სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

„ორგანული“ საკვები

პირველკურსელებთან  შესავალ კურსს ვკითხულობ. მათ  სპეციალობა ჯერ არჩეული არ აქვთ და პირველ კურსზე ზოგადი შესავალი კურსის არჩევა ევალებათ, როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე ტექნიკური და ჰუმანიტარული  მიმართულებით. კურსმა შესაძლოა ისეთი შთაბეჭდილება ან გავლენა მოახდინოს, რომ უკვე დარწმუნებულს, აზრი შეაცვლევინოს და მისი ბედი სხვა სპეციალობასთან  დააკავშიროს. ასე ხშირად მომხდარა, სტუდენტი, რომელიც დარწმუნებული ყოფილა პროფესიის სისწორეში, შემდეგ ცხოვრების საქმედ ბიოლოგიას ან ეკოლოგიას ირჩევდა. აქ უნდა განვმარტო, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ქიმიის სპეციალობა არ არის, თუმცა თანამედროვე ბიოლოგია ფაქტობრივად ქიმიაა და ქიმიის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამ.

ისეთი სტუდენტიც შემხვედრია, ვინც თავისი პირვანდელი ჩანაფიქრის ერთგული დარჩენილა და ის საქმე აურჩევია, რომელიც თავიდანვე სურდა. შესავალი კურსი მათთვისაც გამართლებულია, რადგან ცხოვრებაში გამოსაყენებელ ქიმიას სწავლობენ. ანუ, იმ ინფორმაციას იღებენ, რომელიც მომავალში, როგორც არაქიმიკოსებს გამოადგებათ.

ჩემივე სხვა შესავალი კურსისგან  „ალქიმიიდან 21-ე საუკუნემდე“-ს გამოვარჩევდი. აქ ყველაფერზე ვსაუბრობთ, ალქიმიაზეც, ქიმიის განვითარებაზეც და თანამედროვე ქიმიაზეც. არადა, 21-ე საუკუნეში ქიმია ყოველი ფეხის ნაბიჯზე  გვხვდება და მისი ცნობა, ამოცნობა და სწორად მოქმედება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

აი, დღესაც სუპერმარკეტში შევედი. ამოჩემებული ადგილები მაქვს და ერთი ქსელის სუპერმარკეტებშიც კი უცვლელ ფილიალში დავდივარ. ფასები იკბინება. არადა, ევროპაში სუპერმარკეტი იაფი მაღაზიაა, ჩვენთან კი ყველაფერი ყოველთვის უკუღმაა, მაგრამ ახლა სხვა თემა გვაქვს განსახილველად.

ჰოდა, იმას ვამბობდი, შევედი სუპერმარკეტში და დავიწყე პროდუქტების შერჩევა. აი, იმ დახლზე მხოლოდ ორგანული საკვები დევს. აქეთ, „ჩვეულებრივი“ ბანანი ამდენი ლარი ღირს (ანუ, შედარებით იაფია), „ორგანულის“ ფასი კიდევ იიიიმდენია… (ძვირია ძალიან).

რა იგულისხმება „ორგანულ“ საკვებში? რას ნიშნავს „ორგანული“ და „ჩვეულებრივი“ ბანანი? სინამდვილეში, ხომ ყველა საკვები ორგანულია. ანუ, ის შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, რომლებიც მომკალით და ორგანული მოლეკულებია. ასე რომ, ძვირად ღირებული „ორგანული“ და იაფი „ჩვეულებრივი“ ბანანი, სინამდვილეში ორგანული ნივთიერებებისგანაა შემდგარი.

ჰო, კიდევ ორივე ბანანი კალიუმს შეიცავს. ოღონდ, მისი კალიუმით სიმდიდრე მხოლოდ მითია. სინამდვილეში, ერთი ბანანი ჩვენთვის საჭირო კალიუმის  დღიური ნორმის მხოლოდ 10%-ს შეავსებს და დღიური ნორმის მისაღებად ერთი კილო ბანანის ჭამა მოგვიწევს. ეს კი დაახლოებით 1000 კალორიაა. კალიუმის მიღება მწვანილიდან უფრო იოლია, სადაც მართლაც დიდი რაოდენობით არის. ბანანი ასევე, ალერგიულიც ყოფილა და, ე.წ. „ჩვეულებრივი“ და არა „ორგანული“ უფრო ალერგიულიც კი შეიძლება იყოს, რადგან, სავარაუდოდ, პესტიციდ-ჰერბიციდებით არის მოწეული. თუმცა, ალერგიულობაც პირობითია და ასიდან შესაძლოა სამ-ოთხ ადამიანს გამოუვლინდეს.

ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სინამდვილეში, ტერმინი „ორგანული“ პროდუქტის სისუფთავეს აღნიშნავს. იმას, რომ, ე.წ. ორგანული საკვები სინთეზური ქიმიკატების გარეშეა მოწეულ-მოყვანილი. მათში წესით, არც პესტიციდ-ჰერბიციდების, არც ანტიბიოტიკების და არც ემულგატორების კვალი არ უნდა შეინიშნებოდეს.

როგორ გავიგოთ, რომ საკვები სუფთაა? მაღაზიასა თუ ბაზარში მისულებმა, როგორ ამოვიცნოთ სუფთა პროდუქტი. შეუძლებელია… გარეგნულად ისეთი მიმზიდველია, არადა…

თუ გახსოვთ, ზაფხულის ერთ წერილში საზამთროზე ვწერდი. წავედი, შევარჩიე, ვიყიდე და ხელში მწარე და შიგნიდან აჭრელებული ხილი შემრჩა. იმავე წერილში ნიტრატების აღმომჩენი მარტივი ცდებიც აღვწერე (https://mastsavlebeli.ge/?p=18974). თუმცა, ამ ცდებს შემდეგ ჩავატარებთ, როცა უკვე ვიყიდით და მის უვარგისობას ისედაც ვნახავთ. აი, დახლზე კი წარმოუდგენელია დაბინძურებული ხილის და ბოსტნეულის ამოცნობა. თუ, რა თქმა უნდა, სუპერმარკეტში „ორგანული“ საკვებისთვის მიჩენილი ადგილიდან უუუძვირეს ფასად არ შევიძენთ.

ამ დაბინძურებული საკვების, წყლის და ჰაერის  რომ ასე გვეშინია, განა ცხოვრება სხვა მხრივ უსაფრთხოა? ველოსიპედი უფრო ჯანსაღიაო და ვსეირნობთ. არადა, მანქანასთან შედარებით გაცილებით ხიფათიანია. განსაკუთრებით, თუ მანქანებით გადაჭედილ გზაზე გადაწყვეტთ სეირნობას. თან შეჯახების ალბათობა იზრდება, თან გამონაბოლქვის სუნთქვის ინტენსიურობა.

ლიფტი ნაკლებად საშიშია? მაგრამ, ხომ დაუფიქრებლად ვიძახებთ და ვმგზავრობთ. ზოგიერთი ლიფტს ერიდება და კიბით ადი-ჩადის, მაგრამ კიბეც საშიშია. ხომ შეიძლება, თავბრუ დაგვეხვას, ფეხი დაგვიცურდეს და… ათასი რამ მოხდეს. ზოგიერთი სიგარეტს ეწევა, ზოგიც ალკოჰოლს ეთამაშება და იმ საფრთხეებზე არ ფიქრობს, რაც მათ უკან იმალება.

მოკლედ, ჩვენი ცხოვრება რისკებისგან შედგება და თითოეული მათგანი სიცოცხლეს გვიმოკლებს. ერთ ვებგვერდზე გადავაწყდი, რომ თურმე სიღარიბეში ცხოვრება სიცოცხლეს 3500 დღეს აკლებს; თუ განგებამ კაცად გაგაჩინა, მაშინ მინუს 2800 დღე. თუ კაცი ხარ და სიგარეტსაც ეწევი, მშვიდობით 2300-ო დღევ; უჰ, ასეთი კაცის ცოლი კი 50 დღით ნაკლებს იცოცხლებს; ალკოჰოლი გიყვართ? ნახვამდის 230-დღევ; თქვენს ქალაქში დაბინძურებული ჰაერია? მინუს 80 დღე; სრულყოფილი სია შემდეგ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ:

https://www.phyast.pitt.edu/~blc/book/chapter8.html?fbclid=IwAR0zPOhIvYe5yvYfrVMiTk3ctzx45sjeVcpb4Huj7DkEpHkcetzWmKjRV-M.

პესტიციდების საფრთხე როგორიღაა? ჯონ მაკმური „ორგანული ქიმიის“ წიგნში წერს, რომ ამერიკაში ყოველწლიურად 100 მილიონ ფუნტ (1ფუნტი=0.453592კგ) ჰერბიციდ ათრაზინს იყენებენ. მისი გამოყენება სახიფათოა, კვალის სახით რჩება გარემოში. ადამიანის და ცხოველის დაზიანებაც შეუძლია, მაგრამ ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA- United States Environmental protection Agency) არ სურს მის გამოყენებაზე უარის თქმა, რადგან მავნებლებს  კარგად ანადგურებს და საკვებსაც დაზიანებისგან იცავს. სხვა შემთხვევაშიო, წერს მაკმური, ნათესი ვერ გადარჩებოდა და სურსათზეც ფასი გაიზრდებოდაო.

ჰო, სურსათი არ გაძვირდა, მაგრამ ათრაზინი კვალის სახით, რომ დარჩა გარემოში?

ათრაზინი, იგივე 6-იზოპროპილამინო-2-ქლორ-4-ეთილამინო-1,3,5-თრიაზინი, როგორც აღვნიშნეთ, ჰერბიციდია. თეთრი კრისტალური ნივთიერებაა, ლღვება  173-175 გრადუსზე, წყალში არცთუ კარგად იხსნება, უფრო ცუდად იხსნება ორგანულ გამხსნელებში. გამოიყენება ყველანაირი მავნებლებისგან დასაცავად ისეთი კულტურებისთვის, როგორიცაა სიმინდი, ხორბალი, შაქრის ჭარხალი. ამერიკასა და ავსტრალიაში ყველაზე მეტად იყენებენ. ევროკავშირმა 2003 წლიდან აკრძალა, რადგან გამოყენების შემდეგ, ის დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ჩამდინარე წყლებში, საიდანაც ზედაპირულ წყლებს აბინძურებდა. შეიძლება, ამიტომაც 2009 წლის მონაცემებით ამერიკის შტატების წყალი ყველაზე მეტად სწორედ ათრაზინით იყო დაბინძურებული და ის ნორმას 31-ჯერ აჭარბებდა.

ათრაზინი 1,3,5-ტრიაზინების სერიიდან 1958 წელს იქნა ლაბორატორიაში მიღებული. მას ციან-ქლორიდიდან ღებულობენ და საფეხურებირავად ამუშავებენ ეთილამინით და იზოპროპილამინით. მის მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს მავნებლის ორგანიზმში სპეციფიკური ცილების დაბლოკვა, რის შედეგადაც ორგანიზმი კვდება. სარეველა მცენარეებში კი ფოტოსინთეზის პროცესი იბლოკება.

მისი ბიოდეგრადაცია ნიადაგში იწყება. აქ მასზე მიკროორგანიზმები მოქმედებენ. ნიადაგში 13-დან 261 დღემდე რჩება. სწორედ ნიადაგიდან მიგრირებს მიწისქვეშა წყლებში. წყალში მოხვედრისას დეგრადაცია უფრო ფერხდება.

ადამიანებსა და ცხოველებში ათრაზინი პირველ რიგში გავლენას ენდოკრინულ სისტემაზე ახდენს. შედეგად, ვლინდება ჰორმონალური დისბალანსი.

კვლევების თანახმად, ძუძუმწოვრებისთვის ლეტალური დოზაა 1-გ/კილოგრამზე (სახეობის მიხედვით). თანდართულ ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ  ლეტალური დოზა სხვა ნივთიერებებისთვისაც.

 

ნივთიერება გ/კგ
დარიშხანის დიოქსიდი 0.015
დიქლორდიფენილტრიქლორეთანი (DDT) 0.115
ასპირინი 1.1
ქლოროფორმი 1.2
რკინის (II) სულფატი 1.5
ეთილის სპირტი 10.6
ნატრიუმის ციკლამატი (ხელოვნური დამატკბობელი) 17

თუ გაკვეთილზე თავისუფალ დროს მოძებნით მოსწავლეებს სწორედ, ე.წ. „ჩვეულებრივ“ პროდუქტში შემავალ ნივთიერებებზე ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ დაავალოთ. რა იმალება პესტიციდების, ჰერბიციდების, საკვები დანამატებისა და ემულგატორების უკან. რას ნიშნავს „ორგანული“ და „ჩვეულებრივი“ პროდუქტი.

 

წერილის ბოლოს ბებოს ეზოს გავიხსენებ. უფრო სწორად, წინა ეზოს გაგრძელებას, სადაც ერთ დროს მოვლილი ვენახი და ნაირ-ნაირი ხილი იყო. თავად ბებია, დამსახურებული პედაგოგი გახლდათ და ღრმა მოხუცებულიც კი თავისი ყოფილი მოსწავლეებისგან სიყვარულით სავსე ბარათებს იღებდა. ჩემთვის გასაოცარი ის იყო, ეს პედაგოგი ქალი მიწასთან როგორი სიყვარულით და ოსტატობით მუშაობდა.

ვენახის განაპირას ქართული ბალი იდგა. სიმწიფის დროს წითლად ღაჟღაჟებდა და მე და ჩიტებს ერთნაირად გვჭრიდა თვალს.

ჰოდა, სწორედ ის ბალია ჩემთვის „ორგანული“ პროდუქტის ეტალონი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი