პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

უფროსი მეგობარი – საფრთხე თუ თავშესაფარი?!(პირველი ნაწილი)

ამბობენ, მეგობრობას ასაკი არ აქვსო. ბავშვები უფროსებთან მეგობრობას მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან ასაკით უფროსი ადამიანების გარემოცვაში თავს დამოუკიდებელ, თანატოლებისგან გამორჩეულ, განსაკუთრებულ ადამიანად გრძნობენ. 

როგორც ყველა ურთიერთობას, უმცროსისა და უფროსის მეგობრობასაც აქვს თავისი ნათელი და ბნელი მხარე. მშობლებმა ყურადღება  არ უნდა მოადუნონ, თუ სურს, რომ შვილი არასასურველი გავლენისგან დაიცვან. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გაიცნოთ ის ადამიანი, რომელზეც თქვენი პირმშო გადაჭარბებული ,,სინაზით” საუბრობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფროსი მეგობარი დაუფარავად მანიპულირებს თქვენს შვილზე, მეთოდი – ,,გათიშე და იბატონე”  მათ შორის გაბმულ კავშირს ვერ გაწყვეტს, რადგან გავლენა, რომელსაც მოზარდი განიცდის, მრავალი მნიშვნელოვანი დეტალისგან შემდგარ საფრთხეს წარმოადგენს: ემოციური მიჯაჭვულობა, მადლიერება, სიამაყე, ინტერესი… 

შესაძლოა, პირიქითაც მოხდეს და მსგავსმა მეგობრობამ თქვენი შვილის აღზრდაში სასარგებლო როლი შეასრულოს. თუმცა, სამწუხაროდ, არასასურველი გავლენის შედეგად დაზარალებული მოზარდების რიცხვი ბევრად დიდია. ხდება ხოლმე, რომ ოჯახის მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან, თქვენი აზრით, სანდო ადამიანებთან დატოვებულ შვილებს მეტი საფრთხე ელით, ვიდრე მარტოხელა, ნარდის თამაშსა და ცხოვრებაზე საუბარით დაკავებულ უცნობ ბაბუებთან დატოვებულებს. ამ უკანასკნელებს მხოლოდ ნაადრევი დაბრძენება ემუქრებათ… სხვა არაფერი.

***
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თინეიჯერთა უმრავლესობის პირველ სასიყვარულო ობიექტს საპირისპირო სქესის მასწავლებლები წარმოადგენენ. თუ პედაგოგს ეყოფა ურთიერთობის მართვის გამოცდილება და სითამამე, რომ ბეწვის ხიდზე ისე გაიაროს, არც მოსწავლის გრძნობა შეურაცხყოს და თან მათი კავშირის შეუძლებლობაშიც თანაგრძნობის შემცველი არგუმენტებით დაარწმუნოს მოსწავლე, მაშინ ყველაფერი კეთილად დასრულდება.

ახალგაზრდა მასწავლებელი განსაკუთრებით ,,საშიშია” დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის. თინეიჯერი გოგონები მასწავლებელსა და მას შორის ფსევდო-სასიყვარულო კავშირთან დაკავშირებულ ჭორებს თვითონვე ავრცელებენ. უფროსკლასელი ბიჭები კი ფლირტის ხელოვნებას ნებისმიერ სასწავლო საგანზე უკეთ ფლობენ და კოლეგების გარემოცვაში მყოფ ,,რჩეულს”  ხშირად აყენებენ უხერხულ სიტუაციაში. 

ჩვენს დროში არავის უკვირს ცოლ-ქმარს შორის ასაკობრივი სხვაობა, მაშინაც კი, როცა ქალი მამაკაცზე 5-10 წლით უფროსია, თუმცა როცა საქმე მასწავლებელს და მოსწავლეს ეხება, საზოგადოების რეაქცია დღესაც საკმაოდ მწვავეა.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, თავდაცვის მიზნით, მაქსიმალურად დავუახლოვდეთ იმ მასწავლებელს, რომლის სახელსაც ბავშვი მეტისმეტად ხშირად ახსენებს (ყველა სიტუაციაში მაგალითად მოაქვს,  ლაპარაკობს გადაჭარბებული სითბოთი და მოწიწებით); თუ მოსწავლე გაკვეთილების შემდეგ ხშირად რჩება იმ საგნის დამატებით მეცადინეობებზე, რომელიც ადრე არ აინტერესებდა, ან პირიქით, ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ბოლო დროს ,,ჩამორჩა” და ინდივიდუალურ გაკვეთილებს ,,საჭიროებს”; თუ სკოლაში წასვლის წინ, თქვენი შვილი მეტისმეტად დიდ დროს უთმობს თავის მოწესრიგებას, ცდილობს განმარტოებას, უფრო და უფრო ნაკლებ დროს ატარებს თანატოლებთან, თავს არიდებს სკოლასთან დაკავშირებულ კითხვებს და ა.შ. მსგავსი ,,სიმპტომები” უმეტესად სკოლის ახალგაზრდა მასწავლებელზე შეყვარებულ თინეიჯერებს ,,აღენიშნებათ”. ფსიქოლოგები შეშფოთებულ მშობლებს ცივი გონებით განსჯას, გამოცდილი ადამიანებისგან კონსულტაციების მიღებას და ხანგრძლივი სამოქმედო გეგმის დასახვას ურჩევენ – მასწავლებლის თუ ბავშვის ,,დაწიოკებით” მხოლოდ გულს მოოხებით, შედეგად კი შეიძლება ფილოფობიით დაავადებული შვილი მიიღოთ.

პირველ რიგში, დაელაპარაკეთ მასწავლებელს. იქნებ ისიც იზიარებს თქვენს ეჭვებს, წუხს შექმნილი სიტუაციის გამო და დახმარებას საჭიროებს?! თქვენი გაერთიანება პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. უკიდურეს შემთხვევაში, სკოლის შეცვლა, ფსიქოლოგთან მუშაობა, ან სხვა ქვეყანაში შვილის სასწავლებლად გაგზავნა რაღაც დროის შემდეგ მოზარდს ახალ ადამიანებზე ყურადღებას გადაატანინებს, თუმცა  ზოგჯერ  გარიდების მცდელობამ შესაძლოა უარყოფითად  იმოქმედოს, გაამწვავოს მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა და გააძლიეროს მოზარდის მიჯაჭვულობა სასიყვარულო ობიექტის მიმართ.

***
საინტერესოა, რატომ იზიდავს მოზარდს მასზე ბევრად უფროსი ადამიანი?!  გამოკვლევების შედეგად დასტურდება, რომ  ბიოლოგიური ასაკი ხშირად არ ემთხვევა ფსიქოლოგიურს. არსებობენ ე.წ. დიდი ბავშვები, რომლებსაც აქვთ ღრმად ფიქრის უნარი, მაღალი თვითნაბადი ინტელექტი და მწირი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომლის ნაკლებობასაც უფროს ადამიანებთან ურთიერთობით ივსებენ. თავის მხრივ, პატარებთან მეგობრობა დიდებისთვისაც სასიამოვნოა პროცესია. თანატოლების მხრიდან ყურადღებას მოკლებული ადამიანები უპირატესობის შეგრძნებას გამოუცდელ მოზარდებზე დომინირებით იბრუნებენ.  სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი ზედმეტად სარგებლობს გამოუცდელი ბავშვის ნდობით და ,,უმცროს მეგობარს” ადამიანებზე მანიპულირებაში დასახელოვნებლად იყენებს. 

თუ თქვენი შვილი სკოლის, ოჯახისა და საერთო ნაცნობების წრის მიღმა უფროს მეგობარს იპოვის, რომლის გავლენაც მალე აისახება მოზარდის ჩაცმულობაზე, საუბარსა თუ სიარულის მანერაზე, სჯობს ეს ადამიანი სასწრაფოდ გაიცნოთ. დაპატიჟეთ შვილის უფროსი მეგობარი სახლში. თუ მას თავი მშვიდად უჭირავს, თავისუფლად საუბრობს ნებისმიერ თემაზე, განსაკუთრებით კი – თქვენს შვილთან მეგობრობაზე, შესაძლოა ტყუილად ღელავთ. ასეთი მეგობრები ჩვენი შვილების ცხოვრებაში სასარგებლო როლს თამაშობენ.

იმ შემთხვევაში, თუ  სტუმარი საუბრის დროს თვალს ვერ გისწორებთ ან, პირიქით, მეტისმეტად თამამია და თქვენს შვილთანაც ზედმეტად გაშინაურებული გეჩვენებათ, განგაშის ატეხვა სწორედ რომ დროულია. პირველ რიგში, შეეცადეთ არასასურველი სტუმარი მაქსიმალურად გააღიზიანოთ,  რათა ნიღაბი ჩამოიხსნას და მისი დათაფლული თავაზიანობის მიღმა ბავშვმა მისი ნამდვილი სახე დაინახოს. შესაძლოა ერთი სტუმრობით საშიში ახლობლის თავიდან მოცილება არ გამოგივიდეთ, მაგრამ არ დანებდეთ – ხშირად მოიწვიეთ სახლში, გაუშინაურდით,  უხერხულ სიტუაციებში ჩააყენეთ და შესაძლოა, საკუთარი ნებით გაგეცალოთ. იდეალური მეგობრის ხატიც თავისთავად დაიმსხვრევა და ,,კერპთან” განშორება მოზარდს დიდ ტკივილს არ მიაყენებს.

***
თუ თქვენი შვილი რომელიმე არატრადიციული რელიგიის მქადაგებელი გურუს ან თანამედროვე ვანგას გაცნობამ ზედმეტად მოხიბლა, საშიშროება ამ შემთხვევაშიც მაღალია. შეგიძლიათ მიმართოთ სისხლის სამართლის ორგანოებს, რადგან კანონით იკრძალება არასრულწლოვნების რწმენაზე რაიმე ტიპის ზეწოლა, ასევე კანონით ისჯება მოზარდისთვის მომავლის წინასწარმეტყველება და ამ გზით გავლენის მოხდენა მის წარმოდგენაზე საკუთარი მომავლის მიმართ.

როგორმე უნდა დავარწმუნოთ ჩვენი შვილები, რომ კეთილი საქმის მსახურება არ მოითხოვს რომელიმე ადამიანისადმი მორჩილებას. ლამაზად საუბარი და არასტანდარტული გარეგნობა არ განსაზღვრავს უპირატესობას. მხოლოდ ნამდვილ მეგობარს შეუძლია თავისუფლების წართმევის გარეშე აღმოგვაჩენინოს საკუთარი თავი და კითხვებზე პასუხების მოძებნაში დაგვეხმაროს.

***
როცა უფროს მეგობრებსა და მათთან დაკავშირებულ შესაძლო საფრთხეებზე ვკითხულობ, ჩემი უფროსი მეგობრები და განსაკუთრებით, ერთ-ერთი მათგანი მახსენდება. მოსწავლეობის პერიოდში, არავისთან მქონია ასეთი თავისუფალი, ღირსეული (ყველაზე მეტად ეს სიტყვა შეეფერება ამ მეგობრობას) ურთიერთობა. ის ჩემზე დაახლოებით 60 წლით უფროსი იყო, უყვარდა ბავშვები, წიგნები და მუსიკა. შესაძლოა მე ბედნიერი გამონაკლისი ვარ, რადგან ჩემი ბავშვობის ყველა ნათელი მოგონება ჩემს საუკეთესო უფროს მეგობარს უკავშირდება. ამიტომაც, შემდეგ წერილში ამ ადამიანზე მოგიყვებით. 
 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი