ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მამაჩემი, მამაშენი და მამამისი

ეს ადრეც მოვყევი: საავადმყოფოში, გარდაცვალებამდე ასე ერთი კვირით ადრე მამაჩემმა მითხრა, ევროპის ჩემპიონატს ახალ, დიდ ტელევიზორში ვნახავთო. თქვენ იცით რა არის ახალი, დიდი ტელევიზორი? გაგიმხელთ: მე და მამაჩემმა ერთ მსოფლიოს და ერთ ევროპის თამაშებს ვუყურეთ ერთად. პირველად ისეთ ტელევიზორში, თავში რომ უნდა ჩაგერტყა და ციმციმი ათი წუთით ჩერდებოდა. სახელად ,,ჰორიზონტი’’ ერქვა. სიმბოლური კი იყო ეს სახელი. კარგად აჩვენებდა იმდროინდელი ჰორიზონტის ახლო საზღვარს, თუმცა მაშინ ასეთი დასაზღვრულობაც მიხაროდა. ბავშვობა უმიზეზო სიხარულების დროა და იქ მთავრდება, სადაც სიხარულის მიზეზებს ეძებ. სადაც ხვდები, რომ საზღვარი არ არსებობს, ყველა სიხარული გეცოტავება და ახალს ითხოვ. ამიტომაც ყველა სხვა ასაკში უბედურების განცდა ჭარბობს. ეს იქით იყოს და მეორე ტელევიზორი უკვე ფერადი გახლდათ, ოღონდ ხშირად დასაბომბი ეკრანით. ფერები ადვილად ბაცდებოდა და ამ საკითხის ოზურგეთელი ოსტატი, რაღაც ხელსაწყოს ადებდა და გეფიცებით, ამუქებდა. დაბომბვა ერქვა ამ ალქიმიას. მგონი ,,ტაურასი’’ ერქვა. მგონი არა, ნაღდად. შუა ჩემპიონატისას, ერთ-ერთ ასეთ დაბომბვას ემსხვერპლა. მერე ჩემი ზაფხულები ოზურგეთს ასცდა. იმ წელს კიდევ ახალ, დიდი ტელევიზორში უნდა გვეყურებინა. მაგრამ უკვე ხომ გითხარით – ბავშვობა დამთავრდა. ბავშვობის მერე ძნელია ასეთი ამბების მოხერხება.

ახლა რომ ამბავს გიყვებით, ეს არ მომიყოლია. მაშინ სტუდენტი ვარ და სხვადასხვაგან ვათევ ღამეს. მეგობართან, ნათესავთან და ხან სასულიერო აკადემიის საერთო საცხოვრებელშიც კი.  ამ საცხოვრებელში ჩემი მამიდაშვილი, გელა ცხოვრობს. გელა იმიტომ ცხოვრობს, რომ აკადემიის სტუდენტია. მე იმიტომ, რომ გელას ბიძაშვილი ვარ. უკვე ზაფხულია და სწავლა მორჩა. სტუდენტები და  ლოგინები ერთდროულად გათავისუფლდნენ და მეც წამოვწექი ერთ–ერთ მათგანზე. ხის ლოგინი ჭრელი და ცხელი ,,ადიალათი’’. თავთან ხატები მეკიდა და პატარა რადიო. ხელის რადიო. ასე ეძახდნენ. უკვე ზაფხულია და წესით გურიაში უნდა წავიდე. მეც ხომ არდადეგები მაქვს და თან მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. მამაჩემს დავპირდი, ერთად ვუყუროთ-მეთქი. ზამთარში რომ ვიყავი, მაშინ. გაუხარდა. ძალიან, ძალიან გაუხარდა. ისე, რომ შეტრიალდა და  რადგან შეტრიალდა, ესე იგი თვალებში ცრემლი იგრძნო. მორცხვი კაცების ამბავია. ნაცნობი. კი, კი უეჭველი ჩამოვალ-მეთქი. უკვე ზაფხულია და შარდენზე გოგოები დასეირნობენ. თან ცალი თვალით გოგოებს დავსდევ, ცალით განცხადებებს ვკითხულობ სამსახურზე, ცალი ყურით გელასგან დოგმატიკის ამბებს ვისმენ, ცალით ცნობებს ფეხბურთელების ჯანმრთლობის შესახებ. ვფიქრობ, იმ საშინელ ტელევიზორში ყურებას, იმ კიდევ უფრო საშინელ მოწყენილობაში ალბათ სჯობს, რომ აქ დავრჩე. თან რამე სამსახურსაც მოვძებნი, თან ვინმე გოგოსაც გავიცნობ, თან ფეხბურთსაც ვუყურებ. უფრო კარგ ტელევიზორში. ამ ტელევიზორის საქმეც უცნაურად იყო, ისე როგორც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. აჩვენებდა და ხმა არ ჰქონდა. ამ ხელის რადიოს ვრთავდით და რადიოში ვუსმენდით და ტელევიზორში ვუყურებდით. მაგრამ ხარისხი იყო უკეთესი და თან სასულიეროს ბიჭებიც გადასარევი ხალხი, ყველა სხავადასხვანაირი და ახლაც განსხვავებული გზის გამყოლი, მაგრამ მართლა ყველა გადასარევი. ვინც იმ ოთახში ცხოვრობდა. ჰოდა, ალბათ ასე ღიად ვერ ვფიქრობდი, მრცხვენოდა საკუთარი თავის, მაგრამ მაინც მათთან ერთად ყურება მერჩივნა და მხიარულება. ჰოდა, დავრჩი.

ჩავედი აგვისტოში. ვერც სამსახური ვიშოვე და ვერაფერი. გოგოების ამბავი კარგად არ მახსოვს და რადგან არ მახსოვს, ალბათ მანდაც ვერაფერი. მამაჩემი ბოსტანში მუშაობდა. რაფერ ხარ და ამბავი. ჩვეულებრივი კითხვები. ველოდები, როდის მკითხავს, რატომ არ ჩავედი. ველოდები. მინდა, რომ მკითხოს. არაფერს ამბობს. ვერც მე. აგრძელებს პამიდვრების აკონვას. დახრილი. ძალიან, ძალიან მინდა რომ მკითხოს, ისე რომ გული გამისკდება სადაცაა. არ არსებობს ასეთ დუმილზე უფრო საშინელი, გირჩევნია გლანძღოს და გაძაგოს დაუსრულებლად. მამაჩემი კი დახრილია და მუშაობს. მუშაობს. მუშაობს. მამაჩემი, მამაშენი და მამამისი. ისინი ოდესღაც ოცნებოდნენ რაღაც სხვაზე და უფრო მეტზე. ვიდრე პამიდვრის აკონვაა. ვიდრე გაფუჭებული ტელევიზორია. ვიდრე ფეხბურთის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ჩამოსული შვილია. მაგრამ უცებ რაღაც მოვარდა – დრო, უიღბლობა და კიდევ რაღაც და წალეკა ეს ხალხი. მას მერე თავდახრილები მუშაობდნენ. და არაფერს გვეკითხებოდნენ და ამით ყველაფერს გვეუბნებოდნენ და ვერაფერს ვპასუხობდით.

 

ტალინი. 2018 წელი. 20 ნოემბერი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი