასრულდა, პერსონაჟმა ამას ერთი კეთილი საქმით მიაღწია, მეგობრის შვილი გადაარჩინა, თანაც ისე, რომ საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე, თანაც ისე, რომ ეს არც თაზოს და არც ნანიკოს (გიოს მშობლებს) არ გაუგიათ, ერთი სიტყვით, კეთილი სამარიტელივით მოიქცა, ადამიანი და, ამგვარად, ღმერთი კიდევ ერთ ჯვარცმას გადაარჩინა. ნებისმიერი ცოდვა ხომ ჯვარცმის მისტერიას იმეორებს. ამან ცხოვრებასთან დააბრუნა, ბედნიერება გაუმრავლა: “სამყაროს კინოდ აღქმა აღარ უნდა დავუშალო საკუთარ თავს”.

გმირმაც თავის მიერვე დაშლილ-დატეხილი საკუთარი ცხოვრება “ოქროს ძაფებით” ისევე შეაწება, როგორც იაპონური კინცუგოს ხელოვნების ოსტატმა, რომელიც კი არ მალავდა ნაწიბურებს, არამედ ოქროთი აელვარებდა. მთავარი გმირის აღმდგარი მთლიანობის ოქროს ძაფებად, გამაერთიანებლად სხვა ადამიანები იქცნენ. ხშირად ძალიან მცირე რამ არის საჭირო, რომ ადამიანმა სიკეთესა და ბოროტებას, სიყვარულსა და გულგრილობას შორის გაჭიმული ბეწვის ხიდი გადაიაროს – ცრემლის ერთი წვეთი, სხვისთვის უანგარიშოდ დაღვრილი, დაცემულის წამოსადგომად გაწვდილი ხელი. მთავარმა გმირმა გაარღვია ეგოს ჩაკეტილი სივრცე და “მეს” წრეში “შენ”_ის შემოყვანით დაძლია სხვაზე მიჯაჭვულობის შიში, რადგან ეს სხვაზე დამოკიდებულება მიიჩნია არა დატყვევებად, არამე გათავისუფლებად. თუმცა, მისი მეგობარი თაზო ისევ ჩაკეტილ სივრცეშია. მან საკუთარი გადარჩენის გზა თვითონ უნდა მოძებნოს და არც მას გამოადგება სხვისი გამოცდილება. ამიტომაც არ ეთანხმება მთხრობელს და ეტყვის, რომ “ქალაქი… საზარელია”. მწერალი დამაჯერებლად ხატავს თაზოს ტრავმირებულ სულიერ სამყაროს. ის, ქუჩაში მიმავალი, არ გამოექომაგა უცნობ პატარა ბიჭს, მეგობრებმა საქმის გასარჩევად რომ ჩაიყვანეს მიწისქვეშა გადასასვლელის ლაბირინთში. თაზოს არ შეშინებია, “ჩარევა დაეზარა და ეგ იყო ყველაზე ცუდი”. მეორე დღეს კი მისი მკვლელობის ამბავი გაიგო და თვითონვე დაისაჯა თავი გულგრილობის გამო, საკუთარ თავში ჩაიკეტა. ეს იცის მთხრობელმა და ამიტომ ცდილობს თვითონაც უნებურად არ მიბაძოს მას, ამიტომაც იღვიძებს მასში რაღაც რაინდული და აქტიურად ჩაერთვება თაზოს შვილის “გადარჩენის” საქმეში.

თბილისი, ხმაურიან მეგაპოლისად ქცეული ქალაქი, თურქული რესტორნებით, ჩინური მაღაზიებით, სუდანელი და სირიელი ლტოლვილებით, სამხრეთამერიკელებით, ინდოელებით, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან წამოსული ტურისტებით, რომანის  პერსონაჟია, მრავალსახოვანი ქალაქი, სხვადასხვა ნიღაბს რომ ირგებს და ადამიანებს ხან მფარველად, ხან კი ბოროტ დედინაცვლად ევლინება. თბილისია პერსონაჟთა დროსივრცული ასპარეზი, სადაც თავიანთ ვნებებს შიშვლად თუ შენიღბულად წარმოაჩენენ. სწორედ ადამიანთა, ქუჩათა, შენობათა და ათასი სხვა მსხვილმან-წვრილმან საგანთა თუ მოვლენათა ერთობლიობა წარმოაჩენს იმ ქალაქის სულს, რომელიც ცალ-ცალკე ყოველ მათგანშია. “თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ურბანული რომანი და წიგნი ქალაქზე, რომელიც თან მიყვარს და თან მძულს. ჩემთვის ძალიან ბევრი ტკივილია ამ ქალაქთან დაკავშირებული… წერის პროცესში თითქოს შევურიგდი ამ ქალაქს… უფრო მეტად მიყვარდა, ვიდრე მანამდე”, – ამბობს ერთ ინტერვიუში მწერალი.

რომანის ხიბლი ისაა, რომ მწერალი თავისი მოთხრობილი ამბებით მკითხველს იმაში აჯერებს, რომ სამყაროში სიკეთე, სინათლე და სიყვარული გადასწონის სიბნელეს, სისასტიკესა და ბოროტებას. რომანის ერთ-ერთ ბოლო ეპიზოდში მეგობარ ვიდასის ელექტრონული წერილი ამცნობს, რომ ვილნიუსის თავზე მფრინავი ბუშტები ისევ გამოჩნდა. მედიკომ და ლეომ ერთმანეთს მიაგნეს. ფეისბუქის “ჩატში” ქეთო “გამწვანდა”.  და როცა გმირი “ქიაჩელის ქუჩაზე სიჩუმეს უსმენს”, ის სავსეა ამგვარი ფიქრებით: “რა უნდა იყოს იმაზე კარგი, ვიდრე შენს მეგობარს რომ ნანატრი სიხარული ეწვევა”.

“გრძელი შაბათი დასრულდა”, – რომანის ეს ფრაზაც სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. ღმერთმაც ხომ შაბათს დაასრულა სამყაროს შექმნა. გმირმაც დაასრულა რაღაც ეტაპი თავის ცხოვრებაში და ახალი დაიწყო, მანაც შექმნა თავისი ახალი სამყარო, რომელშიც ის ხვალიდან სხვანაირად გააგრძელებდა ცხოვრებას და არ არის გამორიცხული, შაბათის შთაბეჭდილებებზე ფილმსაც გადაიღებდა. რომანში გმირის სულიერ-მატერიალურ გზას ამდიდრებს მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული უამრავი ადამიანის საოცრად შთამბეჭდავი ამბები. ყველა პერსონაჟს თავისი დასამახსოვრებელი, გამორჩეული ისტორია აქვს, ისეთი, სხვისთვის მოსაყოლად რომ ღირს. თბილისური ოჯახები ირეკლავენ დროში მიმდინარე ცვლილებებს, საქართველოს ბოლოდროინდელ ისტორიას სოციალ-პოლიტიკური ქარტეხილებით. ქუჩაში მოხეტიალე გმირს გალაკტიონის ძეგლის დანახვისას გაახსენდება: “მეგონა პოეტს გიჟების დასაშოშმინებელი პერანგი ეცვა და ხელებიც იმიტომ ჰქონდა უკან გადაგრეხილი. წლების მერე გავიგე, რომ ცეცხლის ალში იწვოდა და გამიკვირდა”. რომანი სავსეა ასეთი დეტალებით, რომლებიც წამითაც არ ადუნებენ მკითხველს.

ერთ ეპიზოდში პოლონელი პროდიუსერი აგონდება, მისი რჩევა, გადაიღოს ფილმი რუსეთის წინააღმდეგ ქართველების გმირულ ბრძოლაზე, ჰეროიკული საგა. არადა, მთხრობელს მიაჩნია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა “კოლაბორაციონიზმის უსასრულო გრძელი საგა უფროა, ვიდრე წინააღმდეგობის, გამონაკლისები იყო”. პოლონელი ჯიუტად ამ გამონაკლისებზე, გმირებზე სთავაზობს გადაღებას, მთხრობელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ახსენდება, მარო მაყაშვილი, მაგრამ ეს ამბები თითქოს უფასურდება მთვრალ პროდიუსერთან მოყოლისას. მერე პოლონელი უსვამს კითხვას, როგორ ებრძოდა მისი ოჯახი საბჭოთა რეჟიმს? პასუხად მოყოლილია ამბავი, რომელშიც 10 წლის ბიჭი მამის წაქეზებით “რაგატკიდან” გასროლილი ქვით სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს ფანჯრებს ჩაამსხვრევს. თუმცა ამას მოჰყვება მისი ტკივილიანი აღიარება: “მაპატიეთ იმისთვის, რომ მამაჩემი დისიდენტი არ ყოფილა, რომ არც მე ვყოფილვარ გოლიათ საბჭოთა სისტემასთან შერკინებული ყრმა დავითი”.

მთავარი სიუჟეტური ხაზიდან გადახვევით, უამრავი მცირე დეტალით მწერალი ქმნის თბილისის, როგორ ცოცხალი და მფეთქავი სხეულის, მოზაიკურ პორტრეტს. ერთ ამბავს მეორე ებმის, მეორეს მესამე და ამგვარად იხატება წარსულისა და აწმყოს ერთიანობა. შთამბეჭდავ ამბებს შორის გამორჩეულია კიდევ ერთი, ინგლისურის მასწავლებლის რეპრესირებული ოჯახის ისტორია, დაუვიწყარია მისი ეზო, ბავშვებით დახუნძლული თუთის ხით, ოსკარ უაილდის “ეგოისტი გოლიათის” კითხვით: “რამდენი რამე შეიძლება დაიტიოს ერთმა ეზომ? ერთმა ცხოვრებამ? რამდენ რამეს უძლებს ერთი გული?” ბანალური, მაგრამ მაინც უცვეთელი მარადიული პასუხგაუცემელი კითხვებია. მთავარია ეს კითხვები დასვა, პასუხები ამბები და ფიქრის ნაკადებია, რომლებიც ადამიანად ყოფნის ტკბილ-მწარე ბედნიერების განცდას ბადებს. შემაძრწუნებელია გადასახლებული ქალის დახვრეტის ისტორია: “ვფიქრობდი ჩრდილოეთის ტრამალებზე, თოვლსა და მხეცებზე, რომლებმაც თოვლში უპატრონოდ დარჩენილი ჩემი მასწავლებლის დედის ცხედარი შეჭამეს”. მათ, ისინი – ამ ნაცვალსახელებით მოიხსენიებიან უპიროვნო ჩეკისტები, უსახოები, სისხლით რომ წერდნენ ისტორიას.

მართალია, მთავარი რეალური სივრცე თბილისია, მაგრამ სხვადასხვა პერსონაჟის ამბებით რომანის გეოგრაფია ბევრად ვრცელია, თხრობაში შემოიჭრება როზეტას სვანეთი, დედის ნაქალაქევი, მედიკოს ევროპა და, ამგვარად, მკითხველი წარმოსახვით გლობალური სამყაროს მაჯისცემასაც შეიგრძნობს. მწერლისა და მკითხველის ურთიერთობას, მათ შორის დიალოგს ხელს უწყობს, უპირველეს ყოვლისა, არჩილ ქიქოძის, როგორც მთხრობელის ოსტატობა. მის თხრობას საოცარი მუხტი და ენერგია ახლავს. ამბების თანამიმდევრობა ხორციელდება გარკვეული რიტმით, რომელიც მკითხველს არ ადუნებს. მას აქვს “სტილის მოხდენილობისთვისაც აუცილებელი სიტყვის მოქნილობა, აზრის სისხარტე” (იტალო კალვინო).

ერთი შეხედვით, არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ არის მის თხრობით სტრატეგიებში, არსებითად, იგრძნობა კლასიკური ტრადიციული თხრობის ერთგულება, მაგრამ გემოვნება, ერთგვარი დახვეწილობა, გამოთქმის სიზუსტე და სიცხადე, ბუნებრივი ნიჭი საგანთა და მოვლენათა შუაგულის, არსებითის დანახვისა და შესაბამის სიტყვიერ ქსოვილში მოქცევისა, კინოსთვის დამახასიათებელი მონტაჟის ტექნიკა, ეპიზოდების ექსპრესიული მონაცვლეობა, განსხვავებული გამოკვეთილი ხასიათების ხატვა მის სტილს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში უდავოდ გამოარჩევს.

ყველა მწერალი თავის მკითხველზე ოცნებობს, ერთზე ან მრავალზე, თანადროულსა თუ მომავლის მკითხველზე. ამ ოცნების გარეშე არ დაიწერებოდა არცერთი მხატვრული ნაწარმოები. მწერლისა და მკითხველის შეხვედრიდან კი იბადება ის, რასაც მხატვრული ტექსტის გაგება, გააზრება, ინტერპრეტაცია ჰქვია. ვფიქრობთ, არჩილ ქიქოძის პროზა იოლად მოძებნის თანამზრახველებს, რომლებიც სალიტერატურო თამაშში აჰყვებიან. მისი მკითხველები თანაბრად იქნებიან კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურის მოყვარულნი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი