პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ ვიმუშაოთ სხვადასხვა აკადემიური უნარის მქონე მოსწავლეებთან

სწავლა-სწავლების ადრინდელი და თანამედროვე მიდგომები ბევრი თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამ სტატიაში ერთ-ერთ მათგანზე მოგითხრობთ. მხედველობაში მაქვს სხვადასხვა აკადემიური უნარის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის პრობლემატიკა. ადრინდელი მიდგომით ფორმალურად ყველა მოსწავლე ერთ კატეგორიაში იყო მოქცეული და სწავლება პირობითად ,,საშუალო მოსწავლეზე” იყო გათვლილი, მოთხოვნებიც ყველა მოსწავლის მიმართ ერთნაირი იყო (ესეც ფორმალურად, თორემ ნიჭიერი და სუსტი მოსწავლეებისაგან მასწავლებლები ერთნაირად, რა თქმა უნდა, არ ითხოვდნენ). თეორიულად მასწავლებლები შეუძლებელი ამოცანის პირისპირ იდგნენ, თუმცა რეალურად ასეთი ვითარება გვქონდა: მასწავლებლები თავიანთი პროფესიონალიზმის კვალობაზე მუშაობდნენ, ხოლო მოსწავლეები თავიანთი აკადემიური უნარების შესაბამისად სწავლობდნენ. დღეს საგანმანათლებლო პოლიტიკა აღიარებს განსხვავებული აკადემიური უნარების მქონე მოსწავლეთა არსებობას, შესაბამისად  მათ მიმართ განსხვავებული მოთხოვნებიც დასაშვები გახდა. შეიძლება ითქვას, დღეს მასწავლებლები თეორიულად შესაძლებელი ამოცანის წინაშე დგანან, მაგრამ თეორია და პრაქტიკა ისევ აცდენილია ერთმანეთისგან, რადგან ძალზე რთულია სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინება. როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი? მოქმედების რომელი სტრატეგია უნდა აირჩიოს მან? სირთულეების მიუხედავად, სათანადო ლიტერატურის დახმარებით და საკუთარი პრაქტიკის გაანალიზებით, მასწავლებელი უნდა შეეცადოს სწავლის პროცესში განსხვავებული აკადემიური უნარების მოსწავლეების მაქსიმალურად ჩართვას. 

შევთანხმდეთ, რომ  აკადემიური უნარების მიხედვით მოსწავლეები სამ ძირითად ჯგუფად შეიძლება დავყოთ: ნიჭიერი, ჩვეულებრივი და სუსტი. სწავლება თავისთავად რთული პროცესია, ხოლო სხვადასხვა აკადემიური უნარის მქონე მოსწავლეები მასწავლებლის საქმიანობას კიდევ უფრო ართულებს. ბოლო დროს ჩვენს გაზეთში რამდენიმე სტატია დაიბეჭდა (მათ შორის ერთი ჩემი ავტორობითაც) ნიჭიერი მოსწავლეების სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებსაც თავიანთი ნიჭიერების მიუხედავად სწავლისას მათთვის დამახასიათებელი, სპეციფიკური პრობლემები ექმნებათ. მათთან მუშაობა სასიამოვნოა, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი გამოწვევაა მასწავლებლებისათვისაც. ამჯერად სუსტ მოსწავლეებზე ვისაუბრებთ. ერთი შეხედვით,  მათი პრობლემები უფრო ნათლად გამოკვეთილია. თუმცა მარტივად არც მათთან გვაქვს საქმე. ხშირ შემთხვევაში, სუსტი მოსწავლე სწავლის პროცესს რაღაც მიზეზის გამო მოწყვეტილი ჩვეულებრივი მოსწავლეა. მასწავლებლის ამოცანაა, დაუბრუნოს მას სწავლის სურვილი.

დამეთანხმებით,  უიშვიათესი გამონაკლისის გარდა ნებისმიერი ჩვენგანი სკოლაში ერთ საგანში მაინც მოვიკოჭლებდით. ასე რომ, გარკვეული თვალსაზრისით ყველანი ,,სუსტი მოსწავლეები” ვართ. ახლა როცა მასწავლებლები ვართ, თუ გვსურს სუსტ მოსწავლეებს გავუგოთ, თუ გვინდა, რომ ვასწავლოთ მათ, ალბათ უპრიანი იქნება გავიხსენოთ საკუთარი თავი ჩვენთვის მოუხელთებელი საგნის სწავლისას და შევეცადოთ პასუხი გავცეთ კითხვას:  როგორ ვისურვებდით ის საგანი ჩვენთვის რომ ესწავლებინათ? ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ უმეტესწილად ჩვენ იმ საგნის მასწავლებლები ვართ, რაშიც სკოლაში სწავლისას ძლიერები ვიყავით, ამიტომ არ შეიძლება ყველა მოსწავლისგან ასეთივე მოლოდინი გვქონდეს. 

განათლების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასეთ სიტუაციაში ყველაზე მართებული გამოსავალი მოთმინება და პატარ-პატარა ნაბიჯებით წინსვლა გახლავთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლე გავხადოთ თავდაჯერებული და ვაგრძნობინოთ თუნდაც მცირე პროგრესი. მან უნდა მოახერხოს არამარტო თავისუფალ გარემოში წარმატების მიღწევა, არამედ იგრძნოს, რამდენად სასიამოვნოა ეს პროცესი. 

წარმოვიდგინოთ, რა რთულ მდგომარეობაშია მოსწავლე, რომელიც წარუმატებელია, თავს სუსტ მოწაფედ მიიჩნევს, რადგანაც ვერ ახერხებს გაიგოს ის, რასაც სხვები  იოლად იგებენ. მას უყალიბდება აზრი, რომ არანაირ ძალისხმევას აზრი არ აქვს, ყოველივე ფუჭი და ამაოა, მას უბრალოდ არ შეუძლია იმის  გაგება, რაზეც მასწავლებელი საუბრობს. მსგავსი ნეგატიური ფიქრები მოსწავლეს შესაძლოა გაკვეთილის პირველივე წუთებში გაუჩნდეს, როცა მასწავლებელი მისთვის ძალზე აბსტრაქტულ, ბუნდოვან, ტექნიკურად რთულ  ან რაიმე ისეთ საკითხზე საუბრობს, რის აღქმაც მოსწავლეს უჭირს. ჩვენ შესაძლოა ზოგჯერ ვერც ვაცნობიერებთ, როგორ ვიწყებთ გაკვეთილს რთული, კომპლექსური ინფორმაციით, ვაკეთებთ ვრცელ განზოგადებებს, რომლის დროსაც მოსწავლეებისათვის გაუგებარი დეტალები ,,შემოგვეპარება” ხოლმე. გასაკვირიც არ არის, თუ მოსწავლეების ნაწილი გააკეთებს ,,დასკვნას”, რომ  ,,არაფერი ჩვენთვის სასიკეთო და  გასაგები აღარ იქნება”.

გაითვალისწინეთ, ბავშვი უმნიშვნელო ჩამორჩენასაც კი გრძნობს (როგორც ექსპერტები გვეუბნებიან 10%-იც საკმარისია) და მტკივნეულად განიცდის მას. წესისამებრ, ასეთი მოსწავლეები თავს ანებებენ სწავლას. მათ აღარ სურთ არც კითხვების დასმა, არც დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, რადგანაც მიაჩნიათ, რომ, რაც არ უნდა თქვან, მხოლოდ იმას დაამტკიცებენ, რომ სხვებთან შედარებით სუსტები არიან. ამავდროულად მათ არ სურთ საკუთარი პრობლემების დემონსტრირებით ზედმეტად თავის ატკივება. ამიტომ მასწავლებლის კითხვაზე, გაიგეს თუ არა ესა თუ ის საკითხი, თანხმობის ნიშნად თავს აქნევენ ხოლმე.

შესაძლებელია სუსტი მოსწავლეების სასწავლო პროცესში იმ დამხმარე სასწავლო რესურსით ჩართვა, რომელშიც სახელმძღვანელოს მასალა შედარებით გაიოლებული სახით იქნება მოცემული.  მასწავლებელს ასეთი რესურსის შექმნა თავად უხდება, მაგალითად,  ისეთი კითხვების მოფიქრება, რომლებზეც სუსტი მოსწავლეებიც შეძლებენ პასუხის გაცემას, რაც დამატებით დროს და ენერგიას მოითხოვს. თუ შევძლებთ პატარა ნაბიჯების იდენტიფიცირებას და მათ იდეალური თანმიმდევრობით დავალაგებთ, დავინახავთ, რომ მოსწავლეები შეძლებენ ამოხსნან მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის ამოცანები, გაერკვევიან სხვადასხვა სასწავლო საგნების ამა თუ იმ მანამდე გაუგებარ საკითხში. განათლების ექსპერტი  ჯოან დანი  წერს: ,,მოსწავლეებს სურთ, მათ ნაბიჯ-ნაბიჯ ასწავლონ, რომ შეძლონ საკუთარი პროგრესის დანახვა. როგორც კი მოსწავლეები მოიწყენენ, დგება დაუყოვნებლივი მოქმედების დრო”. ჯონ საქსონი, განათლების ექსპერტი და მასწავლებელი, სუსტ მოსწავლეებთან მოთმინებას და მცირე პროგრესზე ორიენტირებას გვირჩევს ,,ბევრი პრაქტიკით, და რამდენადაც შესაძლებელია მეტი მხიარულებით”.  მონა მაკნიმ, ფონეტიკის ექსპერტმა,  კითხვის სპეციალური კურიკულუმიც კი შეიმუშავა, რომელსაც ,,კითხვა ნაბიჯ-ნაბიჯ” უწოდა. 

მაშინ, როცა ნიჭიერი ბავშვები სწრაფად ითვისებენ მასალას, აქტიურობენ გაკვეთილზე და არც თავის გამოჩენა უჭირთ, სუსტი მოსწავლეები ვერ ახერხებენ მხარი აუბან მათ. ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთ დროს ერთადერთი რაციონალური გამოსავალი სუსტი მოსწავლეების გამოყოფა და მათი ცალკე სწავლებაა. მაგრამ სკოლას არ შეუძლია მიმართოს ასეთ რადიკალურ ზომას. ამისთვის არც დამატებითი  რესურსები არსებობს, არც დასაბუთებული მეთოდოლოგია. სამაგიეროდ გვაქვს შედეგი, რომელიც შეუძლებელია სადავო იყოს – ყველა ძირითადი საგანი ისე ისწავლება, რომ სუსტ მოსწავლეებს საბოლოოდ თიშავს სასწავლო პროცესიდან. აქვე ერთი პატარა რჩევა – მასწავლებელს შეუძლია შეიმუშაოს 100 შეკითხვა თავისი საგნის  ყველაზე საინტერესო ფაქტების შესახებ, რომლებიც  დალაგებული იქნება თამიმდევრობით სუსტიდან  შედარებით რთულებამდე.  მათი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო წლის დასაწყისში, მოსწავლეები  იოლად დაძლევენ  მარტივ საკითხებს, რაც მათ მოტივაციას შეუქმნის. მათი ფიქრები დაახლოებით ასეთი იქნება: ეს კარგი იყო. ნეტავ, რა იქნება შემდეგ?

დასასრულ შემოგთავაზებთ ერთ აქტივობას, რომელსაც სუსტ მოსწავლეებთან შეგვიძლია მივმართოთ. პირობითად მას „პატარა მიზნები” ვუწოდოთ. როგორც ხვდებით, საუბარი გვექნება ნაკლებად მნიშვნელოვანი მიზნების დასახვასა და მათ შესრულებაზე. 

შეიძლება ვიკითხოთ,  მიზანშეწონილია თუ არა მოსწავლეებისათვის ამოცანის გაიოლება და მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი მიზნების დასახვა? ექსპერტები გვარწმუნებენ, თუ აქტივობა სწორად დაიგეგმება და განხორციელდება, მას შეუძლია მოსწავლეების მდგომარეობა უკეთესობისაკენ შემოაბრუნოს. უპირველესად აუცილებელია მოვაწყოთ დისკუსია თემაზე, რა მსგავსება-განსხვავებებია სურვილებსა და მიზნებს შორის. მასწავლებლის ჩართულობით დისკუსიის ბოლოს მოსწავლეები გაიგებენ, რომ მიზნები მიღწევადი სურვილებია, თავისი გეგმით და დათქმული ვადებით. 

პატარა მიზნები – გონებრივი იერიში

მოსწავლეებს ვთხოვოთ გონებრივი იერიშით დაასახელონ ის მიზნები, რომელთა მიღწევაც მათ სურთ. თავდაპირველად უნდა დაასახელონ ისეთი მიზნები, რომლებიც მოკლე დროში შესრულდება (ვთქვათ, ერთ კვირაში). შემდეგ მოსწავლეებს დავურიგოთ ბარათები და ვთხოვოთ, დასახელებული მიზნებიდან აირჩიონ ერთი. მასწავლებელმა უნდა განუმარტოს მოსწავლეებს, რომ მიზანი უნდა იყოს ერთდროულად საკმაოდ გამომწვევი, მაგრამ ამასთანავე რეალურიც. მისი შესრულება მოსწავლისაგან უნდა მოითხოვდეს ძალისხმევას, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს მის შესაძლებლობებს. მასწავლებელს შესაძლოა მოუხდეს მოსწავლეებისთვის დახმარების გაწევა, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთონ. მასწავლებლის ასეთი მოქმედება უმცროსი ასაკის მოსწავლეებთან სასურველიც გახლავთ. წესისამებრ, მოსწავლეები საკმაოდ განსხვავებულ მიზნებს ისახავენ, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა სწავლას არც უკავშირდებოდეს (მაგ: ფულის დაზოგვა სასურველი ნივთის საყიდლად, სპორტში შედეგის გაუმჯობესება და ა.შ.). მასწავლებლის გადასაწყვეტია, გააკეთებინოს მოსწავლეს არასასწავლო ხასიათის მიზნის არჩევანი თუ არა. მასვე შეუძლია ეს მიზანი ისე შეცვალოს, რომ სწავლას დაუკავშიროს. 

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები პირველ დავალებას შეასრულებენ და მიზანს დაისახავენ, მათ უნდა ვთხოვოთ, რომ აღწერონ ის მოქმედებები, რომლებიც დასახული მიზნის შესრულებას უზრუნველყოფენ. დაფიქრდნენ იმაზე, რა დაბრკოლებები შეიძლება შეხვდეთ მიზნისაკენ მიმავალ გზაზე, რა კომპრომისებზე მოუწევთ წასვლა, ხომ არ მოუხდებათ რაიმე საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმა და ა.შ. მოსწავლეებმა რომ უფრო კარგად გაიაზრონ დასახული ამოცანა, ვთხოვოთ მათ, რომ მათი მოსაზრებები არ იყოს განსაზღვრულ ზომაზე ნაკლები (ვთქვათ, თაბახის ფურცლის ნახევარი). დათქმული ვადის შემდეგ მოსწავლე უკვე შესრულებულ სამუშაოს აფასებს. მან უნდა გააანალიზოს, რამდენად დაემთხვა შემუშავებული გეგმა რეალურად განხორციელებულ საქმიანობას,  მიაღწია თუ არა დასახულ მიზანს, ხომ არ წარმოიშვა მოულოდნელი დაბრკოლებები. საბოლოოდ ის აკეთებს დასკვნას, რა ისწავლა ამ დროის განმავლობაში. მოსწავლის საბოლოო პროდუქტი მის მიერ დაწერილი ესე, მოსწავლეს დამატებით კოგნიტურ უნარებს განუვითარებს. საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეების დასახმარებლად  ესეს შაბლონიც შეიძლება შევიმუშაოთ.  

იდეალური შედეგი იქნება, თუ მოსწავლეები თავიანთ ესეს  დაახლოებით ასე დაამთავრებენ  – „მე ვისწავლე ერთი რამ, თუ რაიმეს მიზნად დაისახავ და არც შრომას დააკლებ, ყველაფერს მიაღწევ. არც ის არის დასანანი, რომ რაღაცებზე უარის თქმა მოგიწიოს, რადგანაც მიღწეული შედეგი ამად ღირს”. აქტივობის ბოლო აკორდი მასწავლებლის გაკეთებული შეფასებაა, რომელშიც სასურველია სჭარბობდეს პოზიტივი.

დასასრულ, მოკლედ ჩამოვთვალოთ ის მთავარი დადებითი მომენტები, რასაც პატარა ნაბიჯები და მოკლევადიანი მიზნები გვაძლევს. იგი მოსწავლეებს ეხმარება გამოიმუშაონ მიზნების დასახვის და მათი განხორციელების უნარი. ყველა მოსწავლე არჩეულ მიზანს ისახავს, შესაბამისად მოტივირებულია. არ ეთიშება სასწავლო პროცესს. მოსწავლეები აანალიზებენ, რომ  სავსებით შესაძლებელია პატარა ნაბიჯები მათთვის  დიდი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს, დადებითად ცვლის მოსწავლეების წარმოდგენას საკუთარ შესაძლებლობებზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი