ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სერი კენ რობინსონი, წარმოსახვითი გონების განვითარების შესახებ – ნაწილი I

კენი: საღამო მშვიდობისა. ვფიქრობ, დღეს, საგანმანათლებლო რეფორმა მსოფლიო გამოწვევაა და ამიტომაც გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი რამდენიმე მოსაზრება ამ საკითხზე. იმედი მაქვს, ეს ჩვენ საუბრისკენ გვიბიძგებს. დამსწრე საზოგადოებიდან ვინმე არის ნამყოფი ლას ვეგასში?

დამსწრეები დარბაზში: დიააახ. 

კენი: რა არის ეს, ყველა ნამყოფი ხართ? {სიცილი}, მართლა გეკითხებით. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ლას ვეგასი არსებობს დედამიწაზე, არის ადამიანის განსაკუთრებული ძალა, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ სხვა ცოცხალ არსებებს, მე როგორც ვიცი, არ აქვთ. ეს არის ერთადერთი თვისება, რომელიც გამორჩეულად ადამიანურია და რომელიც ჩვენ ადამიანებად  გვაქცევს. მე არ ვგულისხმობ ძალას, რომელმაც ლას ვეგასი ააშენა, არამედ იმ უნარს, რომლმაც ეს შესაძლებელი გახადა. 

ეს არის უნარი, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია და ეს არის ალბათ ერთადერთი რამ, რაც გვეხმარება წინ ვიაროთ ახლა უკვე 21-ე საუკუნეში. ამავე დროს ირონიულია ის, რომ მე მჯერა განათლების, რომელზეც ჩვენი დროის დიდ ნაწილს ვხარჯავთ, თუმცა, ამავე დროს, ჩვენი დროის დიდ ნაწილს ვხარჯავთ იმაზეც, რომ განათლება ჩავახშოთ ან რამენაირად შევაჩეროთ. შესაძლოა ეს ხდება არა წინასწარი განზრახვით, მაგრამ ეს ხდება სისტემატურად. რაზეც ვსაუბრობდი აქამდე და რამაც ლას ვეგასი შექმნა და რეალობად აქცია, არის წარმოსახვის ძალა. 

წარმოსახვის ძალა არის ის, რაც დგას ჩვენსა და ჯერ კიდევ გამოქვაბულში მცხოვრებთა შორის. ეს ძალა წარმოადგენს ყველა იმ მიღწევის სათავეს, რომლითაც ადამიანი ამაყობს,  ლიტერატურა იქნება ეს, მეცნიერება, ხელოვნება, ეკონომიკა, ბიზნესი თუ ადამიანთა ურთიერთობები. 

 წარმოსახვის ძალამ მოგვცა ის 6,000-ზე მეტი ენა, რომელსაც დედამიწის მცხოვრებნი დღეს იყენებენ. ამ ძალამ გვაჩუქა სიქსტის კაპელა, ბახის და მოცარტის მუსიკა, აღმოსავლეთის უდიდესი ტრადიციები, კონფუციანიზმი, მსოფლიოს ყველა ფილოსოფია – წარმოსახვის ძალა დგას ადამიანის ნებისმიერი მიღწევის უკან და ამავე დროს, ჩემი აზრით, წარმოსახვას ადამიანები სისტემატურად ხელს ვუშლით. ვუშლით იმ მეთოდით თუ სისტემით, რომელიც ჩვენ, ადამიანებს გვაქვს არჩეული ჩვენი  და ჩვენი ბავშვების განათლებისათვის. ახლა ზუსტად ამაზე მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა და გაგიზიაროთ სამი იდეა. ვიცი, ისინი ისე გამოიყურებიან თითქოს ხუთი იყოს, მაგრამ ჩათვალეთ რომ ეს უბრალოდ ჟესტი იყო? კარგი?

ნუ ვიქნებით ასეთი პედანტურები. მე არ ვაპირებ ასე გაგრძელებას {სიცილი დარბაზში}. მე მაქვს სამი იდეა. პირველი ის, რომ თქვენ, ვინც აქ ხართ, რაიმე სახით ჩართულები ხართ განათლებაში. სხვაგვარად ამ დარბაზში არ ისხდებოდით. პირველი არის ის, რომ ჩვენ, ყველანი, გლობალურად ჩართულები ვართ რევოლუციაში, მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს თუ არა.

ჩვენ ვერ მივანებებთ ამ საქმეს თავს და ვერ ვიტყვით: ”კარგი, მე ვერ ვიქნები ამის მონაწილე, გულახდილად”. ეს რევოლუცია თავისი ხასიათით გლობალურია და იგი სიტყვასიტყვით ლიტერალურია – პირდაპირი, მშრალი, მკაცრად განსაზღვრული. რასაც ვგულისხმობ არის ის, რომ ეს არ არის ფიგურალური ან მეტაფორული რევოლუცია. ის, რასაც ხშირად ”რევოლუცია” შეიძლება დავარქვათ, ჩვენს წარმოსახვაში. არა. ეს არის მიმდინარე, სრული სვლით მიმავალი რევოლუცია-პროცესი. რევოლუცია ისტორიის ის პერიოდია, როდესაც ის, რაც ადრე ჩვეულებრივი და მისაღები იყო, აღმოჩნდება რომ ტყუილია. ცნებები, რომლებიც აშკარა და ნათელი იყო, აღმოჩნდება, რომ გაუგებარი და ბუნდოვანია. მოვლენები, რომლებიც უეჭველად უნდა მომხდარიყო, აღარ ხდება – დღეს, ჩვენ, ასეთ პერიოდში ვცხოვრობთ. განსხვავება, ყველა აქამდე მომხდარი რევოლუციებიდან ის არის, რომ ძალებს, რომლებიც ამ რევოლუციას ძერწავენ დედამიწის მასშტაბით, ისტორიული პრეცენდენტი არ აქვს. მსგავსი აქამდე არ ყოფილა. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წარსულში მომხდარი დიდი ცვლილებები. 

გავიხსენოთ ინდუსტრიული რევოლუცია, განმანათლებლობის ხანა (Enlightenment, ინგლ.), რენესანსის ეპოქა. შეგვიძლია გავიხსენოთ ანტიკური საბერძნეთის ცვლილებების დრო. თუმცა უნდა ითქვას, რომ ის, რაშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, ვერაფრით შეედრება წარსულის ჩამოთვლილ რევოლუციებს და სამწუხაროდ, ვერაფრით განვჭვრეტთ დღევანდელი პროცესის შესაძლო შედეგებს. რამდენს გყავთ დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვი? კარგი. შვილიშვილები? მოდით გულახდილად ვისაუბროთ. დანარჩენებმა მითხარით, გინახავთ ამ ასაკის ბავშვები თუ არა? 

მადლობა აი იმ კაცს, ხელი რომ ასწია, როგორც ჩანს ერთი ჰყოლია ნანახი. 

გმადლობთ. ასეთი ბავშვები წესით, ქუჩებში უნდა დარბოდნენ, ჩვენს გასახარად, თუ ნახავთ, რა თქმა უნდა. დაწყებითი ასაკის ბავშვები, პატარები, რომლებიც წელს პირველ კლასში წავლენ, წესით 2070 წლისათვის გავლენ პენსიაში. თუ გავლენ, რა თქმა უნდა.  ვიფიქროთ ამ ფაქტზე. ჩვენ, აქ მყოფებს, ოდნავი წარმოდგენაც კი არ გავქვს თუ როგორ იქნება ჩვენი პლანეტა, ვთქვათ, 2015 წელს ან 2020-ში, აღარაფერს ვამბობ 2070 წელზე. ამავე დროს, ჩვენ, იმათ, ვინც დღეს განათლების სისტემაში ვმუშაობთ, პასუხისმგებლობა გვაკისრია იმ მოსწავლეებზე, რომლებსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად, შინაარსიანად, დაისახონ მიზნები, 21-ე საუკუნის წლებში და მის შემდეგაც. ასე რომ, ეს არის ნამდვილი რევოლუცია. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ცდილობს გაუმკლავდეს ამ ახალ ამოცანას. მაკ-ქინზის (McKinsey) კვლევის ანგარიშის თანახმად, 2006 წელს, მსოფლიოს მთავრობებმა, ჯამურად 2 ტრილიონი დოლარის ექვივალენტური თანხები დახარჯეს განათლებაზე. ორი ტრილიონი დოლარი განათლებისათვის. ყველა ნიშნით, განათლება, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესი და ერთ-ერთი უდიდესი დამსაქმებელი გამოდის. განათლება იყენებს მეტ სახსრებს, მას აქვს მეტი ადამიანური რესურსის გამოყენების საშუალება, იგი არის მასიური, გლობალური საწარმო.  

ამავე დროს, დედამიწის ნებისმიერი ქვეყანა, გამონაკლისის გარეშე,  ცდილობს შეცვალოს თავისი განათლების სისტემა და მასში რეფორმები გაატაროს. ამისთვის მათ ორი მიზეზი აქვთ. პირველი: ეკონომიკური – ყველა ცდილობს მოიფიქროს თუ როგორი განათლება მისცეს ადამიანებს, რომლებიც მომავალში ამ ქვეყნის ეკონომიკაში დაიწყებენ მუშაობას. იმ ეკონომიკაში, რომლის წინასწარი პროგნოზირება ორი წლითაც კი შეუძლებელია. როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი? ვგულისხმობ იმას, რომ რაც ვთქვი, სიმართლეა ეროვნული ეკონომიკისათვის მაკროდონეზე.

  

იგივე მოსაზრება სიმართლეს წარმოადგენს პიროვნულ დონეზეც. ადრე ეს მოდაში იყო, როდესაც განათლების სფეროს ხალხი ამბობდა: ” ჩვენ ეკონომიკის ამბები არ გვაინტერესებს და არ გვეხება”. მე მგონია, რომ ის ვინც ფიქრობს, რომ განათლებას არავითარი კავშირი არ აქვს ეკონომიკასთან, თვალდახუჭული დადის. განათლება ეკონომიკის შესახებაც არსებობს. ის ეკონომიკასაც პირდაპირ შეეხება. ამიტომაც არის ასეთი მასშტაბური განათლებაში ჩადებული ინვესტიციები მთელს მსოფლიოში. ჩვენ ამას პერსონალურადაც ვგრძნობთ. განა ასე არ ვფიქრობთ, რომ ”თუ ჩვენი შვილები კარგ განათლებას მიიღებენ, მათ მეტი შანსი ექნებათ სამუშაოს შოვნისათვის და ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის”. განა ასე არ არის? ჩემთვის ასეა. თუმცა მე შეიძლება არ ვიცი, რამდენად დამოუკიდებლები მინდა იყვნენ ჩემი შვილები და რა ასაკიდან მინდა რომ დამოუკიდებლები გახდნენ. 

მთავარი შეკითხვა დღეს ასეთია: როგორ შევძლოთ ეს? რა სახის განათლება შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნას? იმ მოთხოვნებს რა ვუყოთ, რომლის წინასწარ განჭვრეტაც ჯერ არ შეგვიძლია? დღევანდელობის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში დომინირებს სწორხაზოვანი ვარაუდი იმის შესახებ, თუ რა არის მომავლის მოთხოვნებისთვის რელევანტური. გულახდილად რომ ითქვას, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რა იქნება მომავლისთვის დროული თუ მართებული. და ჩვენ არ ვიცით, რამდენად ხაზოვანი თუ წრფივი იქნება ეს საჭიროება. 

დიახ, ჩვენ ეს ყველამ ვიცით. ამიტომაც, მგონია ერთ-ერთი რეფლექცია, დღევანდელი მდგომარების შესახებ არის ის, რომ სასკოლო სისტემაში არსებობს სასწავლო საგნების იერარქია. ჩვენ ყველაზე მაღალ საფეხურზე ვაყენებთ მათემატიკას, მეცნიერებებს და ენების კურსებს, რადგანაც ვფიქრობთ, რომ ისინი ყველაზე უფრო გამოსადეგია ეკონომიკური პროცესისათვის. დიახ, ეს საგნები ძალიან მნიშვნელოვანია, გამოყენებადი, მაგრამ არა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რამდენიმე დისციპლინა, რომლებზეც მალე მოგახსენებთ. ასეთი სწორხაზოვანი ვარაუდი, საგნების და სისტემის შესახებ, ვფიქრობ, ხშირად იწვევს იმას, რომ ჩვენი საუკეთესო მოსწავლეები, ამ მიდგომის გამო მათი ნამდვილი ტალანტიდან იხრებიან და ჩვენ ამას ვაკეთებთ წარსულის ძველ მოდელებზე დაყრდნობით. იმ ძველ მოდელზე, რომელიც დამყარებული იყო განათლების საჭიროების და ეკონომიკური დანიშნულების მოთხოვნებზე.   

ეს არის პირველი საკითხი, რომელზეც მინდოდა მესაუბრა. ეს არის რევოლუცია და იგი ხელშესახები და პირდაპირია. მეორე წინადადება, რომელიც გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა, არის  მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჭიროა სხვაგვარად შევხედოთ ადამიანურ რესურსებს. ვფიქრობ, რომ ბევრი ძალიან ნიჭიერი ადამიანი დღეს მოწყვეტილია თავის ბუნებრივ ტალანტს იმის გამო, რომ განათლების მიღება  დღეს არსებულ სისტემაში მოუწია. მეტიც, ყველა ჩვენთაგანმა დაკარგა ბევრი რამ ჩვენი ბუნებრივი შესაძლებლობების, თუ ტალანტების ნაკრებიდან. 
2008 წელის 10 აპრილი, სან-ფრანცისკო, ”ეფლის” განათლების ლიდერების კონფერენცია (სამიტი), შეხვედრა აშშ-ს 100-ზე მეტი საშუალო სკოლის სუპერინტენდანტთან. 
წყარო: https://www.edutopia.org/sir-ken-robinson-creativity-part-one-video

ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი