ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

14 ანბანის მითი

მსოფლიოში 14-ზე ბევრად მეტი მოქმედი დამწერლობაა. დღეს დაახლოებით 60 დამწერლობა გამოიყენება, ხოლო ისტორიაში არსებული სამწერლობო სისტემების რაოდენობა რამდენიმე ასეულია. ამ სტატიაში, პირველ რიგში, ვისაუბრებ 14 ანბანის მითის სავარაუდო წარმოშობაზე, შემდეგ კი ძირითადად გაგაცნობთ დღეს არსებული ანბანებისა და სამწერლობო სისტემების მრავალფეროვნებას. სტატიის მთავარი მიზანი კი ამ მითის დამსხვრევაა.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, 14 ანბანის მითის წარმოშობის დადგენა გამიჭირდა. მისტიკური რიცხვი 14 უკვე ათწლეულებია ტრიალებს ქართველთა ცნობიერებაში, შეტანილია სახელმძღვანელოებში, ვრცელდება ინტერნეტში, მიჩნეულია საყოველთაო ფაქტად მაშინ, როდესაც შეკითხვა „კი მაგრამ… ვინ თქვა, რომ თოთხმეტია?“ ასევე საყოველთაო მხრების აჩეჩვას იწვევს.

მითის წარმოშობის დასადგენად თავიდან „დავგუგლე“ „14 ანბანი“ და „14 დამწერლობა“ სხვადასხვა ენაზე, თუმცა გუგლმა ასეთი შესიტყვება ვერ მონახა. „14 ანბანი“ მხოლოდ ქართულ ანბანზე დაწერილ სტატიებში შემხვდა (გერმანულად და რუსულად), ანუ ისევ ქართველების დაწერილ სტატიებში. შესაბამისად, „ეჭვმიტანილი“ სადღაც ჩვენ შორისაა.

„14 ანბანი“ არც სერიოზულ სამეცნიერო ნაშრომებში არაა მოხსენიებული. არც ივანე ჯავახიშვილს, არც აკაკი შანიძეს, არც არნოლდ ჩიქობავას ქართულ ანბანზე წერისას „14“ არ უხსენებიათ. არანაირი „14 ანბანი“ არაა ნახსენები თამაზ გამყრელიძის ნაშრომებში, რომელსაც ქართულ ანბანზე მრავალი გამოკვლევა ეკუთვნის. არც ქართული საბჭოთა ენციკლოპედია გვიმტკიცებს ანბანთა თოთხმეტობას.

ყველაზე ძველი წყარო, რაც მოვიძიე, ცნობილი ენათმეცნიერის, შოთა ძიძიგურის (1911-1994) წიგნებია, რომლებშიც იგი ჩამოთვლის მსოფლიოში ცნობილ დამწერლობათა სისტემებსა და ანბანებს. საინტერესოა, რომ სწორედ ეს ჩამონათვალი მეორდება დღეს ინტერნეტში გავრცელებულ ანბანთა სიებში. ანბანთა სია მოცემულია 1988 წელს გამოცემულ წიგნში „სიტყვის ცხოვრება“, ხოლო 1990 წელს გამოცემულ წიგნში „ქართული ენის თავგადასავალი“ იგივე სია მეორდება. ეს წიგნები პოპულარული ენითაა დაწერილი და ავტორი ზოგადად მიმოიხილავს ქართული ენისა და დამწერლობის ისტორიას, ენობრივ კონტაქტებს, სიტყვათა წარმოშობას და ა.შ.

შოთა ძიძიგური წერს:

„მსოფლიოში ცნობილია დამწერლობათა შემდეგი სისტემები და ანბანები:

ლათინურის საფუძველზე შედგენილი ანბანები: ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, ამერიკისა და ავსტრალიის ქვეყნები, აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა. აზიის ზოგიერთი ქვეყანა: თურქეთი, ინდონეზია, ნაწილობრივ ფილიპინები;
სლავურ-კირილურ საფუძველზე შედგენილი ანბანები: სსრკ (გარდა საქართველოსი, სომხეთისა, ლატვიისა, ლიტვისა, ესტონეთისა), ბულგარეთი, იუგოსლავიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა;
არაბულის საფუძველზე შედგენილი ანბანები: არაბეთის ქვეყნები (ეგვიპტე, სირია, იორდანია, ლიბანი, ერაყი, მაროკო, ტუნისი და სხვ.), ირანი, ავღანეთი, ჩინეთი და სხვ.;
ინდური მარცვლოვანი დამწერლობის საფუძველზე შედგენილი ანბანები: ინდოეთის, ინდო-ჩინეთის დიდი ნაწილი, ცეილონი;
ჩინეთის ლოგოგრაფიული დამწერლობა: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (გარდა ტიბეტისა, სინძიანისა და ჩინეთის მონღოლეთისა);
იაპონური ლოგოგრაფიულ-მარცვლოვანი დამწერლობა (ისტორიულად მომდინარეობს ჩინურისგან);
კორეული ლიგატურულ-ბგერობრივი დამწერლობა;
ეთიოპიური მარცვლოვანი დამწერლობა;
ბერძნული;
ქართული;
სომხური;
ებრაული;
მონღოლური;
სირიული.“
სამწუხაროდ, შოთა ძიძიგურს აღნიშნული ჩამონათვლის წყარო მითითებული არა აქვს, ასე რომ, ამ ინფორმაციის სათავის დადგენა ჭირს. თუმცა ალბათ შენიშნავდით, რომ ანბანთა თოთხმეტობას არც შოთა ძიძიგური ამტკიცებს, რადგანაც პირველი ოთხი პუნქტი მთავრდება სიტყვით „ანბანები“, ხოლო მაგალითად ბრაჰმული დამწერლობიდან წარმოშობილი დღეს მოქმედი დამწერლობები მხოლოდ ინდოეთში სულ მცირე 13-ია, რომ არაფერი ვთქვათ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ე.წ. ინდო-ჩინეთში) მოქმედ მრავალ დამწერლობაზე.

კვლავ აღვნიშნავ, რომ ვსაუბრობ დღეს მოქმედ დამწერლობებზე, რადგანაც, მე მგონი, არავინ უარყოფს ასეულობით ისტორიულ დამწერლობას, იქნება ეს ძველი ეგვიპტური, შუამდინარული, ინდური თუ მეზოამერიკული. აგრეთვე დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ ანბანთა თოთხმეტობა მაინცდამაინც შოთა ძიძიგურის მოგონილია (თუკი მოგეძიებათ უფრო ძველი მაგალითები, გთხოვთ, მომაწოდოთ), თუმცა მგონია, რომ 14 ანბანის მითი დაახლოებით 1980-იანი წლებიდან იღებს სათავეს. აგრეთვე, ამ სტატიის მიზანია ხსენებული მითის დამსხვრევა, რასაც მსოფლიო სამწერლობო სისტემების მრავალფეროვნების წარმოჩენით შევეცდები.

ალბათ შენიშნავდით, რომ „ანბანის“ ნაცვლად ვიყენებ ტერმინს „დამწერლობა“, რადგანაც „ანბანი“ ხშირად ორაზროვანი ცნებაა. ანბანს იყენებენ როგორც დამწერლობისა ან სამწერლობო სისტემის სინონიმად (ჩინური ანბანი, არაბული ანბანი, ლათინური ანბანი), ისე კონკრეტული სამწერლობო სისტემის რომელიმე ენისთვის მოდიფიცირებული ვარიანტის აღსანიშნავად (ინგლისური ანბანი, ფრანგული ანბანი, თურქული ანბანი). თუმცა ანბანის ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელობა დამწერლობის ერთი ტიპია, ამიტომაც მსოფლიო სამწერლობო სისტემების მრავალფეროვნების გადმოცემას დამწერლობათა ტიპების ახსნით დავიწყებ.

(დავაზუსტებ, რომ ასოს ნაცვლად გამოვიყენებ ტერმინს „გრაფემა“. გრაფემა იგივე ასოა, თუმცა ქართულში ასო-ბგერა იმდენად მყარი შესიტყვებაა, რომ ასო მაშინვე ბგერის ასოციაციას წარმოშობს, ხოლო ბევრ სამწერლობო სისტემაში ერთი ასო მხოლოდ ერთ ბგერას არ შეესაბამება).

ანბანური დამწერლობა ისეთი სამწერლობო სისტემაა, რომელშიც ცალკე გრაფემები არის როგორც თანხმოვნებისთვის, ისე ხმოვნებისთვის. მაგალითად, ანბანური დამწერლობაა ქართული. პირველი ანბანური დამწერლობა ბერძნული იყო, რომელმაც მშობელ ფინიკიურ თანხმოვნურ დამწერლობას ხმოვნების გრაფემები დაამატა ან კონკრეტული თანხმოვნების გრაფემები ხმოვნებისთვის გამოიყენა, რადგანაც ხმოვნებით დახუნძლული ბერძნული ენისთვის ხმოვანთა ჩაწერა აუცილებელი იყო. ანბანური დამწერლობაა ლათინურიც, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დამწერლობაა.
თანხმოვნური (კონსონანტური) დამწერლობა ისეთი სამწერლობო სისტემაა, რომელშიც გრაფემები მხოლოდ თანხმოვნებს ასახავს, ხოლო ხმოვნები იგულისხმება. როგორც უკვე ვთქვი, თანხმოვნური დამწერლობა იყო ფინიკიური, ხოლო დღეს არსებული თანხმოვნური დამწერლობებია არაბული, ებრაული, არამეულზე დაფუძნებული დამწერლობები. თანხმოვნური დამწერლობა სემიტური ენების სპეციფიკაზეა დამყარებული, რადგან სემიტურ ენებში სიტყვებს თანხმოვნური ძირები წარმოქმნის და სიტყვის ამოსაცნობად ისინი საკმარისია. ისტორიულად თანხმოვნურ დამწერლობებშიც განვითარდა ხმოვნების ჩაწერის გარკვეული ხერხი. მაგალითად, არაბულში გრძელი ხმოვნების ჩასაწერად კონკრეტულ თანხმოვანთა გრაფემები გამოიყენება, რომლებიც კონტექსტის მიხედვით ზოგჯერ ხმოვნებად იკითხება (მათ matres lectionis, ანუ კითხვის დედები ეწოდება). გარდა ამისა, მოკლე ხმოვნებისთვის არსებობს დიაკრიტული ნიშნები, რომლებიც მხოლოდ დამწყებთა ტექსტებშია მოცემული, ხოლო ენის კარგ მცოდნეს ის უკვე აღარ სჭირდება. თუმცა წმინდა ტექსტები, მაგალითად, ყურანი, აუცილებლად გახმოვანებულია (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად.
მარცვლოვანი (სილაბური) დამწერლობა ისეთი სამწერლობო სისტემაა, რომელშიც გრაფემები მარცვლებს გამოხატავს. მსგავსი სამწერლობო სისტემა განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ენებისთვის, რომლებშიც თანხმოვნებს უმეტესად ხმოვნები მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, იაპონურს ორი მარცვლოვანი დამწერლობა აქვს: ჰირაგანა და კატაკანა, რომლებშიც იაპონურ ენაში არსებული ყველა მარცვალია მოცემული.
ანბანურ-მარცვლოვანი (ალფასილაბური) დამწერლობა ისეთი სამწერლობო სისტემაა, რომლებშიც არსებობს გრაფემები თანხმოვნებისთვის და ამ თანხმოვნებზე დასამატებელი სიმბოლოები ხმოვნებისთვის. მაგალითად, „და“ და „დე“ მარცვლებისთვის არსებობს არა ცალ-ცალკე გრაფემები, როგორც ეს მარცვლოვან დამწერლობაში იქნებოდა, არამედ არსებობს გრაფემა „დ“-სთვის, რომელსაც თან დაერთვის მცირე სიმბოლო „ა“-სა ან „ე“-ს გამოსახატად. იგივე სიმბოლოები დაერთვის სხვა თანხმოვნებსაც (მაგალითად, „გ“-ს ან „ბ“-ს – „გა“, „გე“, „ბა“, „ბე“ მარცვლების გამოსახატად). გრაფემათა ასეთ გადაბმას ლიგატურა ეწოდება (ლიგატურები გვხვდება ანბანური დამწერლობების კალიგრაფიებში – მაგალითად, ქართულ ხელნაწერებში ხშირად გვხვდება გადაბმული „და“). ანბანურ-მარცვლოვანი დამწერლობები ყველაზე მრავალრიცხოვანია. თუკი ანბანური და თანხმოვნური დამწერლობების წინაპარი ფინიკიურია, ანბანურ-მარცვლოვან დამწერლობათა უმეტესობის წინაპარი ბრაჰმული დამწერლობაა, რომელიც ძველ ინდოეთში გაჩნდა. ანბანურ-მარცვლოვანი დამწერლობებია გავრცელებული სამხრეთ აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ჩინეთში. ასევე ანბანურ-მარცვლოვანია ეთიოპური დამწერლობაც, რომელსაც განსხვავებული წარმოშობა აქვს.
ლოგოგრაფიულ-მარცვლოვანი დამწერლობა ისეთი სამწერლობო სისტემაა, რომელშიც გრაფემა გამოხატავს არა მხოლოდ მარცვალს, არამედ მნიშვნელობასაც. ასეთი დამწერლობის ცნობილი მაგალითია ჩინური დამწერლობა, რომელსაც რამდენიმე ათასი გრაფემა აქვს. უფრო სწორი იქნებოდა, თუ ამას ვუწოდებდით მორფოგრაფიულ-მარცვლოვან დამწერლობას, რადგან გრამატიკულად მნიშვნელობის მქონე უმცირეს ერთეულს მორფემა ეწოდება, ხოლო ლოგოს, ანუ სიტყვა, სხვადასხვა ენაში სხვადასხვა მნიშვნელობას შეიძლება ატარებდეს. ხშირად ჩინურ გრაფემებს იეროგლიფებს უწოდებენ, რაც მოძველებული და არასწორი ტერმინია, რადგან იეროგლიფები სიმბოლოთა საკრალურ მნიშვნელობაზე მიუთითებს, ხოლო ჩინური ან თუნდაც ძველი ეგვიპტური დამწერლობა, რომლისთვისაც პირველად გამოიყენეს ეს ტერმინი, მხოლოდ წმინდა ტექსტების ჩასაწერად არ გამოიყენებოდა. ჩინური ენისთვის მორფოგრაფიულ-მარცვლოვანი დამწერლობა მორფოლოგიურ უხერხულობას არ ქმნის, რადგან ჩინური ენა მორფოლოგიური სირთულით არ გამოირჩევა (მარტივად რომ ვთქვათ, არ არის ბრუნების, უღლების მიხედვით ცვლილება და ა.შ.).
ზოგჯერ გამოყოფენ დამწერლობის კიდევ ერთ ტიპს, რომელსაც თვისებრივი დამწერლობა ეწოდება. ეს ისეთი სამწერლობო სისტემაა, რომელიც ფონეტიკურად მსგავს ფონემებს მსგავს გრაფემებს მიუჩენს, მაგალითად, ბაგისმიერი ფონემები ერთმანეთის მსგავსია გრაფიკულად, კბილ-ბაგისმიერი ფონემები – ერთმანეთის და ა.შ. ასეთი დამწერლობაა კორეული, იგივე ჰანგული. გარდა ამისა, კორეულ დამწერლობას, რომელიც ანბანური დამწერლობაა, ერთი ინოვაციაც აქვს – კორეულში გრაფემები მარცვლებად ჯგუფდება. შესაბამისად, კორეულად დაწერილი სიტყვა „ჰანგულ“ შეიძლება ორ გრაფემად მოგეჩვენოთ „ჰან-გულ“, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით ორივე გრაფემაში ამოიკითხავთ სამ-სამ სიმბოლოს ყოველი ფონემისთვის.
დამწერლობის კიდევ ერთი ტიპი, რომლითაც საერთოდ დამწერლობის ისტორია დაიწყო, პიქტოგრაფიული და იდეოგრაფიული დამწერლობებია. თუმცა თუ გგონიათ, რომ ეს დამწერლობები გადაშენდა, რადგან გამოქვაბულებში აღარ ვხატავთ, მაშინ კარგად დააკვირდით საგზაო ნიშნებს გზაზე ან სმაილებს თქვენს სასაუბროში და მიხვდებით, რომ გადაშენების ნაცვლად ამ სიმბოლოებმა ინტერნეტის საშუალებით ახალი სიცოცხლე იპოვა.
ახლა კი შევუდგეთ ანბანთთვლას. დღეს მოქმედ სამწერლობო სისტემებს რეგიონების მიხედვით დავაჯგუფებ. არსებულ ჩამონათვალში შედის ის დამწერლობები, რომლებიც დღეს ერთი ენისთვის მაინც აქტიურად ან სხვა დამწერლობის პარალელურად გამოიყენება. შესაძლებელია სია არასრულია, მაგრამ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად გამოდგება. მაშ ასე:

ევროპა – ბერძნული, კირილიცა, ლათინური, სომხური, ქართული;
დასავლეთი აზია (ახლო აღმოსავლეთი) და ჩრდილოეთი აფრიკა – არაბული, ასირიული (არამეულზე დაფუძნებული), ებრაული, ეთიოპური, კოპტური (ბერძნულზე დაფუძნებული), თიფინაღი (ბერბერული ანბანური დამწერლობა), მანდეური (არამეულზე დაფუძნებული);
სამხრეთი აზია (ინდუსტანის ნ-კ, ძირითადად ინდოეთი) – ბენგალური (გავრცელებულია ბანგლადეშშიც), გურმუხული, გუჯარათული, დევანაგარი (ინდოეთის ყველაზე მრავალრიცხოვანი ენის – ჰინდის დამწერლობა, მასზეა ჩაწერილი სანსკრიტული ტექსტებიც), თამილური (გავრცელებულია შრი-ლანკაშიც), კანადა (ქვეყანასთან კავშირი არ აქვს), ლიმბუ, ლეფჩა, მალაიალამი, მალდივური (მალდივის კ-ებზე), ორია, სინჰალური (გავრცელებულია შრი-ლანკაშიც), ტელუგუ, ქაშმირული;
აღმოსავლეთი აზია – იაპონური, კორეული, მანჯურიული, მონღოლური, ტიბეტური, ჩინური;
კონტინენტური სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია (ინდო-ჩინეთის ნ-კ) – ბირმული (მიანმარული), დეჰონგი (დეჰონგური გავრცელებულია ჩინეთში, მიანმარსა და ტაილანდში), ი (ი (Yi) გავრცელებულია ჩინეთსა და მიანმარში), ლაოსური, ტაილანდური, ქჰმერული (კამბოჯური), ჰმონგური (საკუთრივ ჰმონგური ორი დამწერლობა არსებობს: ჩინეთის ჰმონგები იყენებენ ბრიტანელი მისიონერის, სემ პოლარდის მიერ მე-19 საუკუნეში შექმნილ დამწერლობას, ხოლო ვიეტნამელი და ლაოსელი ჰმონგების დიდი ნაწილი – ჰმონგების სასულიერო ლიდერის შონგ ლუ იანგის 1950-იან წლებში შექმნილ პაჰავჰურ დამწერლობას. გარდა ამისა, არსებობს ლათინურზე დაფუძნებული ჰმონგური დამწერლობაც);
კუნძულოვანი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია – ბალური, ბატაკი, ბუგისი, იავური, მანგიანი (მანგიანი არის ფილიპინების ერთ-ერთი ენა, თუმცა ფილიპინების მთავარი ენა – ტაგალოგი – იწერება ლათინურზე დაფუძნებულ დამწერლობით), რეჯანგი, სუნდანური (მანგიანის გარდა, ყველა ზემოჩამოთვლილი დამწერლობა გამოიყენება ინდონეზიური ენებისთვის, ხოლო ინდონეზიური ენა, რომელიც ინდონეზიის ლინგვა-ფრანკაა, ლათინურზე დაფუძნებული დამწერლობით იწერება);
სუბ-საჰარული აფრიკა – ბასა, ვაი, ნკო (მე-19-მე-20 საუკუნეებში შექმნილი დამწერლობები სუბ-საჰარული აფრიკული ენებისთვის);
ამერიკა – ინუქტიტუტი (კანადა, გრენლანდია), იუპიკი (ალასკა, აშშ), კრი (კანადა), ფოქსი (აშშ), ჩეროკი (აშშ), ჯუკა (სურინამი, ფრანგული გვიანა) (ეს დამწერლობები ამერიკის ადგილობრივი ენებისთვის მე-19-მე-20 საუკუნეებში შექმნილი მარცვლოვანი დამწერლობებია. მაგალითად, ჩეროკის დამწერლობა თავად ერთ-ერთმა ჩეროკიმ, სეკვოიამ შექმნა 1810-იან წლებში. საინტერესოა, რომ მან სხვა ენაზე წერა-კითხვა არც იცოდა. სეკვოიამ ლათინურიდან ზოგიერთი გრაფემა ისესხა, თუმცა მათ განსხვავებული ბგერობრივი მნიშვნელობა მიანიჭა. მაგალითად, D იკითხება, როგორც „ა“, ხოლო A – როგორც „გო“. მისი დამწერლობა დღესაც აქტიურად გამოიყენება).
ამ სიაში 57 დამწერლობაა ჩამოთვლილი. შესაძლებელია, ზოგიერთი გამომრჩა კიდეც, მაგრამ აქ ჩამოთვლილი დამწერლობებისთვის რაოდენობრივი მნიშვნელობის მინიჭება რთულია. მაგალითად, იაპონური დამწერლობა რეალურად სამი დამწერლობის ნარევია. როგორც უკვე ვთქვი, იაპონურს აქვს ორი სხვადასხვა მარცვლოვანი დამწერლობა – ჰირაგანა და კატაკანა. გარდა ამისა, იაპონური იყენებს კანჯის, რომელიც ჩინური მორფოგრაფიული გრაფემებისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ სამივე დამწერლობას შეუძლია დამოუკიდებლად იარსებოს და ჩაწეროს იაპონური ენა (განსაკუთრებით ჰირაგანასა და კატაკანას), სამივე ერთდროულად გამოიყენება კონტექსტის მიხედვით.

ზოგჯერ რთულია იმის დადგენა, ესა თუ ის დამწერლობა დამოუკიდებელია თუ მშობელი დამწერლობის მოდიფიკაციაა. მაგალითად, „თოთხმეტიანური“ თეორიით ჩემ მიერ ჩამოთვლილი 28 დამწერლობა „ინდურ ანბანებში“ ერთიანდება, რადგანაც ერთი წინაპარი ჰყავს. თუმცა მაშინ ამავე ლოგიკით ანბანური და თანხმოვნური დამწერლობების უმეტესობაც ერთ ანბანად უნდა მოვიხსენიოთ, რადგან ფინიკიურიდან წარმოიშვა. გარდა ამისა, ეს „ინდური ანბანები“ ბევრად მეტად განსხვავდება ბრაჰმულისგან, ვიდრე ლათინური და კირილიცა – ბერძნულისგან, მაგრამ არც ეს არ აქცევს ამ სამ დამწერლობას ერთ ანბანად.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია დამწერლობათა მოდიფიკაციები სხვადასხვა ენისთვის. ყველაზე მრავალფეროვანი, რა თქმა უნდა, ლათინური ანბანია, რომელზე დაფუძნებული ანბანებიც ყველაზე ბევრი ენისთვის გამოიყენება. ინგლისურის მცოდნე გარჩევით კი გაარჩევს, მაგალითად, ფრანგულს, თურქულს ან ისლანდიურს (თუმცა ყველა გრაფემას – ვერა), მაგრამ წასაკითხად სულ მცირე ამ ენების ორთოგრაფიის შესწავლა მოუწევს.

უფრო რთულია არაბულის მოდიფიკაციათა შემთხვევები, რომელიც ლათინურის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე გავრცელებული დამწერლობაა. ზოგ შემთხვევაში მოდიფიკაციები არაბულისგან გრაფიკულად საკმაოდ დაშორებულია (მაგალითად, არაბულზე დაფუძნებული ვოლოფური დამწერლობა, რომელიც დასავლეთ აფრიკული ენის ვოლოფის ჩასაწერად გამოიყენება ლათინურზე დაფუძნებული დამწერლობის პარალელურად). საინტერესო შემთხვევაა ცენტრალური ქურთული ენის, სორანის დამწერლობაც, რომელიც არაბულზეა დაფუძნებული, მაგრამ ყველა ხმოვნისთვის ცალკე გრაფემა არსებობს. შესაბამისად, არაბული თანხმოვნური დამწერლობა სორანულმა „გააანბანა“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მსოფლიოში თოთხმეტზე ბევრად მეტი დამწერლობა მოქმედებს. კიდევ ბევრად მეტი ენაა, რომლებსაც მდიდარი სამწერლობო ისტორია აქვს. აქვე აღვნიშნავ: ის, რომ ქართული ანბანი არა თოთხმეტში, არამედ უფრო მეტ ანბანს შორის ერთ-ერთია, არა და არ აკნინებს არც მის მნიშვნელობას, არც მის სამწერლობო ისტორიას და არც მასზე დაფუძნებულ 15-საუკუნოვან ქართულ ლიტერატურას. დაუსაბუთებელი მითით თავის მოტყუებას კი სჯობს, უკეთ გავიცნოთ მსოფლიო დამწერლობათა ულამაზესი მოზაიკა და მხოლოდ სხვების დაფასებითა და პატივისცემით შეგვეძლება გულწრფელად გვიხაროდეს, რომ ამ დიდ მოზაიკაში ქართული ანბანიც მოიპოვება.

გამოყენებული ლიტერატურა:

შოთა ძიძიგური, ქართული ენის თავგადასავალი – თბილისი, მეცნიერება, 1990.

შოთა ძიძიგური, სიტყვის ცხოვრება – თბილისი, მერანი, 1988.

Florian Coulmas – The Blackwell Encyclopedia of Writing Systems (1999, Wiley-Blackwell)

Peter T. Daniels, William Bright (eds.) – The worldʼs writing systems (1996, Oxford University Press)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი