პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

CORT – პროგრამა სააზროვნო უნარ-ჩვევების დასაუფლებლად (მეორე ნაწილი)

 დე ბონოს კოგნიტური კვლევის (CORT)  პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პოპულარულ მეთოდს წარმოადგენს ე.წ. „ ექვსი მოაზროვნე ქუდი”. ეს არის  მარტივი და ეფექტიანი მეთოდიკა, რომელიც წარმატებით გამოიყენება სკოლებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში. ისწავლო აზროვნება-ეს ნიშნავს შეცვალო შენი აღქმა, შეცვალო შენი აზროვნების ნაკადის მიმართულება, განავითარო  უნარი-თვითონვე შეიცვალო სიტუაციისა და მოთხოვნების შესაბამისად, „იმუშაო  თავით”. ამ მეთოდის მიხედვით, აზროვნება ექვს სხვადასხვა რეჟიმად იყოფა. თითოეულ რეჟიმს საკუთარი ფერის ქუდი შეესაბამება.. რატომ მაინცდამაინც ქუდი? დე ბონოს სურდა, ადვილად დასამახსოვრებელი მოდელი შეექმნა და ამისათვის მოძებნა ეს ხატოვანი მეტაფორა. ინგლისურ ენაში ქუდი საქმიანობის ტიპთან ასოცირდება – პოლიციელის, მოსამართლის, ფოსტალიონის ქუდი და ა.შ. გამოთქმა „ვინმეს ქუდის დახურვა” ამა თუ იმ კონკრეტული საქმიანობის დაწყებას ნიშნავს. დე ბონოსთვის ეს იმას  გულისხმობს, რომ როდესაც ადამიანი გარკვეული ფერის ქუდს იხურავს, ამით აზროვნების იმ ტიპს ირჩევს, რომელიც კონკრეტულ ქუდთან არის ასოცირებული. რეალობაში შეიძლება  ქუდები საერთოდ არ გამოიყენო, თუმცა ტრენინგებსა და გაკვეთილებზე მათ (ან სხვა სიმბოლოებს-ჟეტონებს, პლაკატებს, ფერად დროშებს და სხვა) იყენებენ კიდეც. ჩემს წარმოსახვაში ეს ქუდი არ არის ე.წ.”ცილინდრი”, ის უფრო საწოლში დასახური ქუდია- გრძელ მსხვილ ძაფზე დაკიდებული პომპონით-წერს დე ბონო. აზრის გადამამუშავებელი 6 ქუდი საშუალებას გვაძლევს ოსტატურად ვუხელმძღვანელოთ აზრების ორკესტრს, ქუდების ცვლით შეგვეძლება ჩვენი ინიციატივით აზროვნებას მიმართულება შევუცვალოთ. ეს კიდევ ერთი სიკეთეა, რაც გადაგვაჩვევს „აზრების ჩვენეული ხარშვის” ხერხებს, სხვაგვარად შეგვახედებს პრობლემებს ანუ მიგვაჩვევს ფიქრს. მეთოდის ღირსება ისაა, რომ  რეალური შანსი გვეძლევა ვითამაშოთ  სხვადასხვა როლი, სხვადასხვა პოზიციიდან განვიხილოთ მოვლენა, სხვადასხვა ასპექტები გავაცნობიეროთ, გავავარჯიშოთ ყურადღების გადანცვლების უნარი. ყოველივე ეს კი საშუალებას გვაძლევს მოვლენა განვიხილოთ მრავალმხრივ, მივაღწიოთ შეთანხმებას მოლაპარაკებებში, დავუთმოთ, მოვეთათბიროთ, რჩევა მივცეთ და მივიღოთ კიდეც, დავემორჩილოთ წესებს და სხვა. მთელ მსოფლიოში არსებობენ სერტიფიცირებული ტრენერები, რომლებიც ამ მეთოდიკას ასწავლიან.  ასევე არსებობს სპეციალური კურსი მოსწავლეთათვისაც და ყველა სხვა დაინტერესებულ პირთათვის. 

დე ბონოს აზრით, ადამიანი აზროვნებისას სამ ძირითად სირთულეს აწყდება:

1.ემოციები. ძალიან ხშირად გვირჩევნია, საერთოდ არაფერზე ვიფიქროთ და მხოლოდე მოციებს დავეყრდნოთ.

2.უსუსურობა, უმწეობა. ზოგჯერ არაადეკვატურობის განცდა გვეუფლება-არაფერი ვიცი, არ შემიძლია ამაზე ფიქრი; არ ვიცი როგორ მოვიქცე

3. დაბნეულობა, გაურკვევლობა. ვცდილობთ ყველაფერზე ერთდროულად ვიფიქროთ და, შედეგად, უფრო მეტად  ვიბნევით. „აზროვნების ექვსი ქუდი” ამ სიძნელეების გადალახვის მარტივი და პრაქტიკული მეთოდია.

აზროვნების ერთ-ერთი ძლიერი დამაბრკოლებელია ჩვენი საკუთარი ეგოა, რომელიც სიტუაციის ობიექტურ შეფასებაში გვიშლის ხელს. როლური თამაში, რომელშიც ექვსი ქუდის მეშვეობით ვებმებით, განზე გადგომასა და აზროვნების ეგო-სგან გათავისუფლებაში დაგვეხმარება:

განვიხილოთ მეთოდის გამოყენების ერთი ასეთი კონკრეტულად ხერხი: მოსწავლეებს შევთავაზოთ პრობლემური სიტუაცია, მაგრამ ისეთი, რომლის გადაჭრაც შესაძლებელია. სიტუაცია განიხილება სხვადასხვა პოზიციიდან, მოსწავლეები იყოფიან 6 ჯგუფად და განლაგდებიან ერთმანეთისგან მოშორებით, რათა იმსჯელონ. ამის შემდეგ წამყვანი კითხულობს ამბავს (შესაძლებელია მონაწილეებს დაურიგდეთ დაბეჭდილი ტექსტიც) . ქუდის არჩევა ხდება შემთხვევითი პრინციპით ( თუ ორი ჯგუფის ინტერესი ერთმანეთს დაემთხვა, უნდა მოხდეს შეთანხმება).

რას გამოხატავს თითოეული ქუდი?
  

1.თეთრი-ეს ქუდი გულისხმობს ინფორმაციაზე კონცენტრირებას, იგი მონაწილეს ასწავლის მიუკერძოებელი იყოს ფაქტების, ციფრების, მოვლენების წინაშე, გათავისუფლდეს ემოციებისგან, რომლებიც, როგორც ცნობილია, „გონების დაბინდვას” იწვევს. თეთრი ქუდის მატარებელი ადამიანი მიუკერძოებელი და ობიექტურია, კომპიუტერს ემსგავსება და ცივი გონებით ცდილობს ციფრების, ფაქტების და სხვა ობიექტური ინფორმაციის მოწოდებას. ამ ქუდის ტარება არც ისე იოლია, რადგან ადამიანს მოუწევს მთლიანად დაწმინდოს თავისი მსჯელობა ნებისმიერი ემოციისა და დაუფიქრებელი წინადადებებისგან.

მასთან დაკავშირებული კითხვებია: 

·რა მონაცემები გვაქვს?
·რა მონაცემები გვჭირდება?
·რა მონაცემები არ არის საკმარისი?
·სად და როგორ მივიძიოთ საჭირო ინფორმაცია?

2.წითელი ქუდი-ეს ქუდი გვეხმარება თავისუფლად გამოვხატოთ ემოცია, გრძნობები, წინათგრძნობა, ვენდოთ ინტუიციას-რას გვკარნახობს ის, გვეხმარება მოვლენა დავინახოთ ნათელ ფერებში. ამით იქმნება ემოციური რეაგირებისთვის პირობები, წითელ ქუდში თავს უფლებას ვაძლევთ, ემოციები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოვხატოთ-ღიად და გულწრფელად. გრძნობა არ საჭიროებს დასაბუთებას. წითელ ქუდს შედარებით იშვიათად და მოკლე დროით (სულ რამდენიმე წუთით) იხურავენ, იმისათვის, რომ ემოციები გამოხატონ და „ორთქლი გამოუშვან”.

მასთან დაკავშირებული კითხვებია:

·რას ვგრძნობ ამჟამად?
·რას მკარნახობს ინტუიცია?
·რას მეუბნება „შინაგანი ხმა”?

3. შავი- ეს ქუდი გვეხმარება დავინახოთ მოვლენის სუსტი მხარე.  შავი ფერი პესიმიზმის, პირქუშობისა და არაკეთილმოსურნეობის სიმბოლოა. შავი ქუდის მატარებელი ადამიანი ნებისმიერ ინფორმაციას ეჭვის თვალით უყურებს, ეძებს უარყოფითს, მცდარს, სუსტ ადგილებს, ნაკლოვანებებს. მისი ყველა შენიშვნა აუცილებლად უნდა დასაბუთდეს! ის ეხმარება ადამიანს მოვლენის, პრობლემის  ნეგატიური მხარეების, რისკების  გაცნობიერებაში. შავი ქუდის მისიაა აღმოაჩინოს   რაც შეიძლება მეტი „სარისკო ზონა”. 

  მასთან დაკავშირებული კითხვებია:

·მართლა ასეა? რა პრობლემები შეიძლება წარმოჩინდეს?
·რა  სირთულეები შეიძლება  განჩნდეს?
· რა უარყოფითი შედეგები მოჰყვება ჩვენს ჩანაფიქრს?
·რას უნდა მიექცეს ყურადღება?
·რაშია  მდგომარეობს  საშიშროება, გამოვა კი ისე, როგორც ჩაფიქრებულია?

4.ყვითელი-ეს ქუდი გვეხმარება ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებაში, რესურსების მოძიებაში,  სიტუაციის „პლუსების” გაცნობიერებაში. ყვითელი ფერი მზის ფერია. მისი თბილი და ოპტიმისტური სხივები ადამიანში იმედსა და პოზიტიურ აზროვნებას აღვიძებს. ყვითელი ქუდი შავის ანტაგონისტია, ის გვეხმარება, დავინახოთ სარგებელი და მოვლენათა დადებითი მხარეები. ყვითელი ქუდის მქონე ადამიანი ოპტიმისტი ხდება და ნებისმიერ სიტუაციაში პოზიტიური პერსპექტივების აღმოჩენას ცდილობს, თუმცა, მისი ხედვა აუცილებლად უნდა დასაბუთდეს.  ეს ქუდი შავზე უფრო რთული სატარებელია, მაგრამ ღირს!

მასთან დაკავშირებული კითხვებია:

·რა სარგებელს  მოგვცემს ამგვარი გადაწყვეტილება? რაშია  მისი ღირებულება?
·რა დადებითი მხარეები აქვს და რატომ ღირს ამის გაკეთება?
·შეიძლება თუ არა მისი ცხოვრებაში განხორციელება ?

5. მწვანე-ეს ქუდი საშუალებას გვაძლევს გავააქტიუროთ შემოქმედებითი აზროვნება, განვახორციელოთ არასტანდარტული მიდგომები, ამოცანის გადასაჭრელად მოვიძიოთ ახალი ხერხები და მეთოდები, წინადადებები, ახალი გზები და ალტერნატიული  გადაწყვეტილებები. მწვანე ფერი ბუნების, ნორჩი ყლორტების, სიუხვისა და მოსავლიანობის ფერია. მწვანე ფერის ქუდი შემოქმედებითი საწყისისა და ახალი იდეების სიმბოლოა. ადამიანი, რომელიც მწვანე ქუდს იხურავს, ახალი იდეების, ახალი გადაწყვეტების ძიებას იწყებს. 
მასთან დაკავშირებული კითხვებია:.

·რა შემოქმედებითი იდეები არსებობს?
·რა  და როგორი უნდა იყოს სამოქმედო სტრატეგია?
·რა შესაძლო ალტერნატევები არსებობოს?
·როგორ გადავლახოთ სირთულეები, რომელიც შავმა ქუდმა აღმოაჩინა?
·რა ახალი მიდგომების გამოყენებაა შესაძლებელი?

6.ლურჯი- ლურჯი ფერის ქუდის მქონე ადამიანი პროცესის ფასილიტატორია, იგი აზროვნების პროცესს მართავს, მიღწევებს აჯამებს და შემდგომ მიმართულებებს სახავს, გვეხმარება ვიპოვოთ საზრისი იმაში, რასაც ვაკეთებთ, პროდუქტიულად ვმართოთ აზროვნების პროცესი, განვაზოგადოთ დაგროვილი გამოცდილება. მაგ. ლურჯი ქუდის დამსახურებაა, რომ მაგ. სამუშაო შეხვედრებზე პრობლემის ჯგუფური განხილვის დროს ყველა მონაწილე ერთიანი მიზნისკენ მიისწრაფვის, ის დირიჟორივით მართავს პროცესს-დანარჩენი ქუდების ორკესტრს, იძლევა ამა თუ იმ ფერის ქუდის დახურვის განკარგულებებს. საკითხის განხილვის ბოლო ეტაპზე  ეს ქუდი გამოსავლის ძიებში ეხმარება გუნდს ცდილობს კონკრეტული პრობლემა ჩართოს გლობალურ კონტექსტში (ეკონომიკა, ეკოლოგია, პოლიტიკა, კულტურა…), ფილოსოფიურად იქნეს გააზრებული მოვლენა. ეს არის აზროვნების ორგანიზაციისათვის განსაზღვრული რეფლექსური ქუდი..

მასთან დაკავშირებული კითხვებია: 
·რით დავიწყოთ?
·რა არის დღის წესრიგში?
·რა მიზნები გვაქვს?
·რა ქუდები გამოვიყენოთ?
·როგორ შევაჯამოთ?
·რას მივაღწიეთ?
·რა არის  შემდეგი ნაბიჯები?

მთავარი წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ ასეთია:1. დისკუსიის დროს დაუშვებელია ერთდროულად ორი ფერის ქუდის დახურვა. 2. მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ საკუთარი თავი-ვასრულებთ კი დაკისრებულ როლს?
არსებობს ქუდის მორგების 2 ხერხი: 1. შეიძლება რაიმე საკითხზე დისკუსიის პროცესში  მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვოს ალტერნატივების ძიების პროცესში  მოირგონ მაგ. მწვანე ქუდი 3 წთ განმავლობაში. ამ მომენტში ყველა ფიქრობს ახალ ალტერნატივაზე. 3 წთ შემდეგ დისკუსია გრძელდება, შემდეგ შესაძლებელია „ შავი ქუდის დრო დადგეს-როცა სირთულეებზე და საშიშროებებზე კონცენტრირებაა საჭირო და ა.შ. მეთოდის ასეთი გამოყენების შემთხვევაში  მოსწავლეები პარალელურად ფიქრობენ  და არ უპირისპირდებიან ერთმანეთს.

2.კვლევითი დანიშნულებით ქუდები შეიძლება გამოყენებული იქნას ერთი მეორეს მიყოლებით-ჯერ შეირჩევა პირველი ქუდი, როდესაც ეს ეტაპი ჩაივლის, შემდეგ მეორე. ვიდრე მოსწავლეები ამ მეთოდის გამოყენებაში გავარჯიშდებიან, აუცილებელია წინასწარი მოლაპარაკება იმის შესახებ  თუ როგორ განვითარდება სიტუაცია. არ არსებობს რაიმე განსაზღვრული თანამიმდევრობა რომელი ქუდი, რის შემდეგ გამოიყენება. ის იცვლება სიტუაციის მიხედვით. უმეტესად საკითხს იწყებს და ამთავრებს ლურჯი ქუდი.

დე ბონო, გვაფრთხილებს, რომ ქუდები, რასაკვირველია,  ადამიანების კლასიფიცირების მეთოდი არ არის. მართებული არაა, ადამიანს უთხრა, რომ ის „შავქუდიანი კრიტიკოსია”, ან რომ ის „მხოლოდ წითელ ქუდს იყენებს”. შესაძლოა, ეს არც ისე შორს იყოს რეალობისგან, მაგრამ ექვსი ქუდის მეთოდის მიზანი განსხვავებულია: საჭიროა ვცადოთ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა აზროვნების ექვსივე რეჟიმი მოსინჯოს, ანუ აზროვნების ექვსივე ქუდი მოიზომოს.

არსებობს მიზეზთა წყება, რის გამოც მეთოდი ასე ფართოდ გავრცელდა:

1.ეს არის  ტრადიციული  დასავლური (დაპირისპირებულ მხარეთა) დისკუსიის ალტერნატივა;
2.ის შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა კულტურაში, ისეთშიც კი, რომლებსაც დასავლური დისკუსიის წარმოების ტრადიცია არ გააჩნიათ;
3.ის უფრო მეტად შემოქმედებითია და კონსტრუქციული, ვიდრე ტრადიციული დისკუსია;
4.ის უფრო ენერგიულია და ნაკლები დრო სჭირდება (კვლევებმა აჩვენა, , რომ საკითხის განხილვის დრო 75% მცირდება);
5.ის ადამიანებში ავლენს  მათ ყველა საუკეთესო თვისებას;
6.ის  ადამიანს საშუალებას აძლევს ყველაფერი გულდასმით და თანამიმდევრობით გაიაზროს და არ იფიქროს  ერთდროულად მრავალ ასპექტზე
7.ის ახდენს აზროვნების აბსტრაჰირებას მე-ს და პოლიტიკისგან;
8.ის „პარალელური” აზროვნებაა, რაც უზრუნველყოფს  წინსვლას, მაშინ  როცა ტრადიციული ხერხები არაადექვატურია და უშედეგო;
9.ის ადვილი სასწავლია;
10.ის პრაქტიკულია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი