პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

დედის გულის ვარდები და სხვა შვილები

„ოთხივე შვილიშვილი ერთნაირად მიყვარს, მალინას გეფიცები”, – (ვერ) იმართლა თავი ბებიაჩემმა მეზობელთან და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მას გამორჩეული შვილიშვილი ჰყავდა. მთელი ბავშვობა მიკვირდა, რატომ ამირჩია მაინცდამაინც მე და საბოლოოდ ეს ვერსია ვირწმუნე: უბრალოდ, პირველი შვილიშვილი ვიყავი, – როგორც თვითონ ამბობდა, „პირველი სიხარული”. ბავშვობიდანვე ვაპროტესტებდი ჩემს „გამორჩეულობას”, ვცდილობდი, არ მესარგებლა ფავორიტის უფლებებით. ამასთანავე, მქონდა დანაშაულის განცდა ჩემი დების მიმართ და ვცდილობდი, არ ამეღო ზედმეტი შოკოლადი.
და-ძმებს შორის ჩვილობაშივე იწყება მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის. ხშირად უმცროსი დედმამიშვილები უფრო არიან მიჯაჭვულები უფროსებს, ვიდრე პირიქით. ისინი მათგან იღებენ მაგალითს, სწავლობენ თანაცხოვრებას, ითავისებენ ოჯახურ ტრადიციებსა და ღირებულებებს. უფროსები, როგორც წესი, ზრუნავენ უმცროსებზე, იცავენ და მხარს უჭერენ მათ. ბავშვობის ერთ ფოტოზე ორი წლის ვარ, დადიანების სასახლის წინ ვდგავარ და გვერდით ჩემი და მიდგას. მაშინ ახალფეხადგმული ყოფილა და დედას უთქვამს ჩემთვის, ფრთხილად იყავი, არ დაგივარდესო. ალბათ, ეს იყო ჩემი პირველი პასუხისმგებლობა, რომელსაც წარმატებით გავართვი თავი. ჰო, კიდევ – ერთხელ სკოლაში ცუდად გავხდი; ჩემი უმცროსი დისთვის, რომელიც მაშინ პირველ კლასში იყო, უთქვამთ, რომ ვკვდებოდი. ახლაც მახსოვს, როგორ მოვარდა აცრემლებული და როგორ მემუდარებოდა, არ მოვმკვდარიყავი. ასეთ წუთებში ყოველთვის უფროსი და იღვიძებს ჩემში და მგონია, მთებს გადავდგამ, ოღონდ კი მან არ იტიროს. აი, ჩემი მოსწავლე ცდილობს, ზუსტად 17:45-ზე გავიდეს კლასიდან – პირველკლასელ დაიკოს უნდა გაუაროს და ფრთხილობს, დაგვიანებით არ შეაშინოს.

თუმცა არსებობს მიზეზები, რომლებიც და-ძმებს შორის ფარული თუ ღია კონფლიქტების წარმოშობას უწყობს ხელს. ბიბლიის მიხედვით, პირველი მკვლელობაც ხომ ძმების შუღლის გამო მოხდა. ბავშვებს არ უყვართ და თავს უხერხულად გრძნობენ, როდესაც მშობლები ერთმანეთს ადარებენ მათ მიღწევებს და პიროვნულ თვისებებს და უპირატესობას ანიჭებენ რომელიმე მათგანს. ისინი განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებენ, როცა მამას ჰყავს გამორჩეული შვილი. შესაძლოა  იმიტომ, რომ მამები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ შვილებთან და მათ მიერ უპირატესობის მინიჭება უფრო შესამჩნევია (Brody, Stoneman & Mc-Coy, 1992; Brodyet al., 1992). ბავშვის იგნორირება მშობლების მხრივ ფსიქოლოგიურ ზეწოლად და სასტიკ მოპყრობად მიიჩნევა.

ბავშვებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ მშობლებს, მიუხედავად ყველაფრისა, ეყვარებათ და წარუმატებლობის დროსაც მათ გვერდით იქნებიან. ასეთი სიყვარულისგან განსხვავებით, ფავორიტიზმი იმთავითვე მოიზრებს არჩევანს და ერთის მეორეზე აღმატებას. რა თვისებები ან მიღწევები უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომ ოჯახის ფავორიტი იყოს? არცთუ იშვიათად მშობლების „გულის ვარდი” ხდება შვილი, რომელიც უჯერებს მათ, არ ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და, როგორც მშობლები ამბობენ, „კარგი გასაზრდელია”, ხოლო ბავშვებს, რომლებიც ძნელად ემორჩილებიან მშობლებს და ცდილობენ, ყველაფერი თავისებურად გააკეთონ, ხშირად აკლდებათ მათი ყურადღება და სიყვარული.

მშობლები შვილებში საკუთარ თავს, საკუთარ ბავშვობას, საკუთარ თვისებებს ხედავენ. ხანდახან – მათთვის მისაღებს, ხანდახან – მიუღებელს. „დემეტრე სულ მამამისს დაემსგავსა, მასავით ჯიუტია. აი, გიორგი მე მგავს, ენაცვალოს დედა!” – ამბობს დედა შვილების თანდასწრებით. ასეთმა საუბრებმა შესაძლოა დათრგუნოს დემეტრე, თვითშეფასება დაუქვეითოს და ძმის წინააღმდეგ განაწყოს. აი, გიორგიმ კი ეს სიტყვები შესაძლოა ისე გაიგოს, რომ მისთვის ყველაფერი ნებადართულია. ფავორიტები მიჩვეულები არიან, რომ მშობლები მათ ყველა სურვილს უსრულებენ და ხშირად ხდებიან მათზე დამოკიდებულები. იმავდროულად, მათ გამუდმებით უხდებათ ბრძოლა თავიანთი მიღწევების შესანარჩუნებლად, რადგან ეშინიათ, წარუმატებლობის შემთხვევაში მშობლების სიყვარული არ დაკარგონ. ამ მხრივ გარიყული შვილები უფრო გამბედავები და თავისუფლები არიან, მათ არჩევანი უფრო მეტი აქვთ, თუმცა ისინიც იბრძვიან… იბრძვიან, მშობლების სიყვარულის მოსაპოვებლად. ამიტომ აუცილებელია, მშობლებმა ყველა შვილზე ერთნაირად იზრუნონ, განუვითარონ მათთვის სასიკეთო უნარები, დადებითი თვისებები და ერთად იმუშაონ იმ თვისებების გამოსასწორებლად, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მათ პიროვნულ განვითარებას.

არსებობს ინგლისური გამოთქმა: „ქვეყნის მთელი ისტორია უმცროსი ვაჟების დაწერილია”. ამ გამოთქმას საფუძვლად უდევს კანონი, რომლის თანახმად, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ოჯახის მთელი კაპიტალი და პრივილეგიები უფროს ვაჟიშვილს რჩებოდა, ხოლო უმცროსებს თავად უხდებოდათ საკუთარ მომავალზე ზრუნვა. საქართველოში, პირიქით, მამისეულ სახლში, როგორც წესი, უმცროსი ვაჟიშვილი რჩება. ამ წესის გამო, მახსოვს, ბებიაჩემი გვირჩევდა, ოჯახის უფროს ვაჟებზე არ გავთხოვილიყავით.

საქართველოში კიდევ ერთი დიდი პრობლემაა: ბიჭების გაფეტიშება გოგონებთან შედარებით, თუმცა მე მყავდა მოსწავლე, რომლის დედამ გამაფრთხილა: „სამი ბიჭის მერე მეოთხე გოგო გვეყოლა, მამამისს ეს უფრო უყვარს, მის ძმებს სულ არ აქცევს ყურადღებას და ამის გამო ცოტა ეგოისტიაო”.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ან ახალშობილებზე ზრუნვა სხვა ბავშვებმა შესაძლოა გამორჩევად აღიქვან. ამ დროს აუცილებელია, მშობლებმა აუხსნან დანარჩენ შვილებს, რომ ყველა ერთნაირად უყვართ, უბრალოდ, ხანდახან რომელიმე მათგანს მეტი ყურადღება სჭირდება. ურთიერთობებს სასიკეთოდ წაადგება, თუ ბავშვებიც იქნებიან ჩართული ამ პროცესში, ისინიც იზრუნებენ ოჯახის იმ წევრზე, რომელსაც დახმარება სჭირდება. ამ შემთხვევაში ჰარმონიული ურთიერთობა დამყარდება როგორც მშობლებსა და შვილებს, ისე თავად დედმამიშვილებს შორისაც.

ბებიის საყვარელ შვილიშვილობასთან ერთად რამდენიმე მასწავლებლის ფავორიტის მძიმე ჯვარიც მერგო… საშინელი გრძნობაა, როცა მთელმა კლასმა იცის, რომ მასწავლებლის საყვარელი მოსწავლე ხარ. ჰგონიათ, რომ შენ ყველაფერი გეპატიება, რომ შენი კარგი ნიშნები ამ სიყვარულის დასამხურებაა და „შატალოზე” მხოლოდ იმიტომ არ მიდიხარ, რომ პრივილეგიების დაკარგვა არ გინდა. ისიც ძალიან ცუდად მოქმედებს, როცა გამოცდას აფლავებ და მასწავლებელი გეუბნება: „ამ ნიშანს არ შევიტან და თავიდან გადააბარეო”. ამ დროს თანაკლასელებს თვალს ვერ უსწორებ და გგონია, ფეხქვეშ მიწა გაგისკდება. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, როცა სკოლას უკვე მასწავლებლის სტატუსით დავუბრუნდი, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „აბა, შენ იცი, შენი მასწავლებლის შეცდომები არ გაიმეორო-მეთქი”. მაგრამ… ძნელია ამის გაკეთება, როცა საკლასო ოთახში, წინა მერხზე, „ჩოლკიანი” გოგო ზის, რომელიც ფეხებს მერხის ქვეშ აქანავებს, ან იცი, რომ იმ ბავშვს მამა არ ჰყავს, ან იმ გოგოს დედა სულ მუშაობს და ბავშვს ენატრება, ან ის ჭორფლიანი ისე გიყურებს, რომ ხვდები, ძალიან უყვარხარ. ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. მე ვცდილობ, თითოეულ მოსწავლეს მივცე ის ცოდნა, რაც მაქვს და იმ ფორმით, რა ფორმითაც მას ეს სჭირდება და გამოადგება.
დასასრულ, გაეცანით ამატოს დაწყებითი სკოლის ერთ–ერთი კლასის მოსწავლეების რამდენიმე რჩევას, რომლებიც მათ თავიანთ დამხმარე მასწავლებელს მისცეს:
1. მოგვეცი იმდენი ცოდნა, რამდენსაც შეძლებ;
2. მოგვეცი საშინაო დავალებები;
3. დაგვეხმარე, როდესაც დავალებების შესრულება გვიჭირს;
4. დაგვეხმარე, სკოლაში ოჯახური გარემო შევქმნათ;
5. წაგვიკითხე წიგნები;
6. გვასწავლე კითხვა;
7. დაგვეხმარე, ვწეროთ შორეულ ქვეყნებზე;
8. ხშირად შეგვაქე;
9. გაგვიღიმე;
10. წაგვიყვანე სასეირნოდ;
11. პატიოსნად მოგვექეცი;
12. დაგვეხმარე, მივიღოთ განათლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი