ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ზღაპარი ქალაქზე, ბავშვებზე და წიგნების მცველებზე

ქალაქისთვის ზღაპარი ისეთივე აუცილებელია, როგორც დიდი სკვერი, სადაც ციყვები და ბავშვები ხეებზე ერთად დაძვრებიან, შუქნიშანი, რომელიც ყველაზე ზრუნავს, მთავარი მოედანი, სადაც მთავარი საათი რეკავს, კინოთეატრი, სადაც მულტფილმებს აჩვენებენ, და, რა თქმა უნდა, აკროპოლისი

აკროპოლისი რა არის?  – ეს ქალაქის გულია, ქალაქის მთავარი ნაგებობა, საიდანაც ქალაქს მისი მარადიული მცველები დარაჯობენ. თბილისს -ნარიყალა აქვს, შეგიმჩნევია, რა ლამაზად განათდება ხოლმე ღამ-ღამობით?

ჰოდა, რას გიყვებოდი? ქალაქსა და ზღაპარზე და სულ სხვაგან წავედი….

ქალაქს კიდევ თავისი ბუკინისტი უნდა ჰყავდეს.

ბუკინისტი ვინაა? ბუკინისტი ადამიანია, რომელიც წიგნებს აგროვებს, უვლის, პატრონებს უძებნის…

ჰოდა, ჩვენს დიდ ქალაქსაც ჰყავდა თავისი ბუკინისტი, კეთილი, მცივანა კაცი.

ბუკინისტს ძალიან უყვარდა ბავშვები და მისი საყვარელი საქმე მათთვის წიგნების არჩევა იყო. აარჩევდა წიგნებს და ღამ-ღამობით ბავშვებს სასთუმალთან უწყობდა.

მოწყენილებს -მხიარულ წიგნებს ურჩევდა, მხიარულებს და ცელქებს – ცოოტა, სულ ცოტა ნაღვლიანებს, მცივანებს – თბილ მოთხრობებს დაუტოვებდა, მტირალებს – სასაცილო ამბებს, მათ, ვისაც კითხვა არ უყვარდა, ნახატიან წიგნებს ჩუქნიდა, მათ – ვისაც წიგნის დასრულება ენანებოდა, ისეთ წიგნებს, რომლებიც არასდროს მთავრებიან…

ასეთი წიგნებიც არსებობს, ფიქრებში გააგრძელებ და გააგრძელებ, რამდენ ხანსაც გინდა.

ბუკინისტს უნდოდა, რომ მსოფლიოში ყველა ბავშვს ერთმანეთი გაეცნო, განსხვავებული ამბები წაეკითხა, განსხვავებული ხასიათები შეჰყვარებოდა. ბუკინსტი თვლიდა, რომ ყველა ბავშვისთვის არსებობს განსაკუთრებული წიგნი, განსაკუთრებული მეგობარი, რომელსაც უბრალოდ დროულად პოვნა და კარგად წაკითხვა სჭირდება.

მოკლედ, საღამოობით, როცა რძეს და ორცხობილას მიირთმევდნენ,  კბილებს კარგად გაიხეხავდნენ და ხელებსაც მარწყვისსუნიანი საპნით გულდაგულ დაიბანდნენ. როცა ლამაზ პიჟამოებს ჩაიცვამდნენ, ბალიშებსაც კარგად აიფუმფულებდნენ და საბნების ქვეშ შეძვრებოდნენ. ზამთარში – გაყინულ ფეხუცებს გაითბობდნენ და ზაფხულში – პირიქით, თხელი საბნებიდან ფეხებს გარეთ გამოაპარებდნენ, ბავშვები სასთუმალთან ფერად-ფერად წიგნებს პოულობდნენ.

ამბები პეპიზე, კარლსონზე, 8 ბავშვსა და მათ მხიარულ მშობლებზე, პინოქიო, მეფე მათიუში, პატარა უფლისწული და კიდევ ბევრი სხვა წიგნი ბავშვებს თავის საოცარ სამყაროს ჩუქნიდა.

ხომ გითხარი, შემთხვევითი წიგნები არ იყო -მეთქი.

იმ ბიჭს, რომელმაც სხვას დასცინა, გულისამაჩუყებელი ამბავი ელოდა ზუსტად თავისნაირ ბიჭზე.

იმ გოგოს, ვინც თავისი სათამაშო სხვას არ ათხოვა, ერთი წითელთმიანი გოგოს მხიარული გასეირნება  უნდა წაეკითხა, გახსოვთ ეს ამბავი? იმ გოგომ მთელი ქალაქის ბავშვები დაასაჩუქრა.

მოკლედ, ყველა ამბავი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. როგორიც საჭირო იყო და მეტიც, აუცილებელი.

დაურიგებდა მცივანა ბუკინისტი წიგნებს ბავშვებს და თავის პატარა, წიგნებით გამოტენილ სახლში ბრუნდებოდა.

სახლი პატარა სულაც არ იყო, მაგრამ წიგნებით გამოტენილი სივრცე პატარა გეჩვენებოდა.

წიგნები ყველგან, საწოლთან, კარადებში, მაცივარშიც კი.

დიახ, დიახ, ღარიბ ბუკინსტს არასდროს ჰქონდა იმდენი საჭმელი, რომ მაცივარში შეენახა, ამიტომაც მაცივარში კულინარიულ წიგნებს ინახავდა, საწოლ ოთახში – ზღაპრებს, შემოსასვლელში – სამოგზაურო რომანებს, ფანჯრის რაფაზე კი სულ ფერად-ფერადი ფანტასტიკური ლიტერატურა ჰქონდა ჩამოწყობილი.

  • იი, რას იყინება ერთი, შეუკეთოს ერთი-ორი წიგნი ღუმელში – ჭორაობდნენ მეზობლები.

მაგრამ არასდროს, აი, არცერთი წუთით არ უფიქრია მცივანა  ბუკინისტს,  რომელიმე წიგნი დაეწვა და ისე გამთბარიყო. არც გატეხილ მინაზე აუკრავს ოდესმე ფურცლები ბოტანიკური ლექსიკონიდან თუ რომელიმე ცნობილი მხატვრის ალბომიდან.

ჰოდა, რომ მოსაღამოვდებოდა, გამოვიდოდა თავისი სახლიდან და მთელ ქალაქში უჩუმრად დადიოდა დიდი ტომრით. მერე, ბავშვების სასთუმალთან სხვადასხვა წიგნი აღმოჩნდებოდა ხოლმე:

-უიჰ, პეპი მესტუმრა  – იტყოდა ხოლმე მორცხვი გოგონა, რომელსაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინოდა.

-უი, შეხედეთ, 8 ბავშვის ამბავი – მოწყენილი და დედისერთა ბიჭი დიდ, ლიტერატურულ ოჯახს პოულობდა უცებ.

-მაუგლი, ნახეთ მაუგლი – იტყოდა ბიჭი, რომელიც ძაღლებს ქვებს უშენდა და ჩიტებს შურდულს უმიზნებდა-ხოლმე.

-ნახეთ ბიბო რა ბიჭია, ისიც მამას ელოდება – ეს პატარა, ცისფერთვალა გოგოა, რომელსაც მამა უყვარს ძალიან.

-სალამურა, სალამურა – ეს ის ბავშვი იყო, რომლის დედასაც ქართული წიგნები არ უყვარდა.

-ნახეთ, როგორი მხიარული ლექსებია – ეს კი ორი ფილოსოფოსის შვილი იყო,  ლექსების კითხვა რომ დროის ფუჭი კარგვა ეგონათ.

-პინოქიო, ცხვირს გაუფრთხილდი – მიხვდი ალბათ, ტყუილები რომ ზედმეტად უყვარდა, ეს იმ პატარა გოგონას სასთუმლის წიგნი იყო.

საღამოობით, როცა ქალაქის ყველა ბავშვს თავის საკითხავს დაუტოვებდა, მცივანა ბუკინისტი შინ ბრუნდებოდა, უზარმაზარ წიგნს არეულ წარწერას  დაულაგებდა ( ეს სახლში შესასვლელი საიდუმლო გასაღები იყო),  წიგნის ყდას მძიმედ აჭრიალებული კარივით გამოხსნიდა, წიგნში შევიდოდა და კარს საგულდაგულოდ მოიკეტავდა.

თქვენს სახლს შეიძლება სულ სხვა წარწერა ჰქონდეს, თქვენი მშობლების სახელები და გვარები ეწეროს. ბუკინისტის წიგნ-სახლს კი ასეთი წარწერა ჰქონდა:

„ჰანს ქრისტიან ანდერსენი

ზღაპრები“.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი