შვილების ცნობისმოყვარეობა ანუ “უხერხული კითხვები”

ამ წერილის თემა სქესობრივ საკითხებზე ბავშვებისათვის მისაწოდებელი ინფორმაციის რაობა და მასზე მსჯელობის დაწყების აუცილებლობაა, მისი დაწერა კი მაშინ გადავწყვიტე, როცა ჩემმა მეორეკლასელმა  მოსწავლემ მეცადინეობის დროს მკითხა, – ინგლისურად sexy boy რას ნიშნავდა. მისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებამდე ჯერ ის ვიკითხე, სად მოისმინა ეს სიტყვები. აღმოჩნდა, რომ  თურქეთში მშობლებთან ერთად დასვენებისას რაღაც სიმღერას მღეროდნენ ხშირად და მრავალჯერ განმეორებული ეს სიტყვები კარგად დაუმახსოვრებია.

ვიცი, რომ ასეთ დროს, სჯობს, სიმართლე უთხრა ბავშვს მისთვის შესაფერისი და გასაგები ლექსიკის საშუალებით; ვიცი, რომ ხშირად გამირთმევია თავი ჩემი შვილებისგან დასმული მსგავსი შინაარსის შეკითხვებისთვის, მაგრამ სანამ სათანადო სიტყვებს თავი მოვუყარე, დამასწრო ჩემმა მეორე მოსწავლემ, ვაჟმა, და ასეთი პასუხი გასცა – ეგ ქართულადაც სექსია და ურთიერთობას ნიშნავსო.

მოკლედ, ამ პატარა ბავშვების დიალოგებმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რაც ასე აუცილებელი მგონია – დაწყებითი განათლების საფეხურზე შესაბამისი პროფესიონალიზმით მიწოდებული რეალური ინფორმაციის საჭიროება სქესობრივი ურთიერთობებისა და რეპროდუქციის საკითხებზე.

დარწმუნებული ვარ, ბევრი მასწავლებელი ჩავარდნილა ამ სიტუაციაში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ადეკვატური იქნებოდა მათ მიერ ბავშვებისთვის გაცემული პასუხები. წარმომიდგენია, რომ ყველა ახსენებდა სიტყვებს „სირცხვილი“, „ცუდი სიტყვები“ და  ა. შ. – ტაბუს შემცველი სიტყვებით ახსნა ამ სიტუაციაში პირველი მცდარ ნაბიჯად მიმაჩნია, თუმცა ჩემი, როგორც რიგითი მასწავლებლის, აზრი აქ არაფერს წყვეტს, პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ და გვირჩიონ ყველა მასწავლებელს, მსგავს სიტუაციებში რა ლექსიკა გამოვიყენოთ და რა ინფორმაცია გავცეთ.

მაგრამ, რადგან ამ პრობლემის წინ წამოწევა განვიზრახე, ჩემი სუბიექტური აზრიც უნდა გამოვხატო – სანამ საზოგადოების ზოგიერთი წევრი სიტყვა „ორსულის“ ხსენებისას ბოდიშს იხდის, სანამ სირცხვილად ითვლება (ჩემი მოსწავლის ახსნა-განმარტებას გამოვიყენებ) სექსი, როგორც ურთიერთობა, მანამდე სიცოცხლის უფლება არასდროს იქნება ჩვენში დაცული, მანამდე პატარა გოგონებს დაუნდობლად გაუსწორდებიან თავის დროზე არასწორად მიღებული სექსუალური გამოცდილების/განათლების მქონე მანიაკები და არასდროს ადამიანი არ იქნება ღირებულება ჩვენს ქვეყანაში, ქვეყანაში რომელიც წარსულის ოქროს ხანითღა ამაყობს და ღირსეული აწმყო თუ მომავალი ვერაფრით ვერ დაისაკუთრა.

ვერ ვხვდები, რატომ არ ესმის ჩვენს საზოგადოებას, რომ მარტივად, მცირე ასაკში გაგებული სიმართლე ისეთ კომპლექსებს და გადაგვარებებს აღარ იწვევს, როგორც მოგვიანებით შეფარვით მიღებული ცოდნა ტაბუდადებულ საკითხებზე?!

დარწმუნებული ვარ, ინფორმაციის მიღება სპეციალისტისგან ადრეულ ასაკში შესაბამისი რესურსებითა და მეთოდიკით იმ უამრავ პრობლემას მოაგვარებდა, რაც ამ პატარა ერში ზედმეტი დოზითაა წარმოდგენილი. აზრი არ აქვს სტატისტიკის მონაცემების ციფრებში მოტანას – ხომ ვიცით ყველამ, რა საშინელი ფემიციდის მომსწრენი  გავმხდარვართ ბოლო წლებში, საერთო აზრიც გვქონია ამ საშინელების მიზეზების შესახებ და ეს საერთო აზრი ისაა, რომ განათლების ნაკლებობის, უფრო სწორად, გაუნათლებლობის ბრალია ეს საშინელი მომხმარებლური დამოკიდებულება ქალისადმი 21-ე საუკუნის საქართველოში.  და ამ განათლების ნაკლებობაში, უპირველესად, სწორედ სექსთან და სქესთა შორის ურთიერთობებთან დაკავშირებული გაუნათლებლობა იგულისხმება.

ჩემი მოსწავლეების დიალოგმა თინეიჯერობაში სადღაც ამოკითხული ფრაზა გამახსენა, რომელიც, ალბათ, სწორედ ტაბუდადებულ თემასთან კავშირის გამო ასე მძაფრად ჩამრჩა მეხსიერებაში. ავტორი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს იყო ოსკარ უაილდის გამონათქვამი: „საზოგადოების კულტურა ამ საზოგადოების სექსის კულტურით განისაზღვრება“. ძნელია, არ დაეთანხმო, ამიტომ, ვფიქრობ, დროა, ყველა დავფიქრდეთ ამ კუთხით ჩვენი საზოგადოების მანკიერ და დრომოჭმულ დამოკიდებულებებზე, შევცვალოთ მიდგომები და ჩვენც შევიცვალოთ მართლაც ჯანსაღი მომავალი თაობისათვის. ეს კი, უპირველესად, მასწავლებლებისა და სხვა სააღმზრდელო დაწესებულებების უშუალო დანიშნულებაა.

სხვათა შორის, ის სკოლა, სადაც ამ მეორეკლასელების დიალოგი გაიმართა, რელიგიური ფორმატისაა, რაც მხოლოდ იმიტომ აღვნიშნე, რომ არანაირ შეზღუდვას (იქნება ეს რელიგიური თუ სხვა ზნეობრივი პრინციპით განპირობებული) არ შეუძლია ბავშვის ცოცხალი ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის შეჩერება. კითხვა, რომელიც ჩემმა 7-8 წლის მოსწავლეებმა დასვეს, ყველგან, ყველანაირ სივრცეში გაჩნდება, მიუხედავად გარემოსი და სოციალური ფენისა. ამიტომ არ აქვს აზრი ამგვარი კითხვების წაყრუებას. პირიქით, მასწავლებლები შესაბამისი ცოდნით და მეთოდიკით უნდა აღვიჭურვოთ და მარტივად შევიყვანოთ პატარები რთული საკითხების ლაბირინთში.

 

  1. S. წერილში გაკვრით ნახსენები რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იმის შესახებ, თუ რა ესმით ბავშვებს ქუჩაში და რატომ არავინ გვასწავლის მშობლებს, როგორ უნდა დავაწესოთ შეზღუდვები ინტერნეტში ასაკობრივად შეუსაბამო პროგრამებსა და ინფორმაციაზე, ასევე პრობლემატურია, მაგრამ ისინი სხვა წერილის თემებია.

 

 

კომენტარები

comments