პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ მოვირგოთ ფასილიტატორის როლი

კლასის დამრიგებლის მოვალეობებში მოსწავლეებთან მუშაობის პარალელურად მშობლებთან მუშაობაც შედის. ფაქტობრივად, სკოლასა და ოჯახს შორის კომუნიკაციას დამრიგებელი წარმართავს. მშობელთა კრება ამ კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.

კლასის დამრიგებელთა დიდი ნაწილი საუბრობს კრებებზე მშობელთა დასწრების დაბალ დონეზე, დაბალ ჩართულობაზე. რა ხერხებითა და მეთოდებით შეიძლება ამ შეხვედრების ისე წარმართვა, რომ მშობლის როლი გააქტიურდეს? მოსწავლეთა გაკვეთილზე გააქტიურებისკენ მიმართული სტრატეგია, მასწავლებლის გადანაცვლება დომინანტის როლიდან ფასილიტატორის როლში, ამ სიტუაციაშიც იძენს აქტუალურობას.

თანმიმდევრულად გავიხსენოთ მშობელთა კრების სიტუაცია.

მშობელთა კრებას უპირატესად საინფორმაციო ამოცანა აქვს და დამრიგებელიც ძირითადად ინფორმატორის როლშია. ეს თითქოს ნაცნობი როლია მისთვის, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით; სწავლება და ინფორმირება განსხვავებული ამოცანებია და სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. ზოგჯერ პედაგოგი თავადაც ვერ ამჩნევს, ისე ცვლის კრებაზე მიდგომას და ზრდასრული ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად იწყებს მათზე ზემოქმედებას ინფორმაციის საშუალებით ანუ სწავლებას, დარიგებას, დამოძღვრას.

შედეგად, ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს და გაიაზროს ინფორმაცია, განურჩევლად მისი შინაარსისა, მსმენელი განეწყობა გზავნილის მიღების წინააღმდეგ. მშობელთა კრებაზე მასწავლებელი უმჯობესია დარჩეს კრების წამყვანის – ფასილიტატორის როლში.

მარტივად რომ ვთქვათ, ფასილიტატორი აიოლებს ადამიანებს შორის ურთიერთობას და უზრუნველყოფს შეხვედრის წარმართვას ისე, რომ მონაწილეები არ გასცდნენ განსახილველ შინაარსს და მივიდნენ დისკუსიის ამოცანის გადაწყვეტამდე. დამრიგებელ-ფასილიტატორი მშობელთა კრებაზე უზრუნველყოფს დამსწრეთა ურთიერთობას, თანამშრომლობას; ცდილობს, დისკუსია იყოს პროდუქტიული და დასმული საკითხის გადაწყვეტაზე ორიენტირებული. ფასილიტატორის როლში ყოფნისას პედაგოგი თავის პოზიციას კი არ გამოხატავს, არამედ უზრუნველყოფს იმ შინაარსის ჩამოყალიბება-განვითარებას, რომელიც მონაწილეებისგან წამოვიდა.

ადრე ასეთი მიდგომა უცნაურად მოგვეჩვენებოდა. ახლა მისი საჭიროება სულ უფრო ხშირად იჩენს თავს, რადგან მშობლებს აქვთ პრეტენზია (სამართლებრივ საფუძველზე დამყარებული), გავლენა მოახდინონ იმ სკოლის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესზე, რომელშიც მათი შვილები სწავლობენ, იზრდებიან, ვითარდებიან; ამიტომაც მათი აზრის მოსმენა მისი გათვალისწინების წინაპირობაა.

როგორია ფსიქოლოგთა რეკომენდაციები ინფორმატორისა და ფასილიტატორის როლის გასათავისებლად?

ნებისმიერი ინფორმატორის მთავარი ამოცანაა, მოიქცეს ისე, რომ მოუსმინონ, რაც ნიშნავს, მოისმინონ და გაიგონ ზუსტად ის, რისი თქმაც მას ჰქონდა განზრახული, ანუ შედგეს ეფექტური კომუნიკაცია. ამ ამოცანის გადაწყვეტისკენ უნდა იყოს მიმართული ყველა მცდელობა.

 

რამდენიმე რჩევა:

  • უდიდესი მნიშვნელობა აქვს საუბრის დაწყებას – ის უნდა იყოს მოკლე, ეფექტური, ზუსტი შინაარსით.
  • მოიფიქრეთ და დაწერეთ მიმართვის პირველი სამი წინადადება; ისინი წარმოთქვით მაქსიმალურად მშვიდად და ზუსტად, მიუხედავად თქვენი შესაძლო მღელვარებისა.
  • თუ ეს პირველი შეხვედრაა, წარადგინეთ თავი – მოკლედ, მაგრამ თქვენი სტატუსისა და როლის იმ მხარეების გამოკვეთით, რომლებიც მშობლების თვალში თქვენს ავტორიტეტსა და კომპეტენტურობას წარმოაჩენს.
  • არ დაიწყოთ მობოდიშებით, მაშინაც კი, თუ კრების დაწყება დაგვიანდა რაიმე შეფერხების ან გაუგებრობის გამო. მხოლოდ აღნიშნეთ, რომ კრება ისე არ დაიწყო, როგორც დაგეგმილი გქონდათ. ბოდიში უმალვე გადაგიყვანთ „დაბალ“ პოზიციაში და მსმენელთა თვალში თქვენი ინფორმაციის მნიშვნელოვნებას შეამცირებს.
  • აჯობებს, საუბარი დაიწყოთ, როცა ყველა გაჩუმდება. იპოვეთ ხერხი, რომ მათი ყურადღება მიიპყროთ. სასურველია, ეს მოახერხოთ ორიგინალურად, ისე, რომ თქვენი მეთოდი მშობლებს გაკვეთილს არ აგონებდეთ. მაგალითად, თავდაჯერებულად წამოდექით, გადადგით ყვავილებიანი ლარნაკი მაგიდის ბოლოში და დაიწყეთ.
  • საუბარი დაიწყეთ მშობელთა კრების ლოგიკური ეტაპების წარდგენით: „თავდაპირველად ჩვენ…“, ,,შემდეგ ჩვენ განვიხილავთ…“, ,,და ბოლოს, ჩვენ მოგიწევს…“ შეთანხმდით კითხვებისა და რეპლიკების გახმოვანების ფორმატზე, შეგიძლიათ უთხრათ, რომ კითხვების დასმა ინფორმაციის გაცნობისთანავე აჯობებს ან პირიქით, სთხოვოთ, ბოლომდე მოისმინონ ინფორმაცია და შემდეგ დასვან კითხვები, ან შესთავაზოთ, გზადაგზა დასმულ კითხვებს ჩაინიშნავთ და ბოლოს უპასუხებთ.
  • კარგი იქნება, თუ საორგანიზაციო საკითხების გაცნობის პროცესშივე მოახერხებთ შეცვალოთ დამსწრეთა პოზიცია და ისინი უფრო ჩართულები და მოტივირებულები გახადოთ. ამისთვის გააცანით რამე ახალი საკლასო თუ სასკოლო სიტუაცია, უამბეთ ბავშვების რამე სახალისო ან საინტერესო საქციელზე.
  • თუ მშობლები არ იცნობენ ერთმანეთს, აუცილებლად წარადგინეთ ისინი ან თავად მიეცით წარდგენის საშუალება.

 

რაც შეეხება ინფორმაციის მიწოდებას

 

ნებისმიერი პრეზენტაციისთვის რეკომენდებული სქემა: მოუყევით მსმენელებს იმის შესახებ, რაზეც აპირებთ საუბარს, ესაუბრეთ მათ და ბოლოს უამბეთ იმაზე, რაზეც უკვე ესაუბრეთ – ამომწურავად ასახავს ინფორმაციის გადაცემის ეფექტურ მიდგომას. გაიაზრეთ ეს სქემა და მიჰყევით მას.

სად და როგორ ჯობია დგომა? თუ კლასი დიდი არ არის და არც მსმენელია მრავალრიცხოვანი, აჯობებს, მშობლები წრიულად განლაგებულ მერხებთან ისხდნენ და თქვენც ჩამოჯდეთ ან მასწავლებლის მაგიდის გვერდით დადგეთ. სასურველი არ არის მაგიდის უკან დგომა, რადგან, ფსიქოლოგების აზრით, მასწავლებლის მაგიდა პედაგოგშიც და მშობლებშიც (ისინიც ყოფილი მოსწავლეები არიან) ელვისებურად აცოცხლებს კონკრეტულ ასოციაციებსა და სტერეოტიპებს, რაც ამ ვითარებაში არ გამოგადგებათ. თუ საკლასო ოთახი დიდია, ფეხზე დგომა მოგიწევთ. დროდადრო შეგიძლიათ გადაადგილდეთ. თუ საუბრობთ ინფორმაციის საკვანძო მომენტზე, წაიწიეთ წინ, მსმენელისაკენ; შეჯამებისას ადროვეთ მსმენელებს, გაიაზრონ საკითხი. ამ დროს დაფასთან გაჩერება აჯობებს.

შეუსაბამეთ ხმა შეტყობინების მნიშვნელოვნებას; ყურადღება მიაქციეთ პაუზებს: ისინი აუცილებელია. გახსოვდეთ, რომ თქვენ ჰიპერაქტიურ ბავშვებს კი არ ესაუბრებით, არამედ ზრდასრულ ადამიანებს. მათ სჭირდებათ დაფიქრება, დაფიქრება კი ყველაზე უკეთ პაუზის, სიჩუმის დროს შეიძლება.

ყურადღება მიაქციეთ არავერბალურ ინფორმაციას, რომლის ტრანსლირებასაც თქვენ, ნებით თუ უნებლიეთ, ახდენთ დგომის მანერის, ჟესტებისა და მიმიკის საშუალებით. ყოველივე ეს უნდა შეესაბამებოდეს/ამყარებდეს ვერბალურად გადაცემული ინფორმაციის შინაარსს და დროულად ენაცვლებოდეს მას.

თავს ნება არ მისცეთ, საუბრის დროს დეტალებმა გაგიტაცოთ და თემიდან გადაუხვიოთ. ზუსტად განსაზღვრეთ თემა და იტრიალეთ მის ჩარჩოში.

და კიდევ: მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ ასეთ შეხვედრებს აზრი აქვს, ისინი ოპერატიულად წარიმართება და კონკრეტული შედეგით სრულდება. სწორედ ამიტომ ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ მოზომილად, თანმიმდევრულად და ზუსტად.

მას შემდეგ, რაც აუცილებელ ინფორმაცია მიწოდებულია, შეიძლება მის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე გადასვლა. ეცადეთ, კრებაზე მიიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები და მომავალ შეხვედრაზე არ დაგავიწყდეთ წინა გადაწყვეტილების შედეგების შეხსენება.

განსაკუთრებულად იზრუნეთ მშობლებისთვის თანაბარი პირობების შექმნაზე, რაც ყველაზე უკეთ მერხებისა და სკამების წრიული განლაგებისას მიიღწევა, რათა ყველა დამსწრე კარგად ხედავდეს და უსმენდეს ერთმანეთს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი