შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

   დედამიწის ფერადი ზღვები                                                                                                                               

შავი,  წითელი, თეთრი, ყვითელი  და მწვანე ზღვა – ეს „ფერადი“  ზღვებია ჩვენს პლანეტაზე.  საინტერესოა,  რატომ ურევია ამ ზღვების სახელებში ფერები და რით განსხვავდებიან ისინი სხვა ზღვებისგან.  შავი ზღვის შესახებ  აქ  აღარ ვისაუბრებ, რადგან მას მთელი სტატია მივუძღვენი, დანარჩენებს კი მოკლედ მიმოვიხილავ.

ყვითელი ზღვა

ყვითელი ზღვა წყნარი ოკეანის აუზს მიეკუთვნება და ნახევრად შიდა ზღვაა. ის აზიის აღმოსავლეთ სანაპიროზე,  კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარეობს.  ყვითელი ზღვა სამი ქვეყნის ტერიტორიას –  ჩრდილოეთ კორეას, სამხრეთ კორეასა და ჩინეთს ესაზღვრება. ყვითელ ზღვას  სახელი წყლის ფერის გამო  ეწოდა, რაც ზღვაში ჩამდინარე მდინარე ხუანხეს“  იგივე  “ყვითელი მდინარის”  დამსახურებაა.  ამ მდინარეს ზღვაში დიდი რაოდენობით ოქროსფერი ქვიშა ჩააქვს, რაც ზღვის წყალს ყვითელ ფერს სძენს.

ყვითელი ზღვის ფართობი 41 6 000 კვ. კმ-ია.  ზღვის  წყლის მარილიანობა 24-36 პრომილეს შორის მერყეობს.  ყვითელი ზღვა არ არის ღრმა ზღვა. მისი მაქსიმალური სიღრმე 152 მეტრს აღწევს, თუმცა გამოირჩევა დიდი და სწრაფი ტალღებით, აგრეთვე დიდი მიმოქცევით. ზოგჯერ ტალღების მიმოქცევის სისწრაფე 20 კმ/საათს აღემატება. სწორედ მისი სიღრმე და მიმოქცევის მახასიათებლები ხდის ზღვას მნიშვნელოვანს თევზების გამრავლების თვალსაზრისით.

ზღვის ყურეებიდან გამოირჩევა ბოხაის, ლიაოდუნის და დასავლეთ კოერის ყურეები.  ზღვაში ხუანხეს აგრად ასევე  ჩაედინება მდინარეები – ხაიხე, ლიაოხე და იალუცზიანი (ამნოკანი).

ზღვა მდიდარია ბიოლოგიური რესურსებით  და თევზჭერის  უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ამასთანავე, ყვითელი ზღვა ცნობილია სხვადასხვა სახის გადამფრენი ფრინველების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით.

თეთრი ზღვა

თეთრი ზღვა რუსეთის ევროპული ნაწილის უკიდურესი  ჩრდილოეთით მდებარეობს და  ჩრდილოეთ ყინულოვანი (არქტიკული) ოკეანის აუზს მიეკუთვნება. თითქმის შვიდი თვის მანძილზე თეთრი ზღვა მთლიანად ყინულებით იფარება და  სწორედ აქედან გამომდინარე ეწოდა მას თეთრი ზღვა. ზღვა ყინულებისგან მხოლოდ  ივლისის შუა  რიცხვებში თავისუფლდება.

მეცნიერთა აზრით, ზღვის სახელი ალბუმი – „თეთრი ზღვა“  პირველად პეტრე პლანციას 1592 წელს შედგენილ რუკაზე იქნა აღნიშნული. ხოლო უკვე ორი წლის შემდეგ ფლამანდიელი კარტოგრაფის ჰერარდ მერკატორმა თავის რუკაზე ზღვის,  როგორც ლათინური, ასევე  რუსული სახელწოდებაც დაიტანა.

ზღვის ფართობი 90 ათასი კვ. კმ-ია. საშუალო სიღრმე -89 მ-ს, ხოლო მაქსიმალური – 330 -ს აღწევს.  თეთრ ზღვაზე გარემო პირობები საკმაოდ მკაცრია. ტემპერატურა ნულს ქვემოთ 20°-მდე ჩამოდის ხოლმე, ხშირად უფრო დაბლაც. ყოფილა შემთხვევები, როცა 40° ყინვა დაფიქსირებულა.  0°-ს ზემოთ ტემპერატურის ნიშნული იშვიათად ადის. ზღვის წყლის მარილიანობა მსოფლიო ოკეანის წყლის საშუალო მარილიანობაზე დაბალია.

თეთრ ზღვაში ჩაედინება მდინარეები – ჩრდილოეთი დვინა, ონეგა, მეზენი და სხვ.  თეთრი ზღვა  უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მაგისტრალია. ზღვისპირა ძირითადი პორტებია არხანგელსკი, სევეროდვინსკი, ონეგა, ბელომორსკი, კემი, მეზენი.  არხანგელსკი უძველესი პორტია და ისტორიულად ის რუსეთში მსოფლიოს სავაჭრო ცენტრად იწოდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თეთრ ზღვაზე ძალიან ცივა და ზამთრობით წყალი იყინება, ზღვაში უამრავი ძალიან ლამაზი თევზი ბინადრობს.

ბელომორ-ბალტიის არხმა თეთრი ზღვა  ბალტიის ზღვას დაუკავშირა.

წითელი ზღვა

წითელი ზღვაც ლურჯი ფერისაა, მაგრამ მის ზედაპირზე ზოგჯერ წითელი წყალმცენარეები ამოტივტივდებიან  ხოლმე და მაშინ ზღვის წყალს წითელი ელფერი დაჰკრავს.  სახელიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ  ორგანიზმების მეწამული ფერის გამო ეწოდა.  თუმცა არსებობს ზღვისთვის სახელის დარქმევის სხვა ვერსიებიც. მაგალითად, ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ზღვას ეს სახელი ეგვიპტესთან ახლოს მდებარეობის გამო ეწოდა. ძველად ეგვიპტელები წითელ ზღვაში მდებარე ერთ-ერთ  კუნძულს „წითელ მიწას“ უწოდებდნენ. რადგანაც  ზღვა „წითელ კუნძულს“ ესაზღვრებოდა,  ამიტომ მასაც  „წითელი“  დაარქვეს.  სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით, სხვა  ვერსიაც არსებობს, რომელიც ეფუძნება მოსაზრებას, რომ ფერები ჰორიზონტის მხარეებს – გეოგრაფიულ მიმართულებებს აღნიშნავდნენ. წითელი ფერი კი  სამხრეთის  მიმართულებას შეესაბამებოდა  და, შესაბამისად, წითელი ზღვაც   სამხრეთის ზღვას ნიშნავდა.

წითელი ზღვა შიდა ზღვაა და  ინდოეთის ოკეანის აუზს მიეკუთვნება და არაბეთის ნახევარკუნძულსა (აზია) და აფრიკის კონტინენტს  შორის მდებარეობს. ზღვა  ცხრა ქვეყანას ესაზღვრება. ეს ქვეყნებია:  ეგვიპტე, სომალი, სუდანი, იემენი, ისრაელი, ჯიბუტი, იორდანია, საუდის არაბეთი და ერითრია. წითელ ზღვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხრავე ქვეყნისთვის რეკრეაციის, ტრანსპორტირებისა და თევზჭერის თვალსაზრისით.

წითელი ზღვის ფართობი 450 ათასი კვ. კმ-ია. მაქსიმალური სიღრმე  3000 მ.-ია  შუა ნაწილში. წითელი ზღვა ყველაზე მარილიანია მსოფლიოს ზღვებს შორის –  მისი წყლის მარილიანობა ლიტრში 40-60  გ.-ია.

წითელი ზღვა იმითაცაა საინტერესო, რომ მასში მდინარეები არ  ჩაედინება, რომელთაც ზღვებში ნატანი მასალა და ქვიშა ჩააქვთ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს  ხოლმე ზღვის წყლის გამჭვირვალობას. ამიტომაც  წითელი ზღვის წყალი კრისტალურად სუფთა და გამჭვირვალეა.

წითელი ზღვა საერთაშორისო გადაზიდვებისა და ტრანსპორტირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი მას შემდეგ გახდა, რაც 1869 წელს სუეცის არხი გაიხსნა.

წითელი ზღვა მეტად საინტერესოა ტურისტებისთვისაც. ზღვაზე დასვენება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა ზაფხულში ძალიან ცხელა. ამ დროს  წყლის საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსია. ზამთარში კი წყლის საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსს აღწევს. ასე რომ, ზღვა, გარდა მაღალი მარილიანობისა, ყველაზე თბილ ზღვადაა ცნობილი.

წითელი ზღვა გამოირჩევა ორგანული სამყაროს  მრავალფეროვნებით. იქ ათასამდე სახეობის თევზი ბინადრობს. აგრეთვე გვხვდება წყალმცენარეები,  მრავალი ფერის მარჯნები და სხვადასხვა ფორმის წყალქვეშა ქვები, რომლებიც ზღვის ფსკერზე  ულამაზეს გარემოს ქმნიან.

წითელ ზღვაში 25  ლამაზი და ეგზოტიკური კუნძულია, რომლებიც საუკეთესო ადგილებად ითვლება დაივინგისთვის. სწორედ ამიტომ დაივერები ამ კუნძულებზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ზღვის  მრავალფეროვანი და ულამაზესი წყალქვეშა სამყაროს გასაცნობად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი