პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბედნიერება შესაძლებელია

ნათია როსტიაშვილის კრებულის „სუნთქვის შემგროვებელი“–ს გამო

 

ისე მოხდა, რომ თითქმის ყველაფერს ვკითხულობ, რაც კი ამ ბოლო დროს წიგნებად გამოდის. ქართულ თანამედროვე ლიტერატურას ვგულისხმობ. ეს არც კარგია და არც ცუდი და საერთოდაც, ამის განხილვას ახლა არც ვაპირებ, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ამ ჭარბ ბიბლიოგრაფიაში სულ უფრო იშვიათად ჩნდება ისეთ წიგნები (ტექსტები), რომლებიც თავს დაგამახსოვრებენ იმის მერეც კი, რა დროც წიგნის კითხვისგან მოგვრილი ნებისმიერი შთაბეჭდილების განქარვებას სჭირდება. სადღაც უნებლიეთ ამოგიტივტივდება ერთი პასაჟი, ან პერსონაჟი, ან ემოცია, გაგიყოლიებს ფიქრი და ხელახლა შედგება თქვენი დიალოგი, ვინ იცის, რა ახალი შთაბეჭდილებების მისაგნებად. თქვენი – შენი და წიგნის; შენი და ავტორის.

სხვა რა უნდა იყოს ამაზე ხანგრძლივი, გნებავთ – მუდმივი ეფექტი, რასაც ლიტერატურისგან ველოდებით?!

ნათია როსტიაშვილის მოთხრობების ახალი კრებული „სუნთქვის შემგროვებელი“ ამგვარი, ხანგრძლივი მოქმედების ეფექტის მქონე წიგნია.

კრებული გამომცემლობა „ინტელექტმა“ დასტამბა. მასში თავმოყრილი ათი მოთხრობიდან რამდენიმე სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული ტექსტია, რომლებსაც მკითხველი წიგნის გამოსვლამდე უკვე კარგად იცნობდა და შეიყვარა კიდეც.

საერთოდაც, ნათია როსტიაშვილის შემოქმედებას ეს იღბალი სულ დაჰყვება – მკითხველის სიყვარული. იღბალს ვამბობ, მაგრამ დაუმსახურებელ ზებუნებრივ ძღვენს კი არ ვგულისხმობ, პირიქით – ძალიანაც დამსახურებული, შრომის და ნიჭიერების საპასუხო სიყვარულს.

რა ბადებს ამ სიყვარულს და რა ახანგრძლივებს? – იკითხავს ვინმე. პასუხი არაერთია. მათგან ერთ–ერთი უპირველესი კი, ალბათ მწერლის მიერ შექმნილი სამყარო, ატმოსფერო, რომელიც მკითხველისთვის მშობლიური და ახლობელი ხდება – კეთილშობილი, ნუგეშიანი, ნათელი არსით. ანუ ის, რაც, შესაძლოა, ცხოვრების სინამდვილეს არ ემთხვეოდეს, რაც ასე ძალიან სანატრელი იყოს, ხანდახან – შეუძლებელიც. სიკეთე ხომ ყველას გვენატრება, ადამიანური ბუნება უამისოდ აბა როგორ იქნება! და ხშირად, მის ნაკლულობას სწორედ წიგნებით ვივსებთ.

თუმცა, ნათიას მოთხრობებში ეს სიკეთე გამოგონილი და ძალდატანებული კი არაა, არამედ – ძალიან ბუნებრივი. როგორც დაშვებული შესაძლებლობა, რომელიც გადამდებიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. თხრობის მსუბუქი ტონები, ლამის ბავშვური გულწრფელობა და სილაღე, ზომიერი ემოცია, თავგადასავლის ტემპერამენტი – ეს ნათია როსტიაშვილის პროზის მთავარი შტრიხებია. ასე იქმნება მისი შემოქმედებითი სამყარო, მისი „შემგროვებლური“ საქმიანობა.

პირველივე მოთხრობას „დურგლის ბიჭი, არაცაცხვის გოგო და მე“ (კონკურს „წეროს“ მეორე ადგილის მფლობელი) ამ სამყაროში შეყავხართ. მოთხრობაში, ე.წ. შშმ პირის პრობლემა ძალიან ფრთხილად, დელიკატურად და არაგამაღიზიანებლად შემოდის. ეს პრობლემა სხვა ტექსტებშიც ზუსტად ასეთივე დამოკიდებულებით დაისმება. ავტორისთვის მთავარი პრობლემის ხაზგასმა კი არა (და ამით ერთგვარი საზოგადო ტონისთვის ანგარიშის გაწევა), არამედ ნამდვილი ადამიანური თანაგრძნობაა; ამბავი, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ბავშვობაში გადახდენოდა. ნინველობის ასაკის გოგო-ბიჭების საზაფხულო თავგადასავალი საუკეთესო ფონია იმისთვის, რომ ხელოვნური აქცენტები ჩაქრეს და ადამიანური ურთიერთობების ბუნებრივ შუქზე მწერლის ნამდვილი განზრახვა წარმოჩნდეს – ეს მოთხრობა არა შშმ პირზე (თუმცა, თავისთავად არც ამაშია არაფერი დასაძრახი, ვგულისხმობ ბოლო დროის ტენდენციას – ერთგვარ კონიუნქტურად აქციონ თემები, რომლების მიმართ არა არსობრივი, არამედ სწორედ ამ საზოგადო მოცემულობიდან გამომდინარე პრაგმატული  კავშირი აქვთ),  არამედ სიყვარულის ნაკლულოვანებაზეა, უფრო სწორედ იმაზე, თუ როგორი ემბრიონის ბედისწერით ისახება ადამიანში (მოზარდში) სიყვარული, რა ნიუანსებია, რამაც შესაძლოა დაახეიბროს ან გააჯანსაღოს ის.

სიყვარულის თემა კამერტონად გასდევს მთელ კრებულს და ტექსტებში სხვადასხვა ვარიაციით იშლება. ერთ–ერთი ყველაზე ღონიერი მოთხრობა, რომლის სათაურიც წიგნის სახელწოდებადაა გატანილი („სუნთქვის შემგროვებელი“) ამ სიყვარულის იდუმალ, მისტიკურ მხარეებზე მოგვითხრობს. ეს მოთხრობაც ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებული და წარმატებული აღმოჩნდა და მკითხველებმაც გულწრფელად შეიყვარეს. ის დედაშვილობის უცნაურ ამბავზეა, საიდანაც ბევრი სხვა დამაჯერებელი თუ დაუჯერებელი თავგადასავალი იწყება. როგორც ცხოვრებაში, სამყაროში – ყველაფერი იწყება დედის და შვილის მტკივნეულ და გულისგახეთქვამდე მშობლიურ საზღვართან. სევდაც, რომელიც „მესამე პლანის“ მოთამაშეა ნათიას ტექსტებში, გაუსაძლისი გახდებოდა, რომ არა მსუბუქი და კეთილი იუმორი, რომლითაც თითოეული მათგანია გაჯერებული.

საინტერესოა ქალების პალიტრაც – ამალია, მარუსა, ნია, არაცაცხვის გოგო… ისინი ნამდვილი ქალები არიან – თან ნაზი და ფაქიზი ნატურით, თან ძლიერი და მებრძოლი, შინაგანი თავისუფლებისკენ მიდრეკილი. ისინი ძველმოდურებიც არიან და თანამედროვეებიც, მათი აქსესუარებიც კი მათი პირადი დროის (ეპოქის) შლეიფია – იქნება ეს ძველებური, ძვირად ღირებული მუნდშტუკი („ამალიას ზარი“) თუ ფერადი ბუშტები („სუნთქვის შემგროვებელი“); ეს ქალები ნივთებს განსაკუთრებულად ექცევიან – ცოტათი ჯადოქრობენ, მათი საშუალებით დროის ლაბირინთებში მკითხაობენ და უცნაურ რეალობასაც იზიდავენ. შესაძლოა იმიტომ, რომ უკვე არსებული და ყველას მიერ აღიარებული სინამდვილე აუტანელია, მასში გადარჩენა გაცილებით რთულია, ვიდრე იმ ახალში – მათ მიერ მიზიდულსა თუ გამოგონილში.

მოკლედ, ეს ქალები მაგიურ რეალიზმს ქმნიან და მარტოობაც, როგორც ადამიანის საზოგადო ხვედრი, ბევრად უფრო მსუბუქი ხდება, თუნდაც ასი წელი გავიდეს და თუნდაც გადაუღებლად წვიმდეს სხვების მიერ უკვე გამოგონილ ქალაქებში…

შესაძლოა, სწორედ ეს შტრიხები გახდა ინსპირაცია წიგნის დიზაინერისთვის – თეონა ჭანიშვილისთვის, რომელმაც კონცეპტუალურად შეუხამა კრებულის გარეკანს ფერიც და სილუეტიც – ცოტათი სამხრეთ ამერიკულ სტილში, ნახევრად ზღაპრული განწყობით. წიგნი მკაფიოდ შესამჩნევია თაროებზე ჩამწკრივებულ მეზობლებს შორის და საბოლოო ჯამში, გარეკანიან-შიგთავსიანად ერთი იღბლიანი მთლიანობაა, რაც ავტორის, დიზაინერისა და საგამომცემლო ჯგუფის პროფესიონალურ ტანდემზე მეტყველებს.

შემგროვებლობა ნათია როსტიაშვილის მთავარი გატაცებაა, მეტიც – ჯანსაღი ვნებაა, რომელიც ახალ თავგადასავლებს წარმოშობს. გროვდება არა მხოლოდ ამბები, არამედ შეგრძნებები – შიშები, ტკივილები, სიხარულები, ნეტარებებიც. რაც მთავარია, მრავალფეროვანია ვარიაციებიც იმ საკითხზე, თუ რისთვის გროვდება ეს ყველაფერი – თამაშისთვის? ცხოვრებისთვის? გადარჩენისთვის?

ამ კითხვებზე პასუხებს იოლად იპოვით. თამაშის წესებშიც ადვილად ჩაებმებით. ნათია როსტიაშვილის შემოქმედებითი სამყაროს ნდობა ძნელი არაა – აქ ბედნიერებაც შესაძლებელია; როგორ – ეს თავად უნდა წაიკითხოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი