შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პოეტი-დენდი

დაახლოებით 2007 წელი იქნებოდა, როცა ლიტერატურულ საიტებს მივაგენი. ჯერ ვეცნობოდი, ვათვალიერებდი, რა ხდებოდა, რა ტენდენციები იყო თანამედროვე ქართულ პოეზიაში, ვინ იყვნენ მოთხოვნადი ავტორები. ყველა საიტზე თუ ფორუმზე, სხვა რამდენიმე ავტორთან ერთად, გიო საჯაია ლიდერობდა. თავი მაშინ ყველაზე მაგარი მეგონა და ირონიანარევი შურითაც კი განვეწყვე ამ (ჩემთვის სრულიად უცნობი) პოეტის მიმართ. საიტებზე მისი ლექსები სათითაოდ არ იდო, ერთად იყო თავმოყრილი და მთელ ამ ონლაინკრებულს მისი ერთი ლექსის სახელი ერქვა: “დუმილის პოეზია”.

ირონიანარევი შური რომ დავძლიე და ინტერნეტში ხელმისაწვდომ ყველა ლექსს სათითაოდ გავეცანი, ის დამემართა, რაც ჩემამდეც და მერეც ბევრ ახალგაზრდა ავტორს დამართნია გიოს ლექსების წაკითხვის შემდეგ: ამ ტექსტებმა, როგორც გურამ დოჩანაშვილი იტყოდა, უბრალოდ გამსრისეს, და თავიანთი გავლენის ქვეშ მომიქციეს, საიდანაც დიდი ხანი ვერ გამოვედი. მეც გიოზე ფანატიკურად შეყვარებული ახალგაზრდა პოეტების სიაში ჩავეწერე. ხშირად ვხუმრობდი ხოლმე: “ჩვენ, ყველანი, “მთვარე ძაღლიშვილის” შვილები ვართ-მეთქი”.

მაშინ ფეისბუქი არ იყო, გიო საიტებზე იშვიათად ჩნდებოდა. მისი გამოჩენა ზეიმი იყო ჩვენთვის. როცა ფოსტას ვასუფთავებდი ხოლმე, გიოსთან მიმოწერას არასდროს ვშლიდი, ვიტოვებდი. მერე ნიკა ჩერქეზიშვილმა მითხრა მეც არ ვშლიდიო. ის იყო ჩვენთვის ლეგენდებით მოსილი კაცი, რომელზეც ამბობდნენ, რომ მძიმე დეპრესიები ჰქონდა ხოლმე და ამ დროს კარადაში იჯდა, ამბობდნენ, რომ ძველი ბიჭი იყო, რომ კაცი ჰყავდა მოკლული, რომ პოკერში ორი მილიონი წააგო და ა. შ. ფოტოებიდან ვიცნობდი და ქუჩაში ვინმეს რომ მივამგვანებდი, თვალს ვაყოლებდი ხოლმე, გიო ხომ არ არის-მეთქი.

მერე, როცა გავიცანი და დავძმაკაცდით, იმ ლეგენდების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი, ცხადია, ტყუილი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, გიო აღმოჩნდა ზუსტად ისეთი, როგორიც წარმომედგინა. შეუცდომელი არავინაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში გიო საჯაია ყველაზე ნაკლებად ცდება, ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას ბევრჯერ დავფიქრებულვარ, როგორ მოიქცეოდა გიო და მეც იმის მიხედვით მოვქცეულვარ, ბევრჯერ რჩევაც მიკითხავს და არც შევმცდარვარ. რჩევები, ცხოვრებისეული საკითხების გარდა, ცხადია, პოეზიასაც შეეხებოდა. მახსოვს, ადრე ერთმა ძველი თაობის ძალიან კარგმა პოეტმა რჩევები მომცა, მაგრამ ეს ისე უხეშად გამოუვიდა, რომ მერე ერთი წლის მანძილზე ვერაფერი დავწერე. გიომ კი ისე ტაქტიანად იცოდა შენიშვნის მოცემა, რომ პირიქით, წერის გაგრძელების ხალისს გიასკეცებდა.

ბევრი ადარებს ერთმანეთს გიო საჯაიას და რეზო გეთიაშვილს. კი, მათ შორის არის მსგავსება, ისევე, როგორც ოთარ ჭილაძესა და გივი გეგეჭკორს, მუხრან მაჭავარიანსა და მურმან ლებანიძეს, ვახტანგ ჯავახაძეს და ტარიელ ჭანტურიას შორის, მაგრამ ეს მსგავსება მხოლოდ ზედაპირულია, სინამდვილეში ისინი ღრმად ინდივიდუალური და თავისებური პოეტები არიან. რეზოს პოეტური სინტაქსივით, გიოს სინტაქსიც კონვენციურ ლექსში საყოველთაო გახდა, გარკვეულ მოდად იქცა მსაზღვრელ-საზღვრულის მისეული წყობა და ენობრივი კონსტრუქციები. აღსანიშნავია, რომ თავიდან გიომ წერა თავისუფალი ლექსებით დაიწყო, მაგრამ თანამედროვე პოეზიაში ვერლიბრის დომინანტობის საწინააღმდეგოდ, კონვენციურ ლექსში გადაინაცვლა (თუმცა ვერლიბრებს შიგადაშიგ ისევ მიმართავს). თუნდაც ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ მას სიძნელეები უყვარს და აღუნიშნავს კიდეც ეს ერთ-ერთ ინტერვიუში.

გიო, თავისი ლიტერატურული განდეგილობით, ნიკო სამადაშვილსა და შოთა ჩანტლაძეს მაგონებს, იმ განსხვავებით, რომ თუ ნიკოს და შოთას კომუნისტური კონიუნქტურა ბლოკავდა, გიომ ეს გზა თვითონ აირჩია. ლიტერატურულ პერიოდიკაში ძალიან იშვიათად იბეჭდება. პოეზიის საღამოებზეც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოდის და, რაც მთავარია, კრებული ჯერ არ გამოუცია. პაოლო იაშვილმა ისე მოიკლა თავი, რომ ერთი წიგნიც არ ჰქონდა, ეს, ცხადია, მისი არჩევანი იყო, რადგან პაოლოს ოციან წლებში წიგნის გამოცემა არ გაუჭირდებოდა. პაოლოს ბედი გიოს ღმერთმა აშოროს, მაგრამ, როცა ამ საკითხზე გვისაუბრია, უთქვამს, რომ წიგნს მხოლოდ ღრმა სიბერეში გამოსცემს, შემაჯამებელს და ერთადერთს, რომელსაც ერქმევა “დუმილის პოეზია”.
მე მაინც იმედი მაქვს, რომ გადაიფიქრებს და მანამდეც გვექნება მისი წიგნი, რომელსაც უამრავი მკითხველი ელოდება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი