ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კოლაუ ნადირაძე VS გალაკტიონი 

ნაწილი 2

მეორე ბრალდება – პროვინციალიზმი: პროვიცნიალიზმი რომ დიალექტიზმის მოჭარბებას ან ლექსის გაურანდავ, უბრალო სტილს გულისხმობდეს, მაშინ ლექსები „ქალავ“, რომელსაც „აბსურდი“ აწერია და „წინანდალელი ნათელა“, რომელიც „ოდნავ კარგია“-თია შეფასებული, ამ სათვალავში უნდა ყოფილიყო. ცხადია, რომ პირველი სწორედ დიალექტიზმის გამოა დაწუნებული, მეორე კი სწორედ სისადავის გამოა მოწონებული. პროვინციაზმი, კოლაუს აზრით, სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ერთ-ერთია სახელების, ცნობილი პირებისა და მოგონილი პერსონაჟების, კონტექსტიდან ამოგლეჯა და მათი უადგილოდ გამოყენება ამა თუ იმ ლექსში.

პროვინციალიზმის ბრალდებით შემდეგი ლექსები გასამართლდა: “ეს მშობლიური ქარია“  – მინაწერი ასეთია: „რა შუაშია ეს? ლოენგრინის სიზმარი, რა სიზმარი, პროვინციალო!“; „დგება შემოდგომა“ – კომენტარში ვკითხულობთ: „რატომ მაინცდამაინც ვატერლოო? რით იქნებოდა ცუდი მაგალ. ბოროდინო, ბასიანი და სხვ.“; „შემოდგომის ფრაგმენტი“ – კოლაუ ნადირაძე შენიშნავს: „დორიან გრეი და ზეინაბი – ამაზე გიჟური და უადგილო შეუღლების წარმოდგენა შეუძლებელია!!“; „მე და ღამე“ – ამ ლექსს, მიუხედავად მოწონებისა, არც დაუნდობელი კომენტარი აცდა: „მრავალ უხეშ შეცდომით და ცოტა პროვინციალური სტილით დაწერილი კარგი (გადაშლილია) ლექსი, ბრწყინვალე დაბოლოებით!!“; „მერი“ – კოლაუ ნადირაძე ლექსს აფასებს, როგორც ერთობ გაზვიადებულს და საშუალო ხარისხისას, თანაც ყალბი და შეუფერებელი დაბოლოებით. იგი წერს: „არ ვარგა, რა შუაშია აქ მეფე ლირი“; „მერის თვალებით“ პოეტის მოწონებას იმსახურებს, აწერს კიდეც, რომ ლექსი კარგია, მაგრამ სტრიქონს „თითქოს უმძიმეს კარებს კუპრის დაედო ლუქი“ „უვიცობას“ უწოდებს, რადგან თურმე ლუქი არის სურგუჩ და კუპრი სმოლა; „ისევ ეფემერა“ – ვერ გადაურჩა უარყოფით შეფასებას: „რას ბოდავ, რა შუაშია აქ ვერლენი, რა ესარკება, გრაფომანო, ვერლენს“-ო, წერს კოლაუ და იქვე დასძენს: „ვერჰარნი არავის მოუკლავს! იგი შემთხვევით მატარებლის მსხვერპლი გახდა“; ლექსში „ჩვენ, პოეტები საქართველოსი“ იმ ადგილას, სადაც პოეტი ჩამოთვლის უცხოელი პოეტების გვარებს, კოლაუს მიუწერია: „ხოჩუტ“ სვოიუ ობრაზოვანნოსწ პოკაზაწ!!“  (სწადიანთ საკუთარი განათლებულობის ჩვენება) და თვითონაც გამიზნულად, ამგვარ ადამიანთა მსგავსად, ამახინჯებს პირველ სიტყვას; „წარწერა წიგნზე „მანონ ლესკო“ პირველ სტროფს აფასებს სიტყვით „პროვინციალიზმი“ და არა იმიტომ, რომ გალაკტიონს დე გრიესა და მანონის სევდიანი რომანი სცოდნია, არც იმიტომ რომ თავის გამოცენის მიზნით რითმავს უცხო სახელებს (რუსო, რონის, ტრიანონი), არამედ იმიტომ, რომ ლექსის დასაწყისში გამოყენებულ სიტყვებს უგემოვნობის სუნი მართლაც უდის (შესაძლოა, ამ შეფასებას არ დაეთანხმოთ).

თუკი ამ ლექსებს და მათ მიმართ წამოყენებულ ბრალდებას დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ არცერთი ეს ლექსი, არცერთი ზემოთ მოხმობილი სტრიქონი არაა პროვინციური უგემოვნობა. ნებისმიერ სახელს, ლიტერატურული პერსონაჟის იქნება ის თუ ცნობილი პიროვნების, თავისი განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამ ლექსებში და ისინი ერთგვარ გასაღებს წარმოადგენენ ლექსის შინაარსის გასაგებად.

მესამე ბრალდება – პლაგიატი: პლაგიატი იმდენად მძიმე ბრალდებაა, რომ, წესით და რიგით, სხვა ბრალდებები უნდა გადაფაროს. ამიტომ გადავხედოთ და ვნახოთ, თუ რას უწოდებს პოეტი პლაგიატს და რატომაა, მისი აზრით, გალაკტიონი პლაგიატორი. ლექსები, რომლებშიც ამ უმძიმეს ბრალდებას უყენებს პოეტი, შემდეგია: „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ („ვერლენის გადამღერებაა. de la musique (poesie) avant toute chose“); „სროლის ხმა მთაში“ („საღამო იწვა ხავერდის ყდაში ვით წიგნი ლურჯი და ძველისძველი“ – ეს სიტყვები „სიტყვა-სიტყვით მოპარულია (რილკე)“); „მწუხარება შენზე“ („მაგრამ ღამეებს სად დავემალ, სად წავუვიდე“ – ეს სტრიქონი „მოპარულია! ი. ანენსკიი“); ასევე მოპარული, უფრო სწორად რუსული პოეზიიდანაა ნათარგმნი რამდენიმე სტრიქონი ლექსში „უსიყვარულოდ“ („სხვისი ლექსის უშნო თარგმანი „ცვეტი ოსენნიე მილეი, სჩასტლივიხ პერვენცევ პოლეი“ ). შეჯამების სახით კი კოლაუ ნადირაძე დაწერს, რომ „ლექსი არ ვარგა! პროვინციალურ უაზრობის (გადაშლილია) ფილოსოფოსების უაზრო დასკვნა!“); „მესაფლავე“ („მოსაწყენი პროვინციალიზმი“ – შენიშნავს დასაწყისშივე პოეტი, ხოლო ბოლოს ასეთი დასკვნა გამოაქვს: „ვირში ნეინტელეკტუალნოგო, სლაბორაზბიტოგო, პროვინციალა, იმენუემოგო „ველიკიმ პოეტომ“ – კ ვაშემუ სტიდუ! ი ვსიო ეტო ვ სტრანე რუსტაველი ი ბარატაშვილი!“ – არაინტელექტუალი, განუვითარებელი პროვინციალის მწვერვალი, რომელსაც „დიად პოეტს“ უწოდებენ – თქვენდა სამარცხვინოდ! და ეს ყველაფერი რუსთველის და ბარათაშვილის სამშობლოში!); კოლაუ ნადირაძის მიერ ძლიერ სუსტ ლექსად მიჩნეულ „გურიის მთებში“ (თუმცა ბოლო აშკარად მოსწონს) პოეტმა პლაგიატი აღმოაჩინა და სტრიქონზე „ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,/ რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი“ მიაწერა: „მოპარულია! ლერმონტოვის თარგმანია!“; ასევე მოპარულ ლექსად მიიჩნევს ლექსს „ჩემი სიმღერა“ („ტეოფილ გოტიეს ლექსია! გაფუჭებულია!“).

სამწუხაროდ, კოლაუ ნადირაძეს არ ესმის, რომ ასეთ დამთხვევებს ლიტერატურულ პარალელებს ეძახიან ლიტერატორები. ზოგიერთ შემთხვევაში გალაკტიონს მართლაც გადმოუღია რუსი პოეტების სიტყვები (ამ ყველაფერს გალაკტიონის დღიურების კველვა ცხადყოფს და სწორედ ამ მიზეზის გამოც ვერ დავარქმევთ ამ საქციელს სხვისი სტრიქონების მითვისებას. გალაკტიონოლოგებს პოეტმა „სამხილი“ დაუტოვა და ამით „განაჩენიც“ გამოუტანა საკუთარ თავს), მაგრამ სრულიად ახალ, უფრო საინტერესო კონტექსტში მოუთავსებია, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ჟესტით მან სიტყვის ესთეტიკა წინ წასწია.

პირველი ბრალდება გალაკტიონის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. კოლაუ ნადირაძის დიაგნოზს ლექსების ანალიზი არ ადასტურებს, თუმცა ჯანმრთელობის შესახებ ბრალდება ვერაფრით ვერ აკნინებს ვერცერთ მწერალს. მით უმეტეს, თუკი ჯანმრთელობის კონკრეტული მდგომარეობა დადებითად აისახა მის შემოქმედებაზე. როგორც მკვლევრები ამბობენ, ამა თუ იმ ფერისსადმი განსაკუთრებული სიყვარული გამწვავებულ ან ფარულ დაავადებაზე მიუთითებს: წითელი ფერი უყვართ ჭლექიანებს, ყვითელი – ფსიქიკურად შერყეულ ადამიანებს. ამ გარდამეტებულმა სიყვარულმა ვერაფერი დააკლო, პირიქით, ამოსაცნობი დაღივით დაედო მრავალ შემოქმედს. გავიხსენოთ ლადო ასათიანი, რომლის პოეზიაში წითელი ფერის მოჭარბებულმა გამოყენებამ მხოლოდ დადებითად იმოქმედა; ანდა ვან გოგი რომლის ყვითელი ფერიც მხოლოდ ფასს უწევს მის განთქმულ ნახატებს. არც გალაკტიონის „დიაგნოზმა“, რომელიც სინამდვილეში ფაქტის კონსტატაცია უფრო იყო და პოეტის წინასწარმეტყველური უნარი, ინტუიციისა და ლოგიკის ინტერქციით მიღებული პასუხი, ვიდრე შეპყრობილი ადამიანის ბოდვა. მეორე ბრალდებით კოლაუ ნადირაძე გალაკტიონს პროვინციალიზმში ედავება. მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონი ნამდვილად  პროვინციიდან, სოფელი ჭყვიშიდან ჩამოვიდა თბილისში, ეს არ აკნინებს მას, როგორც პოეტს. მაგრამ კოლაუ ნადირაძე სიტყვა „პროვინციალიზმით“ გალაკტიონის შეფასებისას მის მდარე გემოვნებას, მის მიერ უცხოური სიტყვებისა და მისთვის უცხო სახელების უადგილო გამოყენებას აღნიშნავს; ასევე კოლაუ ნადირაძის პირიდან ეს ბრალდება ისე ჟღერს, რომ გალაკტიონი თავს დიდად ერუდირებულად ასაღებს მაშინ, როდესაც მას ეს სიტყვები მხოლოდ გაუგონია და მათი ხმარება არ იცის და ამ სახელების შესახებაც მხოლოდ ყურმოკვრით იცის რაღაც და სინამდვილეში დიდი ცოდნით ვერ დაიკვეხნის. კვლევამ ცხადყო, რომ გალაკტიონი, დახელოვნებული მესაათესავით ზუსტად მიუჩენს ადგილს ყველა დეტალს, ანუ ყველა სიტყვას. მის ლექსებში არცერთი უცხო სიტყვა და არცერთი საკუთარი სახელი არაა უადგილოდ ჩართული. პოეტი ამ სახელების გამოყენებით თავის განსწავლულობაზე კი არ მიუთითებს მკითხველს, არამედ სურს, რომ მკითხველი დააფიქროს და ჩაუღრმავდეს კონტექსტს, მიენდოს ასოციაციებს და ჩაებას თამაშში, რომელსაც გალაკტიონოლოგია ჰქვია. მესამე ბრალდება კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიჩნიოთ ადეკვატურ ბრალდებად. ამ ქვეყანაზე არაფერია ახალი, ყველაფერი ოდესღაც ვიღაცამ თქვა. ის, რაც დიდ მოაზროვნეებს ევალებათ, ამ იდეის, ამ მოსაზრების, ამ ნათქვამის წინ წაწევა და ახლებურად წამოყენება, ახლებური გადაწყვეტა, ახალი დასკვნის გამოტანაა. როგორც ვერ ვუსაყვედურებთ ფილოსოფოსებს, რომ პლატონს პარავდნენ იდეებს, ისე არ უნდა ვუსაყვედუროთ გალაკტიონსაც, თითქოს სიტყვებს პარავდა რომელიმე ქართველ ან უცხოელ მწერალს. ასეთი „ქურდობა“ ჩვეულებრივი ამბავია და არავითარ შემთხვევაში არ ისჯება არც კანონით და არც პოეტის სახელის ჩამორთმევით.

მიუხედავად იმისა, რომ კოლაუ ნადირაძე გალაკტიონს რამდენიმე ლექსს უწონებს, ზოგიერთ ლექსში სტრიქონებსა და სტროფებსაც გამოარჩევს, არის ლექსები, რომლებშიც ის ხუთიანსაც კი იმეტებს ავტორისთვის, კრებულში მოთავსებული ლექსების კომენტარების პათოსი მაინც გასაგებია და ის ძალზე უარყოფითია. რას ვიზამთ?! ასეც ხდება ხოლმე და ამაში არაფერია დასამალი. კარგია, რომ კოლაუ ნადირაძის მემკვიდრეებმა კი არ გაანდაგურეს მასალა, არამედ საშუალება მოგვცეს, გავცნობოდით მას. როგორც ჩანს, მათთვის მთავარი ის იყო, რომ არ დაეკარგათ ლიტერატურათმცოდნეებსთვის შესაძლებლობა, უკეთ გაეგოთ ორი დიდი პოეტის დაპირისპირების მიზეზები. ჩვენთვის, რიგითი მკითხველისთვის კი მთავარი ისაა, ამგვარ პათოსს ბრმად არ მივენდოთ, კომენტარები კითხვების დასმის გარეშე არ მივიღოთ და შევეცადოთ, პასუხები ვეძიოთ. პასუხების ძიების პროცესი უფრო მეტად გაგვზრდის და დაგვაახლოებს პოეტთან, თანაც დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ პოეზია, მისი ხიბლი და მხოლოდ ემოციებით არ ვიმსჯელოთ ლექსებზე, რადგან, ესთეტიკური ტკბობის გარდა, პოეზია ინტელექტუალური ტკბობის საგანიცაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი