პრობლემური სიტუაციის ტიპები და დავალებები

გაკვეთილი ცოდნის გადაცემისა და სასწავლო მიზნების მიღწევის ძირითადი ფორმაა. შედეგის გასაუმჯობესებლად მასწავლებლები მუდმივად ცდილობენ მის გამრავალფეროვნებას სხვადასხვა ტექნოლოგიისა და მიდგომის გამოყენებით. ერთი მათგანია პრობლემურ სწავლებაზე დაფუძნებული ტექნოლოგია, რომლის მიზანი მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებაცაა. ეს მით უფრო საინტერესო მოგვეჩვენება, თუ გავიხსენებთ, რომ სახელმძღვანელოებში ნაკლებადაა წარმოდგენილი პრობლემურ სწავლებაზე ორიენტირებული აქტივობები და თანამედროვე გაკვეთილების უმეტესობაც პროდუქტიული სწავლებისკენაა მიმართული.

პრობლემური სწავლება პრობლემური სიტუაციების მთელი სისტემაა, ურომლისოდაც პრობლემური სწავლება წარმოუდგენელია და რომლის გადაწყვეტის პროცესშიც მოსწავლე საგნის მთელ შინაარსს ეუფლება. ასეთი სწავლების დედააზრი იმაში მდგომარეობს, რომ ის აცნობს მოსწავლეებს ერთი ან რამდენიმე პრობლემის რეალურად გადაჭრის გზებს, ამ პრობლემათა აზრს და გამოყენების საშუალებებს (როგორც, მაგალითად, თვალსაჩინოების ან ლოგიკური ამოცანების შემთხვევაში). ასეთ გაკვეთილებზე მოსწავლემ არა მარტო აქტიურად უნდა აითვისოს ცოდნა, არამედ უნდა გაიაზროს თავად სწავლების პროცესიც და სწავლის მეთოდებსა და მიდგომებს დაეუფლოს.

  • როგორ გავხადოთ პრობლემაზე დაფუძნებული გაკვეთილები მოქნილი და შედეგიანი, როგორ შევქმნათ პრობლემური სიტუაცია, როგორია თავად პრობლემური სიტუაციის ტიპები?

განვიხილოთ რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი.

პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე, ამისთვის, უპირველესად შეგვიძლია გამოვიყენოთ პარადოქსული, არაორდინარული ფაქტები და იდეები, რომლებიც იწვევს მოსწავლის გაოცებას და უღვივებს მას საგნის შესწავლის ინტერესსა და მოტივს.

გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ მაგალითს, რომლებიც შინაარსობრივად მარტივია, მაგრამ შედეგიანობითა და ეფექტურობით გამოირჩევა.

პრობლემური სიტუაციის შესაქმნელად უპირველესად გვჭირდება კონფლიქტის სიტუაციის შექმნა, როდესაც ახალი ფაქტები და შედეგები ეწინააღმდეგება უკვე აღიარებულ თეორიულ მოსაზრებებს და წარმოდგენებს. მაგალითად, IX კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს კურსში განვიხილავთ თემას „საქართველო VI საუკუნეში“. თემის დასასრულს მასწავლებელი სვამს კითხვას:

  • „რის საფუძველზე დაამტკიცეს ისტორიკოსებმა, რომ ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ფულის ერთეულზე ჯვრის გამოსახვა მხოლოდ ქართლიდან ირანელების განდევნის შემდეგ დაიწყო?“

კითხვაში თითქოს არაფერია რთული, მაგრამ საკითხის შესახებ არსებული მოსაზრებების მიმართ მოსწავლეს უჩნდება ეჭვის განცდაც – თითქოს რაღაც „გადასასინჯია“. პასუხის გასცემად მას ქართლის, ირანისა და ბიზანტიის იმდროინდელი ურთიერთობისა და სახელმძღვანელოს ტექსტის მთლიანად გააზრება მოუწევს.

ძალზე საინტერესო შედეგებს იძლევა შეუსაბამობის სიტუაცია, როდესაც მოსწავლის ცხოვრებისეული გამოცდილება ეწინააღმდეგება სამეცნიერო მონაცემებსა და წარმოდგენებს. მაგალითად, ძველი ეგვიტპის ისტორიის შესწავლისას და რამზეს II-ის სამხედრო წარმატებებზე საუბრისას მასწავლებელი იმგვარად წარმოადგენს სიტუაციას და დასვამს ისეთ შეკითხვას, რომელიც წინააღმდეგობაშია მთელ მის წინა საუბართან: „ქადეშის ბრძოლის დროს რამზეს II-მ თავისი ჯარით გადალახა მდინარე ორონტი და შეუტია ხეთების ბანაკს. შეშინებულმა ხეთებმა მიატოვეს თავიანთი საბრძოლო ეტლები, სასწარაფოდ ჩასხდნენ გემებში და გაერიდნენ ბრძოლის ველს“.

  • რა შედეგით დასრულდა ქადეშის ბრძოლა?

მოსწავლეთა აზრით „მასწავლებელი არ შეიძლება ტყუოდეს“, ამიტომ მათ ეუფლებათ გაკვირვება: „როგორ, ნუთუ ხეთებს გემებიც ჰყავდათ?“ – და პასუხის გასაცემად ხელახლა იწყებენ სახელმძღვანელოს ტექსტის გადაკითხვას და ერთმანეთის გამოკითხვას.

არანკლებ საინტერესოა გაურკვევლობის სიტუაცია, რომელიც წარმოიშობა მაშინ, როდესაც მისი გადაწყვეტისთვის მონაცემები არასაკმარია, ანუ როდესაც პრობლემური დავალება შეიცავს მონაცემების არასაკმარის რაოდენობას. ამ დროს გათვლა ხდება მოსწავლის გონიერებასა და ინტუიციაზე. მაგალითად, მასწავლებელი აცხადებს:

  • „ცნობილია, რომ დავით IV-მ რამდენიმე უცხო ენა იცოდა. რომელი ენები შეიძლებოდა ყოფილიყო ისინი?“

მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ ამ, ერთი შეხედვით, უმარტივეს კითხვაზე არ აქვთ პასუხი და იწყებენ დავითის ისტორიის შესახებ მთელი ცოდნის გადათვალიერებას, მონაცემების ხელახლა შეგროვებას, ამ პროცესში კი დავით IV-ის ეპოქას და მთელ თემას გადაიმეორებენ.

ვარაუდის სიტუაცია დაფუძნებულია ისტორიული მოვლენების მიზეზების, ხასიათის შესახებ საკუთარი ვერსიის წამოყენებაზე, ვარაუდზე. მაგალითად, მასწავლებელი აცხადებს, რომ

  • „პირველყოფილი წყობილების დროს არსებობდა ბევრი ცხოველი, რომლითაც ადამიანს შეეძლო თავი გამოეკვება, თუმცა ის ხშირად შიმშილობდა. რატომ უნდა მომხდარიყო ეს?“

მსგავსი შეკითხვა მოსწავლეებისთვის საუკეთესო მოტივატორია კრიტიკული აზროვნების გააქტიურებისთვის და ისინი ხალისით იწყებენ მსჯელობას პირველყოფილი საზოგადოებისა და უძველესი ადამიანების შესახებ.

პრობლემური სწავლებისას საინტერესო შედეგებს იძლევა არჩევანის სიტუაცია, როდესაც მოსწავლეს ვთავაზობთ პასუხის რამდენიმე ვარიანტს, მან კი ერთი უნდა აირჩიოს.

მაგრამ პრობლემური სწავლება პრობლემური სიტუაციის შექმნით არ შემოიფარგლება. მის ძირითად არსს წარმოადგენს ცნება „პრობლემური სიტუაციის“ გაგება და მისი გადაწყვეტის საშუალებების პოვნა. პრობლემური სიტუაციების გადაწყვეტის ფორმებია:

  • პრობლემური დავალება და ამოცანა;
  • პრობლემური ლექცია;
  • კვლევითი ხასიათის დავალებები;
  • დისკუსია;
  • ისტორიულ დოკუმენტებზე, პრობლემური ხასიათის ტექსტებზე მუშაობა და სხვა.

პრობლემური სიტუაციის დროს დიდი მნიშნელობა აქვს დავალების ფორმულირებას. დავალება ააქტიურებს მოსწავლეთა შემეცნებით ინტერესს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გლობალური ხასიათის მოვლენებია შესასწავლი. მაგალითად, VIII და XII კლასების ისტორიის კურსში ისწავლება მეორე მსოფლიო ომი და სხვა მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები. პრობლემური დავალებების შემთხვევაში მოსწავლეთა ინტერესი იზრდება და ისინი გლობალური ხასიათის მოვლენების კიდევ უფრო ღრმა კვლევას იწყებენ. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი XII კლასის ისტორიის კურსიდან:

  • „ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების უპირველესი მიზეზი იყო 1939 წლის 23 აგვისტოს სსრ კავშირსა და გერმანიას შორის დადებული თავდაუსხმელობის პაქტი. ეთანხმებით თუ არა ამ მტკიცებულებას? რა იყო ომის ძირითადი მიზეზები? მოიყვანეთ თქვენი პოზიციის დამამტკიცებელი არგუმენტები“.
  • „ზოგიერთი ამერიკელი ისტორიკოსი მიჩნევს, რომ ჰიტლერის გეგმა „ბარბაროსა“ ვერ განხორციელდა: ა) ჰიტლერის სამხედრო და პოლიტიკური შეცდომების გამო, ბ) სსრ კავშირის საკმაოდ დიდი ფართობისა და არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო და გ) იმის გამო, რომ სსრ კავშირს დასავლეთის დიდი სახელმწიფოები დაეხმარნენ. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ჩამონათვალი სრულია და ობიექტური? რატომ? თქვენ როგორ ჩამოაყალიბებდით „ელვისებური ომის“ ჩავარდნის მიზეზებს?“
  • „1942 წლის მაისში სსრ კავშირს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის მოლაპარაკებისას მიაღწიეს „სრულ შეთანხმებას“ ევროპაში მეორე ფრონტის დაუყოვნებლივ გახსნის შესახებ. როდის გაიხასნა მეორე ფრონტი ევროპაში? რით აიხსნება ის ფაქტი, რომ მეორე ფრონტი არ გახსნილა 1942 წელს? ამერიკული ლიტერატურის თანახმად, ამის მიზეზი ის იყო, რომ აშშ-ს და დიდი ბრიტანეთს არ ჰყავდათ საკმარისი ძალები მეორე ფრონტის გახსნისთვის. არის თუ არა ეს მტკიცებულება დამაჯერებელი? რატომ? როგორ ფიქრობთ, რის გამოა, რომ საამისო ძალები და საშუალებები მოკავშირეებს გაუჩნდათ მხოლოდ 1944 წლიდან?“ და ა.შ.

ასეთი დავალებები აიძულებს მოსწავლეს, გაიფართოოს თვალსაწიერი, იფიქროს, გამოხატოს საკუთარი პოზიცია შესასწავლი თემის მიმართ და დაინახოს ბევრი სადავო საკითხი მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში.

როგორც ვხედავთ, პრობლემური სიტუაციის გამოწვევა მასწავლებლისგან არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, მაგრამ შედეგიანობის თვალსაზრისით ის ძალზე ეფექტურია.

მეთოდური თვალსაზრისით სასწავლო პრობლემის კონსტრუირება მოახდინა მასწავლებელმა, ინსტრუმენტები და საშუალებები ერთად შეკრიბეს კლასმა და მასწავლებელმა, მაგრამ პრობლემური დავალება მოსწავლეებმა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს. მთავარი სწორედ ესაა – მოსწავლე დამოუკიდებლად აანალიზებს, სწავლობს და რწმუნდება ისტორიული მოვლენების შეფასებაში და მიღებულ ცოდნას სხვა პრობლემების გადაწყვეტისას იყენებს, ამიტომ ამ ტიპის დავალებების ჩართვა სასწავლო პროცესში და ზოგადად, პრობლემური სიტუაციების გამოწვევა საგაკვეთილო პროცესში მისაღები და სასურველია.

კომენტარები

comments