პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ დავძლიოთ ინდივიდუალიზმის კრიზისი?

თუ საგნებს მოვექცევით ისე, როგორც ეს ჩვენ გვსურს, ან მხოლოდ ჩვენ მიგვაჩნია სწორად, ერთ მშვენიერ დღეს, ისინი უბრალოდ გაქრებიანდატოვეთ საგნები მარტო, თავის ნებაზე და მათი თვითნებური, სპონტანური ქმედებებით მიიღებთ საუკეთესოს.

ჰაიეკი

თუ საზოგადოებაში ჭარბობს კოლექტიური განწყობა და აზროვნება, დემოკრატია განწირულია დასაღუპად.”

ჰაიეკი

 

საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ, არც თავისუფალია და არც დემოკრატიული, თუმცა ათეული წლებია სწორედ ამ ღირებულებებისთვის ვიბრძვით. ყველა სფეროში მართვა დაფუძნებულია კოლექტიურ ცნობიერებაზე და ყველა პრობლემა, რომელსაც ამ მიმართულებით ვხვდებით, კოლექტიურ ქცევასთან არის დაკავშირებული. საქმე ისეა, როგორც  ჰაიეკი გულისხმობდა ამ ციტატაში:

შეურიგებლობა და განსხვავებული აზრის დაუნდობელი ალაგმვა, თვალთმაქცობა და დასმენა, ცალკეულ პირთა ცხოვრებისა და ბედნიერებისადმი სრული გულგრილობა, – კოლექტივიზმის არსებითი და გარდაუვალი ნიშანია”.

ჰოდა, როგორ საზოგადოებას ვაშენებთ? ისევ ძველ წრეზე ვტრიალებთ და მეორდება და მეორდება ერთი და იგივე… ინდივიდუალიზმის ნაკლებობას მივყავართ იქამდე, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება სრულიად ავტომატიზებულია. ეს ავტომატიზმი ეხება არა მხოლოდ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებს, არამედ განათლებასა და კულტურას, რასაც საბოლოოდ მივყავართ ჩაკეტილ, დახშულ, მოსაწყენ ცხოვრებამდე; დათრგუნული ინდივიდუალიზმი და შემოქმედებითობა გადაიზრდება არარეალიზებულობის აგრესიაში, რაც სხვადასხვა ნეგატიური ფორმით ვლინდება ყოველდღიურ ცხოვრებაში (მათ შორის, ნარკოტიკულ თრობასა და ეგზალტაციაში). როცა ადამიანი ბუნებრივად ვერ ხდება ბედნიერი, მაშინ ის ესწრაფვის ხელოვნურ საშუალებებს, რომ გაექცეს მოსაწყენ ცხოვრებას;  ბოლოს აღმოჩნდება, რომ ჩვენ ვებრძვით არა გამომწვევ მიზეზებს, არამედ მხოლოდ შედეგებს და ამით არაფერიც არ იცვლება.

საიდან იწყება ნამდვილი ცვლილება?

ეს, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყველაფერი დაბადებიდან იწყება – ოჯახიდან, ბაღებიდან, სკოლებიდან  და უნივერსიტეტებიდან… აღზრდისა და განათლების სისტემა აყალიბებს პიროვნებას და ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, რომელშიც არავინ არ ფიქრობს მიზეზებზე, არამედ მხოლოდ შედეგებს ებრძვიან! ჩვენ ვცხოვრობთ ტოტალური ბრძოლების ეპოქაში: ყველა ყველას წინააღმდეგ. ადამიანები ებრძვიან ერთმანეთს, პარტიები ებრძვიან ერთმანეთს, კლანები ებრძვიან ერთმანეთს, ტელევიზიები ებრძვიან ერთმანეთს და, ამავე დროს, ერთმანეთის ჯინაზე ცხოვრობენ და საერთოდ დაავიწყდათ, რომ საკუთარი „ჯინიც“ ჰყავთ, რომელიც სულ ელოდება, რომ ადამიანმა ჰკითხოს, რას ისურვებს?

მასობრივი კოლექტიურობის გარემოცვაში ინდივიდის ადგილი არ რჩება და ადამიანი ცხოვროს არა საკუთარი სურვილების და მიზნების შესაბამისად, არემედ აკეთებს იმას და ისე, როგორც კოლექტივში, კლანში, კორპორაციაშია დადგენილი, ხოლო ყოველი გადახრა ნორმიდან, წესებიდან – დასჯადია!

რა შეიცვალ ვაჟა-ფშაველას თემისა და პიროვნების პრობლემის შემდეგ? მაშინაც და ახლაც (და არა მხოლოდ ლიტერატურაში) ინდივიდი დაუცველია, როცა ის გამოავლენს დადგენილ წესებთან წინააღმდეგობას.

პროფესორი თენგიზ ვერულავა ძალიან საინტერესოდ საუბრობს ფრიდრიხ ჰაიეკის ნაშრომზე: “გზა ბატონყმობისკენ”, რომელიც რეზონანსშია თანამედროვე სამყაროსთან და ადამიანთან, ამიტომ ვრცელ ამონარიდს გთავაზობთ:

 „ინტელექტუალების იმედი, რომ სახელმწიფო კონტროლი მხოლოდ ეკონომიკით შემოიფარგლება, და პირად თავისუფლება ხელშეუხეელი იქნება, ილუზორული ხდება. ადამიანი საკუთარი პირადი მიზნების მისაღწევად საშუალებების არჩევისას სახელმწიფოზე დამოკიდებული ხდება, რადგან სახელმწიფო მისი პრიორიტეტების შესაბამისად განსაზღვრავს, თუ რა და რამდენი უნდა აწარმოოს, ვინ რა სარგებელით უზრუნველყოს. ვიწროვდება არა მხოლოდ სამომხმარებლო არჩევანის თავისუფლება, არამედ პროფესიის, სამსახურის, საცხოვრებელი ადგილის არჩევანის უფლება. ადამიანი აღარ ღებულობს გადაწყვეტილებებს. დაგეგმილი მიზნების მისაღწევად საჭიროა ერთიანობა, ერთიანი აზრი, ქცევის ერთგვაროვნება. შესაბამისად სახელმწიფო მიისწრაფვის დაამყაროს კონტროლი არა მხოლოდ საგნებზე, არამედ ადამიანის აზროვნებაზე. საზოგადოება მთლიანად პოლიტიზირებული ხდება: მისი წევრებად აღიარებენ მხოლოდ მას, ვინც იზიარებს დადგენილ მიზნებს; თითოეული ადამიანი ფასდება საერთო საქმისადმი მისი საჭიროებით. საზოგადოდ მიღებულ აზრთან უთანხმოება სახელმწიფოსთან უთანხმოებად იქცევა, ანუ პოლიტიკური აქციად.

მეცნიერება და ხელოვნება ასევე ჩაყენებულია საზოგადოების სამსახურში. ყველაფერი, რაც უსარგებლოაწმინდა ხელოვნება, აბსტრაქტული მეცნიერებაუარყოფილია. იწყება თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი აზროვნების სიკვდილი. იქმნება ახალი ადამიანი – “ერთიანი ყოვლისმომცველი ორგანიზაციის ადამიანი“, რომელიც სინდისს კოლექტივთან ჩართულობაზე ცვლის. წარმოიქმნება შეუქცევადი ფსიქოლოგიური ცვლილებები: ისპობა ისეთი ღირსებები, როგორიცააპიროვნული დამოუკიდებლობა, რისკზე წასვლის სურვილი, საკუთარი მრწამსის დაცვის უნარი, რადგანაც ადამიანი ეგუება, რომ საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად მიმართოს სახელმწიფოს. სახელმწიფოს მიერ საზოგადოების და პიროვნების ასეთი შთანთქმის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და მისი ბუნებრივი დასასრულიატოტალიტარული რეჟიმის ფორმირება.

 

ჰაიეკის ეს ნააზრევი აწმყოს ფაქტიცაა და მომავლის ერთგვარი წინასწარმეტყველებაც. დიდი ლოგიკა და სემიოტიკური ანალიზი არ არის საჭირო იმის გასაგებად, რომ ამოვიცნოთ ტოტალიტარიზმის ნიშნები თანამედროვე პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაში. მაგრამ რას ვაკეთებთ მას შემდეგ, რაც ამოვიცანით? როგორ ვცვლით სისტემას?

აღზრდისა და განათლების მოდელებიც ხომ განსხვავებულია იმის მიხედვით, როგორ პიროვნებას ვზრდით? შესაბამისად, როგორი საზოგადოება გვჭირდება? რა სჭირდება თითოეულ ადამიანს?

არ ვამბობ, რომ მხოლოდ ინდივიდუალისტური უნდა იყოს აღზრდა და მხოლოდ ეგოს აძლიერებდეს. ვფიქრობ, რომ ჰარმონიული ადამიანის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა ორივე: ინდივიდუალისტურიც და გუნდური უნარ-ჩვევების განვითარებაც.

ინდივიდუალისტურად აღზარდო, ნიშნავს: აღზარდო დამოუკიდებელი, თვითრეალიზაციაზე ორიენტირებული, შემოქმედი, საკუთარ სიტყვასა და ქმედებებზე პასუხისმგებელი, საკუთარი მე-ს მაძიებელი  პიროვნება;

კოლექტიურობის აღზრდა კი ნიშნავს, კოლექტივის სურვილებზე მორგებულ, კოლექტიური მიზნებისთვის მებრძოლ ადამიანს, რომელიც არის კონფრომისტი, წესიერი, შემგუებელი, დანებებული კოლექტივის საერთო აზრს.

რა თქმა უნდა, განსხვავებულია საზოგადოებები და ადამიანთა საზოგადოებრივი „მე“-ები იმის მიხედვით, რომელს ზრდის ესა თუ ის კულტურა.

სწორედ ამ საკითხებს განიხილავს ლალი სურმანიძე  ნაშრომში „ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური საზოგადოებები“:

„კოლექტივისტურ და ინდივიდუალისტურ კულტურაში განსხვავებულია საზოგადოებრივი „მე“-ც. ინდივიდუალისტურ კულტურაში უმაღლეს საზოგადოებრივ ღირებულებებად მიჩნეულია დამოუკიდებლობა, ავტონომიურობა, თვითრეალიზაცია, ინდივიდუალური მიღწევები, ასევე მნიშვნელოვანია განსხვავებულობის, ორიგინალობის ფაქტორი (ჩაცმულობა, პოზიცია, მეტყველების მანერა); კოლექტივისტურ კულტურაში კი უმაღლესი საზოგადოებრივი ღირებულებაა კონფორმიზმი, რაც საზოგადოების მიმართ სოლიდარობის გამოხატულებად მიიჩნევა. „კოლექტივისტურ საზოგადოებაში იყო „მშვენიერი“, ნიშნავს ამართლებდე საზოგადოების მოლოდინებს“.

ზემოთქმულს თუ შევაჯამებთ, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს აკლია ინდივიდზე ორიენტირებული განათლება. სწორედ ამაზე ზრუნვა მიმაჩნია სახელმწიფოს უპირველეს მოვალეობად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი