ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიები  

სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგანმანათლებლო სივრცეში. ამავე დროს ჩვენს ქვეყნაში პრობლემას წარმოადგენს მოსწავლეთა წიგნიერების დონე. ოცდახუთწლიანი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობდი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის დეფიციტს. მშობლები მხოლოდ მშობელთა კრებებზე მოდიოდნენ სკოლაში, ან ჩემ მიერ მომზადებული ღონისძიებების სანახავად.

ვფიქრობ, დაწყებით საფეხურზე მშობლის თანადგომის გარეშე მასწავლებელს გაუჭირდება მაღალი შედეგების მიღწევა. საქართველოში ჩატარებული ყველა საერთაშორისო კვლევა მოსწავლეთა წიგნიერების დაბალ დონეს გვიჩვენებს. გამონაკლისები არც ჩემი მოსწავლეები არიან. გადავწყვიტე, მშობლები იმგვარად გამეაქტიურებინა, რომ მათ ჩართულობას მოსწავლეთა წიგნიერების დონე გაეზარდა. მოსწავლის სწავლის შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც მასწავლებელი და მშობელი ერთად მსჯელობენ, გეგმავენ, ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას ბავშვის საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

გავარკვიე მშობელთა ნაკლები ჩართულობის მიზეზები. მოვიწვიე მშობელთა კრება. ვთხოვე მშობლებს კითხვარის შევსება. კითხვარის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მიზეზი:

  • მშობლებმა არ იციან, რა გზით შეიძლება ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
  • არ იციან, როგორ იზრუნონ შვილის განვითარებაზე (მხოლოდ გაკვეთილების მომზადებით შემოიფარგლებიან).
  • არ იცნობენ ლიტერატურას მშობლთა ჩართულობაზე.

ყველა მათგანმა გამოთქვა მზადყოფნა, უფრო მეტი დრო დაეხარჯა შვილის ინტელექტუალურ განვითარებაზე. ამავე დროს აღნიშნეს, რომ არ აქვთ დროის დეფიციტი. გამოიკვეთა, რომ ზემოთ აღნიშნული მიზეზები მოსწავლეებში წიგნიერების დაბალი დონის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია.

„სკოლა აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. „მშობელთა ჩართულობა“ (ი. აფთარაშვილი) ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში. ამ დროს:

* მშობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შვილის სწავლის პროცესში;

* მშობლები მონაწილეობენ სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში;

* მშობლები შვილების სწავლის პროცესში ჩართული არიან როგორც სრულუფლებიანი პარტნიორები და მონაწილეობენ ბავშვის განათლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ქულებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა…

მშობლებთან შეხვედრები უნდა გაიმართოს არა მხოლოდ პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ მომავალი ერთობლივი აქტივობების დასაგეგმავადაც“ (ს. ლობჟანიძე). სწორედ ამ მიზნით გამოვიყენე ყველა შეხვედრა ჩემი სადამრიგებლო პირველი კლასის მშობლებთან.

მშობელთა მიზანმიმართულად გააქტიურებაში დიდი დახმარება გამიწია პროექტმა G-PRIED, კერძოდ, მშობელთა ჩართულობის გვერდმა. ამ გვერდზე ვკითხულობთ: „კვლევა გვიჩვენებს, რომ ბავშვის მოტივაცია და მიღწევები უმჯობესდება, როცა მშობლები და აღმზრდელები აქტიურად მონაწილეობენ მის წიგნიერ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში“. ამ პროექტის დახმარებით მე შევძელი, კითხვა მშობლებისა და შვილებისთვის საყვარელ აქტივობად მექცია. ამის შესახებ ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.

ვინაიდან კითხვარში მშობლებმა გამოხატეს მზადყოფნა, მეტი დრო დაეხარჯათ შვილების ინტელექტუალურ განვითარებაზე, მათ შევთავაზე პროექტი – „პირველი კლასის ტელევიზია“, გადაცემა „ცოდნის კარი“.

მშობლებს მოეწონათ იდეა და გადაწყვიტეს, ჩართულიყვნენ ამ პროექტში, რაც გულისხმობდა შემდეგს: წლის განმავლობაში მათ უნდა მოეძიებინათ შვილებისთვის საინტერესო ინფორმაცია ნებისმიერ საკითხზე. ინფორმაციის წყაროდ შეეძლოთ გამოეყენებინათ ინტერნეტი, წიგნი, ჟურნალ-გაზეთები, უფროსების ნაამბობი და სხვ. ბავშვი სწავლობდა ამ ინფორმაციას, ვარჯიშობდა გამართულ მეტყველებაში, დროის ლიმიტის დაცვაში. ყოველდღიურად კლასში ერთი მოსწავლე მოდიოდა მომზადებული „რეპორტაჟით“, რომელსაც ვუთმობდი 2 წუთს. მშობლებიც და ბავშვებიც მთელი წელი ხალისით მუშაობდნენ. არც ერთი მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია ერთმანეთს არ ჰგავდა. ყოველდღიურად ახალ საინტერესო თემას ვისმენდით ჩვენი „ტელევიზორიდან“ (აქტივობისთვის სპეციალურად შევქმენით ლამაზი ჩარჩო – ტელევიზორის ეკრანი). გვჭირდებოდა ლოგოც. გამოვაცხადე კონკურსი მის შექმნაზე, რაც ასევე მშობელთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. „კომპეტენტურმა ჟიურიმ“ ფარული კენჭისყრით შეარჩია მათ შორის საუკეთესო.

პირველკლასელები ბევრს ვარჯიშობდნენ სახლში, რომ კარგად მოერგოთ ჟურნალისტის როლი. ასეთი მუშაობით მათ, პირველ რიგში, შეიძინეს ცოდნა საინტერესო საკითხებზე, ჩამოუყალიბდათ მეტყველების კულტურა, მოსმენის კულტურა, ისწავლეს დროის ლიმიტის დაცვა, განუვითარდათ პრეზენტაციის უნარი (ბავშვები კითხვებს უსვამდნენ გამომსვლელს). რაც მთვარია, რეპორტაჟის მომზადების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები. ისინი იძიებდნენ, ასწავლიდნენ, მეტყველებაში ავარჯიშებდნენ ბავშვებს.

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. რატომღაც ყველა მშობლის აქტიურობის იმედი არ მქონდა, მაგრამ აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმაც კი შეძლეს, სამჯერ მაინც მოსულიყვნენ მომზადებულები „სატელევიზიო გადაცემისთვის“. ისინი კითხულობდნენ ლექსს, გვიყვებოდნენ მათი ოჯახის, მათი ერის ტრადიციებზე. ამ პროექტმა ხელი შეუწყო ინტერკულტურულ განათლებასაც.

მშობლებთან მორიგი შეხვედრისას მათთან შეთანხმებით პარალელურად დაიგეგმა ახალი პროექტი. საანბანო პერიოდის დასრულების შემდეგ უკვე ყველა ბავშვს შეეძლო კითხვა. წასაკითხად გამოვიყენეთ პროექტ G-pride-ის მიერ მოწოდებული წიგნები. კითხვის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები. ყველა მათგანი შვილთან ერთად კითხულობდა წიგნებს და მუშაობდა ტექსტის გააზრებაზეც. პროექტის პრეზენტაცია სკოლის ბიბლიოთეკაში განვახორციელეთ. გვესწრებოდა სკოლის დირექტორი და ყველა ბავშვის მშობელი. გამოვიყენე როგორც დაბალი, ასევე მაღალი დონის სააზროვნო კითხვები. გამოიკვეთა ყველაზე აქტიური მკითხველებიც. პრეზენტაცია ჯგუფებში მიმდინარეობდა. თუ რომელიმე ჯგუფს გაუჭირდებოდა კითხვაზე პასუხის გაცემა, ჯგუფზე მიმაგრებულ მშობელს უფლება ჰქონდა, დახმარებოდა მას სრულყოფილი პასუხის გაცემაში (ამ დროსაც ჩანდა მშობლის ჩართულობა. მშობელიც მომზადებული მოდიოდა შვილთან ერთად).

ეს მცირე ნაწილია იმისა, რასაც ვაკეთებ მშობელთა მიზანმიმართულად გასააქტიურებლად. დანარჩენზე შემდეგ სტატიებში მოგიყვებით. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი კოლეგები თვითონაც დანერგავენ პრაქტიკაში მსგავს აქტივობებს და გაითვალისწინებენ ჩემს რეკომენდაციებს:

* მშობელი ერთ-ერთი მთავარი რესურსია, რომელიც მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

* მივიდეთ მშობლებთან რაც შეიძლება ახლოს.

* მოვიპოვოთ მათგან ინფორმაცია წერილობითი ფორმით.

* დავგეგმოთ მათთან ერთად აქტივობები (ასე უფრო მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობთ მათგან).

* არცერთი აქტივობა არ დავტოვოთ შემაჯამებელი პრეზენტაციის გარეშე.

* პრეზენტაცია მათი თანდასწრებით ჩავატაროთ.

*  ზოგჯერ მათვე დავაკისროთ შემფასებლის როლი.

* დავანახოთ ჩვენი კეთილგანწყობა – ამით მოვიპოვებთ მათ ნდობას.

* გავაცნოთ თანამედროვე სკოლის სტანდარტები და მოთხოვნები.

* ვასწავლოთ, როგორ დაეხმარონ შვილებს.

* გავაცნოთ ჩვენს ხელთ არსებული ლიტერატურა მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად. ასე უფრო ადვილად შევძლებთ მათი ჩართულობის გაზრდას და პრობლემების გადაწყვეტას.

ყველაფერი ეს მიგვიყვანს მთავარ მიზანთან – ამაღლდება ჩვენი მოსწავლეების წიგნიერების დონე. მშობელი იგრძნობს, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც მას იღებენ, უსმენენ, მის აზრს ითვალისწინებენ. აღარასოდეს ექნება მიუღებლობის განცდა და ყოველთვის მთელი არსებით ჩაერთვება შვილის განათლებაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ს. ლობჟანიძე, „როგორ შევუწყოთ ხელი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას“ (პირველი ნაწილი),დეკემბერი, 2013
  2. ი. აბულაძე, ჟურნალი „მასწავლებელი“, თებერვალი, 2014
  3. teaching.about.com., გიორგი გახელაძე,თამარ მოსიაშვილი, ია აფთარაშვილი, ფონდის (UNICEF)
  4. https://kargiskola.ge/parent/pdf/reading1.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი