პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

კრიზისი საბავშვო ბაღში: რატომ უნდა ითამაშონ ბავშვებმა (II ნაწილი)

ნაწყვეტები Alliance for Childhood-ის კვლევიდან აშშ-ის საბავშვო ბაღების შესახებ
ავტორები: ედუარდ მილერი და ჯოან ელმონი
წყარო: Crisis in the Kindergarten, is available online at www.allianceforchildhood.org
„It is the evening of the day,
I sit and watch the children play…”
(ნაწყვეტი „როლინგ სთოუნზის” სიმღერიდან „As Tears Go By”)
ორი უკანასკნელი დეკადის განმავლობაში საბავშვო ბაღი რადიკალურად შეიცვალა, თუმცა ამერიკელთა დიდმა ნაწილმა ეს არ იცის. დღეს ბავშვები გაცილებით მეტ დროს ატარებენ სწავლასა და ნასწავლის შემოწმებაში, განსაკუთრებით – წერა-კითხვისა და მათემატიკის მიმართულებით. ცოდნა, რომელიც ერთმანეთთან თამაშით, გარემოს გამოკვლევით, საკუთარი სხეულის შესაძლებლობათა შესწავლით თუ წარმოსახვის გამოყენებით მოდის, წარსულს ჩაბარდა. ბევრი საბავშვო ბაღი იყენებს დეტალურად გაწერილ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც მორგებულია შტატების ახალ სტანდარტებს და დაკავშირებულია სტანდარტიზებულ ტესტებთან. საბავშვო ბაღების უმეტესობაში მასწავლებლები ვალდებულნი არიან, მიჰყვნენ სასწავლო ტექსტებს და პროგრამას, რომლიდან გადახვევაც არ შეიძლება.

ეს პრაქტიკა, რომელიც არ დგას მყარ მეცნიერულ საფუძველზე, პირდაპირ არღვევს ბავშვის განვითარებისა და „კარგი” სწავლების დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ პრინციპებს. სამწუხაროდ, ნათლად ჩანს, რომ ასეთი პრაქტიკა ბავშვების ჯანმრთელობისა და, სამომავლოდ, სკოლაში მათი წარმატების პერსპექტივის კომპრომისის ხარჯზე ხორციელდება.

ტრადიციული საბავშვო ბაღი, როგორც დღევანდელ მოზრდილთა უმეტესობას ახსოვს, წარმოადგენდა დიდი ზომის სივრცეს და პრაქტიკულად განუსაზღვრელ დროს არასტრუქტურირებული თამაშით, აქტივობებს ეზოში, ხელოვნებასა და მუსიკას, სოციალური უნარების პრაქტიკას და სწავლას, ასევე – სწავლის სიხარულს, რომელიც სასიამოვნო პროცესი გახლდათ. ეს ყველაფერი დღეს უკვე გამქრალია.

საბავშვო ბაღებში სწავლების საკითხის ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ საბავშვო ბაღში ტიპური დღე შემდეგნაირად გამოიყურება: წერა-კითხვისა და მათემატიკის სწავლებას და ტესტებისთვის მოსამზადებელ მუშაობას 4-6-ჯერ მეტი დრო ეთმობა, ვიდრე თავისუფალ თამაშსა და „თავისუფალ დროს” (30 წუთი ან ნაკლები). 
დღეს საბავშვო ბაღები ვალდებულნი არიან, შეასრულონ „დავალება”, რომელიც მათთვის შეუსაბამოა – დააკმაყოფილონ ის აკადემიური სტანდარტები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ პირველი კლასისთვის იყო განსაზღვრული. ამავე დროს, მათ აღარ სთხოვენ თამაშისგან მიღებულ სიკეთეებს. თამაში, რომელიც ბავშვისთვის სტრესის „მკურნალობის” მთავარი ფაქტორია, აღარ არის აქტუალური.

ეს ორმაგი ტვირთი (საბავშვო ბაღში სწავლა და ტესტებისთვის მზადება – ლ.ა.), მრავალი ექსპერტის აზრით, ხელს უწყობს პატარებში ბრაზისა და აგრესიის ზრდას. შედეგები ძალიან ცუდია – ბავშვების უდისციპლინობა და სისასტიკე. დღევანდელ ბავშვებში ფსიქიატრიული დარღვევების მაღალი ფონის გათვალისწინებით, კრიტიკულია საგანმანათლებლო პრაქტიკაში მათი ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და განვითარება, რათა შევამციროთ ფსიქოლოგიური და ფსიქიკური დაავადებების რისკი.

უახლესი ცხრა გამოკვლევა და ანალიზი ადასტურებს, რომ აშშ-ში საბავშვო ბაღების ინსტიტუტი, ერთ დროს ამერიკული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი, კრიზისშია. თუ პრობლემას თვალი არ გავუსწორეთ და გადარჩენის გზები არ დავსახეთ, არსებობს საშიშროება, მსგავსმა პრობლემებმა და დაავადებებმა სკოლამდელი ასაკისა და სამ წლამდე ასაკის ბავშვებშიც იჩინოს თავი.

საბავშვო ბაღების პროგრამაში რადიკალურ ცვლილებათა გრძელვადიან შედეგებსა და საბავშვო ბაღებიდან თამაშის გაქრობაზე ძალიან ცოტას ლაპარაკობენ, რაც შესაძლოა არა მარტო სკოლების, არამედ საზოგადოების პრობლემად იქცეს.

დღეს, როდესაც პოლიტიკოსთა უმეტესობა ხმამაღლა გაიძახის და მხარს უჭერს უფრო მეტ ტესტებს, მეტ ვალდებულებებს და ადრეული ასაკის ბავშვებთან ძირეული აკადემიური დისციპლინების სწავლების განვითარებას, ამერიკის მთავარი ბიზნესსტრუქტურები და კორპორაციები ხმამაღლა გაჰყვირიან, რომ მხოლოდ შემოქმედება, კრეატიულობა და თამაშია აშშ-ის სამომავლო ეკონომიკის საფუძველი.

დენიელ პინკი, „ახლებური გონების” ავტორი, საუბრობს „წარმოსახვის ეკონომიკაზე”, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ რაიმე ისეთი შექმნან, რისი დუპლიკაცია, ავტომატიზაცია და აუთსორსინგიც (out-sourcing) შეუძლებელია. პინკი ამბობს, რომ არამატერიალური „პროდუქტი” – ის, რაც ადამიანის წარმოსახვით, გონებით იქმნება – მალე ყველაზე ძვირფას პროდუქციად მოგვევლინება. 

ის, რაზეც დენიელ პინკი ლაპარაკობს, წესისამებრ, ადამიანის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს შემოქმედებაა – არტისტული, კრეატიული, ხელოვნებისკენ მიმართული ადამიანური ქმედებები და შესაძლებლობები. „როგორ შეიძლება ველოდეთ ჩვენი ბავშვების სამომავლო წარმატებებს „წარმოსახვის ეკონომიკაში”, თუ მათ საბავშვო ბაღებშივე შევუზღუდეთ თამაშისა და წარმოსახვის განვითარების საშუალება?” – კითხულობს პინკი.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბავშვების მიერ ინიცირებული თამაშების დაბრუნება ადრეული განათლების ეტაპზე თავისთავად ვერ მოაგვარებს იმ კომპლექსურ პრობლემებს, რომელთა წინაშეც დღეს საბავშვო განათლება დგას – ის ვერ დაეხმარება ყველა ბავშვს, განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც განსხვავებული მოვლა და სპეციალური განათლება ან პროგრამები სჭირდება; იმათ, ვინც ღარიბი ოჯახებიდანაა გამოსული; იმიგრანტთა ბავშვებს, რომლებიც ახლაღა იწყებენ ინგლისურის სწავლას.

ჩვენ არ ვითხოვთ უბრალოდ „ძველი კარგი დროის” სასწავლო პრაქტიკის „დაბრუნებას”; შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ უკეთ გვესმის იმ მდიდარი გამოცდილების ფასი, რომელიც სჭირდებათ ბავშვებს ხალისიან და ენთუზიაზმით აღსავსე „მოსწავლე ადამიანებად” გადასაქცევად. მასწავლებლებმა უნდა გააცნობიერონ იმ შედეგის მისაღწევად საჭირო მეთოდები და გზები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ბავშვების მიერ ინიცირებულ თამაშებთან შერწყმულ მიზანმიმართულ, ფოკუსირებულ სწავლებას და რომელსაც სტანდარტიზებული ტესტირება, დიდაქტიკური სავარჯიშოები და წინასწარ გაწერილი სასწავლო კურსი ვერაფრით მოიტანს. „ჯანმრთელ” საბავშვო ბაღში თამაში არ ნიშნავს იმას, რაც „გამოვა”; თამაში ქაოსში არ უნდა გადაიზარდოს. მაგრამ არც მოზრდილთა მიერ მკაცრად სტრუქტურირებული უნდა იყოს, ხელს არ უნდა უშლიდეს ბავშვებს ინიციატივის გამოჩენასა თუ საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებულ კვლევაში.

საბავშვო ბაღებს სჭირდებათ ზომიერი ბალანსი ბავშვების მიერ ინიცირებულ თამაშსა და თამაშში მასწავლებლების მონაწილეობას შორის. თამაშის მიზნისკენ მიმავალ გზაზე ბავშვებს მასწავლებელმა უნდა „მისცეს გეზი”, როდესაც ეს საჭირო გახდება.
თამაშს უამრავი სახეობა აქვს. ხეზე აძვრომა სხვაა, ხის ტოტებისა და ქვებისგან სახლის აშენება – სხვა, სხვაა თოჯინის ჩაცმა და სხვა – როლური თამაშები. როდესაც ბავშვი უკვე ხეზეა, ის შეიძლება მოულოდნელად მეკობრედ „გადაიქცეს”, რომელიც გემის გარშემო გაწოლილ ოკეანეს ათვალიერებს. თამაშები განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა მდიდარ სათამაშო გარემოში ისინი ხშირად „გადაკვეთენ” და „შეერევიან” ერთმანეთს.

კარგად განვითარებულ მოთამაშეს უამრავი ფორმის მქონე სათამაშო რეპერტუარი აქვს; თამაშებზე ორიენტირებული საბავშვო ბაღი ხელს უნდა უწყობდეს ყოველგვარი სახეობის თამაშს. თამაში, როგორც წესი, კატეგორიებში მკაცრად ვერ ეტევა, მაგრამ თამაშზე დაკვირვება და მისი შესწავლა-გააზრება დაეხმარება მასწავლებლებსა და მშობლებს, შეიგრძნონ ის ცვალებადი გარემო, რომელშიც ბავშვების თამაშები მიმიდინარეობს. თამაშებზე დაკვირვება ასევე გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ რამდენად ადეკვატურია გარემო, რომელსაც „თამაშებზე ორიენტირებული” საბავშვო ბაღი აძლევს ბავშვებს სხვადასხვა ტიპის თამაშისთვის.
თამაშის 12 ძირითადი სახეობა ასე გამოიყურება:
1. თამაშები, რომლებიც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ბავშვებს უყვართ ცოცვა, სირბილი, ბზრიალი, ხტომა და, საზოგადოდ, მოძრაობა. ასეთი თამაშები ავითარებს კოორდინაციას, წონასწორობას და გარემოში საკუთარი სხეულის აღქმას.

2. მცირე ფიზიკური დატვირთვის თამაშები. ასეთი თამაშები მოიცავს პატარა სათამაშოებსა და მცირე აქტივობებს: მძივების თოკზე აცმას, ნივთებთან დაკავშირებული ადვილი ამოცანების ამოხსნას, ნივთებისა თუ სათამაშოების რაიმე პრინციპით დაჯგუფებას – ეს ავითარებს გონებამახვილობას, სიჩაუქეს და მოხერხებულობას.

3. დახელოვნების თამაშები. ბავშვები თამაშის დროს ბევრჯერ იმეორებენ მოძრაობას ან მანიპულაციას, სანამ კარგად არ დახელოვნდებიან მასში. მაგალითად, ყუთის შეფუთვას, კვანძის შეკვრას, ბურთის კენწვლას, გრძელი ჭოკით წონასწორობის შენარჩუნებას (სანამ „ცირკის ნამდვილი მსახიობივით” არ გამოუვათ).

4. წესებზე დამყარებული თამაშები. საბავშვო ბაღისა და დაწყებითი კლასების ბავშვებს ძალიან უყვართ იმ თამაშებში ჩართვა, რომელთა წესებსაც თვითონ იგონებენ ერთმანეთთან შეთანხმებით. ასევე ბავშვებს შორის შეთანხმება უდევს საფუძვლად ამ წესების სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენებას.

5.  სამშენებლო თამაშები. სახლებისა და სხვა სტრუქტურების მშენებლობა წარმოადგენს თამაშის საბაზო ფორმას, რომელიც უნარებსა და წარმოსახვას მოითხოვს.

6. წარმოსახვითი თამაშები: თამაშების ეს ფართო კატეგორია მოიცავს სხვა თამაშების უამრავ ტიპს და მდიდარია ენით, პრობლემების მოგვარების ხერხებითა და წარმოსახვით. ხშირად ასეთი თამაში იწყება ფრაზით: „მოდი, ვითომ…” – და მოიცავს ყველაფერს, რაც ბავშვებს შეუძლიათ წარმოიდგინონ ან საკუთარი გამოცდილებიდან შემოიტანონ თამაშში.

7. სიმბოლური თამაშები. ამ თამაშის დროს ბავშვები იღებენ ნებისმიერ ნივთს და „გადააქცევენ” მას სათამაშოდ ან რაიმეს „ნაცვალად”, რაზეც შემდეგ მთელი მათი წარმოსახვითი თამაში აიგება.

8. ენობრივი თამაშები. ბავშვები თამაშის მეშვეობით ცდილობენ ენის დაუფლებას – თამაშობენ სიტყვებით, რითმით, ლექსებით, სიმღერებით, რომლებსაც ან თვითონვე იგონებენ, ან იღებენ არსებულს და სურვილისამებრ ცვლიან. ისინი ამ დროს ჰყვებიან ისტორიებს, ამძფრებენ მათ. ძალიან მოსწონთ ამ თამაშში უცხო სიტყვების ჩართვაც.

9. ხელოვნებაზე დამყარებული თამაშები. ბავშვები ყოველგვარ ხელოვნებას რთავენ თავიანთ თამაშებში – იყენებენ ნებისმიერ მასალას, რომელზეც ხელი მიუწვდებათ, რათა ხატონ, ძერწონ, თოჯინები აალაპარაკონ, იმღერონ და სხვა. ისინი ამ დროს იკვლევენ თავიანთ არტისტიზმს და იყენებენ მას თავიანთი გრძნობებისა თუ იდეების გამოსახატავად.
10. სენსორული თამაშები. ბავშვების უმეტესობას ხიბლავს ტალახით, ქვიშით, წყლით, ხით თამაში. ისინი ამ დროს ეცნობიან მასალებს, რომლებსაც სხვადასხვანაირი ფაქტურა, სუნი და ხმა აქვს. ასეთი თამაშები გრძნობების განვითარებას უწყობს ხელს.

11. დაუგეგმავი თამაშები ფიზიკური კონტაქტით. თამაშის ეს ფუნდამენტური სახეობა ჩვეულებრივია როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველებისთვისაც. ცხოველებმა კარგად იციან, როგორ ითამაშონ ფიზიკური კონტაქტის მეშვეობით ისე, რომ ერთმანეთს ზიანი არ მიაყენონ. ისინი „ამრგვალებენ” თავიანთ ჟესტებს და კბენენ, ურტყამენ ერთმანეთს დომინაციის მიზნის გარეშე. ბავშვებსაც მოსწონთ კონტაქტის მეშვეობით საკუთარი სხეულის შესაძლებლობათა გამოცდა, თუმცა მათ ხანდახან დახმარება სჭირდებათ, რათა თამაში სწორად წარიმართოს და აგრესიაში არ გადაიზარდოს.

12. რისკების შემცველი თამაშები. ბავშვები თავიანთ ფიზიკურ შესაძლებლობებს ხშირად რისკების შემცველი თამაშებით სწავლობენ სხვადასხვა გარემოში. საზოგადოდ, მათ იციან თავიანთი შესაძლებლობების ზღვარი და იცავენ მას, რათა რამე არ დაიშავონ. სამწუხაროდ, დღევანდელი სათამაშო გარემო/სივრცე საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ზედმიწევნით არის დაზღვეული რისკებისგან და ბავშვებს მცირე შესაძლებლობა აქვთ, შეაფასონ რისკები, დაადგინონ თავიანთ შესაძლებლობათა ზღვარი.
ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იწყებენ წარმოსახვითი სახეების შექმნას. მათ სიამოვნებისა და ტკივილის, ძალისა თუ უძლურების, სიყვარულისა თუ დანაკარგის საკუთარი საზომები აქვთ. იმ პერიოდში, როცა ბავშვი საბავშვო ბაღის კარს შეაღებს, მას უკვე შეუძლია რთული სამყაროების წარმოდგენა, რომელთა განუყოფელი ნაწილებია მეგობრობა და გულწრფელობა და სადაც ყველა ბავშვს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. საბავშვო ბაღი არასაკმარისი სათამაშო დროით არასათანადო გარემოა, რადგან ამ ასაკის ბავშვებისთვის ჯერ კიდევ თამაშია პირველადი რეალობა. მხოლოდ თამაში მოიცავს გარემოებათა იმ ნაკრებს, რომელიც სავსებით გასაგებია ბავშვისთვის. „მე კარგად ვიცი ამის კეთება”, – ამბობს საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვი, – „მე შემიძლია ამის კეთება. მე მესმის, რა ხდება ჩემს თავს და სხვა ბავშვების გარშემო”. ეს მათთვის კარგად ნაცნობი პროცესია – ისინი იგონებენ ახალ სახეებს ან სიტუაციებს, გარდაისახებიან ვინმე სხვად ან წარმოიდგენენ, რომ სხვაგან არიან. ამ დროს ბავშვები აგრძელებენ თავიანთი ინტუიციური და უნივერსალური ენის განვითარებას – ენისა, რომელიც პატარების ამ პატარა საზოგადოებას კრავს. 

იმ საბავშვო ბაღში, სადაც ბავშვები თამაშობენ, მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, შეისწავლოს ყოველი მათგანის ინდივიდუალური სტილი და ისტორია და ამ ცოდნით აღჭურვილმა შესთავაზოს მათ ახალი მასალა – მასალა, რომელიც ბავშვთა ფუნქციონირებად სოციალურ ჯგუფს რაიმე ახალს შესთავაზებს და მათ თამაშს მიესადაგება. იმ საბავშვო ბაღში, სადაც ბავშვები თამაშობენ, ისინი სწავლობენ წარმოსახვის კონცენტრირებას უფრო რთულ ამოცანებზე, განსხვავებულ გარემოზე და ამ ახალი ცოდნის მეშვეობით თავიანთი წარმოსახვითი თუ რეალური პრობლემების გადაჭრას; ახალი მიზნების დასახვას ახალი, უფრო საინტერესო ამოცანების ამოსახსნელად და ახალი დაბრკოლებების გადასალახავად. მოდი, თავიდან „გავაღოთ” საბავშვო ბაღი – მსოფლიოს ყველაზე ბუნებრივი სასწავლო იარაღი: თამაში.
ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი