პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

CoRT – პროგრამა სააზროვნო უნარ-ჩვევების დასაუფლებლად

„ადამიანი ხშირად სჯერდება იმას, რითაც ბუნებამ დაასაჩუქრა, ვერ აცნობიერებს, რომ მისი გონებრივი შესაძლებლობები გაცილებით მეტია” (ე. დე ბონო).
XX საუკუნის 70-იანი წლებიდან ფართო გავრცელება პოვა ე. დე ბონოს პრობლემური სწავლების კონცეფციამ. მის მიერ დამუშავებული პედაგოგიური მეთოდები საშუალებას გვაძლევს, ყოველმხრივ შევისწავლოთ პრობლემა, გამოვავლინოთ მისი გადაჭრის გზები და მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება. მან შეძლო შემოეთავაზებინა ახალი მიდგომა, ინფორმაციული სისტემის თვითორგანიზაციის ახალი მოდელი, გარდა ამისა, შემოიღო პატერნის ცნება, რომელიც დღეს ძალზე პოპულარულია მეცნიერების სხვადასხვა დარგში (ინგ. pattern – მოდელი, ნიმუში, შაბლონი, სტილი, მაგ., აზროვნების, ქცევის). მეცნიერმა აღმოაჩინა პატერნის სხვადასხვა სახე, მათ შორის – შემაფერხებელი, და დაამუშავა ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება მისი სურვილისამებრ გარდაქმნა. სწორედ ამას უზრუნველყოფს ე.წ. ლატერალური აზროვნება (ინგ. lateral – განშტოებული, გვერდითი), კერძოდ, რთული პრობლემების მოგვარებას ადამიანის ფარული შემოქმედებითი შესაძლებლობების მობილიზებით. თუ ლატერალურ აზროვნებას შევადარებთ ლოგიკურს, პირველი, მეორისგან განსხვავებით, არ გულისხმობს აზრის ნაბიჯ-ნაბიჯ მსვლელობას, სადაც ერთ მცდარ ნაბიჯს აუცილებლად მივყავართ მცდარ დასკვნამდე. ლატერალური აზროვნება ნებისმიერი მიმართულებით იძლევა ნახტომის გაკეთების საშუალებას, ხოლო შეცდომა განიხილება როგორც შუალედური რგოლი, რომელიც არ განსაზღვრავს შედეგის უზუსტობას. რატომ არის ასე? ის თავისუფალია სტერეოტიპებისგან და ქმნის ახალ – ორიგინალურ, შემოქმედებით მოდელს. აზროვნების ეს სტილი არის შემოქმედებითობას + ინსაიტი (ერთბაშად წვდომა/აღმოჩენა) + იუმორი. იგი პარადოქსულია და ეფექტური. ხომ არ გაგონებთ ყოველივე ეს „გონებრივი იერიშის” მეთოდს? ის სწორედ ამ მიდგომაზეა აგებული. ლოგიკური აზროვნება, დე ბონოს მიხედვით, ვერტიკალურია, ლატერალური – გვერდითი და განშტოებული. აზროვნების ორივე ეს სტილი მნიშვნელოვანია და გამოყენების ღირსი. ლატერალური პოულობს იდეას, ლოგიკური ავითარებს მას. ავტორი ლატერალურ აზროვნებას ადარებს მანქანის უკუსვლას, რომლის ფლობაც საშუალებას გვაძლევს, გამოვიდეთ ჩიხიდან, თუმცა მხოლოდ მისი გამოყენება შეუძლებელია და არც არის საჭირო. ტრადიციული აზროვნება ანალიზს, მსჯელობას, კამათს უკავშირდება. სტაბილურ სამყაროში ეს სავსებით საკმარისი იყო, რადგან ყველაფერი შედარებით მარტივად ხდებოდა: არსებობდა სტანდარტული სიტუაციები და ამ სიტუაციების სტანდარტული გადაწყვეტა. თანამედროვე სამყაროში, რომელშიც ცვლილებები ასე სწრაფად მიმდინარეობს, სტანდარტული გადაწყვეტილებები არაადეკვატური და არაქმედითია. დღეს ნებისმიერ სფეროში აუცილებელია კონსტრუქციული, შემოქმედებითი აზროვნება, რომელიც ახლის ძიების საშუალებას იძლევა. დე ბონომ სწორედ ასეთი ახლებური აზროვნების მრავალი მეთოდი და ინსტრუმენტი შექმნა. იგი ხელმძღვანელობდა სპეციალურ სასწავლო პროგრამას, რომელიც დამუშავებულ იქნა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებისთვის. მან ფართო გავრცელება პოვა მთელ მსოფლიოში. აღნიშნული მიდგომა პირველად ვენესუელაში დაინერგა, სადაც რამდენიმე ათასმა მასწავლებელმა გაიარა სპეციალური ტრენინგები. ამ მიდგომის ჩარჩოში მომზადებული მასალები და გაკვეთილები დღესაც ტარდება ინგლისის, ირლანდიის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების სკოლებში. ყველა პრინციპი, რომელსაც დე ბონო იყენებს, თავსდება სიტუაციური ანალიზის ტექნოლოგიაში. ბევრ მასწავლებელს მიაჩნია, რომ ეს მიდგომა შემოქმედებით აზროვნებას ასტიმულირებს.

სააზროვნო უნარ-ჩვევების დაუფლების დე ბონოსეული პროგრამა CoRT-ის (Cognitive Research Trust) სახელწოდებით არის ცნობილი. ეს პროგრამა უშუალოდ აზროვნების სწავლებისკენაა მიმართული და არ გულისხმობს ამ უნარების განვითარებას რომელიმე საგნის სწავლების პროცესში. ის არ არის ე.წ. „ჩართული პროგრამა”, იგი დამოუკიდებელია. მაგ., სკოლებში კვირაში ორი საათი ეძღვნება „აზროვნების სწავლების” გაკვეთილებს. მოსწავლეებს ეძლევათ მოკლე ჰიპოთეტური სააზროვნო ამოცანები და მათ გადაწყვეტაზე მუშაობენ. ამ კურსის ფარგლებში დაუფლებულ უნარებს ისინი ნებისმიერ სიტუაციაში იყენებენ. ეს მარტივი და პრაქტიკული პროგრამა დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსწავლეთა და მასწავლებელთა შორის. იგი 6 სექციისგან შედგება. თითოეული მათგანი დაკავშირებულია აზროვნების ექვს ასპექტთან: 1. გაფართოება; 2. ორგანიზაცია; 3. ურთიერთქმედება; 4. შემოქმედება; 5. ინფორმაცია და გრძნობები; 6. მოქმედება. თითოეული სექცია 10 გაკვეთილს მოიცავს. 

CoRT პროგრამას რამდენიმე მიზანი აქვს: 1. ის მარტივია და პრაქტიკული; ადვილია მისი დაუფლება და სწავლება (არ მოითხოვს დიდი რაოდენობის რესურსს, მაგ., აუდიოჩანაწერებს); 2. განკუთვნილია ფართო ასაკობრივი დიაპაზონისთვის (განსაკუთრებით ეფექტიანია 8-დან 22 წლამდე); 3. არ არის ჩართული კონკრეტულ სასწავლო საგნებში, იგი სასიცოცხლო უნარ-ჩვევებისკენაა მიმართული, რაც ნებისმიერი საგნისთვის მნიშვნელოვანია (აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ დე ბონოს მეთოდიკის ეს მომენტი ბევრ მასწავლებელს არ მოსწონს – მიაჩნიათ, რომ კონკრეტული შინაარსის გარეშე სააზროვნო უნარების განვითარება თავისთავადაც საეჭვოა და მით უფრო საეჭვოა ყველა სხვა სიტუაციაში მათი გამოყენება/გადატანის შესაძლებლობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მსოფლიო პედაგოგიურ გამოცდილებაში ორივე ეს მიდგომა – ჰიპოთეტური და რეალური სიტუაციების გამოყენებისა – არსებობს და თავისი მომხრეები ჰყავს); 4. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ პროგრამის ფარგლებში დაუფლებული უნარების გადატანა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. რასაკვირველია, სტატიის ფარგლებში ამ პროგრამის მოკლე აღწერაც კი შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ ჩამოვთვლით რამდენიმე კონკრეტულ მეთოდს და მოკლედ გაგაცნობთ ერთ მათგანს, რომელიც CoRT-ის პირველ სექციაში შედის. ეს არის ე.წ. PMI (პლუსი, მინუსი, საინტერესოა). მოსწავლეებს ეძლევათ ჰიპოთეტური სიტუაცია და ევალებათ, ჩამოთვალონ მისი დადებითი, უარყოფითი და საინტერესო მხარეები. როგორ მიმდინარეობს მუშაობა? ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ იმსჯელოს მოვლენაზე, მოსწავლე ხატავს/ხაზავს სიტუაციისადმი თავისი დამოკიდებულების რუკას: თავდაპირველად ის განსახილველი საკითხის პლუს მხარეებს აღნიშნავს, იწერს ყველაფერს, რაც თავში მოუვა; შემდეგ აღწერს მინუს მხარეებს; დაბოლოს, აფასებს იმ მომენტებს, რომლებსაც ვერ უწერს ნიშანს, რადგან არაერთმნიშვნელოვანი ეჩვენება – ეს უკანასკნელნი იმსახურებენ შეფასებას „საინტერესოა”. ამის შემდეგ დამოკიდებულებათა რუკა შედგენილად ითვლება, ხოლო თუ ადამიანს რუკა აქვს, ისღა დარჩენია, შეარჩიოს მარშრუტი.

ამ მეთოდის ეფექტიანობის საილუსტრაციოდ დე ბონოს მაგალითი მოჰყავს: სიდნეის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს ასეთი ჰიპოთეტური წინადადება შესთავაზეს: ათი-თერთმეტი წლის 30 მოსწავლე სკოლაში სიარულისთვის კვირაში ერთხელ მიიღებდა 5 დოლარს სკოლის ბიუჯეტიდან. ეს წინადადება ყველას მოეწონა, თუმცა ზემოხსენებული მეთოდით სიტუაციის გაანალიზების შემდეგ 29 მოსწავლემ, მასწავლებლის ზეწოლის გარეშე, აზრი შეიცვალა. მას შემდეგ, რაც სიტუაცია PMI მეთოდით გააანალიზეს, თავიანთი წინარე განწყობა მოსწავლეებმა შეაფასეს როგორც „გაუაზრებელი”, რადგან დაასკვნეს, რომ ამით დაზარალდებოდა სკოლა, მასწავლებლებს მოაკლდებოდათ ხელფასი, არც მშობლები დარჩებოდნენ კმაყოფილნი. 

ტრადიციისამებრ, ჩვენ ერთმანეთისგან ვმიჯნავთ აზროვნებასა და აღქმას, მაგრამ უნდა შევნიშნოთ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ აღქმისას მოგვდის, როგორც მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, ვერდიქტი პირველი შთაბეჭდილების საფუძველზე გამოგვაქვს და ვერ ვხედავთ მიზეზს, უფ

რო დეტალურად განვიხილოთ სიტუაცია. ეს სავარჯიშო სწორედ ამ უნარის განსავითარებლადაა სასარგებლო.

CoRT-ის თითოეულ სავარჯიშოს თავისი აბრივიატურა აქვს და სხვადასხვა უნარის განსავითარებლად არის გამიზნული. მათ შორის ყველაზე მარტივი სწორედ PMI სავარჯიშოა. შემდეგი ინსტრუმენტებია CAF (Consider All Factors – განიხილე ყველა ფაქტორი; CAF იმით განსხვავდება PMI-სგან, რომ ეს უკანასკნელი არის რეაქცია იდეაზე, ხოლო პირველი – კვლევა იდეის ფორმულირებამდე; ფაქტორები აქ არ ფასდება), C&S (Consequences and Sequel – შედეგები და ეფექტი; განიხილება, რა შეიძლება მოჰყვეს მიღებულ გადაწყვეტილებას), AGO (Aims, Goals, Objectives – მიმართულება, მიზანი, ამოცანები), FIP (First In Priority – პირველი მნიშვნელობის თვალსაზრისით) და ა.შ. თადაპირველად მოსწავლეები ეცნობიან თითოეული ინსტრუმენტის არსს, სწავლობენ მათ გამოყენებას და შემდეგ კონკრეტული უნარების განსავითარებლად იყენებენ.

რასაკვირველია, აქ არ არის ჩამოთვლილი ყველა ის ინსტრუმენტი, რომელსაც პროგრამა მოიცავს, მაგრამ წარმოდგენას ეს ჩამონათვალი ნამდვილად შეგვიქმნის და დაინტერესების შემთხვევაში მათი შესწავლისკენ გვიბიძგებს.

სასკოლო სწავლების პერიოდში ცოდნის შეძენის პროცედურის დახასიათებისას დე ბონო აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა ძალისხმევა ძირითადად იმისკენ არის მიმართულია, რასაც მოცემულ მომენტში მოითხოვენ მათგან: ახალი მასალის დაუფლებისკენ, მასწავლებლის კითხვაზე პასუხისკენ, სასწავლო კინოფილმის ყურებისკენ და სხვ. მათი აღქმა სიტუაციით არის განპირობებული და მყისიერ რეაქციულ აზროვნებას უზრუნველყოფს. აზროვნების ეს ფორმა კარგია უშუალო რეაგირებისთვის, მაგრამ სრულიად უვარგისი – გრძელვადიანი დაგეგმვისთვის. სკოლის დამთავრებისთანავე ეს ყველაფერი საკმარისი აღარ იქნება; საჭირო გახდება ინიციატივის გამოჩენა, დამოუკიდებლად მოქმედება, დროის, ფინანსების დაგეგმვა, ეს უნარები კი სრულიადაც არ შედის მოსწავლისთვის დამახასიათებელ აზროვნების სტილში. აქ მას უკვე სხვა ტიპის აზროვნება დასჭირდება, რომელსაც დე ბონო „ოპერატიულ აზროვნებას” უწოდებს. იგი რთული ოპერაციების წარმოებას და, მოჭადრაკისა არ იყოს, რამდენიმე სვლის წინასწარ გათვლას მოითხოვს. დე ბონო წერს: „ჩემი პროგრამა ადამიანებს ასწავლის ფიქრს – ტვინის დანიშნულებისამებრ გამოყენებას. ფიქრის უნარი ადამიანის საქმიანობის საფუძველია. ეს უნარი მეტ-ნაკლებად ყველას აქვს განვითარებული; ასევე, მეტ-ნაკლებად ყველა უკმაყოფილოა ამ სფეროში საკუთარი მიღწევებით. ეს ნორმალური ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისებაა – ყოველთვის გინდა, უკეთესი იყო. რაც უფრო მეტად ცდილობს ადამიანი პრობლემაზე კონცენტრირებას, იმ გზის პოვნას, რომლითაც ამ პრობლემას საუკეთესოდ და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით მოაგვარებს, რაც უფრო ძაბავს გონებას, მით უფრო საფუძვლიანად ებმება რუტინული აზროვნების ხაფანგში და, თითქოს ჯიბრზე, ორიოდე ბანალური და შაბლონური მოსაზრების გარდა, თავში არაფერი მოსდის. წესისამებრ, ადამიანებს, რომლებიც კმაყოფილნი არიან თავიანთი სააზროვნო შესაძლებლობებით, სჯერათ, რომ აზროვნების დანიშნულება საკუთარი სიმართლის დამტკიცებაა. ეს მათ საშუალებას აძლევთ, დაიკმაყოფილონ თავმოყვარეობა. მაგრამ ეს ხომ ილუზიაა, შეცდომა. აზროვნებას გაცილებით ფართო დანიშნულება აქვს და ჩვენი ვალია, მისი ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ”.

აზროვნების პროცესის მთავარი სირთულე, დე ბონოს აზრით, მისი სტიქიურობაა – ჩვენ ყველაფერზე ერთდროულად ვფიქრობთ; რით აღარ არის დაკავებული ჩვენი გონება: ეჭვითა და განცდებით, ლოგიკურად აგებული ინფორმაციითა და შემოქმედებითი იდეებით, გეგმებით, მოგონებებით. ამ ორომტრიალში ორიენტაცია ძნელია, მაგრამ შესაძლებელი. მეცნიერს მიაჩნია, რომ მის მიერ შემოთავაზებული მეთოდები აზრებისა და განცდების ამ მოუწესრიგებელი საწყობის დალაგებაში დაგვეხმარება.

ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ თუ მოხერხდა თავში არსებული ქაოსის მოწესრიგება, იდეებისა და მოსაზრებების დაჯგუფება და მათი სწორი მიმართულებითა და თანმიმდევრობით წარმართვა, გადაწყვეტილების ძიების პროცესი გამარტივდება, დაჩქარდება და, ამდენად, უფრო შედეგიანიც გახდება.

დე ბონოს აზროვნების განმავითარებელი მეთოდები ძალზე მოხერხებულია მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ისინი შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერ დროს, საკლასო ოთახში, ექსკურსიაზე, ტრანსპორტით მგზავრობის დროსაც კი.

მომდევნო წერილში კიდევ ერთ საინტერესო მეთოდს გაგაცნობთ, მანამდე კი მოსინჯეთ ავტორის მიერ მოწოდებული PMI მეთოდიკა თქვენს კლასში (შესაძლოა, უკვე იყენებთ კიდეც) და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები. თვითონ დე ბონო რამდენიმე ჰიპოთეტურ შინაარსს გვთავაზობს. მაგ., ჰკითხეთ ბავშვებს: „რა მოხდება, ყველა მანქანა ყვითელი ფერისა რომ იყოს?” „რა მოხდება, ყველა ადამიანი ერთნაირი რომ იყოს?” „რა მოხდება, მთელი მოსახლეობა ერთ სახელმწიფოში რომ ცხოვრობდეს?” – და სხვა. დარწმუნებული ვარ, თქვენ უფრო საინტერესო იდეებიც გექნებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი