პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

განათლების რეფორმა საკლასო ოთახიდან იწყება.  ჩვენ სკოლას და მასწავლებელს დავეხმარებით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ჟურნალ „მასწავლებელს“ ცენტრის შინაარსსა და სამომავლო საქმიანობაზე ესაუბრება.

 

– როდესაც ორგანიზაციაში ახალი მენეჯერი მოდის, ჩნდება ცვლილებების მოლოდინი. რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორობა და რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ პოზიციაზე? რის შეცვლას და რის შენარჩუნებას გეგმავთ?

– კონკურსში მონაწილეობა გადამაწყვეტინა ჩემმავე საგანმანათლებლო ფილოსოფიამ, რომელიც ჩამომიყალიბდა უცხოეთში სწავლების, საქართველოში დისერტაციაზე მუშაობის და განათლების ეკონომიკის ძალიან მაღალი დონის ექსპერტებთან თანამშრომლობის დროს. ჩემი რწმენა ეფუძნება არაერთ კვლევას და გამოცდილებას, რომლებიც მოწმობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური წარმატება დიდწილად განათლების რეფორმაზეა დამოკიდებული.

მოგეხსენებათ, სამეცნიერო ლიტერატურაში განარჩევენ ორი ტიპის ქვეყნებს. ერთია ანგლოსაქსური ქვეყნები, სადაც განათლების სისტემას ჩამოყალიბება ინდუსტრიამ დაასწრო. იქ განათლებას ისეთი დიდი როლი არ ეკისრება ეკონომიკის ზრდაში, როგორიც მეორე ჯგუფის ქვეყნებში, სადაც განათლების სისტემამ დაასწრო ჩამოყალიბება ინდუსტრიას. ამის კლასიკური მაგალითია აზიის ქვეყნები.

საქართველო მიეკუთვნება მეორე კატეგორიას, სადაც ეკონომიკა დიდწილად განათლების რეფორმაზე იქნება დამოკიდებული. ვინაიდან მე და ჩემი შვილები აქ ვცხოვრობთ, გვინდა, ეს ქვეყანა ეკონომიკურად წარმატებული იყოს, რასაც ბევრი სხვა სიკეთეც მოჰყვება. ასევე მინდა, განათლების რეფორმაში მეც მივიღო მონაწილეობა, ამ შემთხვევაში – როგორც გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა.

მწამს, რომ ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა განათლების რეფორმაზეა დამოკიდებული. მწამს, რომ განათლების რეფორმის წარმატება დამოკიდებულია მასწავლებელზე. რეფორმა წარუმატებელი იქნება, თუ სკოლას კარგი მასწავლებელი არ ეყოლება.

რაც შეხება ცენტრში ჩემს საქმიანობას, მინდა, ორიენტირებად დავისახოთ თანამშრომლობა, გუნდურობა, ურთიერთდახმარება. აქ მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები დამხვდნენ და მიმაჩნია, რომ ცენტრის პოპულარობა და პრესტიჟი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ახლაა. დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევთ.

– გეთანხმებით. ცენტრში მუშაობენ პროფესიონალები, რომელთა შესაძლებლობების გამოყენებით ნამდვილად შეიძლება მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმეების კეთება. იმავდროულად, თქვენ აქ დაგხვდათ პროგრამები, რომლებსაც ცენტრი წარმატებით ახორციელებს. გაგრძელდება თუ არა ისინი მომავალშიც? დაემატება ახალი მიმართულებები? შეიცვლის თუ არა ფორმატს? რომელიმემ ხომ არ ამოწურა თავი? დაბოლოს, როგორია თქვენი ხედვა – როგორ შეუძლია მონაწილეობა ცენტრს განათლების გავრცელებაში?

– არსებული მოცემულობა არ მაკმაყოფილებს. ის ასევე არ აკმაყოფილებს თანამედროვე განათლების სისტემის გამოწვევებს. რეფორმის გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ ცენტრს უფრო მეტის პოტენციალი აქვს, ვიდრე ამდენი წლის განმავლობაში ამდენი პროგრამის განყენებულად განხორციელებაა. მე ვარ განათლების რეფორმის ჯგუფის წევრი სამინისტროს დონეზე და პირველივე დღიდან მხარს ვუჭერ – ასეთივეა მინისტრის ხედვაც – მაქსიმალურ კოორდინაციას ცენტრებსა და სამინისტროს შორის, მით უმეტეს, მოვიდა ტოპმენეჯმენტი, რომელმაც განაცხადა, რომ რეფორმა უნდა დაიწყოს საკლასო ოთახიდან. ეს იქნება ჩვენი საქმიანობის ძირითადი საყრდენი.

სამინისტროს პოზიცია ასეთია: ჩვენ ვიწყებთ რეფორმას, მაგრამ ის არ უნდა წარმოვიდგინოთ ფინურ ან ნორვეგიულ მოდელად – ამისთვის ფინელი მასწავლებლები და ფინელი მოსწავლეები დაგვჭირდებოდა. ჩვენ გვყავს ქართველი მასწავლებლები და ქართველი მოსწავლეები, ამიტომ ჩვენი რეალობა კარგად უნდა გავიაზროთ.

ამჟამად 150-ე სკოლაში განათლების რეფორმის პილოტირება მიმდინარეობს. ამ სკოლაში ყურადღებით ვაკვირდებით, როგორია ქართველი მასწავლებელი, როგორ იყენებს სწავლების თანამედროვე მეთოდებს, როგორია საქართველოში არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსები, საზოგადოების განწყობა და, რაც მთავარია, როგორ ითავისებს ამ ყველაფერს ქართველი ბავშვი. ეს უნდა ავწონ-დავწონოთ.

გაზაფხულზე მსგავსი პილოტირება მთელი საქართველოს მასშტაბით 50 სკოლაში განხორციელდება, შემოდგომაზე კი მათ 100 საპილოტე სკოლაც დაემატება. ჩვენ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სხვები, სწორედ ამ 150 სკოლას უნდა მოვერგოთ. რეფორმა ხომ სწავლა-სწავლების პროცესია. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო იზრუნებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე,  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა – სკოლების კომპიუტერიზაციასა და ინტერნეტით უზრუნველყოფაზე, ეროვნული სასწავლო გეგემის ჯგუფი და ჩვენ კი – სწავლა-სწავლების ხელშეწყობაზე.

ჩვენი პროგრამები განყენებულად არ უნდა არსებობდეს. საკლასო ოთახზე დაკვირვება გვაჩვენებს, რა მოთხოვნები და საჭიროებები აქვს მას. ცენტრის ყველა პროგრამა საკლასო ოთახის საჭიროებებს უნდა მოერგოს. ამ გზით უფრო უკეთესად ორგანიზდება შრომა, უფრო მიზანმიმართულად დაიხარჯება ფინანსური და ადამიანური რესურსები.

– ვამბობთ, რომ რეფორმაში შევდივართ იმ ნაწილით, რისი დაკვეთაც იქნება საკლასო ოთახიდან. ეს დაკვეთა ჩვენი ცენტრისთვის მხოლოდ მასწავლებელს შეეხება?

– ჩვენი მხარდაჭერა უნდა გასცდეს მასწავლებელს, მოიცვას დირექტორები, ქოუჩები, რომლებიც ადგილზე იქნებიან… ცენტრი განათლების რეფორმის ინსტრუმენტი უნდა იყოს.

– როგორი იქნება ბენეფიციარებთან ჩვენი თანამშრომლობის ფორმატი?

– ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვენდოთ სკოლის დირექტორს, სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს. ცენტრების მიერ ამ პროცესის ცენტრალიზებულად მართვა სრული აბსურდია. ამიტომ ვთავაზობთ სკოლას საშუალო რგოლის მენეჯმენტის შექმნას.

ასეთი მდგომარეობაა: გვყავს დირექტორი და მასწავლებლები. ცხადია, მხოლოდ დირექტორი მათ ვერ მართავს. აუცილებელია საშუალო რგოლი, რომელშიც შევლენ ყველა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, დირექტორის მოადგილეები. ერთ სკოლაში იქნება დაახლოებით 9-10 ადამიანი, რომლებიც საშუალო რგოლის მენჯმენტს შექმნიან. მათ დაევალებათ სასკოლო სასწავლო გეგმის, უსაფრთხო სასკოლო გარემოს, საგაკვეთილო პროცესის და სხვადასხვა სასკოლო აქტივობის უზრუნველყოფა.

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ სისტემას არ ჰყავს მხარდამჭერი ინსტიტუტები, მას ჰყავს მხოლოდ მაკონტროლებლები. საშუალო რგოლი კი იქნება ხარისხის მართვისა და დახმარების ჯგუფი. იგივე ჯგუფი შეიქმნება რესურსცენტრის დონეზე, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დონეზე ეს იქნება 60-80-კაციანი ჯგუფი, რომელსაც დაეკისრება თანამშრომლობაზე დაფუძნებული მონიტორინგის ფუნქცია.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ ჯგუფების საქმიანობა ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საჭიროებათა დადგენას. მაგალითად, დაუდგენს მასწავლებელს, რომ მას სჭირდება, ვთქვათ, სწავლების მეთოდებში გადამზადება.

– მინდა, გკითხოთ ტრენინგებსა და დეცენტრალიზაციაზეც, რომლის მიმართ დიდი ინტერესია.

ჩვენ კარს ვუღებთ პროვაიდერებს, სახელმწიფო კი ძირითადად ხარისხის გარანტი უნდა იყოს. ბაზარზე შემოსულ ყველა პროვაიდერს ჩვენ დავუდგენთ კრიტერიუმებს. რაც უფრო ძლიერი იქნება კონკურენცია და რაც უფრო მეტი – ტრენინგების შემომთავაზებელი ორგანიზაცია, მით უფრო აიწევს ტრენინგების ხარისხი. თუ დარჩება საჭირო ტრენინგების აუთვისებელი ნაწილი, აი, მაშინ ჩვენ ჩავერთვებით.

– ანუ ცენტრი ადგენს კრიტერიუმებს, ამა თუ იმ ტრენინგის სტანდარტებს, გარე პროვაიდერები კი მათ უნდა მოერგონ?

– ჩვენ ვადგენთ ორ რამეს – მასწავლებლის საჭიროებას და სტანდარტს თითოეულ საჭიროებაზე.

რა ტიპისა იქნება საგანმანათლებლო რესურსები, რომლებსაც მასწავლებლებს შევთავაზებთ როგორც დამხმარე რესურსებს?

– საგანმანათლებლო რესურსებისთვის გვექნება ცალკე პროგრამა. გამოვცემთ მასწავლებლის დამხმარე ლიტერატურასაც. შვიდ ახალ წიგნზე საავტორო უფლება უკვე მოვიპოვეთ. მათ შორისაა შეფასებაც, რომელიც განათლების რეფორმის ქვაკუთხედია. იქმნება ახალი ელექტრონული ბიბლიოთეკა განათლების მიმართულებით. ჩვენ შევქმნით რესურსებს არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის. ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ლიტერატურა ითარგმნოს ქართულ ენაზე, რომ მასწავლებლებმა და დირექტორმა რესურსების ნაკლებობა ვერ იგრძნონ. ცენტრს ასევე აქვს თავისი ჟურნალი „მასწავლებელი“ და ელექტრონული გაზეთი „mastsavlebeli.ge“, რომლებიც გააგრძელებენ მასწავლებლებისთვის საგანმანათლებლო რესურსების შექმნას და მიწოდებას.

მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაც ამ ცენტრის საქმიანობის ნაწილი იყო. რამე სიახლე გვექნება ამ მიმართულებით?

მასწავლებლის პროფესიის წახალისების მიზნით დავაწესებთ საგნის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს. ასევე ვგეგმავთ ცალკე ჯილდოს დაწესებას გაკვეთილის ტიპის მიხედვით – ინტეგრირებული გაკვეთილისთვის, თემატური გაკვეთილისთვის და ა.შ.

რესურსცენტრებს ვთხოვეთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია ღვაწლმოსილ მასწავლებლებზე. გვინდა, მასწავლებლებმა იცოდნენ, რომ ისინი პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგაც ემახსოვრებათ და დააფასებენ.

ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების წასახალისებლად გვინდა წამოვიწყოთ პროექტი „ჩხირკედელა“, რათა ბავშვებს და მასწავლებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მივცეთ ახალი მეცნიერული აღმოჩენების შესაძლებლობა. ამით მეცნიერებასაც წავახალისებთ.

– ახალი ადამიანები მასწავლებლის პროფესიაში – ამ მიმართულებით რას გააკეთებს ცენტრი?

– ჩვენი ამოცანა იქნება, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ გვყავს ძალიან კარგი მასწავლებლები და რომ სახელმწიფომ ცოტა მეტი თანხა უნდა გადაუხადოს მათ. მაგრამ ეს ყველაფერი საზოგადოებამ პოლიტიკოსებს უნდა დაუკვეთოს. ჩვენ გვჭირდება მასწავლებლები და არა ადამიანები, რომლებმაც სხვაგან დასაქმება ვერ მოახერხეს.

საუნივერსიტეტო პროგრამები მასწავლებლობის მსურველებს პროფესიაში შემოსვლას გაუადვილებს.

განათლება მთელ მსოფლიოში ძვირია. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირმა მის სიიაფეს შეგვაჩვია. მასწავლებლობა მაღალანაზღაურებად პროფესიად უნდა ვაქციოთ, რაც გაზრდის მასწავლებლის სოციალურ სტატუსს.

– რეფორმის მდგრადობისთვის რა არის საჭირო?

– განათლება ხეჭეჭურს ჰგავს: დღეს რომ დარგავ, ნაყოფს თორმეტი წლის შემდეგ მოისხამს. დღეს შეიძლება ფანტასტიკური გაკვეთილი ჩავატაროთ მესამე კლასში, მეექვსეში გავზომოთ შედეგები და აღმოჩნდეს, რომ პროგრესი არ გვაქვს, მაგრამ პროგრესი აუცილებლად დაფიქსირდება მეცხრეში.

საერთაშორისო შეფასებები თუ კოგნიტიურ დონეზე აჩვენებს შედეგების ზრდას, ეს იქნება ჩვენი მდგრადობის პირობა. საზოგადოება დარწმუნდება, რომ ფული ტყუილად არ დაუხარჯავს. მშობელიც კმაყოფილი იქნება და ბავშვიც – ბედნიერი.

– რა იქნება თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი „მასწავლებლიდან“ მასწავლებლებისთვის?

– ჩვენი მომავალი დამოკიდებულია განათლებაზე, მასწავლებლსა და სწავლების ხარისხზე. მოსწავლეს სკოლაში წასვლა სიხარულს უნდა ჰგვრიდეს, აბედნიერებდეს, აღიმებდეს. ქვეყანა მხოლოდ მაშინ განვითარდება, თუ გავზრდით კრიტიკულად მოაზროვნე თაობას, რომელსაც ექნება მაღალი კოგნიტური უნარები და შეძლებს, დასაქმების მსოფლიო ბაზარზე კონკურენცია გაუწიოს ხორვატ თუ ირლანდიელ თანატოლებს. ეს მასწავლებლის ხელთაა. ჩვენ მხოლოდ დახმარება შეგვიძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი