პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ფრანჩესკო ასიზელი  _ წმინდანები და პერსონაჟები

მწერლები თავიანთი პერსონაჟების ხასიათების სიღრმისეულად დასახატავად, მათი ნათელი  თუ ბნელი მისწრაფებების, კეთილი თუ ბოროტი  ვნებების, წმინდა  თუ დემონური განზრახვების წარმოსაჩენად ხშირად მიმართავენ ცნობილ ისტორიულ პიროვნებებს, რათა მათი ცხოვრებისეული გამოცდილების კონტექსტის გათვალისწინებით მკითხველს შესაძლებლობა მიეცეს ადამიანური სულის მრავალფეროვნების სრულყოფილი აღქმისა და შემეცნებისა. კონსტანტინე გამსახურდიამ გამორჩეული წმინდანი, პოეტი, ფრანჩესკო ასიზელი თავისი რომანის „დიონისოს ღიმილის“ მხატვრულ სივრცეში შემოიყვანა მთავარი გმირის, კონსტანტინე სავარსამიძის სულიერი ბრძოლის, დაცემისა თუ წამოდგომის რთული და მრავალშრიანი გზების გამოსაკვეთად.

ფრანჩესკო ასიზელის სახე კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილში“ იხატება, როგორც ერთგვარი პარაბოლა, რომელიც კონსტანტინე სავარსამიძის სულის სიღრმეებს გამოკვეთს. სავარსამიძის სახეში წარმოჩნდა მეოცე საუკუნის ევროპული კულტურის კრიზისი, რომელიც, უპირველესად, მის ფაუსტურ გაორებაში გამჟღავნდა. ამგვარი გაორება ნიშნეულია რომანის გმირისთვისაც, რომლის სულიერ „მარტვილობას ფრანჩესკო ასიზელთან მისტიკური „შეხვედრა“ ამძაფრებს.

გამუდმებული მერყეობა რწმენასა და ურწმუნოებას შორის იწვევს სავარსამიძის მოწყვეტას ჭეშმარიტებისგან, მაგრამ იტალიაში მოგზაურობისას იგი „აღმოაჩენს“, რომ „საერთო სენია კაცთა“ ამგვარი დისჰარმონიულობა – მთავარია გამუდმებული ბრძოლა და და ყოველი დაცემის მერე ფეხზე წამოდგომა. სავარსამიძეს სჯერა, რომ “ბედნიერია მხოლოდ ის კაცი, ვინც ერთი ღმერთის კარავში შეძლებს ამ უდაბნოში გადაჩრდილებას”. ამ თვალსაზრისით, მას იდეალად წარმოუდგება ფრანჩესკო ასიზელი. ასიზის მონასტერში წირვის მოსმენისას გმირს ეუფლება ექსტაზი, რაც იწვევს მის სულიერ კათარზისს.

ფრანჩესკო ასიზელი შუა საუკუნეების იტალიელი წმინდანი, მისტიკოსია (XII-XIII სს.). მან უდიდესი გავლენა მოახდინა ევროპის სულიერ ცხოვრებაზე. დანტე ალიგიერი „ღვთაებრივ კომედიაში“ მას მზეს უთანაბრებს. ფრანჩესკო ასიზელის სახეს ვხვდებით სულხან-საბა ორბელიანთან, რომელმაც იტალიაში მოგზაურობისას მოინახულა მისი საფლავი. საინტერესოა გრიგოლ რობაქიძის დაკვირვება ფრანჩესკო ასიზელის პიროვნებაზე. იგი წერს: „მთელი ლათინური ევროპა ამაყობს ფრანსიზ ასიზელით. მას დარჩა ოცი სტრიქონი. ამ სტრიქონებიდან იტალიელებს გამოჰყავთ მთელი იტალიური პოეზია. განსაკუთრებით უყვარს ეს სტრიქონები გაბრიელე დ’ ანუნციოს. საკვირველია, მარტო ამ ოცი სტრიქონისთვის არ არის ფრანსიზ ასიზელი საოცარი. იგი ბავშვია და თან ბრძენი. იგი ჩიტის გულშია გადასული და ცოცხლობს ჩიტის გულით. იგი ბუნების ძალთა მხილველია და დამაურვებელი (ხოლო არა ძალადობით). საკმარისია, აქ წერტილი დავსვა, რომ ქართველმა იმავ წამს მინდია გაიხსენოს. და მართლაც, მინდია იგივ ფრანსიზ ასიზელია, მხოლოდ საქართველოს მთებში აღმოცენებული, როგორც იშვიათი ყვავილი“ („ერის სული და შემოქმედება“).

რუდოლფ შტაინერი ფრანჩესკო ასიზელს მის წინა ინკარნაციაში შავი ზღვის პირზე არსებული იდუმალთმეტყველების სკოლის მოწაფედ მიიჩნევდა. მისი აზრით,  ამ იდუმალ სკოლაში მიიღეს ქრისტეს იმპულსი. ფრანჩესკო ასიზელის სამშვინველი ქრისტეს იმპულსის ძალით იყო გამსჭვალული. როცა ფრანჩესკო იმ ადამიანთა გარემოცვაში აღმოჩნდა, სადაც განსაკუთრებით მძვინვარებდნენ ავადმყოფობისა და ხრწნის დემონები, ეს იმპულსი ათავისუფლებდა განწირულ ადამიანებს. “სიღარიბეს შეუღლებულმა” ასიზელმა ევროპული სამყარო განწმინდა. რწმენა და სიყვარული თითქოს განსხეულდა მასში და იმდროინდელი სამყაროს წინაშე ცოცხალი სიმბოლოს სახით წარმოჩნდა. ეს სიყვარული კი კოლხეთის მისტერიებში ხელდასხმის შედეგი იყო.

ფრანჩესკო ასიზელის ერთ ჰიმნში „ქებათა ქება შექმნილისა“ ვკითხულობთ:

„ქება ჩემს უფალს ჩემი დების –

მთვარისა და ციური ვარსკვლავების შექმნისთვის,

ქება ჩემს უფალს ჩემი ძმების –

ქარის, ჰაერისა და ღრუბლების შექმნისთვის“.

„დიონისოს ღიმილის“ მთავარი გმირი, კონსტანტინე სავარსამიძე ფრანჩესკო ასიზელს იტალიაში გამგზავრებამდე იცნობდა. მისი სიყვარულით ავლენდა რწმენის წყურვილს. იტალიაში მოგზაურობამ კი უდიდესი გავლენა მოახდინა მის სულიერ განვითარებაზე. რომში ხეტიალისას იგი შემთხვევით გადააწყდა პატარა ეკლესიას. “ავტომატურად დავიწერე პირჯვარი”, – ასე მჟღავნდებოდა სისხლში გამჯდარი რწმენა. ეკლესიის ქვედა სართულზე მისი ყურადღება მიიპყრო ერთმა ფრესკამ და როცა ბერს ჰკითხა ფრესკაზე გამოსახულის ვინაობა, მან უპასუხა, რომ ეს იყო ფრანჩესკო ასიზელი. ამგვარმა შეხვედრამ სავარსამიძეში გააღვიძა რაღაც უჩვეულო, მიძინებული და დავიწყებული. იტალიამ გაამძაფრა მის გაორებულ საწყისებს შორის ბრძოლა. სავარსამიძემ გაიცნო სოფლის მღვდელი მამა ჯიოვანი – დაიწყო სიარული მის წირვაზე. მოსწონდა მისი ტკბილი ხმა, მლოცველების ქორალური გალობა, ალოესა და მურის სურნელება. მამა ჯიოვანისთან ერთად ხშირად ატარებდა დროს ძველ წიგნებსა და ფოლიანტებში, საუბრობდა ნეტარ ავგუსტინესა და ფრანჩესკო ასიზელზე. ჯიოვანი გაოცებული იყო, თუ რად აინტერესებდა მას ქრისტიანული მისტიკა.

ჯიოვანი იმდენად მოიხიბლა სავარსმიძის პიროვნებით, რომ ყველას არწმუნებდა (გავრცელებული ეჭვის საწინააღმდეგოდ), რომ იგი იტალიურ პოეზიას სწავლობდა, ოვიდიუსსა და ფრანჩესკო ასიზელს თარგმნიდა. სავარსამიძე მამა ჯიოვანისთან საუბარში გამოტყდა, რომ ქართველია, „ძველთა ძველი ქრისტიანე“ და ყელზე წმინდა კონსტანტინეს შანა ჰკიდია. სავარსამიძე დამწუხრებული აღიარებს, რომ არ ძალუძს ხანგრძლივად ღმერთსა და სულზე ფიქრი, ეშინია, რომ „ერთ მშვენიერ დღეს თავი გაუსკდება“. „მე არ მინდა, გავიგო, თუ რა ხდება იმ ვარსკვლავების გადაღმა. ეგებ ის ლამაზად მოციმციმე ცის მნათობები ბოროტი დემონების თვალები იყოს. ეგებ ჩვენი მოხუცი მზეც, მშვიდობის თეთრი ალამივით ეთერში რომ ფრიალებს, თვითონ იყოს სიკვდილის პირშავი ღმერთი. არც ის მინდა, ვიცოდე, თუ რა ხდება ხავერდით მოსილ დედამიწის ქვეშ, ეგემ ჩვენი ბებერი მიწაც სფეროებში გამორიყული სატანას მძორი იყოს“, – ამბობს სავარსამიძე.

ფრანჩესკო ასიზელიც გაეყარა მამას, ისევე როგორც სავარსამიძე. თუმცა კონფლიქტის წყარო და მიზეზი სხვადასხვა იყო, მაგრამ თვით განდგომის ფაქტი ანათესავებთ მათ ერთმანეთთან. ფრანჩესკომ ძიების გზა აირჩია და ღმერთისკენ მიმავალ უდაბურ გზას დაადგა, სადაც შიშველი ხელებით მოუწევდა ბრძოლა მატერიალურ თუ სულიერ წინააღმდეგობებთან. სავარსამიძემაც მიწას, ჩვეულებრივ, სადა, ცხად და მარტივ ყოფას გაურკვეველი რამ არჩია – ძიება. თუმცა ეს ძიება არ არის სწორხაზოვანი. ბავშვობაში რაღაცნაირად მიეთითა მას გზის ნიშანი, მაგრამ მაინც ყოველთვის იბნეოდა, აქეთ-იქით ეხლებოდა და ხშირად ეცემოდა. ბავშვობაში, ერთი თამაშისას ძიძიშვილებმა სავარსამიძე ჯვარზე გააკრეს ქრისტესავით. სავარსამიძემ ვერ „ახსნა“ და გადაივიწყა ეს „ნიშანი“. მის ცხოვრებაში სულ სხვაგვარი ინტერესები გაჩნდა. სიყმაწვილეში ფრანჩესკო ასიზელს ჰქონდა ხილვა – უზარმაზარ სასახლეში იყო, სადაც უამრავი იარაღი ეყარა. თავიდან ეგონა, რომ ეს მომავალ მეომრულ ცხოვრებაზე მიანიშნებდა, მგრამ მალე კვლავ მიენიშნა, რომ ეს მის სულიერ მოღვაწეობას გულისხმობდა.

ბიანკამ (რომელსაც გამახვილებული ინტუიცია და წინასწარმეტყველების ერთგვარი ნიჭი ჰქონდა) იდუმალ იგზნო სავარსამიძის “არაჩვეულებრივობა”, ძე კაცისას მიამსგავსა. სიზმარშიც იხილა უცხო მწირი, რომელსაც ბარონესამ ბარონის ქურქი გამოუტანა და თბილი წყლით ფეხები დაბანა. “მწირმა იუკადრისა: მე რომ თავადის ქურქი ჩავიცვა, ვინცა ვარ, იგი აღარ ვიქნებოდიო”. ბიანკამ სიზმრის გავლენით დახატა ასეთი სურათი: “ჩემი გალურჯებული სხეული შავი ძელის ჯვარზე გაკრული. წელზე უშველებელი გველი მარტყია. ტანში ჟრუანტელმა დამიარა”. ამ სიზმარმა წამოატივტივა სავარსამიძის მეხსიერებაში ბავშვობისდროინდელი დავიწყებული ამბავი, ამიტომაც ეუბნება ბიანკას შემკრთალი: „თქვენ როგორ გეზმანათ, სინიორინა ბიანკა, რომ მე ოცდახუთი წლის წინათ ჯვარს მაცვეს ჩემმა ძიძიშვილებმა“. „ჯვარცმა“ ამ შემთხვევაში გააზრებულია, როგორც რეალური ფაქტი და არა თამაში (აქ თითქოს გაიხსნა ბავშვობიდროინდელი სიმბოლოს არსი). ბიანკას „ბოდვა“, რომ სავარსამიძე იგივე ქრისტეა, ეფუძნება იმასაც, რომ მან ქრისტესავით დასძლია სიკვდილის შიში. „აკი თქვენ მიტომაც არ გეშინიათ გველების“. გველები ამ შემთხვევაში სატანის ჰიპოსტასებია, რომლებიც სავარსამიძეს რწმენამ და წინაპართა გამოცდილებამ დააძლევინა. ბიანკასთან და მამა ჯიოვანისთან საუბრებმა სავარსამიძეში სრულიად ახალი ენერგია წარმოშვა, რომელმაც დროებით დააძლევინა დაბნეულობა. ორიენტირად ფრანჩესკო ასიზელი ჰყავდა, რომლის პიროვნება მთლიანად „შემოვიდა“ მასში და ერთგვარად განწმინდა. სავარსამიძე ასიზის მონასტერში მიდის აღდგომის დღესასწაულზე დასაწრებად. გზაში, პერუჯიის კოშკებისა და ბასტიონების სიმაღლიდან სასაცილოდ ეჩვენება ბენზინის სუნით აყროლებული თანამედროვე ქუჩები, საწვრილმანო დუქნები, კინემატოგრაფიის საზიზღარი რეკლამები – ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რითაც აქამდე ცხოვრობდა და სულდგმულობდა. თითქოს მის სულს ძველი სამოსი შემოეძარცვა და ახლით შეიმოსა. ეკლესიის ზარების გუგუნი მასში იწვევს სიზმარეულ განცდას: „მეგონა, რომ ბინდისას გამეყარა ჩემი მგლოვიარე სული, გადაჰყვა ზარებს მწუხარე სულეთში და დამტოვა მარტო, უსამშობლო, მიუსაფარი სან ავგუსტინოს ლოდზე მჯდომარე“.

სავარსამიძე აღტაცებულია სან ფრანჩესკოს მონასტრით. მიუხედავად იმისა, რომ მას მრვალგზის მოუსმენია დიდ ხუთშაბათს მწუხრი წმინდა პეტრეს ტაძარში, წირვას დასწრებია პარიზის ღვთისმშობლისა და წმინდა პავლეს ტაძარში, მაინც “რაც მე აღდგომა ღამეს განვიცადე ფრანჩესკო ასიზელის მონასტერში, კალმით არ აიწერება”. იტალიელთა რწმენით, წმინდა ფრანჩესკო არ მომკვდარა, „არამედ იგი ეკლესიის სიღრმეში ლოცვადაა დამდგარი“.

სავარსამიძის სული მთლიანად იმსჭვალება ფრანჩესკო ასიზელით. ხელების ფათურით მიჰყვა ჩაბნელებულ, ნესტიან დერეფნებს, შეიგრძნო არამიწიერი მოთეთრო შუქი. ეს ფიზიკური სვლა იმავდროულად სულიერი გადანაცვლებაცაა სულის სიღრმეში, ფერფლწაყრილი რწმენის საუფლოსკენ. ალოესა და მურის სუნი აბრუებს და მისტიკური ექსტაზისთვის შეამზადებს. მზერა ეწმინდება. მაღალი სანთლების ფონზე იგი იმახსოვრებს მლოცველთა მგლოვიარე სახეებს. მისი სული თითქოს წყდება სხეულს და ზეცისკენ მილივლივებს. მისი ფიქრის საგანი ხდება თეთრფრთიანი ანგელოზები. ჯოტოს ღვთაებრივი ხელით ნახატი მისტიური ალეგორიები იტაცებს: „ქრისტეს წმინდა ფრანჩესკო თავის საცოლეს, ქალბატონ სიღარიბეს აცნობს. გავალაკისებური შარავანდედით მოსილ წმინდა ფრანჩესკოს თავზე თუშურის მაგვარი ქუდი ჰხურავს, ნამსჭვალიანი მარცხენა გულზე მიუდევს. ბერის რუხი, ნაოჭიანი სამოსი აცვია სიყვარულის უბადლო თავადს. აყვავებულ ქალწულებს მიაგავენ ანგელოზები: „მართლაც, სიყვარულის ბრწყინვალე თავადი სულიერსა და უსულოს, ყვავილებსა და ღრუბლებს, ცეცხლსა და წყალს, ადამიანსა და ცხოველებს – ყველას საყვარელ და-ძმას ეძახდა. განა იგი არ იყო, მინდვრის ტრედები რომ სიკვდილს გადაარჩინა? ძვირფასნო! ქრისტესმიერ საყვარელნო დანო ჩემნო! რისთვის დააჭერინეთ თავი ადამიანს? ახლა მე მწადის, გამოგიხსნათ სიკვდილის კლანჭებიდან“. „მან არ განბანა საკუთარი ხელით შეპყრობილი და კეთროვანი? გული მისი უფაქიზესი სარკე იყო, უმბრიის აზურის ფერი ცა თავისი ღრუბლებით, ოქროს გავალაკიანი მზითა და ვარსკვლავებით ამ სარკეში იხატებოდა და მისი დები – საყვარელი მინდვრის ბალახი და ყვავილები. ყველგან სიყვარულის ალოეს აფრქვევდა, ყველგან ღმერთს ხედავდა, თვითონაც ღმერთდალეული და ღმერთით მთვრალი“. წმინდა ფრანჩესკოს ეს ქება სავარსამიძის არსებაში რწმენის საწყისის გამარჯვებისა და სულიერი გაორებულობის დაძლევის მაჩვენებელია. ეს იყო მისი სულის აყვავების ჟამი. მთლიანად დაწმენდილი მისი არსება ფრანჩესკო ასიზელს “შეხვდა” და იზეიმა. ეს იყო ძალიან დიდი სიმაღლე, სადაც სავარსამიძეს მტკიცე საყრდენი არ ჰქონდა – გამუდმებული მერყეობა, შინაგანი გაორება შლიდა და არღვევდა, ამიტომაც კვლავ მიწაზე ჩამოვარდა. წინა ღამით თუ მუხლებზე დაჩოქილი ღმერთს შეჰღაღადებდა, ახლა ასიზის გზაზე აღმართულმა შავი ძელის ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ გააღიზიანა. მის სულში დემონი აბობოქრდა. ხელჯოხი მოუქნია „სმარაგდისფერ სამოთხეში აღმართულ უდაბნოს ღმერთს“, დაინგრა ჯვარცმა. ფეხით გათელა წაქცეული ჯვარი და უშვერი სიტყვებით გმო ქრისტე, თუმცა ისიც იგრძნო, რომ გაუგონარი რამ ჩაიდინა და უკან მოუხედავად განაგრძო გზა. „სიკვდილის თავადი“ უკვე ხელს უშლიდა მის ახალ გზნებას – მისი სული ახლა უწმინდურ ძალას ეპყრა ხელთ. ხანმოკლე აღტყინებას მოჰყვა სევდა, რმელიც ღვინომაც ვეღარ გაანელა. სავარსამიძე გრძნობდა, რომ „სული ტანში აღარ ეტეოდა“, ამიტომაც საკუთარ თავს, როგორც ორეულს, ისე შესცქეროდა და თანაუგრძნობდა: „შენი სული ბუდეგამოფუკულ კრაზანასავით წრიალებს. გახუნდებიან ამქვეყნიური ფერადები, არ გინდა არც შენი თავის, არც ადამიანების დანახვა, ყოველივე ხმაურობა ნერვებს გიშლის, აღარ იცი, ვის შეაკლა თავი და მაშინ დედამიწაზე ჭილობის ოდენა მიწაც არ გეგულება, სადაც შეგეძლოს, თავი მიიდრიკო“. ასე მოთქვამდა მათე მახარებელიც: „მელთა ხურელი უჩნთ და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისას არარაი აქუს, სადა თავი მიიყუდნეს“.

სავარსამიძე შინაგანად გაუწონასწორებელია, ამიტომაც ნელდება მასში ფრანჩესკო ასიზელთან „ზიარების“ ხიბლი და იბადება საოცარი აღგზნება – „ღმერთისკენ“ და „ღმერთისგან“ ერთმანეთს ეჯახება. ამ შინაგან სულიერ მოძრაობას ყველაზე მძაფრად ამხელს ცრუ ქრისტეს ეპიზოდი. წითურწვერებიან ანაფორიან მათხოვარს ახალ ქრისტედ მოაქვს თავი, ფეხშიშველა მათხოვრებთან ერთად ვირის ეტლით დადის და ქადაგებს: „ადამიანს დაავიწყდა ღმერთი და გაცოფდა. ანტექრისტემ გაუკეთა ადმიანებს ეს ქალაქები, ანტექრისტემ აუშენა მას მანქანები… მოწეულია ჟამი, ძმანო და დანო ჩემნო, როცა ყველა ქრისტეანი თვით უნდა გახდეს ქრისტე და აჰა, მე დავძლიე ჩემი ადამიანური სიგლახე“.

რასაც ეს ცრუ ქრისტე ქადაგებს, შინაგანად ყოველთვის აწამებს სავარსამიძეს, ამიტომაც ამ სიტყვების გაგონებისას უცნაური ჟინი აიტაცებს, დროს იხელთებს და დაცარიელებულ ეტლში ჩაჯდება. უხარია, მათხოვრები და ბავშვები ახლა მას რომ მისდევენ ყვირილით, ხოლო როცა ცრუ ქრისტე სილას გაარტყამს და მრისხანედ შესძახებს: „ვინ მოგცათ ნება, ღმერთის ეტლში ჩამჯდარიყავით?“ სავარსამიძე მეორე ყბას მიუშვერს და უპასუხებს, რომ თვითონ არის ღმერთი. სავარსამიძე იტანჯება და სულიერ მგლოვიარობას განიცდის ჩადენილის გამო. „ასიზის გზაზე ჯვრების დამსხვრევა, პერუჯიელ ცრუქრისტეს სილა, ყველაფერი ეს სიმთვრალესა და ექსტაზში მომხდარი ამბები იყო, მაგრამ მაინც კოშმარული ნალექი დამრჩა გულში”.სავარსამიძემ უთხრა გამომძიებელს: “თქვენ არ იცით, ღვთისმოსაობასა და ღვთისგმობას შორის რომ სულ ერთი ნაბიჯია”. ეს ერთი ნაბიჯი კი უფსკრულს ეთანაბრება.

ფრანჩესკო ასიზელის სახე სიმბოლოა ადამიანის არსებაში დანთებული ღვთაებრივი ნაპერწკლისა, რომელსაც გამუდმებით სულის შებერვა, გაფრთხილება და აღორძინება სჭირდება. მისი სახე მსოფლიო ლიტერატურის არაერთ ნაწარმოებში გვხვდება, მათ შორის, ნიკოს კაზანძაკისის რომანში „აღსარება გრეკოსთან“. კაზანძაკისმა ამ წმინდანზე რომანიც დაწერა „წმინდა ფრანჩესკო“ (1956), რომელსაც, იმედია, მალე თარგმნიან ამ მწერლის სხვა რომანთა შესანიშნავი ქართველი მთარგმნელები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი