განათლება და კულტურული სენსიტივობა

შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა მოახერხოს და შეიცნოს მითის პრინციპი.  შესაძლოა, ამ შეცნობის გზაზე ბევრი გაიხლართოს ვერცხლისფერ ბადეში. მნიშვნელობა მარტო იმას აქვს, გადადგამთ თუ არა ნაბიჯს დაუფიქრებლად, მოისურვებთ თუ არა ამოხვიდეთ ჩარჩოდან, რომელიც მითმა თავისი თითებით შექმნა. არჩევანი დიდი არაა, თუ თქვენ ამოსვლას გადაწყვეტთ, გახდებით მოჭრილი თითი. თუ არადა, ის დარჩებით, რაც იყავით. აქ ცუდი არაფერია, ბოლოს და ბოლოს მითი თვითონ წყვეტს, რომელი თითი მოიჭრას და რომელი –  არა. შეეგუეთ:  თქვენი არჩევანი, სინამდვილეში, არაა არჩევანი, რადგან ასარჩევი არაფერია”…

/გიორგი უგრეხელიძე, მარადისობის მსახური/

 

სკოლაში მუშაობის არც ისე დიდი ხნის გამოცდილებით, სასწავლო წლის მიწურულს, დროებით მასწავლებლად მე-8 კლასში შემიშვეს. სიაში ერთი უცნაური სახელი ამოვიკითხე: – „ნვარდ“, „ – ვარდო“, – შემისწორეს ბავშვებმა,  „– ჩვენ ვარდოს ვეძახით და თქვენც ასე დაუძახეთ“, – ახალ მასწავლებელს საქმე გამიიოლეს. „ – რას ნიშნავს შენი სახელი?“ – მივმართე ნვარდს. „ – საჩუქარს“…

ნვარდი ყოველთვის ბოლო მერხზე მარტოკა იჯდა და, თხოვნის მიუხედავად, წინ არ გადმოდიოდა. არც არავინ იჩენდა მასთან დაჯდომის სურვილს იქამდე, ვიდრე თავად არ ვცადე და გვერდით მივუჯექი. ქართულად ვერ კითხულობდა, ვერც სომხურად, ვერც სხვა ენაზე. სკოლას ხშირად აცდენდა. სულ მალე სემესტრიც დამთავრდა და სწავლაში ჩამორჩენის გამო სკოლიდან გაუშვეს. დირექციის თქმით, მამა სვამდა და შინიდან გამოსვლის გამო გოგონას ხშირად ცემდა. ვიფიქრე, მიმეკითხა, თუმცა მისამართი ვერვისგან გავიგე და მეც საბოლოოდ ხელი ჩავიქნიე.

მას შემდეგ ნვარდი ხშირად მახსენდება. იქნებ ეთიკა კიდეც ითხოვდა მისი შემთხვევის განზოგადებას და მკითხველამდე ისე მიტანას, მაგრამ – მისი სახელის მეტაფორა?! ბედი გვჩუქნის, ჩვენ კი მის საჩუქრებს ვკარგავთ, ხელიდან დაუდევრობით ვუშვებთ, არ ვიცით, როგორ მოვეპყროთ. არ გვყოფნის გამოცდილება, ტოლერანტობა, ემპათია, პატივისცემა და დაფასება, ჩვენი უნარების სხვებისა და, საბოლოოდ, ჩვენთვისაც სასარგებლოდ გამოყენება, ერთი სიტყვით,  ყველაფერი, რასაც  კულტურული სენსიტივობის ცნება მოიცავს. ამ ტერმინის მიღმა კი, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, აუცილებლად მოიაზრება მრავალფეროვნება, ცოდნა, გამოცდილება და ალღო, ეფექტური კომუნიკაციის უნარები, რომლებიც ეფექტურ შედეგებთან  ეფექტიანი ჩარევის გზით მიგვიყვანს და აუცილებლად ახლავს კმაყოფილება. დაბალი კულტურული სენსიტივობა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა – ეთნიკურ, რელიგიურ, სოციალურ, ფსიქო-ფიზიოლოგიურ, ღირებულებით, სუბკულტურულ  და სხვა დონეებზე.

კულტურული მგრძნობელობის საკითხებს უცხოეთში მთელი რიგი ინსტიტუციები სწავლობენ. განირჩევა სენსიტივობის სიღრმისა და ზედაპირის დონეებიც.  პირველის სტრუქტურა მოიაზრებს კულტურულ, სოციალურ, ისტორიულ, გარემოს ფაქტორებსა და ფსიქოლოგიურ ტექნიკებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება განათლებაში, სოციალურ მარკეტინგსა და ჯანმრთელობის კომუნიკაციის თეორიებში. არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ბავშვის განვითარების ტრაექტორიების ზრდის მიზნით ოჯახის ინსტიტუტის  არსებითი როლის წინ წამოწევასა და გაძლიერებას ეხმარება, რადგან სწორედ საოჯახო ჩარევა/ინტერვენციები მოიაზრება კრიტიკულ ინგრედიენტებად პრევენციის პროგრამებში. კვლევები ცხადყოფს, რომ სხვადასხვა ეთნიკური თუ სოციალური ჯგუფებისადმი კულტურულად ადაპტური პროგრამების დანერგვით ძლიერდება მრავალმხრივი შედეგიანობა და ქრება რისკები. ამგვარი პროგრამების მიზნებს შეადგენს:

  • კულტურული საკითხების შესწავლა (სწავლა-სწავლება);
  • მშობელთა ტრენინგები;
  • საოჯახო თერაპია;
  • ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის პრევენცია;
  • კვლევების წარმოება.

რეკომენდაციები, რომლებიც ამგვარი ტიპის კვლევებს ახლავს, ისევ და ისევ აღნიშნული მიმართულებით კვლევის გაძლიერებაა. ეს ყველაფერი საბოლოოდ  ძლიერი ოჯახის ინსტიტუტის შექმნისა და მშობლების განათლების ხელშეწყობისთვის კეთდება. ძლიერი ოჯახი და ბრძენი მშობლები პროსოციალური, სოციალური კომპონენტის ზრდის და ჯანმრთელი და საღად მოაზროვნე შვილების არსებობის წინაპირობად და  საგასაღებო კონცეპტებად  მოიაზრება.

კულტურული საკითხების შესწავლა

როგორ შევისწავლოთ/შევასწავლოთ კულტურული სენსიტივობა? ლიტერატურული თუ სხვა მაგალითებით იმის ჩვენება ნამდვილად შეიძლება, რა დიდი მნიშვნელობა აქვს თანგანცდას, ტოლერანტობას, ემპათიას, პატივისცემას და დაფასებას, ჩვენი უნარების სხვებისა და, საბოლოოდ, ჩვენთვისაც სასარგებლოდ გამოყენებას, მრავალფეროვნებას, ცოდნას, გამოცდილებასა და ალღოს, ეფექტური კომუნიკაციის უნარებს, რომლებიც ეფექტურ შედეგებთან  ეფექტიანი ჩარევის გზით მიგვიყვანს და პოზიტიური შედეგებით დაგვაკმაყოფილებს.

მაგალითები ლიტერატურაში უამრავია. მთავარია, სწორად შეირჩეს აქტივობები და აქცენტები სათანადო მაგალითებითურთ. შეიძლება არაერთი გონივრული შაბლონის მოფიქრება, რომელზე დაყრდნობითაც კულტურული საკითხების შესწავლას გავაიოლებთ და მისაწვდომს გავხდით. ქვემოთ წარმოდგენილი შაბლონი პირობითია, თუმცა საკითხთან მიზნის შესაბამისობასა და მისაღწევი შედეგების ანალიზის საშუალებას რამდენადმე იძლევა.

                                                    მიზნები:

  • ანალიზისა და სწორი შეფასებითი დამოკიდებულებების, პრობლემისადმი მართებული მიდგომებისა და სწორი სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე მუშაობა;
  • თანამშრომლობის, ემპათიის, მრავალფეროვნების ცნებების სიღრმისეულად გააზრება;
  • სამართლიანობის გრძნობის გაღვივება;
  • სამართლიანი მიდგომების გამომუშავებაზე ფიქრი;
  • სწორი სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება.

                               გამოწვევა:

“– გამარჯობა, ნინა ივანოვნა!

– გაგიმარჯოს! – მოკლედ უპასუხა დეიდამ.

– კოკა სადაა? – ჰკითხა იანგულიმ.

– კოკა შენსავით უსაქმო კი არ არის, სკოლაშია! – უპასუხა დეიდამ.

– ეგ ვინღაა?

– შენი საქმე არ არის! – თქვა დეიდა ნინამ და წინ გამიგდო”, – ვკითხულობთ ამონარიდს ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან “Hellados”.

კითხვები ვარაუდისთვის: 

– რა დამოკიდებულებები გამოიკვეთა?

– თქვენი აზრით, რატომ?

– რა შეიძლება მოჰყვეს უფროსების ამგვარ პასუხებს?

– შეიძლება თუ არა მოსალოდნელი შედეგების დიაპაზონისა და ტრაექტორიის გაზომვა?

                საკვანძო სიტყვების გამოკვეთა:

ლაწირაკი, ქამი, წუწკი ბერძენი, წირპლიანი, პატარების ყოჩი, ვირის მწყემსი, გოგოების მაჩალკა, თბილისელი ჰარიფი, სამშობლო, ეღო აღაპო იმანა სუ, გაცილება, ცრემლი, გვამი…

დისკუსია

ტექსტის გააზრება და ფილმის ჩვენება https://www.youtube.com/watch?v=5m2ZU6aquzk

შედეგების განხილვა

დებატები:

რა ვიცით კულტურებზე? სუბკულტურებზე? რელიგიურ თუ სხვა უმცირესობებზე?

 

                    სხვა, არალიტერატურული შემთხვევების მიმოხილვა:

(შემთხვევა 1)

თბილისის ერთ-ერთი სკოლის მეათე კლასში ნიდერლანდებიდან  ქართველი მოსწავლე გადმოვიდა. იგი ამავე კლასის ისტორიის მასწავლებლის ძმისშვილი იყო. მასწავლებლისადმი ბავშვები ყოველთვის სიყვარულს გამოხატავდნენ. გადმოსვლიდან მესამე დღეს ახალი მოსწავლე სკოლაში საყურით გამოცხადდა. თანაკლასელებმა საყურის მოხსნა მოსთხოვეს, ასერტულობის გამო კი სასტიკად ცემეს. მასწავლებელს ძალიან აწუხებდა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შემთხვევაზე მისმა ავტორიტეტმა გავლენა ვერ იქონია.

 კითხვები ვარაუდისთვის: 

– გვეცნო თუ არა დამოკიდებულებები?

– მსგავს სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდით?

– რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს ქცევებს?

– როგორ გავზომოთ შედეგები?

 

(შემთხვევა 2)

დედაქალაქის 78 ნომერი ავტობუსით, რომელიც სადგურიდან ვერის მიმართულებით დადის, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში მგზავრობს აფრიკელი სილვანო. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსი გადაჭედილია და ხალხი ფეხზე ძლივს დგას, ის გვერდით ადგილი მუდამ ცარიელია და არავინ ჯდება. ერთხელ სილვანო ავტობუსში ამოვიდა და ქართველმა გოგონამ, ანიმ, მის გვერდით მდებარე თავისუფალ ადგილას დასვა. სილვანომ ანის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ თბილისში ცხოვრების მეორე წლის მანძილზე პირველად დაჯდა თეთრკანიანი ადამიანის გვერდით. სილვანო უნივერსიტეტის დოქტორანტი აღმოჩნდა, თუმცა იგი ვერაზე მანქანებსაც რეცხავდა. ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ ანის ერთ-ერთმა ვერელმა მამაკაცმა შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან ფერადკანიან მამაკაცს ადგილი დაუთმო და გაესაუბრა.

კითხვები ვარაუდისთვის: 

– გვეცნო თუ არა დამოკიდებულებები?

– მსგავს სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდით?

– რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს ქცევებს?

– როგორ გავზომოთ შედეგები?

 

(შემთხვევა 3)

საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელი სკოლაში საყურით და გრძელი, თუმცა შეკრული თმა-წვერით დადის. მისი განსხვავებული გარეგნობა კოლეგების უმრავლესობას აღიზიანებს და თავიანთ შეხედულებებს  მოსწავლეებსაც  უზიარებენ. ამიტომ უკვე მოსწავლეების ერთი ნაწილიც ფიქრობს, რომ მათი მასწავლებელი მწვალებელი, სატანისტი, ჰომოსექსუალი, ქართველების გამრყვნელი და საშიში ადამიანია. არადა, მასწავლებელი, თავისი სასკოლო საქმის გარდა, ბევრ საინტერესო რამეს აკეთებს: თარგმნის და ქმნის მხატვულ ლიტერატურას, უკრავს არაერთ იშვიათ მუსიკალურ საკრავზე და თხზავს განსხვავებულ მუსიკას. ჰყავს საინტერესო ქართველი და არაქართველი მეგობრები, რომლებიც მის შემოქმედებას აღიარებენ, თუმცა ისინი ცოტანი არიან.  მასწავლებელს ახალმა დირექტორმა ისედაც მცირე საათების რაოდენობა გაუნახევრა და მენეჯერის პოზიციაც სხვას მისცა. სკოლაში ახლა მისი ხელფასი საარსებო მინიმუმის ნახევარია, სხვა სამსახური არ აქვს.

კითხვები ვარაუდისთვის:

– გვეცნო თუ არა დამოკიდებულებები?

– მსგავს სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდით?

– რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს ქცევებს?

– როგორ გავზომოთ შედეგები?..

 

მიზეზშედეგობრივი კავშირების გამოვლენა

რამდენად მიემართება ან  იწვევს დაბალი კულტურული სენსიტივობა

  • აგრესიას?
  • ძალადობას?
  • ჩაგვრას?

             რა კეთდება პრობლემების გადასაჭრელად?

უცხოეთში დანერგილია საოჯახო მიმართულებების სასკოლო თუ სათემო აქტივობები, თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ რთულია ეთნიკურ უმცირესობათა ოჯახის წარმომადგენელთა გაწევრება. მაგალითად, ზოგადი პროგრამები, როგორიცაა – Generic Universal Parenting Programmes,  მშობლების მხოლოდ  33%-ს ხიბლავს [Weinberger et al., 1990]. სხვა კვლევებში [Coie 1991; Biglan & Metzler, 1999] ეს ციფრი 20-იდან 10%-მდე მერყეობს. გამოწვევას ქმნის ბევრი კულტურული ქვეჯგუფის არსებობა, განსხვავებული დიალექტებისა და ენების არსებობა რასებთან ერთად. არსებობს 50-ზე მეტი ესპანური/ლათინო ჯგუფი, 60 განსხვავებული აზიური თუ წყნარი ოკეანის კუნძულების მოსახლეობის ჯგუფი, 500-ზე მეტი ამერიკული ინდიელების ტომი და ქვეკლანი, და ბევრი შერეული ფერი, რასა თეთრ კულტურებთან განსხვავებული დონითა და კულტურული ასიმილაციით. კულტურულად ადაპტურ ან სპეციფიკურ პროგრამათა შორის ყველაზე ეფექტურად მოიაზრებენ ოჯახზე ზრუნვის პროგრამებს, რომლებიც ეფუძნება ტრადიციებს, რიტუალებს, ღირებულებებსა და რელიგიებს. “კულტურული სენსიტივობის” ტერმინის ჩანაცვლება ეთნიკური თუ რასის სენსიტივობით არ ხერხდება, რადგან ეთნიკურობა მოიაზრებს პიროვნების იდენტიფიკაციას ჯგუფსა თუ რასასთან ბიოლოგიური თუ წარმომავლობის ნიშნით [Turner 2000]. შესაბამისად, დისკუსიის ფოკუსი უნდა იყოს კულტურა და არა ეთნიკურობა ან რასა. თითოეულ კულტურას თავისი ტრადიციული მსოფლაღქმა ახასიათებს. „კულტურა“ ლათინურად საიდუმლოს ნიშნავს. კულტურა მართლაც ერთგვარი საიდუმლოა, რომელიც ინტელექტუალობის, ესთეტიკურობისა და ზნეობრიობის ასპექტებს შეიცავს.

კანტი თვლიდა, რომ კულტურა ადამიანის მრავალსაუკუნოვანი აზროვნების შედეგი, ცხოველურ ინსტინქტთა გონებით სახეცვლა და აკრძალვათა სისტემაა. კვლევების უმეტესობაც ამ ტრადიციულ სიბრძნეს უჭერს მხარს.    კულტურულ პროგრამებში ინდივიდუალურ ცვლილებებზე  პრიორიტეტულად სწორედ ოჯახის კულტურაზე ზრუნვა მოიაზრება, ურთიერთკავშირების, ორმხრივობის, პასუხისმგებლობების დანაწილების დასწავლის უპირატესობის მოტივებით.  მეტაანალიზი ცხადყოფს, რომ ოჯახის კულტურის ამაღლების მიდგომები 9-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ ახალგაზრდებისკენ მიმართული ინტერვენციები როგორც ტრადიციული, ისე შერეული კუტურების უმცირესობათა ოჯახებში [Tobler &Kumpfer, 2000; Tobler & Stratton, 1997]. ბავშვებში არაფერი შეიცვლება, თუ ოჯახური სისტემები ეთნიკური ორიენტაციის მიმართ უცვლელი დარჩება. ზოგიერთი აზრის თანახმად, [Mock 2001], ტრადიციულ ეთნიკურ ოჯახებში ინდივიდუალური ცვლილება სირცხვილის, დანაშაულის, მოვალეობებზე აქცენტების, უფროსი წევრების პატივისცემის ზღვარზე გადის. ამიტომ პროგრამებში ოჯახის ჩართულობის პოპულარიზება მეტ შედეგებს მოიტანს, მით უფრო, რომ კოლექტიური „ჩვენ“ საოჯახო იდენტობისა და ინდივიდუალური „მეს” იდენტობის დაპირისპირება ბევრ დასავლურ კულტურაში სტრესებს იწვევს, ხოლო საოჯახო ჩარევები კულტურულად შესაფერის სერვისებსა და მოდელებს გვთავაზობს [Boyd-Franklin 2001].

გამოწვევა (2) სხვა შეხვედრისთვის

რა გქვია, სახელი მითხარ,

ხევსური სჩანხარ იერით.

ნუნუა მქვია, ძმისაო,

გადმოხვეწილი ჭიელით,

იცრუა ზვიადაურმა,

თვისი სახელი დამალა,

რა ქნას? მის სახელს იცნობენ,

ქისტებს ბევრს სისხლი ავალა;

ბევრს ქისტს მოაჭრა მარჯვენა,

უდროდ საფლავში ჩალალა”.

(ვაჟა, “სტუმარ-მასპინძელი”)

გამოწვევა (3) სხვა შეხვედრისთვის

მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,

იტყოდა: ცოდვა არიო,

ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,

ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო,

მკლავზედაც გებას მარჯვენა,

შენზედ ალალი არიო,

შენ ხელ შენ გულზედ დამიწდეს,

ნუმც ხარობს ქავის კარიო,

კარგი გყოლია გამზრდელი,

ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო”…

(ვაჟა, “ალუდა ქეთელაური”)

გამოწვევა (4)

– ესენი ცალკე სკოლაში უნდა სწავლობდნენ!

გაიყვენთ აქედან, აუშენეთ სპეცსკოლები, ინკლუზია არა ის, თავზე დაგვამხეს სისტემა, სხვა ბავშვებმა რა დააშავეს?!

– მეტი კულტურული სენსიტივობა გვმართებს,  Z მას.

– კულტურული სენსიტივობა! თურმე მე კულტურული სენსიტივობა მაკლია და ამან უნდა მასწავლოს…

კულტურა ადამიანის გონით და  ემოციებით ყალიბდება. ოდესღაც ტაბუც, აკრძალვაც და კაცთშეწირვაც კულტურის ნაწილი იყო,  თუმცა ისინი დრომ ისევე წაშალა, როგორც მათ თავად მოსრეს არაერთი სიცოცხლე. ღირებულებებზე დაფუძნებულმა სენსიტივობამ კი დროს გაუძლო და  დღემდე მოგვდევს. ახლა ჯერი განათლებაზეა, რათა კულტურის ნარჩენები, როგორც ბედის საჩუქარი, ახალ ნიადაგში გადავიტანოთ და მისი ახალი სიცოცხლით საკუთარ თავს და ყველას კმაყოფილება თუ ბედნიერება ვარგუნოთ!

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Cynthia L. Foronda, A Concept Analysis of Cultural Sensitivity, MSN, RN, First Published April 10, 2008 https://doi.org/10.1177/1043659608317093

 

კომენტარები

comments