შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ვირტუალური ექსკურსია, როგორც ლიტერატურის გაკვეთილზე სასწავლო პროცესის ორგანიზების ერთ-ერთი ეფექტური ფორმა

ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა, რომელიც ფართოდ განიხილება ყველგან, ინოვაციური პედაგოგიური ტექნოლოგიების გამოყენების პრობლემაა.   ამჟამად ლიდერი პოზიცია უკავია სწავლების მეთოდების იმ ფორმებსა და მეთოდებს, რომლებიც დაკავშირებულია კომპიუტერთან. ამ მიდგომამ  ძირეულად შეცვალა განათლების თეორიაცა და პრაქტიკაც. ამიტომაც თანამედროვე პირობებში სასწავლო პროცესის წარმატებით ორგანიზებისთვის,  მასწავლებელს უწევს სწავლების ახალი ფორმების, მეთოდებისა და მასალის მიწოდების ახალი საშუალებების ძიება. ვინაიდან კომპიუტერი და ინტერნეტი მჭიდროდ დამკვიდრდა ჩვენს ცხოვრებაში, თანამედროვე ახალგაზრდობა კი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ტექნოლოგიების მიმართ, ამიტომ მასწავლებელმა ეს ინტერესი აუცილებლად უნდა  გამოიყენოს სწავლების პროცესში, რადგანაც კომპიუტერმა და ინტერნეტმა შეიძლება ითამაშოს მასწავლებლის დამხმარეს როლი.

დღეს მოსწავლეებს უწევთ დიდი რაოდენობით ინფორმაციასთან მუშაობა და აქვთ  უამრავი  შესაძლებლობა სწავლის, კვლევისა და  ნასწავლის გასაზიარებლად.

მათ შეუძლიათ:

გამოიყენონ ინსტრუმენტები კონფერენც კავშირისთვის, ისეთი, როგორიცაა Polycom, Adobe Connect, Microsoft Teams და  Skype, რათა იურთიერთონ თანატოლებთან მთელს მსოფლიოში, ჩაერთვნენ ვირტუალურ ექსკურსიებში, ვირტუალურ რეალობაში, ერთობლივად განახორციელონ ონლაინ პროექტები, მიიღონ წვდომა ვირტუალურ საგანმანათლებლო ქსელებზე, ვებ ფორუმებზე, გახდნენ ექსპერტები, ავტორები, გამომცემლები, პროდიუსერები, გადაიღონ ფილმები, შექმნან მუსიკა და ასე შემდეგ.

ვირტუალური სწავლება შეიძლება იყოს სინქრონული( როდესაც  ყველა მოსწავლე რეგისტრირდება ერთდროულად ერთ კლასში  ან ონლაინ სივრცეში) ან ასინქრონული (სადაც მოსწავლეები იღებენ წვდომას ინფორმაციასა და შინაარსზე ჩანაწერის სახით)

ვირტუალური სწავლებით შესაძლებელი ხდება:

  1. ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდა;
  2. რეგიონის სკოლების მოსწავლეებისათვის სწავლების ფორმების გამრავალფეროვნება;
  3. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება;
  4. თანამშრომლობა;
  5. გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბება;
  6. შემოქმედებითი სწავლება;
  7. კრიტიკული აზროვნების განვითარება;
  8. რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
  9. პერსონალური სწავლება;
  10. სწავლება ნებისმიერ ადგილასა და დროს;
  11. ქსელური სწავლების უნარების განვითარება;
  12. საკუთარი პროგრესისთვის თვალყურის დევნება და უკუკავშირის მიღება.

ვირტუალური და დისტანციური სწავლების სხვადასხვა ფორმა არსებობს. განვიხილოთ სასწავლო პროცესში ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენების ერთ-ერთი ვარიანტი – ვირტუალური ექსკურსია.

ექსკურსია, როგორც სასწავლო მეთოდი, გაჩნდა XVIII საუკუნის ბოლოსა და  XIX  საუკუნის დასაწყისში.  ის ხელს უწყობს მოსწავლეებში დაკვირვებისა და დამოუკიდებელი მუშაობის  უნარების განვითარებას.  XIX საუკუნის განმავლობაში  ექსკურსიები თანდათანობით  იქცა სასწავლო პროცესის ორგანულ ნაწილად.

ამ ფაქტის გამო არსებითად შეიცვალა ექსკურსიებისადმი მიდგომა, წარმოიშვა სხვადასხვა სახის ვირტუალური, ინტერაქტიული ექსკურსიები.

ტერმინი «ვირტუალური» წარმოშობილია ინგლისური სიტყვისგან  virtual – (მსგავსი, განურჩეველი).

პირველი ვირტუალური  მუზეუმები ინტერნეტში გამოჩნდა  1991 წელს. ისინი წარმოადგენდნენ  საიტებს , სადაც განთავსებული იყო ინფორმაციები მუზეუმზე, მათ გეოგრაფიულ მდებარეობასა და მუშაობის რეჟიმზე. შემდეგ მათ უკვე დაემატა ვირტუალური ექსპოზიციები. ბევრი მუზეუმი ქმნიდა რამდენიმე ვირტუალურ ექსპოზიციას და აერთიანებდა  მათ ვირტუალურ ექსკურსიად. დღეისათვის  ასეთი სახით წარმოდგენილი მასალის ხარისხი და შინაარსი სულ უფრო იზრდება  და შესაძლებელია, უახლოეს ხანში, მსოფლიოს ყველა მუზეუმს ჰქონდეს საკუთარი ვირტუალური მუზეუმი.

ვირტუალური ექსკურსია  არის ინტერნეტში განთავსებული სამგანზომილებიანი  სცენა, რომელიც პოტენციურ  კლიენტს რაიმე რეალურ ობიექტზე წარმოდგენის მიღების შესაძლებლობას აძლევს .  შექმნილ მოდელში შესაძლებელია ვირტუალურად გადაადგილება.

ვირტუალურ ლიტერატურული ექსკურსიები შეიძლება დაიყოს შემდეგ სახეებად:

  • ლიტერატურულ-გეოგრაფიული –ეს არის მწერლის ბიოგრაფიასა და ცხოვრებასთან დაკავშირებული ექსკურსია.
  • ლიტერატურულ – მხარეთმცოდნეობითი – მწერლის, პოეტის, დრამატურგის ცხოვრებასთან დაკავშირებულ ადგილებში ექსკურსია.
  • ისტორიულ-ლიტერატურული – ეროვნულ კულტურასა და ლიტერატურასთან დაკავშირებული რომელიმე განსაზღვრული ისტორიულ პერიოდში მოგზაურობა.
  • ლიტერატურულ-მხატვრული – მსოფლიო საგამოფენო დარბაზებში ექსკურსია.
  • მიმოხილვითი საიტები, სადაც თავმოყრილია რამდენიმე ვირტუალური ექსკურსია ერთი კონკრეტული მწერლის გასაცნობად.

ექსკურსია აუცილებლად უნდა დაიწყოს მოსწავლეებთან გამართული შესავალი სიტყვით.  ამ სიტყვაში  პედაგოგი საუბრობს ექსკურსიის მიზნებსა და ამოცანებზე, არიგებს სამარშრუტო ბარათებს.

ვირტუალური ექსკურსიებისას მოსწავლეთა აქტიურობის გაზრდაში უდიდეს როლს თამაშობს საძიებო მეთოდი. მოსწავლეები უბრალოდ კი არ ეცნობიან  ექსპოზიციის მასალებს, არამედ აქტიურად ეძებენ მწერალთან დაკავშირებულ ინფორმაციებს. ეს მიიღწევა  ან განსაზღვრული შემოქმედებითი ამოცანების დასახვით, ან პრობლემური კითხვების დასმით ექსკურსანტების წინაშე.  ექსკურსიის დროს მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაიწერონ თეზისები, გააკეთონ საიტზე განთავსებული მასალების ასლები ან  საჭირო ჩანაწერები. ექსკურსია მთავრდება  შემაჯამებელი საუბრით, რომლის დროსაც მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად  განაზოგადებს, სისტემაში მოიყვანს  ნანახსა და მოსმენილს, ისაუბრებს  შთაბეჭდილებებსა და მოსწავლეთა წინასწარ შეფასებებზე, დასახავს  შემოქმედებით ამოცანებს მათთვის: დაწერონ თხზულება, მოამზადონ ანგარიში, შეადგინონ ალბომი.

მიუხედავად იმისა, რომ მარტივი ჩანს  გაკვეთილებზე ვირტუალური ექსკურსიის ჩატარება, მასწავლებელს შეიძლება შეხვდეს  სახვადასხვა პრობლემა. პირველი და მთავარი პრობლემა არის უინტერნეტობა და კომპიუტერების არასაკმარისი რაოდენობა კლასებში. ამ შემთხვევაში გამოსავალი შეიძლება იყოს ინტერაქტიული, მულტიმედიური ექსკურსია. ასეთი მულტიმედიური ექსკურსიებიც მიეკუთვნება ვირტუალურს, მაგრამ მათი ორგანიზებისათვის   ინტერნეტი საჭირო არაა. საკმარისია კლასში კომპიუტერისა და პროექტორის ქონა. ამ სახის ექსკურსიის უპირატესობა ისაა, რომ მასწავლებელი თვითონ არჩევს მისთვის საჭირო მასალას, ადგენს აუცილებელ მარშრუტს, მიზნის შესაბამისად ცვლის შინაარსს.   ექსკურსიის შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს ვიდეო, აუდიო ფაილები, ანიმაციები, რეპროდუქციები, ბუნების სურათები, პორტრეტები, ფოტო სურათები.  შესაძლებელია, ჩართული იყოს ლიტერატურული ტერმინები და მათი განსაზღვრებები, ისტორიული რუკები, თეზისები ლიტ. თეორიიდან და სხვა.

ამგვარად , ვირტუალური ექსკურსიების  გამოყენება სწავლების პროცესში სწავლებას  ხდის  უფრო საინტერესოს, ხარისხიანსა და შედეგზე ორიენტირებულს.

ვირტუალური ექსკურსიების უპირატესობა
უამრავი რამის ნახვა გვინდა და გვჭირდება, მაგრამ ეს შეუძლებელია ბევრი რამის გამო.  დროის უქონლობა, მატერიალური მხარე, ყოფითი პრობლემები ხშირად არ გვაძლევს საშუალებას  ჩვენი ოცნებები და სურვილები რეალობად ვაქციოთ.

ვირტუალური ექსკურსიები, რა თქმა უნდა , სრულყოფილად ვერ ჩაანაცვლებს რეალურ ექსკურსიებს, მაგრამ ეს საუკეთესო საშუალებაა  საოცნებო ადგილების გასაცნობად ნებისმიერ დროს.
ამგვარი  ექსკურსიების კიდევ ერთი უპირატესობა სხვადასხვა თემის გავლისას მოსწავლეთა მსოფლმხედველობის  გაფართოებაა. აგრეთვე, ის გაკვეთილებს უფრო ცოცხალსა და საინტერესოს გახდის.

საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციამ გადაწყვიტა  ხელი შეეწყო პედაგოგებისათვის ასეთი ვირტუალური ექსკურსიების განხორციელებაში და დაგეგმა დისტანციური ქსელური პროექტი: ” საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში”.

პროექტის მიზანია:

  • მოსწავლეებში ლიტერატურის შესწავლის ინტერესის გაღვივება/ გაძლიერება ;
  • მოსწავლეთა აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის ფორმირება ;
  • საგანთაშორისი კავშირების განხორციელება.

პროექტის ამოცანები:

  • მოსწავლეებში საპროექტო მასალების გაფორმების ჩამოყალიბება და სრულყოფა;
  • პროექტის განხორციელების პროცესში ერთ საერთო პრობლემაზე მომუშავე ერთიანი შემოქმედებითი გუნდის ჩამოყალიბება;
  • მოსწავლეთა და პედაგოგთა შემოქმედებითი პოტენციალის გაღრმავება

პროექტში მონაწილეობას იღებს 60 სკოლა. პროექტი ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით: რადიო სპექტაკლი, ვირტუალური ექსკურსია, დასურათებული ნაწარმოები, მწერლის შემოქმედების კვლევა. ჩატარდა პირველი კონსულტაცია, მასწავლებლებმა მიიღეს კითხვებზე პასუხი, კონკრეტული რჩევები და შეუდგნენ მუშაობას.

იმედი მაქვს, ძალიან საინტერესო მასალებს  წარმოადგენენ მონაწილეები, ამ ექსკურსიების შექმნა-მოწყობის ძირითადი მიზანია სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება და დამატებითი სასწავლო პროგრამის შექმნა, რომლებსაც სხვა მოსწავლეებიც გამოიყენებენ. პროექტი დეკემბერში მთავრდება და ნამუშევრებს  აუცილებლად გაგაცნობთ. მჯერა, მსგავსი სწავლება კიდევ უფრო მეტად შეაყვარებს მოსწავლეებს ლიტერატურასა და კითხვას.

 

 

გამოყენებული წყარო: https://www.digipubs.vic.edu.au

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი