პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ანიმაციები სკოლაში

მე იმხელა ვარ, რომ ბავშვობაში ,,ბაბილინას“ ვუყურებდი, ყველაზე ბნელ, ყველაზე ნაცრისფერ და მაინც ძალიან საყვარელ მულტფილმს თავისი ემოციურობით, თავისი საინტერესო და საყვარელი პერსონაჟებით. ახლა მტარვალი უნდა იყო, რომ დასვა ბავშვი და ეს მულტფილმი აჩვენო. უკვე მეტისმეტად ფერადი, ხასხასა და ბრჭყვიალაა ბავშვების სამყარო და ერთი წამით რომ წარმოვიდგენ, რა სხვანაირად კარგი იქნებოდა ფერადი და ნათელი ,,ბაბილინა“, საკუთარი ბავშვობა მეცოდება.

ანიმაციების ყურება ყოველთვის მიყვარდა ( იყო დრო, ანიმატორობაზეც ვოცნებობდი), მაგრამ  ერთ-ერთი ექსკურსიის დროს ანიმაციების ,,გამოცნობანას“ მეთორმეტეკლასელებთან თამაშისას აღმოვაჩინე, რომ არაფერიც არ მცოდნია და სასტიკადაც დავმარცხდი.

სამაგიეროდ, სასიამოვნო იყო ჩემთვის იმის აღმოჩენა, რომ უკვე დიდი გოგო-ბიჭების ყოველდღიური ცხოვრების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა ანიმაციები.

რატომ იზიდავს ანიმაციები ადამიანებს? ჩემი აზრით, იმიტომ, რომ შეუზღუდავია მისი სამყარო. როგორც  შემქმნელებისათვის, ისე მაყურებელთათვის საუკეთესო საშუალებაა, ოცნებებმა, იდეებმა, ფანტაზიამ ბოლომდე გაშალოს ფრთები. ან ახალი სამყარო შექმნას და იქ გამოგზაუროს; ან რამე გასწავლოს, მისი ენა ლაკონიური და ადვილად გასაგებია.

ანიმაციური სამყარო უკიდეგანოა უკვე, იმდენი ახალი ანიმაციური ფილმი გამოდის ყოველდღიურად,  ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, არჩევანის გაკეთებაც კი რთულია.

ზემოთ ნახსენები აღმოჩენის მერე ერთად დავიწყეთ ისეთი ანიმაციების ძებნა, რომლებსაც დავსხდებოდით და ერთად ვუყურებდით. მე რამდენიმეზე შევჩერდები მხოლოდ.

ვფიქრობ, ანიმაციებზე არაფრის წერას აზრი არ ექნება, ერთ ძალიან, ძალიან საინტერესო პროექტს და რეჟისორს თუ არ ვახსენებ; თუ არ მოვყვები მოკლედ, როგორ მოიარა რეჟისორმა ნოდარ ბეგიაშვილმა მთეეეეელი საქართველო, როგორ ჩაიწერა ყველა კუთხე-კუნჭულის ბავშვების წაკითხული „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები, როგორ დაახატვინა მათთვის ნაცნობი ეპიზოდები, როგორ შეკრიბა მართლა მარგალიტებივით მიმობნეული ეს ყველაფერი და  უსაყვარლეს ანიმაციურ ფილმად აქცია. შედეგი ხომ საოცარია, მაგრამ პროცესიცაა გადაღებული: როგორ ხატავენ, როგორ ამბობენ, როგორ ახმოვანებენ პატარა ადამიანები თავიანთ ნახატებს. ისეთი სითბო და სიტკბო მოდის, უნებურად გეღიმება და გული გიჩუყდება, იჯერებ, რომ ასე „ვეფხისტყაოსნის“ შეყვარება მართლა შეიძლება.  ინტერნეტში მხოლოდ ნაწყვეტი დევს, მაგრამ ესეც საკმარისია, წარმოდგენა შეგექმნათ, რა განძია:

მეორე ანიმაცია, რომელიც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა ნახონ პატარებმაც, მოზარდებმაც და გაზრდილებმაც,  არის ,,მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნები“. მართლა საოცრად ფერადი, დადებითი ემოციებით სავსე ანიმაცია.

ძალიან საინტერესო ამბავი იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ წიგნები დამოუკიდებლლად, ადამიანური სამყაროსგან შორს, როგორ გრძნობენ ყველაფერს, განიცდიან, ბერდებიან, სტკივათ  და  როგორ უფერადებენ მათთან მოხვედრილ ადამიანს ცხოვრებას.

https://net.adjara.com/Movie/main?id=8129

უფროსკლასელებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა 2000 წელს შექმნილი ჰოლანდიური შავ- თეთრ- ნაცრისფერი ( სულ ოდნავ შერეული მქრქალი ცისფრითა და ყავისფრით) ანიმაცია ,,მამა და ქალიშვილი“, რომელმაც არაერთი პრიზი დაიმსახურა, მათ შორის, ოსკარი და ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოც მოკლე ანიმაციური ფილმის კატეგორიაში. ეს არის ფილმი სიტყვების გარეშე, რომელიც ლაკონიურად, საოცრად ნათლად და ემოციურად გვაჩვენებს, როგორი გრძნობები შეიძლება აკავშირებდეს მამა-შვილს და რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში მამის ფენომენი.

მეორე ფილმი, რომელმაც ძალიან მოგვხიბლა და დაგვაფიქრა, ბევრი გვამსჯელა და გვაკირკიტა, იყო ასევე უამრავპრიზოსანი და ბონუსად ოსკაროსანი იაპონური ანიმაცია ,,პატარა ყუთების სახლი“. ფილმი ალეგორიულად გვიჩვენებს, როგორ ჰგავს ჩვენი ცხოვრება ერთმანეთზე ყუთებივით აკოკოლავებულ სართულებიან სახლს, რომელსაც თანდათან ზღვა ფარავს და ამის გამო იძულებული ვხდებით, ახალ-ახალი სართულები დავაშენოთ, ხოლო ძველის საპოვნელ-მოსაგონებლად ღრმად ჩავყვინთოთ ხოლმე სულის ფსკერამდე. ეს ფილმიც სიტყვების გარეშე, ნახატებითა და მუსიკით გვაფორიაქებს და გვაფიქრებს:

დიდებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ალექსანდრ პეტროფის ოსკაროსანი და კიდევ ბევრი პრიზის მფლობელი, ჰემინგუეის არაჩვეულებრივი მოთხრობის, ,,მოხუცი და ზღვის“ , მიხედვით შექმნილი ანიმაცია. ზედმეტი სიჭრელისაგან დაცლილი, საოცრად მოზომილი ფერები და ემოციები, მოთხრობიდან მაქსიმალურად გადმოტანილი განწყობა, საფიქრალი, სათქმელი.

ქართული ანიმაციური სივრცე არ გვანებივრებს მაინდამაინც ახალ-ახალი ნამუშევრებით, ამიტომ არ შემიძლია, აქ გვერდი ავუარო ძალიან საინტერესო მხატვარ- ანიმატორ არჩილ კუხიანიძეს და მის საყვარელამბიან, ლამაზმუსიკიან, ფერადგანწყობიან ანიმაციას  ,,გვანცი“. საკუთარ ღრუბელმატარებელი გოგონას ამბავი, რომელიც ისევ უფროსკლასელებს უფრო  დააინტერესებთ, ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს და უამრავ დეტალზე დაკვირვებას აიძულებს მათ.

აქ შევჩერდები.

ისე გამოვიდა, ძირითადად უფროსკლასელებზე ,,ვიზრუნე“ ამ სტატიაში, მაგრამ მგონია, რომ პატარებისთვის არჩევანი ბევრად უფრო დიდია, ბევრად უფრო ადვილია მათი მოსაწონი ანიმაციური ფილმი ვიპოვოთ და მათთან ერთად ვუყუროთ, მერე იმსჯელონ, თავიანთი შეხედულებები და ემოციები გამოხატონ და დღიურებშიც გადაიტანონ.

ახლა ყველაზე ,,მულტიპლიკაციური ტექსტი“ ( ასე ვუწოდე ჩემთვის) გამახსენდა, ნაირა გელაშვილის ,, წინწკლების ქოხი“. პირველად რომ წავიკითხე, კიდევ ერთხელ ვინანე, მულტიპლიკატორი რომ არ გამოვედი. ისეთი ფერადი  ამბები ტრიალებს ამ ზღაპარში, მართლა ჯადოსნური სამყაროა და თვალწინ გიცოცხლდება მთელი „საწინწკლეთი“. ვერ მოვითმენ, მცირე ნაწყვეტი მაინც რომ არ გაგაცნოთ:

ცოტა ხანში ტყის გულს მიაღწია. ტოტებზე ლურჯი, თეთრი და ვარდისფერი ციყვები ისხდნენ: ზოგს მძივი ეკიდა, ზოგს კი კუდზე და ყურებზე ბაფთა ება. ციყვებთან ერთად ტოტებზე მელაკუდები და ზღარბებიც ცხოვრობდნენ. ბალახიდან კურდღლებს ამოეყოთ თავი. ერთ კურდღელს ცალი ყური მწვანე ჰქონდა, მეორე-ჭრელი, თვითონ კი თოვლისფერი იყო. ერთ ბაჭიას ზურგზე მთვარე მოეგდო და სადღაც მიჰქონდა. აქ ზოგი ყვავილი ხის სიმაღლე გაზრდილიყო, ზოგი ბალახი – ხეზე მაღალი: მზეს პირდაპირ ცხვირში უღიტინებდა. მზესაც უხაროდა და იცინოდა. მწვანე გამოქვაბულში მთვარეები ცხოვრობდნენ: დედა მთვარე, მამა მთვარე და წარბისხელა შვილი მთვარე. ერთ ყვავილს გულში ხე ამოსვლოდა და იმ ხეს ღრუბლები ესხა. კაკლის ნაჭუჭში ჭიანჭველებს ქალაქი გაეშენებინათ, ნაძვის უზარმაზარი გირჩი კი ჭიამაიებს თავიანთ სასახლედ გადაექციათ, ამ სასახლის ყველა სართულიდან ჭიამაიები იცქირებოდნენ. აივნებზე წინწკლებიანი ხალიჩები გამოეფინათ. სულ ზემოთ, წვერზე მეფე-დედოფალი დაბრძანებულიყო. ვეებერთელა მუხას მზეები დაესხა. ერთ პეპელას ფრთებზე პატარა ნუკრი შეესვა და სადღაც მიაფრენდა. ერთი სიტყვით, აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც თვითონ ანისულა ხატავდა ხოლმე. ამიტომ დაინახა თუ არა, მაშინვე მიხვდა, რომ ჩვეულებრივ კი არა, ნაცნობ, ჯადოსნურ ტყეში მოხვედრილიყო.“

ხვალ ორშაბათია, ანიმაციის რა მოგახსენოთ, მაგრამ აუცილებლად წავუკითხავ, მერე ამონარიდებს დავურიგებ ამ ზღაპრიდან მე-6 კლასელებს. აბა, დასხდნენ და დახატონ ეს ჯადოსნური სამყარო, თუ მართლა ყოჩაღები არიან!

ბოლოს ანიმაციურ სამყაროსთან დაკავშირებულ, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენაზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას: ყოველ წელს, გორის მუნიციპალიტეტის, ცხინვალის პირობით საზღვართან მდებარე, პატარა სოფელ ნიქოზში ტარდება ხოლმე ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც 2017 წელს უკვე სამარკო ხარისხიც მიენიჭა. წელს მერვეჯერ ჩატარდა.

მას საოცარი ადამიანი, მეუფე ისაია, ხელმძღვანელობს.

მე ჯერ არ ვყოფილვარ, სულ მიმიწევს გული, მოსწავლეების წაყვანაც მინდა, მაგრამ ვერ იქნა და ვერ შევისრულე სურვილი.

რა ვქნა, აქ დავდო პირობა, რომ აუცილებლად წავიყვან რომელიმე  თაობას მაინც?! ვდებ. წავიყვან ოდესმე.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი