სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

უფროსი მეგობარი – საფრთხე თუ თავშესაფარი?! (მეორე ნაწილი)

ხანდახან სიზმარში ვხედავ, როგორ მოდის რუსთაველის გამზირზე  სამოცდაათს გადაცილებული  მამაკაცი თავზე ბერეტით, თავდაჯერებული მზერით და ახალფეხადგმული ბავშვის ნაბიჯებით. მისი თანმხლები გოგონა კი, მოხუცს რომ ხელკავით მიაცილებს და ყავარჯნის მაგივრობას უწევს, მარტო აკანკალებული მუხლების კი არა, მარტოობის დამორჩილებაშიც ეხმარება უფროს მეგობარს…

დაახლოებით ჩემი შვილის ტოლი ვიქნებოდი, როცა შემოქმედ მოსწავლეთა სტუდიის აღსაზრდელები საკუთარ ლექსებს ვკითხულობდით. მასწავლებლები ხშირად მართავდნენ მსგავს საღამოებს ახალბედა ,,პოეტების” წასახალისებლად  და მეც ამ ღონისძიებების ხშირი მონაწილე ვიყავი. თუმცა ეს საღამო ერთადერთი იყო, რომლის მუსიკალურად გაფორმებაც მე დამეკისრა (ახლაც მწარედ მახსოვს, როგორი ტანჯვით მივაცურე მენდელსონის ერთ-ერთი გონდოლა ნაპირამდე, გადაჭარბებულ Pianissimo-ზე შესრულებულ ბეთჰოვენის მთვარის სონატასა და შოპენის რევოლუციური ეტიუდის თავპირისმტვრევით ჩამთავრებაზე  რომ აღარაფერი ვთქვათ). სწორედ ამ დღეს გავიცანი ჩემი მასწავლებლის მეგობარი მირიან ლეჟავა.  არასდროს დამავიწყდება, როგორ უცნაურად, ყოველგვარი შესავლის გარეშე მოგვიახლოვდა საღამოს დამთავრების შემდეგ, ხელი გამომიწოდა და დედას ჰკითხა, ნებას მომცემთ, თქვენს შვილთან ვიმეგობროო? 

ასე დაიწყო ჩემი ბავშვობის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი. გაკვეთილების დამთავრებისთანავე გავრბოდი მირიან ბაბუს პატარა ბინისაკენ, რომლის ძირითად ნაწილს წიგნის თაროები იკავებდა. წიგნების გარდა ბატონი მირიანი ძველი ფირსაკრავისა და კლასიკური მუსიკის ფირფიტების დიდი კოლექციის მფლობელი იყო. წვიმიან დღეებში ჩემი ,,თავშესაფრიდან” დებიუსის ,,ბაღები წვიმის ქვეშ” ისმოდა, მზიან ამინდებს კი მოცარტი და ქალაქში სეირნობა უხდებოდა. ხანდახან ჩემს უფროს მეგობარს სევდა მოერეოდა და ,,მთვარის შუქის” ჯადოსნური მელოდიის ფონზე გაირინდებოდა, მე კი ჩუმად ვიჯექი და ველოდებოდი… მუსიკის დამთავრებას და სევდის გაყუჩებას.

გავიდა დრო და ახლა სულ სხვა მუსიკას ვუსმენ. ძველი ფირსაკრავი მხოლოდ უკიდურესი მონატრების სიზმრებში თუ ამიჟღერებს ჩემი ბავშვობის ჯადოსნურ მელოდიებს. ვერც სახელგანთქმულ პიანისტად ვიქეცი (მხოლოდ კარგი მსმენელობა შემიძლია დავიჩემო) და ვერც მრავალშვილიან დედად, თუმცა უფროსი მეგობრისგან მემკვიდრეობით მაინც მერგო რაღაც… მოულოდნელად დასევდიანებისა და ,,მთვარის შუქზე” გარინდების ჩვევა. 

ზოგჯერ წიგნების  დალაგებას გადაწყვეტდა, გადმოალაგებდა შეყვითლებულ, დამტვერილ ტომებს  და მთელ სახლში ძველი ქაღალდის სუნი დგებოდა. წიგნებს ისე ეპყრობოდა, როგორც ადამიანებს. აიღებდა ერთ-ერთს, თვალებს მოჭუტავდა და მიყვებოდა მასთან ,,შეხვედრის” ამბავს… ყველა წიგნის პირველად წაკითხვის შთაბეჭდილება ახსოვდა. 

ერთხელ მითხრა, ბავშვები წიგნებს გვანან, ოღონდ დასამთავრებელ წიგნებს, მწერალმა რომ ბედის ანაბარა მიატოვა – ყოველი შემხვედრი თავის ამბავს მიაწერს და  თავისით დასრულდებაო… ბატონი მირიანის ყველაზე საუკეთესო თავგადასავალიც ასეთ დასამთავრებელ წიგნში ,,ეწერა”:

ერთი შვილი ჰყავდა, მარტომ გაზარდა. მასზე იშვიათად, თუმცა დიდი სიამაყით საუბრობდა. ახლა დიდი გოგო იყო მისი შვილი, მეზობელ ქვეყანაში ცხოვრობდა და პატარა გოგონებს ზრდიდა (,,ბევრს ვმუშაობ, ბევრს ვწერ, ბევრი მინდა დავტოვო, მაგრამ ვიცი ბავშვზე უკეთესს ვერაფერს დავტოვებ, რადგან – ადამიანი უპირველეს ყოვლისა” ). 

ამას წინათ, ჩემი მოკრძალებული ბიბლიოთეკის დალაგებისას მირიან ლეჟავას ერთადერთ კრებულს წავაწყდი ( ,,შიშველი მამაკაცები”.  გამომცემლობა ,,ნიანგი”. 1973 წ. ), რომელიც  ავტობიოგრაფიული მინიატურით იწყება და მე თავიდან გავიცანი ბატონი მირიანი, ამჯერად როგორც მკითხველმა.

,,ეს მე ვარ ღმერთო!

არ მინდოდა დამეწერა ავტობიოგრაფია ჯერ ერთი იმიტომ, რომ არაფერი მაქვს დასაწერი, მეორეც – თავმდაბალი კაცი ვარ და როგორ ვთქვა ჩემს თავზე, გენიოსი ვარო. არადა არავინ ამბობს გენიოსიაო. საერთოდ არავინ არაფერს ამბობს ჩემზე არც კარგს, არც ცუდს. რა საშინელებაა, როცა არაფერს ამბობენ. ისე ჩვენში დარჩეს და რა უნდა თქვან, რა გამიკეთებია ჯერ? მაგრამ სხვებზე თუ ამბობენ?!

სად აქვს რუსთაველს ავტობიოგრაფია, ის კი არადა მის სადაურობაზეა დავა და დაბადების წელიც სავარაუდოა. მიუხედავად ამისა, 800 წელია ცოცხლობს და ჩემ შემდეგაც იცოცხლებს. მე თუ ვიცი, რომ 1923 წლის 24 იანვარს ქ. ქუთაისში  განთიადის 4 საათზე დავიბადე – მერე რა?!.. მაგრამ რადგან ვარ, რანაირიცა ვარ, ჩემდაუნებურად რაღაც ბიოგრაფია მეც გამაჩნია და რამდენიმე სცენა ჩემი ცხოვრების კომედიიდან მეც შემიძლია წარმოგიდგინოთ.
ვსწავლობდი:  თბილისის მე-8, პირველ და 29-ე საშუალო სკოლებში, აეროკლუბში, სახლში – უცხო ენასა და მუსიკას, ნევინომისკში ევაკუირებულ რომელიღაც ავიოსასწავლებელში, ხარკოვის იურიდიულ ინსტიტუტში, მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტის ხუთწლიან დაუსწრებელ კურსებზე.

ვმუშაობდი: გერმანიაში, რურსა და ვესტგალიის სამრეწველო რაიონებში, ალბრინგჰაუზენისა და ბოხუმის შახტებში, ვუპერტალში – მიწის მუშად კაბელის გაყვანაზე, ვიკედეში – მილების საგლინავ ქარხანაში, აზერბაიჯანში, სალიანთან – მდინარე მტკვარზე ხიდის აგებაზე, ნევთაჩალაში – ნავთის საბურღავ ჭებთან გზების მიყვანაზე, ლენქორანის კარიერში, თბილისის ტურისტულ კლუბში  ექსკურსიათმძღოლად, სართიჭალის არტელში ხალიჩების მხატვრად, კომბინატის სტამბაში ჯერ მუშად, მერე მბეჭდავის თანაშემწედ, სოფელ არაშენდას სკოლაში უცხო ენის მასწავლებლად. ამჟამად ვმუშაობ ,,საქწიგნის” სამმართველოში და კარგ წიგნს არ ვიშურებ ნაცნობ-უცნობებისათვის, მე თვითონ თუ ვიშოვე.

ვიჯექი: გერმანიაში – მოოსბურგის, დროტმუნდის, ჰემერის ჩვეულებრივ, საჯარიმო და საკონცენტრაციო ტყვეთა ბანაკებში, ბელეფელდის ციხეში და თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსზე იანვრამდე.

გაქცეული ვარ:  სახლიდან 14 წლის ასაკში და ახლაც კარგად მახსოვს პლეხანოვზე და მარჯანიშვილზე  ის სადარბაზოები, სადაც ღამე მითევია; ტყვეთა ბანაკებიდან – ორჯერ, შახტებიდან – ორჯერ, თბილისის უცხო ენების ინსტიტუტის მეორე კურსიდან და სოფ. არაშენდას სკოლიდან.

ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, ქვეყანა ომითა და ბრძოლით შემოვიარე. შინ ხუთი წლის შემდეგ მშვიდობით დავბრუნდი. ომზე არაფერს ვყვები, რომ მოვყვე ვინ დამიჯერებს. მტკიცების თავი არ მაქვს, მე შენ გეტყვი, მოწმეს მოვიყვან… გულზე გამხეთქავენ ზღაპარს ყვებაო.

დაწერილი მაქვს: ასამდე ლექსი (აქედან ოცდაათი თუ ივარგებს), ორი რომანი, ერთი კინოსცენარი, ორმოცამდე მოთხრობა, ქვეყნის წერილები, რა თქმა უნდა, პირადი…  

         

დაუმთავრებელი მაქვს: ორი რომანი, ხუთი ერთმანეთზე საინტერესოდ საკითხავი წიგნი, უმაღლესი სასწავლებელი და სახლის რემონტი.        

                                                                        

დაბეჭდილი მაქვს... სათქმელადაც არ ღირს.

მიყვარს: ბავშვები, წიგნები და მუსიკა.

მძულს: ტყუილი, უსაქმურობა, ჭამა, ოქრო და ხმამაღალი სიცილი.

ვოცნებობ: როდის გამოიგონებენ მწვადის, კუპატის, ჩიჟი-პიჟის, საცივის და სხვა საჭმელების შემცვლელ აბებს, რომ ამდენ დროს არ ვაცდენდე მუცლის ამოყორვაზე.

რას ვინატრებდი? ყველა ქართველი ოჯახი მრავალშვილიანი გამხდარიყოს, რომ ქართველ მწერალს მკითხველი არ გამოლეოდეს.

ვერ მოვიშალე:  კითხვა, აზროვნება, წერა, დღეში ცხრამეტჯერ ხელის ბანა და წვერის პარსვა.

მწამს, რომ თუ არაფერი გწამს ხარ პირუტყვი.

ვხედავ და მესმის, რომ რასაც ხედავ და რაც გესმის ყველაფერი არ უნდა დაინახო და არ უნდა გაიგონო.

არ მესმის  სიტყვა – დავამთავრეს მნიშვნელობა. ჩემთვის ყველაფერი მხოლოდ იწყება… “

***
ერთხელ, საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულს ბატონი მირიანი სახლში აღარ დამხვდა. მეზობლებს გულწასული უპოვიათ და სასწრაფო და შვილი ერთდროულად გამოუძახიათ. შვილმა ავადმყოფი მამა საავადმყოფოდან გამოწერისთანავე (დიაგნოზი ალბათ არც თუ ისე სახარბიელო იყო) მეზობელ ქვეყანაში წაიყვანა. დიდხანს ვიდარდე, თან მიკვირდა, თუ გამოჯანმრთელდა, ერთხელ როგორ არ დამირეკა და თუ გარდაიცვალა, მისი შვილი რატომ არ შემეხმიანა-მეთქი. თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ასეთი მოულოდნელი დასასრული ყველაზე მეტად შეეფერებოდა ჩვენს ასევე მოულოდნელად დაწყებულ მეგობრობას. თან ბატონი მირიანის წერტილისადმი დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებ, არაფერი დამთავრებულა და ჩვენი ამბავი იმ სიზმრებში გრძელდება, სადაც, ჯერ ისევ თორმეტი წლისა, აცრემლებული ვზივარ მის საწოლთან, ჩემი უფროსი მეგობარი კი მრავალჯერ გადაკეთებული ავტობიოგრაფიის სავარაუდო დასასრულს მკარნახობს:

,,დაკრძალვა სანახაობა არ არის. ჩემს დასაფლავებაზე მხოლოდ ისინი მოვიდნენ, ვისაც ეკუთვნით ჩემი გაცილება (სიას ცალკე გამოვაქვეყნებ, ნაწარმოებში ჩამეთვლება). მე მინდა მცირე, მაგრამ თბილი და ალალი ცრემლი… 
ორჯერ მეტი პატივისცემით თქვენი მირიან ლეჟავა.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი