პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

დისკუსია წინასწარგანსაზღვრულ საკითხზე ანუ აკვარიუმის მეთოდი

„თევზის აკვარიუმის“ (Fishbowl), ან უბრალოდ „აკვარიუმის“ მეთოდი გამოიყენება ჯგუფური დისკუსიის დროს. მისი ზოგადი აღწერა ასეთია:

კლასი იყოფა ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფს დამკვირვებლის ფუნქცია აქვს, მეორეს – მოქმედი ჯგუფისა. ჯგუფების წევრთა რაოდენობა არათანაბარია. მცირერიცხოვანი ჯგუფი (6-8 მოსწავლე) განლაგდება წრიულად საკლასო ოთახის შუაგულში. თანაკლასელები მათ გარშემო წრიულად სხდებიან. შიდა წრეში მიმდინარეობს . შიდა წრე შეიძლება იყოს დახურული ან ღია. ღია წრე გულისხმობს იმას, რომ დამკვირვებელ მოსწავლეებს შეუძლიათ დისკუსიაში ჩართვა, რისთვისაც შიდა წრეში თავისუფალი სკამია გამოყოფილი. მსურველი ჯდება ამ სკამზე, გამოთქვამს თავის მოსაზრებას და გარე წრეში კვლავ თავის ადგილს, ანუ დამკვირვებლის პოზიციას უბრუნდება.

გარე წრეს შეიძლება სხვადასხვა დავალება ჰქონდეს:

ა) თვალყური ადევნონ დისკუსიას, იფიქრონ თავიანთ არგუმენტებზე, რათა ის მოგვიანებით გააცნონ მთელ კლასს. ამ შემთხვევაში ორიენტაცია აღებულია დისკუსიის შინაარსზე. ასეთ შემთხვევაში მოსახერხებელია ღია ტიპის შიდა წრე.

ბ) დააკვირდნენ დისკუსიის მიმდინარეობისას მონაწილეთა მიერ დისკუსიის წესების დაცვას, სოციალურ ქცევებს, მონაწილეთა პოზიციების დამაჯერებლობას და ა.შ. დისკუსიის მიზანია საუბრის ხელოვნების აღზრდა. ამ მიზანს შეესაბამება დახურული შიდა წრე.

გარე წრისათვის მინიჭებული ფუნქციის მიხედვით განისაზღვრება დისკუსიის შემდეგ საერთო საკლასო განხილვის შინაარსი. პირველ შემთხვევაში (ა) დისკუსია გრძელდება, მეორეში (ბ) – ხდება დისკუსიის მიმდინარეობის ანალიზი და შეფასება.

სასურველია მორცხვი და გაუბედავი მოსწავლეების ჩაბმა, თავდაპირველად დამკვირვებლის როლში. ისინი თანდათან, შეუმჩნევლად შეძლებენ თავიანთი წვლილის შეტანას დისკუსიაში. გარდა ამისა, შიდა წრის წევრების ქცევა გაუბედავი მოსწავლეებისათვის ერთგვარი სტიმული იქნება.

გარე მონაწილეები ერთ რომელიმე მხარეს ემხრობიან და როცა ორთაბრძოლაში ჩართვის სურვილი უჩნდებათ, ორთაბრძოლის მონაწილეს მხარზე ადებენ ხელს. ისინი ადგილებს ცვლიან.

აკვარიუმის მეთოდით ჩატარებული გაკვეთილისთვის:

  • უკეთესია დიდი ჯგუფი. ის გონებრივი იერიშის ერთ-ერთი სახეობაა;
  • მიზანშეწონილია დისკუსიის საკვანძო საკითხების მონიშვნა, რადგან შესაძლოა, გაგვიტაცოს ფართო და საინტერესო, მაგრამ არადოკუმენტირებულმა დისკუსიამ;
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღებით მოსმენა;
  • შესაძლებელია გარე მონაწილეები ფეხზე იდგნენ, რათა თავიდან ავიცილოთ მათი პასიურობა.

მეთოდის თავისებურებები:

  • ეს არის ტრადიციული დებატების ალტერნატივა;
  • ცვლის მრგვალ მაგიდასთან დისკუსიას;
  • წაახალისებს დინამიკურ მონაწილეობას;
  • სასარგებლოა წინააღმდეგობრივ თემებზე მუშაობისას;
  • თავიდან გვაცილებს ხანგრძლივ პრეზენტაციებს.

რჩევები მეთოდის გამოყენებისთვის:

  1. განსაზღვრეთ მეთოდის მიზანშეწონილობა თემასთან/საკითხთან მიმართებით;
  2. წინასწარ შეუთანხმეთ მონაწილეებს „აკვარიუმის“ მეთოდის დრო, აუხსენით პროცედურა და მათი როლი;
  3. წინასწარ განსაზღვრეთ საჭირო სივრცე;
  4. შიდა წრეში დაგჭირდებათ რამდენიმე სკამი (შესაძლოა ეს სკამები შემაღლებულ ადგილზეც იყოს, რომ ყველა ხედავდეს);
  5. შიდა წრის გარშემო დაალაგეთ სკამები ან მაგიდები მრგვალად;
  6. დატოვეთ შიდა წრესთან მისასვლელი გზები;
  7. საჭიროების შემთხვევაში მოიმარაგეთ მიკროფონები;
  8. საკვანძო იდეების დასაწერად სასარგებლოა ფლიფჩარტის ან დაფის გამოყენება;
  9. დასაწყებად შიდა წრეში მსხდომ მონაწილეებს ვთხოვთ, აუხსნან ჯგუფს პროცედურის შესახებ. შემდეგ დავსვათ პროვოკაციული შეკითხვა და ვთხოვოთ მოსაზრების გამოთქმა;
  10. მივცეთ 5–10 წუთი შიდა წრეში მსხდომ მონაწილეებს და კიდევ 10 წუთი დამაზუსტებელი კითხვებისათვის;
  11. მივცეთ ძირითად ჯგუფს განსაზღვრული დრო, რომლის შემდეგ დამკვირვებლებს შეუძლიათ კითხვების დასმა და კომენტარების შეთავაზება დისკუსიის კონკრეტულ ნაწილზე;
  12. სთხოვეთ დამკვირვებლებს დისკუსიაში მონაწილეობა – მათ ადგილი უნდა გაუცვალონ ძირითადი ჯგუფის რომელიმე წევრს, ისე, რომ ცვლილებები მუდმივი იყოს და მონაწილეობა ყველამ მიიღოს;
  13. განსაზღვრული დროის შემდეგ (მაგ., 5 წუთი), ჯგუფის წევრებს ისე შეუცვალეთ ადგილები, რომ დამკვირვებლები ძირითად ჯგუფში გადავიდნენ, ხოლო ძირითადი ჯგუფის წევრები დამკვირვებლების როლში მოხვდნენ.

 

აქვე გთავაზობთ დილემის ნიმუშს

დილემის მიზნები

  1. უცნობ ქალთა, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს მეცნიერებისა და ცოდნის სხვა სფეროების განვითარებაში, ისტორიების მოძიება;
  2. დამახინჯებული ფაქტების გასწორება და გენდერული სამართლიანობის დამყარება;
  3. მდედრობითი სქესის მოსწავლეების წახალისება ქალ მეცნიერთა მოდელების გაცნობით.

 

რაჰელი ახალგაზრდა მასწავლებელია. მას ისტორიაში ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი აქვს. ერთ დღეს მან თავის მოსწავლეებს უთხრა, რომ სურს, ასწავლოს ახალი ისტორია, რომელიც განსხვავებული იქნება ისტორიის ტრადიციული სახელმძღვანელოებისაგან. მისი აზრით, მრავალი წლის განმავლობაში ისტორია მამაკაცი ისტორიკოსების მიერ იწერებოდა და სრულიად უგულებელყოფილი იყო ქალების წვლილი სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, მათ შორის, მეცნიერებაში. მისი მოსწავლეები მე–10 კლასელები არიან. კლასში თანაბრადაა გოგონებიც და ბიჭებიც. ზოგიერთმა მოსწავლემ (ძირითადად ბიჭებმა) უკმაყოფილება გამოთქვა მასწავლებლის გადაწყვეტილების გამო და აღნიშნა, რომ ის, რაც ისტორიის სახელმძღვანელოებში წერია, მნიშვნელოვანი ფაქტებია, რომელთა ცოდნა და სწავლა მათთვის აუცილებელია. რაჰელმა გააცნობიერა, რომ მის გადაწყვეტილებას შესაძლოა უარყოფითი რეაქციები მოჰყოლოდა მშობლებისა და სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდანაც. ის საკუთარ თავს ეკითხება – ბოლომდე მიიყვანოს გადაწყვეტილება, თუ დანებდეს.

 

დილემის კითხვა: უნდა მიიყვანოს თუ არა ბოლომდე რაჰელმა საკუთარი გადაწყვეტილება?

 

შესაძლებელია გაიმართოს სკოლის საბჭოს სხდომა, სადაც მოსწავლეები შეასრულებენ შემდეგ როლებს:

რესურსცენტრის წარმომადგენელი;

ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი;

ისტორიის მასწავლებელი (რაჰელი);

მშობლების წარმომადგენელი;

მოსწავლეების წარმომადგენელი.

 

წყარო: https://www.kstoolkit.org/home

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი