პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დეპრესია მოზარდ ასაკში

ტრადიციული ფსიქოანალიტიკური და ფსიქოლოგიური თეორიები მიიჩნევენ, რომ ყველა მოზარდი გაივლის დეპრესიის პერიოდს, რადგან კონფლიქტი აქვთ საკუთარ თავსა და გარშემო მყოფებთან. მიჩნეულია, რომ ეს არის განვითარების ნორმალური სტადია, როდესაც გუნება-განწყობა და ხასიათი მკვეთრად იცვლება. სტენლი ჰოლმა ამ პერიოდს „შტორმი და სტრესი” უწოდა. მისი აზრით, ეს ძალზე რთული პერიოდია – მოზარდი თავისი იმპულსების მონა ხდება, მისი ქცევა ხშირად ასოციალურია, ნევროზული და დეპრესიული, მაგრამ ეს არ არის პათოლოგია.
მოგვიანებით ამ შეხედულებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. მათი აზრით, მოზარდობის პერიოდის ხანგრძლივი „აშლილობები” – იზოლაცია, მარტოობისკენ სწრაფვა, არასტაბილური და არაპროგნოზირებადი ქცევა, ხასიათის მკვეთრი ცვლილებები, კოგნიტიური დარღვევები, კონფლიქტი მშობლებთან, მასწავლებლებთან, თანატოლებთან – ფსიქიკური სტრუქტურის მნიშვნელოვან დარღვევად უნდა მივიჩნიოთ. მოზარდთა უმრავლესობაზე ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ მათი ნაწილისთვის ისინი შესაძლოა სერიოზული დაავადების ადრე გამოვლენილი სიმპტომები იყოს.

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში დეპრესიამ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა – გახშირდა და გაახალგაზრდავდა. ამავე დროს, ის გოგონებთან უფრო ხშირია, ვიდრე ვაჟებთან. ამ ცვლილებათა მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ვარაუდები არსებობს და, სამწუხაროდ, ზრდის ტენდენციაც აშკარაა. 

მოზარდის დეპრესიას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ოჯახური ატმოსფერო, განსაკუთრებით – მშობლის სიკვდილი და, საზოგადოდ, ოჯახური ურთიერთობების ხარისხი. გასული საუკუნის ბოლოს ჩატარებულმა ათწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ 15 წლის მოზარდებში დეპრესიის მაჩვენებელი 21%-ია, ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი მშობლის გარდაცვალება დასახელდა. გარდა მწუხარებისა, ვითარებას ართულებს ისიც, რომ მშობლის გარდაცვალების გამო მოზარდს ემატება მოვალეობები, ხშირად – ასაკისთვის შეუფერებელიაც: უმცროს და-ძმაზე ზრუნვა, საოჯახო საქმეები, მეურნეობის გაძღოლა და ა.შ. ასეთ დროს მეცნიერები ლაპარაკობენ „ბავშვობის ნაადრევ დაკარგვაზე” და ამით გამოწვეულ დეპრესიაზე. არაჯანსაღი ოჯახური ურთიერთობებიც საკმაოდ ღრმა დეპრესიას იწვევს მოზარდებში და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ფრუსტრირებულ მშობელს აგრესია ბავშვზე გადააქვს, სჯის მას, ულახავს ღირსებას და სხვა. კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ დეპრესიული მშობლების შვილები 3-ჯერ უფრო დეპრესიულები არიან, ვიდრე ჯანმრთელებისა, 3-ჯერ მეტი პრობლემა აქვთ სკოლაში და სუიციდისკენაც მეტად არიან მიდრეკილნი. რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, დეპრესიის სიმპტომების მქონე მოზარდთა რიცხვი საშუალო და დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახებში გაცილებით მეტია; სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე გოგონებსა და ბიჭებში დეპრესიის მაჩვენებელი თანაბარია, მოზარდ ასაკში კი დეპრესიის სიმპტომებს ბიჭების 40%-სა და გოგონების 56%-თან ვხვდებით. 

მაინც რა სიმპტომები ახასიათებს დეპრესიას და რა მორალური განწყობები იწვევს უმოქმედობას ამ სიტუაციაში?

1. მოზარდი სკოლაში მოწყენილია, უბედურად გამოიყურება, თითქოს მუდამ ტირილის ხასიათზეა, იშვიათად იღიმება, თითქმის არ იცინის; სოციალურად პასიურია, გულგრილია, საზოგადოდ, ცხოვრების და, კერძოდ, სასკოლო ცხოვრების მიმართ; მოზარდებს, როგორც წესი, ბევრი ნაცნობი და ამხანაგი ჰყავთ, დეპრესიულ მოზარდს კი არავისთან სურს ურთიერთობა, მათ შორის – არც ოჯახის წევრებთან. ის ერიდება ხალხმრავალ გარემოს, სახლშიც კი მარტო სადილობს, თუ აქამდე მშობლები მეგობრებთან მეტისმეტად ბევრი დროის გატარების გამო საყვედურობდნენ, ახლა მათაც გაურბის. ამრიგად, თუ შეამჩნიეთ, რომ მოზარდი საკუთარ თავში ჩაიკეტა, ეს უკვე სიგნალია;

2. კარგავს ინტერესს ყოველდღიურობის მიმართ – რუტინული საქმიანობა, რომელსაც მანამდე ხალისით ასრულებდა (ძაღლის გასეირნება, ყვავილების მოვლა, საცურაო აუზზე სიარული, მუსიკა, სპორტული წრეები და სხვა) აღარ იზიდავს. გულგრილია, საზოგადოდ, აქტიური ცხოვრების მიმართ – უფრო არსებობს, ვიდრე ცხოვრობს (ეს სიმპტომები ბიჭებთან უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებთან);

3. დარღვეული აქვს ძილისა და კვების რეჟიმი – ეს ყველაზე შესამჩნევი სიმპტომია. ვერ იძინებს, ძალიან ადრე დგება ან უჭირს გამოფხიზლება, მოთენთილია; ასევე უცებ უკლებს ან უმატებს ჭამას და ძილს. ეს შეიძლება იყოს ე.წ. ბიპოლარული დეპრესიის ნიშანი, რასაც წონის კლებამდე ან მატებამდე მივყავართ. ერთნი უძილობით იტანჯებიან, მეორენი – ძილიანობით, ან ზოგჯერ – უძილობით და ზოგჯერ – გაძლიერებული ძილიანობით (ჰიპერსომნია); ზოგჯერ გაკვეთილზეც კი ჭამენ ან, პირიქით, არც შესვენებაზე იკვებებიან;

4. გაღიზიანებულია და გაბრაზებული. სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდისთვის, საზოგადოდ, დამახასიათებელია ასეთი მდგომარეობა, მაგრამ დეპრესიის შემთხვევაში ის თავისებურად ვლინდება: გაღიზიანება და ბრაზი თანდათან ძლიერდება და ხშირდება; მოზარდს აღიზიანებს ჩვეულებრივი სიტუაციები და აქვს სრულიად არაადეკვატური რეაქცია ამა თუ იმ სიტუაციის მიმართ. ასაკობრივი და დეპრესიული ბრაზი ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, თუ მშობელი ურჩევს ან შენიშვნას აძლევს ჩაცმულობის თაობაზე და ბავშვი ბრაზობს, ეს ტიპური ასაკობრივი რეაქციაა, მაგრამ თუ ბრაზს გამოხატავს ელემენტარული საყოფაცხოვრებო მომენტების გამო (მაგალითად, სასადილოდ სუფრასთან მიწვევისას), ეს უკვე დეპრესიულ შფოთვას ჰგავს. სკოლაში აღგზნებულობა ასე ვლინდება: მოზარდი ვერ ჩერდება მერხთან, წამოდგება, დადის;

5. შენელებული აქვს ფსიქომოტორული რეაქციები – ლაპარაკობს და მოქმედებს ნელა, თითქოს გადაღლილია, ენერგიისგანაა დაცლილი; აქ არ იგულისხმება რაიმე კონკრეტული საქმიანობით დაღლა – ეს არის ზოგადი დაღლილობა, რომლის კონკრეტული მიზეზი არ ჩანს. ენთუზიაზმი და ინტერესი დაკარგულია. ამ მდგომარეობას ხშირად თან ახლავს თავის ტკივილი, მოთენთილობა (ეს სიმპტომი უმეტესად გოგონებთან გვხვდება);

6. დღის სხვადასხვა მონაკვეთში ხასიათი ეცვლება ან რომელიმე ერთ მონაკვეთში, მაგალითად, დილით ან შუადღისას, ცუდად გრძნობს თავს;

7. შესაძლოა ჰქონდეს აკვიატებული მოძრაობებიც, გამუდმებით ამოწმებდეს რაღაცას, მაგალითად, დაკეტილია თუ არა სასკოლო ჩანთა, მეტისმეტად ხშირად იბანდეს ხელებს დ.ა.შ.;

8. აქვს დანაშაულისა და უმწეობის გაძლიერებული განცდა, უსარგებლო ადამიანად მიიჩნევს თავს;

9. უჭირს გაკვეთილზე ყურადღების კონცენტრირება, თითქოს დაბნეულია, საუბრის დროს ხშირად ითიშება და არ ესმის, რას ეუბნებიან; ასევე – საკლასო სამუშაოს დროსაც. ამის გამო უუარესდება კიდეც აკადემიური შედეგები;

10. მოსდის უსიამოვნო აზრები, ყველაფერს მუქ ფერებში ხედავს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გონებას არ შესწევს უნარი, „დაინახოს” მოვლენების დადებითი მხარე, ძლიერდება უიმედობისა და უსარგებლობის განცდა, რასაც სახლიდან გაქცევაზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრთან მივყავართ. სამწუხაროდ, თვითმკვლელობა მართლაც არ არის გამორიცხული. ყურადღებით უსმინეთ მოსწავლეებს – შესაძლოა ხმამაღლაც თქვან ეს და არსებობდნენ ამის მოწმეები.
სპეციალისტთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ, საზოგადოდ, დეპრესიას იწვევს კოგნიტური პროცესების დარღვევა, რომ ის ემოციური დარღვევა არ არის. სახელდობრ, რომელ კოგნიტურ დარღვევებზე მიუთითებენ ისინი?

1. მაქსიმალიზმი: სამყაროს შავ-თეთრ ფერებში ხედვა – თუ წარმატება დაგეგმილზე ნაკლებია, ადამიანი თავს ხელმოცარულად, უიღბლოდ მიიჩნევს;

2. ერთეული ფაქტების საფუძველზე – ზოგადი დასკვნა: ერთადერთი უსიამოვნო შემთხვევა განიხილება როგორც ცხოვრების უწყვეტი შავი ხაზი;

3. მოვლენების ფსიქოლოგიური ფილტრაცია: დეპრესიული ადამიანი მოვლენებიდან ამოწევს მხოლოდ ნეგატიურ დეტალებს და ამით ცხოვრობს. ყველაფერზე უარყოფითი წარმოდგენა აქვს. ამას „თაფლის ქილაში კუპრის წვეთის” ეფექტს უწოდებენ;

4. დადებითი მოვლენების დისკვალიფიკაცია: ადამიანი უარყოფს დადებით მოვლენებს, შეუძლებლად მიიჩნევს მათ არსებობას, ინახავს მხოლოდ უარყოფით შთაბეჭდილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეალობას არ შეესატყვისება;

5. დამახინჯებული დასკვნები: ფაქტების ნეგატიური და არასწორი ინტერპრეტაცია, ბუნებრივია, არასწორი დასკვნების გამოტანას გულისხმობს. მაგ., თუ მოზარდს ჰგონია, რომ კონკრეტულ ადამიანს არ უყვარს, ასკვნის, რომ მასთან საუბარი არც ღირს, ან თუ ფიქრობს, რომ ცუდი რამ ელოდება, ასკვნის, რომ ეს აუცილებლად მოხდება, „როგორც ყოველთვის”;

6. გაზვიადება და სათანადოდ შეუფასებლობა: აზვიადებს ცუდს და სათანადოდ ვერ აფასებს კარგს – ე წ „ჭოგრიტის ეფექტი”;

7. ემოციაზე დაფუძნებული დასკვნები: რწმენა, რომ უარყოფითი ემოციები ასახავს რეალობას – „რაკი ასე ვგრძნობ, მაშასადამე, ასეა”;

8. იარლიყი: ეს არის ერთეული შემთხვევიდან ზოგადი დასკვნის გამოტანის ექსტრემალური ფორმა. ნაცვლად იმისა, რომ აღწერო შენი და სხვისი გრძნობები, აკრავ იარლიყს. ეს იარლიყები შესაძლოა არაფრით იყოს გამყარებული, ერთეული შემთხვევებითაც კი;

9. პასუხისმგებლობის აღება მოვლენაზე, რომელიც მასზე არ არის დამოკიდებული: ეძიებს და პოულობს საკუთარ თავში მიზეზებს, რომლებმაც უარყოფითი მოვლენა გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლო.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემჩნევისას საჭიროა მოზარდისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა. არ გეგონოთ, რომ პრობლემა თავისთავად მოგვარდება, რომ მშობელი ან მასწავლებელი მოახერხებენ დეპრესიული მდგომარეობიდან მოზარდის გამოყვანას. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ არც მშობელს და არც მასწავლებელს არ ეყოფათ ცოდნა, ენერგია და დრო მასთან კვალიფიციური და ინტენსიური მუშაობისთვის. დაიხმარეთ ფსიქოლოგი და თავადაც დაემარეთ მას.

რასაკვირველია, პედაგოგებს დიაგნოზის დასმას და მკურნალობას არავინ ავალებს, მაგრამ დეპრესიის სიმპტომებს მასწავლებელი უნდა იცნობდეს – მისი და სკოლის ფსიქოლოგის ინფორმაცია მნიშვნელოვანია სპეციალისტისთვის, რომელმაც ბავშვთან უნდა იმუშაოს.

თუ მოზარდს ფსიქოთერაპიული მკურნალობა დაენიშნა, თერაპევტი ვალდებულია, მშობელთან ერთად მასწავლებელთანაც ითანამშრომლოს. ამ პერიოდში თერაპევტი მოსწავლის ერთგვარი ადვოკატია და მას საგანმანათლებლო სისტემისგან „იცავს” – უხსნის მასწავლებელს და, საზოგადოდ, სკოლას დეპრესიული ეპიზოდის გავლენას მოზარდის საკოლო ცხოვრებაზე. თუ მოზარდს მიაჩნია, რომ სასკოლო ცხოვრება მას დამატებით სირთულეებს უქმნის და აღარ სურს სკოლაში სიარული, მასწავლებელმა, თერაპევტისა და სკოლის ფსიქოლოგის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მას უნდა შეუდგინოს ინდივიდუალური სამუშაო გეგმა, რომელიც შეიძლება შემდეგ ასპექტებს მოიცავდეს: სასწავლო დატვირთვის შემცირებას, შეფასების კრიტერიუმების გადახედვას, რომელიმე მასწავლებლის მიმაგრებას და სხვა. მოსწავლის ქცევისა და აკადემიური მოსწრების ცვლილების შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს თერაპევტს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი