ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ცნების შინაარსში წვდომის პროცედურები ინდუქციური და დედუქციური სწავლებისას

სწავლა/სწავლების ძირითადი მიზანი განათლებული და უნარიანი ახალგაზრდების აღზრდაა. სწორედ ეს განაპირობებს სწავლების იმ მრავალფეროვან მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, რომლებსაც მიზნის მისაღწევად იყენებს პედაგოგი. ზოგადად, სწავლის მეთოდიკა პასუხს გვაძლევს კითხვაზე: რა გზით შეგვიძლია მივღწიოთ სათანადო შედეგებს სწავლებისას? ხოლო სწავლების ტექნოლოგია გვპასუხობს კითხვაზე: როგორ გავხადოთ შედეგი გარანტირებული? ამიტომ ნებისმიერი დიდაქტიკური ამოცანის ეფექტურად გადაწყვეტა, მეტწილად, ტექნოლოგიების სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული.
ამგვარი გაგებით, ნებისმიერი მეთოდიკა შეგვიძლია ტექნოლოგიებამდე დავიყვანოთ. იგი გვაძლევს კორექტირების, უფრო სრულყოფილი დიდაქტიკური და მეთოდური მიდგომების გამოყენების საშუალებას; შეგვიძლია საჭიროებისამებრ შევცვალოთ და  დავაზუსტოთ მეთოდური პარამეტრები და სხვ. როგორც თეორიული და პრაქტიკული კვლევები ცხადყოფს, ყველაზე ეფექტურ საშუალებას სასურველი შედეგის მისაღწევად სასწავლო პროცესში  ინდუქციური და დედუქციური მეთოდების გამოყენება წარმოადგენს. მეცნიერებაში შემეცნების ეს ტექნოლოგიები იზოლირებულად არ გამოიყენება. უფრო მეტიც, ინდუქციური მეთოდის გამოყენებისას გარკვეულწილად “ფარულადაც”  კი ხდება დედუქციის გამოყენება.

   

დედუქცია და ინდუქცია

დედუქცია შემეცნების ისეთი მეცნიერული მეთოდია, რომელიც გულისხმობს საერთო ნიშან-თვისებიდან კერძო ნიშნების გამოყოფას. ამ დროს აზროვნება ისე მიმდინარეობს, რომ ყოველი კომპონენტი ლოგიკურად გამომდინარეობს წინა აზრიდან. დედუქციური მეთოდი საშუალებას გვაძლევს, გამოვიტანოთ სწორი დასკვნა, გამოვყოთ საერთო პრინციპები და კანონები, რომლებიც არ მოგვცემს შეცდომის დაშვების უფლებას: ისინი კონკრეტული მოვლენის ფაქტობრივი სინამდვილის დადგენაში გვეხმარება.  

ინდუქცია კი შემეცნების ის ფორმაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ ძირითადი დასკვნა ცალკეული ფაქტების საფუძველზე, ანუ ესაა აზროვნების მოძრაობა კერძოდან ზოგადისაკენ. ინდუქციის მეთოდები გამოიყენება ობიექტებსა და მოვლენებს შორის ემპირიული კავშირების დასადგენად. ეს მეთოდებია:

1.ერთადერთი მსგავსების მეთოდი (რომელიმე შემთხვევაზე ან მოვლენაზე დაკვირვებისას გამოიკვეთება მხოლოდ ერთი საერთო ფაქტორი. ცხადია, რომ ეს ერთადერთი ფაქტორი წარმოადგენს მოცემული მოვლენის მიზეზს);

2.ერთადერთი განსხვავების მეთოდი (თუ არსებობს გარკვეული პირობები რაღაც მოვლენის ან გარემოების წარმოშობისა, თუ ყველა მათგანი თითქმის ერთმანეთის მსგავსია და მხოლოდ ერთი ფაქტორით განსხვავდება, მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ფაქტორი არის კიდეც მოცემული მოვლენის წარმოშობის მიზეზი);

3.მსგავსებისა და განსხვავების დაკავშირების მეთოდი (იგი წარმოადგენს ორი ზემოთ მითითებული მეთოდის კომბინაციას);

4.თანმხლები ცვლილებების მეთოდი (თუ ერთი მოვლენის ცვლილებები მუდმივად იწვევს გარკვეულ ცვლილებებს სხვა მოვლენებში, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ ამ მოვლენებს შორის არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი);

5.“ნარჩენების” მეთოდი (ესაა რთული შემთხვევა “მრავალფაქტორიანი მიზეზისა”. თუ რომელიმე ფაქტორთაგანი ცნობილია, როგორც მოცემული მოვლენის რომელიმე ნაწილის მიზეზი, აქედან მივიღებთ დასკვნას: სხვა ნაწილების მიზეზებს შეიძლება სულ სხვა ფაქტორები განაპირობებდეს, რომლებიც ერთიანობაში მოცემული მოვლენის საერთო მიზეზი იქნება).

ინდუქციური და დედუქციური მეთოდები ყველაზე ეფექტურად  გამოიყენება სწავლის დროს ცნებების სწორად გაგებისთვის, ცნებების წვდომისა და ათვისებისთვის. “ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია, წყლის ერთი წვეთით გააკეთოს დასკვნები ატლანტიკის ოკეანის ან ნიაგარას ჩანჩქერის არსებობაზე, თუნდაც არც ერთი არ ჰქონდეს ნანახი;… ფრჩხილის, ფეხსაცმლის, სახის გამომეტყველების და სხვა “წვრილმანი” დეტალებით ძნელი არაა, გამოიცნო ადამიანის პროფესია”, – ეს სიტყვები შერლოკ ჰოლმსს ეკუთვნის, რომელსაც შეეძლო, პატარა დეტალებიდან (ცნებების სწორად გაგების გზით) ლოგიკურად აეგო მოვლენათა ჯაჭვი, რისთვისაც იყენებდა დედუქციურ მეთოდს. 

დედუქციური მსჯელობის მაგალითი:

 

1)თუ წვიმს, დედამიწა დასველდება / წვიმს. / მიწა სველია;      
2)თუ ჰელიუმი ლითონია, ის ელექტროგამტარია. / ჰელიუმი ელექტროგამტარი არაა. / ჰელიუმი ლითონი არაა;
3)ყველა ადამიანი მოკვდავია. /ყველა ბერძენი ადამიანია. / მაშასადამე, ყველა ბერძენი მოკვდავია;
4)“თუ ნეტარება სხვა არაფერია, ვიდრე მარადიული ცხოვრება, ხოლო მარადიული ცხოვრება – ეს ჭეშმარიტების შეცნობის საშუალებაა, მაშინ ნეტარება – ეს სხვა არაფერია, თუ არა ჭეშმარიტების შეცნობა” (ორიგენე). 
ინდუქციის მაგალითია: 
1)ვენესუელა რესპუბლიკაა, ეკვადორი რესპუბლიკაა. / არგენტინა, ბრაზილია, ვენესუელა, ეკვადორი ლათინოამერიკული სახელმწიფოებია. / ყველა ლათინოამერიკული სახელმწიფო რესპუბლიკაა;  
2)იტალია რესპუბლიკაა, პორტუგალია რესპუბლიკაა, ფინეთი რესპუბლიკაა, საფრანგეთი რესპუბლიკაა. იტალია, პორტუგალია, ფინეთი, საფრანგეთი დასავლეთევროპული ქვეყნებია. / ყველა დასავლეთევროპული ქვეყანა რესპუბლიკაა.

მოყვანილი მაგალითებით  უკეთ გასაგებია შემდეგი ცნებები: სველი მიწა; ლითონი; ადამიანი; მოკვდავი; ნეტარება; მარადიული ცხოვრება; ლათინოამერიკული სახელმწიფოები; დასავლეთევროპული ქვეყნები.

ზოგადად, ცნება – ესაა აზროვნების ფორმა, აზრი, განზოგადება, ჰიპოთეზა, ინტერპრეტაცია, რომელშიც ასახულია საგნის არსებითი ნიშნები. საგნის ნიშნებს უწოდებენ იმ ნიშნებს, რითაც საგნები ჰგვანან ერთმანეთს ან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. არსებითია ის ნიშნები, რომლებიდანაც თითოეული, ცალკე აღებული, აუცილებელია საგნის დასახასიათებლად და ყველა ერთად  აღებული  კი საკმარისია, რომ მოცემული საგანი (მოვლენა) განვასხვავოთ დანარჩენებისაგან და განვაზოგადოთ ერთგვაროვანი საგნები. არაარსებითი, მეორეხარისხოვანია ის ნიშნები, რომელთა შეძენით ან დაკარგვით საგანი რჩება იგივე (მაგალითად, ცნება “ადამიანი”-ს არაარსებით ნიშანს წარმოადგენს მისი ხმა, წონა, სიმაღლე და სხვ); ანუ ზოგადად, ცნებები გამოიხატება ტერმინებით და საშუალებას გვაძლევს, მათზე დაყრდნობით ავხსნათ ფაქტების შინაარსი _ დამოკიდებულება, გრძნობა, საგნის რაობა. 

                    ცნება, როგორც ჭეშმარიტება            

   

ცნების, კონცეფციის ღირებულება ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება კი ისეთი ინტერპრეტაციაა, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის სამყაროზე. ამიტომაა, რომ ცნებას, როგორც ასეთს, გრძნობითი და რაციონალური ხასიათი აქვს. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი: 

მაგალითად, ცნება “ვაშლი” გულისხმობს შემედეგ მახასიათებლებს: წითელი, მრგვალი, ტკბილი. მოცემულია სამი ცნება: ფერის, ფორმის და გემოვნების აღმნიშვნელი (მართალია, ცნება “ფერი” ბევრ სხვადასხვა ფერს გულისხმობს, მაგრამ ამ შემთხვევაში მითითებულია წითელი). ამ კერძო შემთხვევაში ინდუქციურ/დედუქციური მეთოდი დაგვეხმარა, სწორი წარმოდგენა შეგვექმნა ცნება “ვაშლის” რაობაზე და ეს მოხდა საერთო ნიშან-თვისებებიდან კერძო ნიშნების (წითელი ვაშლი, ტკბილი ვაშლი…) გამოყოფით (და პირიქით). 

ცნება “მოსწავლე” გულისხმობს ისეთ ნიშნებს, როგორებიცაა: “ახლის შეცნობა”/ “მასწავლებლის მეთვალყურეობით მეცადინეობა”/ “სკოლაში წასვლა”; ხოლო  ცნება “კარგი მოსწავლე” გულისხმობს: “ახლის შეცნობას”/ “მასწავლებლის მეთვალყურეობით მეცადინეობას”/  “სკოლაში წასვლას”/ “კარგი შეფასების მიღებას”/ “შესრულებას, პასუხისმგებლობას”/ “მოვალეობას, აღზრდას”. ცნება “მდინარე” მოცულობითია, მოიცავს მდინარეთა სიმრავლეს, როგორც ასეთს. მაგალითად, იგი თავის არსში მოიცავს მდინარეებს – მტკვარს, ნილოსს, სენას და ა.შ. 

როგორც ვხედავთ, ცნების მოცულობა და შინაარსი ურთიერთდამოკიდებულია, უფრო მეტიც, ერთი განაპირობებს მეორეს. მაგალითად, ავტომობილი სატრანსპორტო საშუალებაა, რომელსაც აქვს ძრავა, ბორბალი და სამართავი მოწყობილობა. ისინი ქმნიან ცნების შინაარსს, მის მოცულობას, რაოდენობრივ შინაარსს კი წარმოადგენს ყველა ავტომობილი, რაც კი არსებობს. ასევე, “მოსწავლე” მოიცავს თავის თავში ყველა მოსწავლეს, რომელიც ოდესმე ყოფილა მოსწავლე, ან ყველა მოსწავლეს, რომელიც ან სწავლობს, ან მომავალში ისწავლის. თუ ერთი ცნება მეორეზე ფართოა, მაშინ პირველი შინაარსობრივად უფრო ღარიბია, ვიდრე მეორე. თუ პირველი ცნება უფრო მცირეა მოცულობით, მაშინ ის მეორეზე უფრო მდიდარია შინაარსობრივად. მაგალითად, ცნება “რომბი”-ს შინაარსია ორი საერთო ნიშანი –”პარალელოგრამი” და “თანაბარი მხარეები” და ისინი ერთმანეთს განაპირობებენ ყველა იმ მაჩვენებლით, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ. 

მოვიყვანოთ პრაქტიკული მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ისტორიის გაკვეთილზე ცნების უკეთ გაგება ინდუქციისა და დედუქციის გზით:
 
გამოვიყენოთ დედუქციური მეთოდი და განვიხილოთ, რა არსებით ნიშნებს გულისხმობს  ცნება “საისტორიო წყარო”? 
                         
  ინდუქციური მეთოდით მივიღებთ შემდეგ შედეგს: 

  • არქეოლოგია სიძველეთა შემსწავლელი მეცნიერებაა და შესაბამისად, ისტორიის დამხმარე დარგია;
  • წარწერებს და ამიტომ იგი ისტორიის დამხმარე დისციპლინაა;  
  • საისტორიო თხზულებები  წერილობითი თხრობითი მასალებია და აუცილებელია ისტორიის შესწავლისათვის;
  • ჰაგიოგრაფიული თხზულებები წმინდანთა ცხოვრებებია და მრავალ საინტერესო დეტალს შეიცავს ისტორიის შესწავლისთვის;
  • ისტორიული დოკუმენტები ყველაზე უტყუარი მასალებია ისტორიის შესწავლისთვის;
  • სამართლის ძეგლები ქართული სამართლის ისტორიის შესწავლისთვის გამოიყენება;
  • საეკლესიო ტიბიკონები ქართული ეკლესიის ისტორიის შესწავლისთვისაა მნიშვნელოვანი და ამდენად, საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია;
  • კინო, ფოტო, ფონური, ვიდეო, აუდიო მასალები, ანუ ზოგადად, ვიზუალური,  სემიოტიკური მასალები ფართოდ გამოიყენება ისტორიის შესწავლისთვის.
დასკვნა – ცნებები: არქეოლოგია, ეპიგრაფიკა, საისტორიო თხზულებები,  ჰაგიოგრაფიული თხზულებები,  ისტორიული დოკუმენტები, სამართლის ძეგლები, საეკლესიო ტიბიკონები, კინო, ფოტო, ფონური, ვიდეო, აუდიო მასალები – ეს ყველაფერი ისტორიის შესწავლისთვის გამოიყენება და საისტორიო წყაროებს წარმოადგენს.
 
სასწავლო პროცესში დედუქციური და ინდუქციური მეთოდების გამოყენების თვალსაზრისით, ეფექტურია ე.წ. “ცნებების რუკის” გამოყენება. იგი ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციისა და ცნებების ორგანიზებაში. ამ მეთოდით მუშაობის პროცესში მოსწავლეს მოუწევს კლასებსა და კატეგორიებზე, ნიშან-თვისებებსა და მახასიათებლებზე, ნიმუშებსა და მაგალითებზე ფიქრი. მეთოდის გამოყენება ეფექტურია ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა და მნიშვნელოვანი ცნებების ათვისებისათვის. 

“ცნების რუკაზე” მუშაობა გულისხმობს ტექსტის გაცნობას და ისეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, როგორებიცაა:
·რა არის  ———–? რას ჰგავს იგი? რა მაგალითებს მოყვანა შეიძლება მასთან დაკავშირებით?
·რა არის ————– -ის მიზეზი? რა არის  ————–ის შედეგი?

მოსწავლემ წინასწარ უნდა წაიკითხოს ტექსტი, რათა მონიშნოს საკვანძო სიტყვები და წინადადებები.
არსებობს “ცნების რუკის” რამდენიმე ვარიანტი. ქვემოთ მოცემულია ცნების რუკის გამოყენების მაგალითი თემაზე: “ომი”
მეთოდის გამოყენების საფეხურები: 

1.წარუდგინეთ კლასს წასაკითხი ტექსტი;

2.კითხვის დაწყებამდე ჰკითხეთ მოსწავლეებს, სმენიათ თუ არა რაიმე ომის შესახებ;

3.ტექსტის პირველი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ დახაზეთ დაფაზე ოვალი და ჩაწერეთ “ომი”. სწორედ ამ ცნების გარშემო ააგებენ მოსწავლეები ცნების რუკას;

4.დახაზეთ მეორე ოვალი და ჩაწერეთ “მიზეზები”. დააკავშირეთ ორი ოვალი (მაგალითად, ცენტრალური ოვალიდან მიმართული ისრით). შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ ტექსტის პირველი მონაკვეთი აღწერს ომის გამომწვევ მიზეზებს;

5.სთხოვეთ მოსწავლეებს, თავადაც დახაზონ ასეთივე რუკა რვეულებში/ფურცლებზე და წყვილებში იმსჯელონ ომის გამომწვევი მიზეზების შესახებ, შემდეგ კი ჩამოწერონ ეს მიზეზები მეორე ოვალში (ან გვერდით მიაწერონ მეორე ოვალს);

6.შესთავაზეთ რამდენიმე მსურველს, გაუზიარონ მეწყვილესთან შეჯერებული მოსაზრებები მთელ კლასს, საუბრის პროცესში ჩამოწერეთ გამოთქმული შეხედულებები დაფაზე, მეორე ოვალთან;

7.სთხოვეთ მოსწავლეებს, წაიკითხონ მომდევნო მონაკვეთი;

8.დახაზეთ მესამე ოვალი და ჩაწერეთ “სიმპტომები”. დაკავშირეთ ცენტრალური ოვალი მესამე ოვალთან. შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ მეორე მონაკვეთში უკვე “მსოფლიო ომის” სიმპტომებია აღწერილი;

9.სთხოვეთ მოსწავლეებს, წყვილებში გაიხსენონ ინფორმაცია ტექსტიდან და თავიანთ ფურცლებზე შეავსონ რუკის მესამე ოვალი (“სიმპტომები”);

10.კვლავ შესთავაზეთ რამდენიმე მსურველს, გაუზიარონ მეწყვილესთან შეჯერებული მოსაზრებები მთელ კლასს. ჩამოწერეთ გამოთქმული შეხედულებები დაფაზე, მესამე ოვალში (ან მის გვერდით);

11.დახაზეთ მეოთხე, შედარებით მცირე ზომის ოვალი და გახაზეთ ისარი ცენტრალური ოვალიდან ამ მეოთხე ოვალამდე. სთხოვეთ მოსწავლეებს, ივარაუდონ, რის შესახებ იქნება მესამე მონაკვეთი. მსჯელობის დასრულების შემდეგ ჩაწერეთ ოვალში “პრევენცია”. სთხოვეთ მოსწავლეებს, ისაუბრონ ომის თავიდან აცილების და პრევენციის შესაძლო გზებზე;

12.სთხოვეთ მოსწავლეებს, წაიკითხონ ტექსტის ბოლო მონაკვეთი და ყურადღება გაამახვილონ მსჯელობის დროს გამოთქმულ იდეებზე;

13.სთხოვეთ მოსწავლეებს, წყვილებში შეადარონ საკუთარი ნამუშევრები და თავიანთ ფურცლებზე შეავსონ რუკის მეოთხე ოვალი;

14.სთხოვეთ რამდენიმე მსურველს, გაუზიარონ მეწყვილესთან შეჯერებული აზრები მთელ კლასს;

15.ჩამოწერეთ გამოთქმული აზრები დაფაზე, მეოთხე ოვალთან.
სასწავლო პროცედურებში ინდუქციური და დედუქციური მეთოდების გამოყენება, ცნებების უკეთ წვდომის გარდა, ხელს უწყობს კონცეპტუალური ცოდნის შეძენას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ანალიზსა და სინთეზზე ორიენტირებულ აზროვნებას, სოციალური უნარების განვითარებას, საკომუნიკაციო უნარების განვითარებას და, საბოლოო ჯამში, სასწავლო მიზნების მიღწევას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი