პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ისინი არ მოკლავენ ჯაფარას

იმ სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი, ზაფხულში საკითხავ მასალას არ გვაძლევდნენ. ეგ კი არა, ისიც არ მახსოვს, როდისმე კლასგარეშე საკითხავი წიგნი ერჩიოთ. მე კი მხატვრული ლიტერატურის კითხვა  უფრო მიყვარდა, ვიდრე სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის. ამიტომ, ზაფხულში თვითონ ვარჩევდი ან მშობლები სახლის სხვადასხვა კუთხეში მიტოვებდნენ საკითხავ წიგნებს. ახლა, სკოლები სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებს იმ წიგნების სიას აძლევენ, რომლებიც ზაფხულში უნდა წაიკითხონ და სექტემბერში მოკლე შინაარსი მოუყვნენ კლასს. კვლევები ადასტურებს, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც ზაფხულში არ კითხულობენ, სკოლაში დაბრუნებისას კარგავენ იმ პოზიციებს, რომლებიც ჰქონდათ წინა სემესტრში.  არადა, ბავშვების უმრავლესობას სხვა გეგმები აქვს: ცურვა, ხეებზე ძრომიალი, ეზოში თამაში, კომპიუტერული თამაშები. ამიტომ, რთულია, მათ შევაყვაროთ ზაფხულში კითხვა, თუ ვეტყვით, რომ ეს არის „ის 5 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ არდადეგები გაქვს”. 

„უნდა”,  ხშირად, უარყოფითად აღიქმება ბავშვის მიერ. ჩვენ, მოზრდილ ადამიანებსაც კი, ამ სიტყვის წარმოთქმისას ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს რაღაც თავს ძალით მოგვახვიეს და ამის გაკეთება ჩვენ არ გვინდა და არ გვჭირდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დავაინტერესოთ კითხვით. ზაფხულში კითხვის პროცესმა სიამოვნება უნდა მიანიჭოს ბავშვებს. ისინი უფრო მეტად დაინტერესებიან კითხვით, თუ ექნებათ წიგნების არჩევის საშუალება და ასევე იმ ფორმატის, რომელშიც უნდა წაიკითხონ, – შეიძლება ელექტრონული წიგნი უფრო მოსახერხებელი იყოს მათთვის. თუ კომპიუტერული თამაშებით არის გატაცებული, შეგიძლიათ, კომიქსები მოსინჯოთ. მაგალითად, „ადამიანი-ობობას” რეკომენდაციას უწევენ ჩემი უკვე მესამეკლასელი მოსწავლეები, გოგონებიც და ბიჭებიც. რა თქმა უნდა, მათ უხარიათ, როცა მშობლებთან ერთად განიხილავენ წაკითხულის შინაარსს.

ვფიქრობ, რომ რევაზ ინანიშვილის, ნოდარ დუმბაძის, ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებები ისედაც მოხვდებოდა მასწავლებლების სიაში. ამიტომ, მინდა გესაუბროთ სამი წიგნის შესახებ, რომელსაც ჩემი აზრით,  სიამოვნებით წაიკითხავენ ბავშვები ზაფხულის არდადეგების დროს. წელს ქართულად ითარგმნა უილიამ ჯოისისა და ლორა გერინგერის „სიზმრის მცველების” პირველი წიგნი „სენტ ნიკოლას ჩრდილოელი და ბრძოლა კოშმარების ხელმწიფესთან”. დაწყებითი კლასის მოსწავლეები სიამოვნებით წაიკითხავენ ამ საინტერესო სათავგადასავლო ზღაპარს. „ჩემი ვაჟიშვილი დაატყვევა რომანმა. მას შემდეგ, რაც წიგნი ჩვენს სახლში გამოჩნდა, ბავშვი საათობით იკარგებოდა, შემდეგ ბრუნდებოდა, მაგრამ მისი წარმოსახვა ისევ სადღაც, ჩვენგან შორს იყო. მისი გონების ნაწილი მუდმივად უილიამ ჯოისის სამყაროთაგან ყველაზე არაჩვეულებრივისა და უახლესის სიღრმისეულ, ბნელ, თვალისმომჭრელ, უდარდელ მითოლოგიასთან იყო გადახლართული” – ამბობს პულიცერის პრემიის ლაურეატი, მწერალი მაიკლ შებონი. წიგნის დასაწყისში სენტ ნიკოლას ჩრდილოელი ერთი თავზე ხელაღებული, ფულს და ოქროს დახარბებული ყაჩაღია,  კოშმარების ხელმწიფე კუნაპეტი და მისი ხელქვეითი მაჯლაჯუნები კი ბავშვებს ტკბილ სიზმრებს პარავენ. მაგრამ საქმე არც ისე ცუდად არის, რადგან სანტოფ-კლაუსენის თითოეულ ბინადარს კარგად ახსოვს თავიანთი ბრძენის ომბრიკის პირველი გაკვეთილი: „ჯადოქრობის პაწაწინა მარცვალს ყველა ადამიანში სძინავს. ამ მაგიურ ძალას რწმენა ეწოდება. შემთხვევით არ არის, რომ ყველა შელოცვა ამ სიტყვებით იწყებოდა: „მწამს, მწამს, მწამს”. ჰოდა, ჩვენი ყაჩაღიც  მამაც გოგონა კათრინთან ერთად ცდილობს კუნაპეტი დაამარცხოს და ბავშვებს ისევ ფერადი სიზმრები აჩუქოს. დაწყებითი კლასის მოსწავლეები ხშირად მასწავლებლის მიერ მიწერილი იარლიყების გამო, გაუბედავად იქცევიან. „აი, გიორგი ხომ ყველაზე ჭკვიანია და მაგანაც კი ვერ ამოხსნა ამოცანა, მე ხომ საერთოდ ვერ ამოვხსნი” – ამბობს ბავშვი და ცდაზეც კი უარს ამბობს. ვფიქრობ,  ეს წიგნი მათ დაეხმარება იმის გააზრებაში, რომ „გმირებად არა მხოლოდ იბადებიან, არამედ გმირად რომ დარჩე, გამოცდაც უნდა გაიარო”. გმირსაც ეშინია, მაგრამ ცდილობს, დაამარცხოს ეს შიში და სიკეთე მოუტანოს საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც.
„მასწ, აი, ბერძნებს მითებში ამდენი გმირი რომ ჰყავთ, ჩვენ რატომ არ გვყავს?” – ასეთი კითხვა დამისვა ერთხელ მოსწავლემ. მე ამ კითვაზე საუკეთესო პასუხის მისაღებად ვურჩიე წაეკითხა  ნატო დავითაშვილის „ამბავი ლილე იროელისა”, რომელიც მწერალმა ქართულ მითოლოგიაზე დაყრდნობით დაწერა. ყველაზე კარგად თვითონ პატარა მკითხველები საუბრობენ წიგნის შესახებ. – „მე ვარ ნანო, 10 წლის, მეხუთე კლასელი. როცა თქვენს წიგნს გავეცანი, მე-4 კლასელი ვიყავი. ეს წიგნი იყო „ამბავი ლილე იროელისა”. საერთოდ წიგნების კითხვა არ მიყვარს, მაგრამ თქვენმა წიგნმა გამიტაცა. მალევე დავასრულე სამივე ნაწილი. ახლა გავიგე, რომ გამოვიდა მე-4 ნაწილიც. გამიხარდა. აუცილებლად ვიყიდი. ახლა შემიძლია ვთქვა რომ ნატო დავითაშვილი საუკეთსო მწერალია მთელ საქართველოში”.  ვფიქრობ, რომ ნატო დავითაშვილის წიგნები ბავშვებმა ყველაზე მეტად იმის გამო უნდა იკითხონ, რომ ლილეს სამყაროში, იმ ქვეყნებში, სადაც ის მოგზაურობს, არ არსებობს იმთავითვე ბოროტი ადამიანები. ყველას გაბოროტებას რაღაც მიზეზი აქვს და მწერალი ყველას აძლევს შანსს, რომ გახდეს უკეთესი, ვიდრე წიგნის პირველ გვერდზე იყო. 

1960 წელს ამერიკელმა მწერალმა ჰარპერ ლიმ დაწერა წიგნი  „ნუ მოკლავ ჯაფარას”. რომანის ცენტრალური პერსონაჟი, პატარა გოგონაა, რომელსაც „ჭყიტას” ეძახიან.. წიგნის სიუჟეტის ერთ-ერთი მთავარი ხაზია ჭყიტას, მისი უფროსი ძმის ჯემის და მათი მეგობრის – დილის  აღფრთოვანება, შიში და ინტერესი მეზობელი რედლი-ბუას მიმართ, რომელიც სახლიდან არასდროს გამოდის. 

სიუჟეტის მეორე ხაზი მოგვითხრობს რასიზმზე ამერიკის სამხრეთ ნაწილში. ბავშვების მამა, ატიკუს ფინჩი, იცავს შავკანიან  მამაკაცს, რომელიც თეთრკანიანი ქალის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. ის ცდილობს, გაახსენოს ნაფიც მსაჯულებს, რომ სასამართლო ის ადგილია, სადაც ყველა თანასწორია განურჩევლად, რასისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა. ამასთანავე, ლი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ქალთა უფლებები, რელიგიური ექსტრემიზმი… მოკლედ, ეს წიგნი არის ყოველგვარი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ამერიკის თითქმის ყველა სკოლის პროგრამაშია შეტანილი. 

„ნურასდროს ნუ მოკლავ ჯაფარას. ეს ცოდვაა. ერთადერთი, რასაც ჯაფარა შვრება, ისაა, რომ მღერის და გვართობს. ის არც ბაღ–ბოსტნებს გვიჩანაგებს, არც კალოსთან იბუდებს, ცუდს არაფერს სჩადის და ადამიანს არაფერს უშავებს, მხოლოდ გალობს და გალობს და გალობით გვატკბობს. აი, რატომაა ცოდვა ჯაფარას მოკვლა”, – უხსნის მამა შვილებს. მახსოვს, რომ როცა მეხუთე კლასელ ბავშვებში რასიზმი შევამჩნიე, ისე დავიბენი, ვერ მოვიფიქრე, რა მეთქვა. ბოლოს ვუთხარი: აი, კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი რომ მოგწონთ, ეგეც ხომ შავკანიანია-მეთქი. „ეგ შავკანიანი კი არა, მულატია, მასწ!” – მიპასუხეს. მერე მე დიდ ხანს ველაპარაკე მათ  ამ თემაზე და ამ წიგნის მიხედვით, 1962 წელს გადაღებული ფილმი ვუჩვენე. ამ დროის განმავლობაში ვაკვირდებოდი და ვამჩნევდი, როგორ ებჯინებოდათ გული ყელში.  ვფიქრობ, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ბავშვები უფრო შემწყნარებლები და კეთილები გახდებიან, ვიდრე ზაფხულის არდადეგებამდე იყვნენ და მგონია, რომ ისინი არასდროს მოკლავენ ჯაფარას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი