ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა – წარმატებები და პერსპექტივები

დღეს უკვე აღარავის სჭირდება იმის მტკიცება, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფორმებს შორის ყველაზე შედეგიანი უშუალოდ სკოლაში საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული პროფესიული განვითარებაა. სწორედ ამ ფორმის დანერგვას ემსახურება სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა განვითარების პროგრამა, რომელიც 2013 წლის მარტიდან საქართველოს ყველა რეგიონის 206 სკოლაში მიმდინარეობს. შარშან, ნოემბერში, გამართულ კონფერენციაზე ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენელმა განათლების ექსპერტის მაიკლ ბარბერის სიტყვები გაიხსენა, როცა მან განათლების რეფორმა შტორმს შეადარა, ოღონდ ისეთს, როდესაც „ზღვის ზედაპირზე დიდი ტალღებია, წყლის ზედაპირს ამოძრავებს, აქაფებს, მაგრამ მის სიღრმეში ვერ აღწევს”. ასე მოხდა განათლების სისტემაშიც: ბევრმა რეფორმამ ვერ გააუმჯობესა მდგომარეობა სკოლებში, რადგან ვერ შეაღწია სასკლასო ოთახში. ეს შედარება გამომსვლელმა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა განვითარების პროგრამას დაუკავშირა და  სრულიად მართებული დასკვნა გააკეთა: პროგრამა სწორედ იმგვარ მიდგომას ეფუძნება, რომელიც საკლასო ოთახში ცვლილებებისკენაა მიმართულიო. მასწავლებლების ამგვარი შეფასება ცხადყოფს, რომ მათ კარგად გააცნობიერეს პროგრამის მნიშვნელობა. თუმცა ეს არ მომხდარა მყისიერად. იყო ნიჰილისტური და ზოგჯერ ცინიკური დამოკიდებულებაც (მაგალითად, „ტყუილად გვახარჯვინებთ დროსა და ენერგიას, ახალს არაფერს ვსწავლობთ. ეს ყველაფერი ჩვენთვის კარგად ნაცნობია და უბრალოდ სახელებია შეცვლილიო”). 

კიდევ ერთხელ ვათვალიერებ ახლა უკვე მეორე კონფერენციის მასალებს და ვხვდები, რომ, მიუხედავად ცალკეული „ურწმუნო თომებისა”, პროგრამამ ბევრი რამ შეცვალა მასწავლებელთა ცნობიერებაში. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ყველასათვის ცხადი გახდა: უწყვეტი პროფესიული განვითარების გარეშე ყველაზე სახელოვანი და აღიარებული მასწავლებელი წყვეტს არსებობას, როგორც პროფესიონალი. პროფესიული განვითარება კი მხოლოდ ტრენინგებსა და მეთოდურ კონფერენციებზე მონაწილეობით არ ხდება. თანამშრომლობა – აი, გზა, რომელიც გვაძლიერებს, გვასწავლის, აღმოგვაჩენინებს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, გვიყალიბებს ობიექტურ თვითშეფასებას, ქმნის სკოლაში გუნდს, რომელიც ერთად ფიქრობს პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტიან გზებზე და უმთავრესი – მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამის სახელწოდებაში მასწავლებელი ფიგურირებს, მისი ფოკუსი მოსწავლეა. სწორედ სწავლება -სწავლის ხარისხის გაუმჯობესების, ეფექტური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფების საქმიანობა. ამას კონფერენციის მონაწილეთა მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევებისა და პროექტების თუნდაც სათაურების ჩამონათვალი მოწმობს:

·I-IV კლასებში განმავითარებელი შეფასების მიმართ მშობელთა დამოკიდებულებების კვლევა.
·ქცევითი პრობლემების კვლევა IX კლასის მოსწავლეებში.
·საშინაო დავალების მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულებების შედარებითი კვლევა  VI და X კლასებში.
·კეთებით სწავლების ეფექტურობის კვლევა.
·განმავითარებელი შეფასების ეფექტიანობის კვლევა დაწყებით საფეხურზე.
·წიგნიერების კვლევა დაწყებით საფეხურზე.
·სასკოლო კულტურის კვლევა.
·რამდენიმე ახალი სტრატეგიის ეფექტიანობის კვლევა.
·მოსწავლეთა გაცდენა-დაგვიანებების მიზეზების კვლევა.
·სკოლის ცხოვრებაში მშობელთა დაბალი ჩართულობის მიზეზების კვლევა.
·სასწავლო საგნების მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულებების კვლევა.
და ა.შ.

ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ საილუსტრაციოდ ესეც კმარა. შეიძლება ვინმეს ეჭვი გაუჩნდეს,  არის კი ეს კვლევები კვალიფიციურად ჩატარებული, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ კუთხით მასწავლებელთა გამოცდილების ნაკლებობას, მთავარი ის არის, რომ პროცესი დაიწყო. ბანალური ჭეშმარიტებაა: შეცდომები იმას არ მოსდის, ვინც არაფერს აკეთებს.  

     პროგრამის წარმატებაზე მონიტორინგისა და სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფების მიერ წარმოდგენილი ანგარიშებიც მეტყველებს. მონიტორინგის მიხედვით, სკოლების 92%-ში პედაგოგები ერმანეთს აწვდიან ინფორმაციას განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე. სკოლების 97%-ში პედაგოგები ესწრებიან ერთმანეთს გაკვეთილებზე და ახდენენ საკუთარ და ურთიერთშეფასებას. საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა პროექტების განხორციელების თვალსაზრისითაც (სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა სკოლების 87%-მა): უმეტესად ეს პროექტები კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული. აღარაფერს ვამბობ ე.წ. „შვიდკაცას” (ასე უწოდეს თავად მასწავლებლებმა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფებს) მიერ ინიცირებულ სწავლება/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მიმართული სხვა ღონისძიებებზე (ღია კარის დღეები, სასწავლო-მეთოდური კონფერენციები, ინტეგრირებული გაკვეთილები).  

ზოგადად, სკოლების დიდი ნაწილისათვის თავიდან რთული აღმოჩნდა სკოლის სხვა მასწავლებლების ჩართვა თანამშრომლობის პროცესში. პროგრამას არც ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ იმთავითვე სკოლის ყველა მასწავლებელი გააცნობიერებდა მის მნიშვნელობას. ეს მონიტორინგმაც დაადასტურა. სკოლის სხვა პედაგოგებისგან უკუკავშირის მიღების მაჩვენებელი მხოლოდ 66%-ია, მაგრამ თუ შევადარებთ წინა კვლევისა და მონიტორინგის მასალებს, სკოლის სხვა მასწავლებლების ჩართულობა  აშკარად გაზრდილია. 
შთამბეჭდავი ციფრებია იმ ფონზე, როცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  პროგრამის მონაწილეთა განწყობა-დამოკიდებულებები თავდაპირველად აშკარად ნიჰილისტური და ინდიფერენტული იყო. ამგვარ დამოკიდებულებას ჰქონდა საფუძველი. კერძოდ:

დროის უკმარისობა 
სკოლაში ისედაც დატვირთული რეჟიმის პირობებში დამატებითი ფუნქციების გაჩენა, თანაც ანაზღაურების გარეშე.
უხერხულობის, უნდობლობისა და შიშის განცდა გაკვეთილებზე დასწრებასთან დაკავშირებით.
იყო სხვა სირთულეებიც, რომლებსაც შეხვდნენ ჯგუფის წევრები პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე:
ე.წ. „ვარსკვლავი პედაგოგების” პროგრამისადმი  დამოკიდებულება, რომელსაც პირობითად „ვინ რა უნდა მასწავლოს” სინდრომი შეიძლება ვუწოდოთ. 
უკუკავშირის მიწოდებაში არსებული პრობლემები (გამოიკვეთა კოლეგის ჩატარებული გაკვეთილის მიმართ ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულების გამოხატვის ტენდენცია).  
ჯგუფის წევრთა რაოდენობის არამართებული შეფარდება სკოლის სიდიდესთან (შვიდკაციანი ჯგუფის საქმიანობა ერთნაირად ეფექტიანი ვერ იქნება მცირე და დიდკონტინგენტიან სკოლებში).
დირექციის გულგრილი დამოკიდებულება პროგრამისადმი (აღსანიშნავია, რომ  სკოლების წარმატებული საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება იმას, თუ რამდენად კარგად გააცნობიერა დირექტორმა პროგრამის მნიშვნელობა და რა სახის მხარდაჭერა აღმოუჩინა ჯგუფს).

მიუხედავად ამისა, პროგრამის პილოტირების პროცესში გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები: სკოლების უმრავლესობაში ამაღლდა თანამშრომლობითი კულტურა, რასაც მოწმობს „კრიტიკული მეგობრების” ჯგუფების გააქტიურება, გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა და ინტეგრირებული გაკვეთილები, სასწავლო რესურსების შექმნა ერთობლივად, სასწავლო-მეთოდური კონფერენციები სკოლაში და სკოლებთან ერთად, ერთობლივი პროექტები (კათედრების დონეზე, სკოლის დონეზე, რაიონის დონეზე). ამავდროულად გაიზარდა ინტერესი პროფესიული განვითარების ღონისძიებების მიმართ. პილოტირების პროცესში ჩართული სკოლები უშუალოდ სკოლის ბაზაზე ატარებენ სკოლის საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს, ხოლო მასწავლებლები, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე (ამის დადგენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მასწავლებელთა საჭიროებების კვლევამ), ერთვებიან პროფესიული განვითარების სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.  

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, უცნაურად მოჩანს  ზოგიერთი სკოლის ჯგუფის წევრთა დამოკიდებულება პროგრამის მიმართ, როცა ისინი აცხადებენ, რომ ახალს ვერაფერს იგებენ, ეს ყველაფერი ისედაც იციან, ასეთი საქმიანობის არც დრო და არც სურვილი აქვთ. თუ სადმე ასეთი „საგანმანათლებლო ოაზისები” არსებობს, რომელთათვისაც ეს ყველაფერი კარგად ნაცნობი და დიდი ხნის წინ დანერგილია სასწავლო პრაქტიკაში, მით უმეტეს უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ გამოიტანონ საკუთარი საქმიანობა სხვების წინაშე, გაუზიარონ კოლეგებს მიღწევები. ამ პროგრამის ერთ-ერთი მიზანი ხომ ურთიერთსწავლით პროფესიული განვითარებაა, ყველაზე კარგად კი მაშინ  სწავლობ, როცა სხვას ასწავლი.

მიუხედავად ცალკეული სკოლების ამგვარი დამოკიდებულებისა, პროგრამას სიცოცხლიუნარიანად და მნიშვნელოვნად მიიჩნევს გამოკითხულთა 92%,  თავს იკავებს 8%, უარყოფითად კი არც ერთ გამოკითხულს არ შეუფასებია პროგრამა. ეს ნიშანია იმისა, რომ პედაგოგები ხედავენ სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების პროგრამის საჭიროებას. თუმცა არის საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია პროგრამის განვითარებისათვის. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, თანამიმდევრულობა განათლების პოლიტიკაში, რომლის პრიორიტეტადაც აღიარებული იქნება მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამ მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემაში პროგრამის მონაწილე მასწავლებელთა წახალისება (ე.წ. „კრედიტქულებში” მათი ეფექტიანი საქმიანობის ასახვა). პროგრამის შემდგომ ეტაპზე უნდა მოხდეს თანამშრომლობითი ურთიერთობების გაძლიერება სკოლებს შორის „სასკოლო ქსელების” სისტემის ამოქმედებით, რაც სხვა სკოლებსაც მისცემს საშუალებას ჩაერთონ პროგრამაში;   პარალელურად საჭიროა სკოლის დირექტორთა მომზადება იმ მიმართულებით, რომ მათ შეძლონ თანამშრომლობითი ურთიერთობისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა.     

დასკვნის სახით ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ადამიანის სიტყვებს მოვიშველიებ: „ერთად დადგომა დასაწყისია, ერთმანეთის შენარჩუნება პროგრესი. ერთად მუშაობა კი წარმატებას ნიშნავს”. ვიმუშაოთ ერთად…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი