ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გაიცანით „პატარა ჟირაფი“

თუ მშობელი ხართ, აუცილებლად დაგებადებათ კითხვები, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა, როგორ გავუმკლავდეთ გარდატეხის ასაკის პრობლემებს და როგორ ვიმეგობროთ შვილებთან. პასუხებს მარტივად მიიღებთ – თუ საძიებო ველში აკრეფთ სიტყვებს „პატარა ჟირაფი”, თამუნა გაბისონიას ბლოგს აღმოაჩენთ, რომელიც მშობლებისთვისაა განკუთვნილი. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ბლოგია, რომელსაც ავტორი ქართველი დედებისა და მამებისთვის აწარმოებს.

ავტორს ბლოგის შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა დედა გახდა. შვილის გაჩენისთანავე უამრავი კითხვა დაებადა, რომლებზეც სრულფასოვანი პასუხის მიღება სურდა, ამიტომ დაიწყო ინტერნეტში მასალების ძიება, სანდო ინტერნეტგამოცემებში სტატიების კითხვა, ინგლისურენოვანი წიგნების გამოწერა. ინფორმაციით სარგებლობის საშუალება სხვა მშობლებისთვისაც რომ მიეცა, თამუნამ ბლოგი შექმნა:

– ქართულ ინტერნეტსივრცეში ბავშვის აღზრდის საკითხებზე ცოტა რამ იწერება. აშკარა იყო, რომ ქართველი დედების დიდი ნაწილისთვის არ იქნებოდა ხელმისაწვდომი ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუნდაც ენობრივი ბარიერის გამო. გადავწყვიტე, წვლილი შემეტანა ამ პრობლემის მოგვარებაში და ბლოგი შევქმენი. პირველი სტატია 2011 წლის აგვისტოს ბოლოს დავწერე. პირველი წელი ექსპერიმენტების პერიოდი იყო. სტატიებს უმეტესად ვთარგმნიდი, მერე ნელ-ნელა თავადაც დავიწყე წერა.
„პატარა ჟირაფზე” შეიტყობთ, როგორი თამაშებია სასარგებლო პატარების განვითარებისთვის, როგორ შევაყვაროთ მათ კითხვა, როგორ შევქმნათ საშინაო თოჯინების თეატრი და როგორ გავბეროთ ვეებერთელა საპნის ბუშტები. ბლოგზე ფოტო- და ვიდეომასალასაც ნახავთ. ნათელია, რომ ავტორი გულმოდგინედ მუშაობს პოსტებზე, ბოლომდე იხარჯება მკითხველისთვის.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოსტი გვიმტკიცებს, რომ ბავშვები ფილოსოფოსებად იბადებიან, მეორე გვიხსნის, რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა და როგორ აისახება ის ბავშვის განვითარებაზე.

ყურადღებას სკოლამდელი ასაკის ბავშვების აგრესიაზე შევაჩერებთ და გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებით.

მაშ ასე, რა იწვევს პატარებში აგრესიას და როგორ შევაჩეროთ ის?

თამუნა გაბისონია გვიამბობს:

– ფსიქოლოგების აზრით, სკოლამდელი ასაკის ბავშვებში აგრესია მრავალმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის:

* გადაღლილობამ, ძილის ნაკლებობამ;

* შიმშილის შეგრძნებამ – მშიერი ბავშვი ადვილად ღიზიანდება და შესაძლოა, მისი ქცევა აგრესიაში გადაიზარდოს;

* მეტისმეტად ბევრმა აკრძალვამ – მუდმივი „ეს არ გააკეთო”, „ამას მოშორდი”, „იმას ხელი არ ახლო” ბავშვს აღიზიანებს;

* კომუნიკაციის პრობლემამ – ეს განსაკუთრებით მტკივნეულია 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც სათანადოდ ჯერ კიდევ არ აქვთ განვითარებული მეტყველების უნარი. ისინი ვერ აგებინებენ სხვებს საკუთარ საჭიროებებს და ღიზიანდებიან, ეს კი აგრესიულ ქმედებებში გადაიზრდება;

* დამოუკიდებლობის სურვილმა – პატარებს ადრე უჩნდებათ დამოუკიდებლობის სურვილი და ძალიან უნდათ, ყველაფერი თავად აკეთონ, ხოლო როცა არ გამოსდით, ღიზიანდებიან;

* ძალადობის სცენების შემცველმა მულტფილმებმა, მხატვრულმა ფილმებმა, სატელევიზიო გადაცემებმა, კომპიუტერულმა თამაშებმა – ტელევიზიით თუ თამაშებში ნანახ ძალადობას ბავშვები ხშირად მისაღებად აღიქვამენ და ბაძავენ და იმეორებენ ნანახს;

* ფიზიკური აქტივობის ნაკლებობამ – ბავშვებს სჭირდებათ სუფთა ჰაერზე ხშირად ყოფნა და ენერგიის დახარჯვა. თუ ეს მოთხოვნილება არ დაკმაყოფილდა, ბავშვი ღიზიანდება;

* სტრესმა – სტრესის მიზეზი შესაძლოა იყოს კონფლიქტი და არასასიამოვნო ურთიერთობა ოჯახის წევრებს შორის; ის შეიძლება გამოიწვიოს საბავშვო ბაღში პირველად წაყვანამ ან საბავშვო ბაღის გამოცვლამაც;

* ყურადღების ნაკლებობამ – მშობლების მხრივ ყურადღებისა და სითბოს ნაკლებობას ზოგიერთი ბავშვი აგრესიით პასუხობს, რადგან ცდილობს, ამ გზით მაინც მიიპყროს ყურადღება.
როგორ დავამარცხოთ პატარების აგრესია?

* არავითარ შემთხევაში არ უპასუხოთ ბავშვის ძალადობას ძალადობით. ყვირილი, უხეში მოპყრობა და უხეში ფორმით დასჯა არ არის გამოსავალი, ასეთი მიდგომა უმეტესად უკუშედეგს იძლევა.

* დააკვირდით პატარას, რათა გაიგოთ, რა იწვევს მის გაღიზიანებას, რა უბიძგებს აგრესიისკენ. როცა მიზეზს მიაგნებთ, იმოქმედეთ შესაბამისად.

* დაიცავით ბავშვის ძილისა და კვების რეჟიმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. ამაზეა დამოკიდებული ბავშვის სიმშვიდეც.

* ეცადეთ, შეუქმნათ ბავშვს უსაფრთხო გარემო, სადაც არ მოგიწევთ, ხშირად უთხრათ, მოშორდეს ან ხელი არ ახლოს რამეს.

* მოარიდეთ ძალადობის სცენების შემცველ მულტფილმებსა და კომპიუტერულ თამაშებს. ამის სანაცვლოდ შეგიძლიათ შეიქციოთ საგანმანათლებო თამაშებით, მაგრამ ცოტა ხნით, რომ არ გადაიღალოს.

* ეცადეთ, ბავშვთან ერთად არ უყუროთ ძალადობის სცენების შემცველ გადაცემებს და არ გქონდეთ ჩართული ტელევიზორი მთელი დღის განმავლობაში. ბავშვებს სიმშვიდე სჭირდებათ. გამუდმებით ტელევიზორის ყურების ნაცვლად შეგიძლიათ მოასმენინოთ მშვიდი მუსიკა.

* ყოველთვის ეცადეთ, ესაუბროთ ბავშვს მშვიდი ტონით და აუხსნათ, რომ აგრესიული ქცევა არ შეიძლება, რომ ეს მტკივნეულია და ამით სხვებს აზიანებს.

* თუ ბავშვმა დაგარტყათ, არავითარ შემთხვევაში არ გაიმეოროთ იგივე. მცირეწლოვან ბავშვებს არ შესწევთ უნარი, საკუთარი დანაშაული გაიაზრონ. ეცადეთ, ხშირად მოეფეროთ და ეთამაშოთ – ეს უცილებლად გამოიღებს დადებით შედეგს.
ბლოგისთვის თამუნა ღამღამობით მუშაობს. მას შემდეგ, რაც მარიამს დააძინებს, სპეციალურ რვეულში ჩამოწერილ იდეებს განიხილავს და ინფორმაციის მოსაძიებლად ემზადება:

– მხოლოდ თარგმანისთვის დაახლოებით ორი დღე მჭირდება. პირველ დღეს ვთარგმნი, მეორე დღეს კი ვასწორებ. როცა სტატიას თავად ვწერ, გაცილებით მეტ დროს ვუთმობ. სანამ უშუალოდ წერაზე გადავალ, ვეცნობი მრავალ წყაროს. ზოგჯერ ორი კვირაც კი ვმუშაობ ერთ სტატიაზე. ყველაზე ნაკლები დრო თამაშების შესახებ დაწერილი სტატიებისთვის მჭირდება. ისინი უმთავრესად სურათების გადაღებას, ატვირთვას და მოკლე ახსნა-განმარტებებს მოითხოვს.
„პატარა ჟირაფმა” მიზანს მიაღწია, ქართველ მშობლებს შორის ის დიდი პოპულარობით სარგებლობს. თამუნა ამბობს, რომ, დროის სიმცირის მიუხედავად, ბლოგზე კიდევ ბევრ საინტერესო და საჭირო სტატიას განათავსებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი