სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ  წავიკითხოთ ლექსები – სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

თავიდანვე გეტყვით, რომ ეს, ეგრეთ წოდებული, ლექსის წაკითხვის სავარჯიშო, არც ერთადერთია და არც საყოველთაო, მაგრამ შემოთავაზებულ კითხვებზე პასუხი და დისკუსია მოსწავლეებს დაეხმარება ლექსი აღიქვან მრავალფეროვან ემოციურ გამოვლინებებში,

გაჰყვნენ ლექსის ემოციით გამოწვეულ ასოციაციებს და მიიღონ და შეიგრძნონ განსხვავებულ აღქმათა არომატი.

მე კი ამ კითხვებზე ისევ ჩემი სტუდენტების პასუხებს შემოგთავაზებთ.

 

  • ლექსის ისტორიისაგან დამოუკიდებლად, როგორ ემოციას იწვევს ეს ლექსი თქვენში?

 

  • როგორი ასოციაციური კავშირი გიჩნდებათ „სილაჟვარდესა“ და „სილაში ვარდთან“?
  • რომელი მუსიკალური ნაწარმოები გახსენდებათ ამ ლექსზე და რატომ?
  • რომელ ნახატს შეადარებდით ამ ლექსის განწყობას?
  • როგორია „ოცნების ბაღით დაჭრილი გედი?“
  • თქვენი ფრაზა ამ ლექსიდან?
  • შეგიძლიათ დაწეროთ თავისუფალი ესეი, გამოტოვოთ ან დაამატოთ ნებისმიერი შეკითხვა.

 

სოფია სამხარაძე

 

ყოველთვის, როცა გალაკტიონ ტაბიძის ამ ლექსს ვკითხულობ, მეკარგება სხეულისა და სულის ერთობა და ვერაფრით  ვერ გეტყვით, ცალკე აღებული რომელი უფრო მავსებს ან მაწუხებს. მასევდიანებს სხეული, რომელიც დავამძიმე სულის მოუსვენრობით და მასთან წინააღმდეგობით, თუ პირიქით – სული, რომელიც სურვილებსაყოლილ სხეულში გამოვკეტე?

სწორედ  ამ ლექსის საშუალებით, ერთდროულად შემიძლია საკუთარ თავს გარედანაც ვუყურო და, ამავდროულად, ყველა შინაგანი, ღრმად მიძინებული შეგრძნებაც ფხიზელივით განვიცადო!

„სილაჟვარდეზე“ პირველ რიგში რატომღაც ლაჟვარდოვანი ზღვის ტალღები მახსენდება.  სანაპირო.  ტალღების მშვიდის ლიცლიცი და კამკამა წყალი, რომელიც ოქროსფერ ქვიშას ეფერება.

„ვარდი სილაში“ კი უკვე სურათია – მოხუცი ქალი ტალღებით დასველებულ ქვიშაზე ზის და მაგონებს  სველ სილაზე  დაგდებულ  შემჭკნარ ვარდს.

პეიზაჟი სულაც არ არის სევდიანი, მაგრამ საკმაოდ სევდიან სიუჟეტს, ასეთივე მელანქოლიური  მელოდია გასდევს თან – იოჰან სებასტიან ბახის „ადაჯო“ (იტალ. Adagio) ნელი, დინჯი მუსიკა, რომელიც უფრო ხმამაღლა მესმის, რაც უფრო ჩუმად ვკითხულობ ლექსს. ზოგჯერ  მელოდია იმდენად მძაფრია, ტექტს მიკარგავს და უაზროდ და გულწრფელად, ლოცვასავით ვბუტბუტებ ლექსს.

„ოცნების ბაღით დაჭრილი გედი“ – ჩემი მოხუცი ქალბატონის სულია, რომელსაც, შესაძლოა, მხოლოდ ჩემს ფანტაზიაში აქვს სქესი, რომ ჩემს მოცემულობას დაემთხვეს და მანუგეშოს – არ  ვარ მარტო! ეს მეტაფორა ჩემთვის მცდელობებით დაუღალავი ადამიანის საზოგადო ხატია, შეუპოვარი ადამიანის, რომელიც ყველა იმედგაცრუებაზე „იკოდება“ მაგრამ არ კვდება და ის თავისივე ლამაზი მისწრაფებებით, მშვენიერ, ამაყ მაგრამ დაჭრილ გედს მომაგონებს. სულ მგონია, რომ გალაკტიონის გედი ის ღვთაებრივი არსებაა, რომელსაც  ჭრილობის მოშუშება ნებისმიერ დროს  საკუთარი ცრემლით შეუძლია, მაგრამ ტკივილს იხანგრძლივებს და რატომღაც მისით ტკბება!

მთელი მისი პათეტიკითა და გულწრფელობით ლექსში ჩემი საყვარელი მონაკვეთია: „შეხედე,  დასტკბი ყმაწვილურ ბედის დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!“ – სადაც ლირიკული გმირი ერთდროულად საკუთარ სისუსტეს და დაღლასაც გამოხატავს, თუმცა ჯერ კიდევ შესწევს ძალა, დაიტოვოს ხმაში საყვედურისა და ბრაზის კილო, თუმცა შესწაევს უნარი, ასეთ მდგომარეობაში მყოფი დაეხმაროს საკუთარ თავს! ლირიკულ პერსონაჟზე გითხარით, მაგრამ სინამდვილეში, ის ალბათ მე ვარ…

 

მარიამ სოხაძე

 

ახლა, როცა ეს ლექსი გადავიკითხე, ემოცია, რომელიც ჩემში შემოვიდა, მინდა ცნობიერების ნაკადს გამოვაყოლო… ხვალ შეიძლება სხვანაირად დამეწერა… გუშინაც სხვა რამეს ვიტყოდი… თუმცა ახლა მხოლოდ სიტყვებად გარდაქმნილ ემოციებს გავყვები…

სილიანი წვიმის გუბეები ჩამოდგა.. და სულისა თუ თვალის მზერისაგან შორს, შეუხსენებლად იცი, რომ ჯერ კიდევ ამაყად დგას ოცნება ბაობაბზე… უკანასკნელი ეკალი მიაბარა ცხელ ქვიშას თავნება ვარდმა და ჩამქრალი ვულკანის ნაწვიმარ სილაში ყველაზე ვიწრო ქიმიდან გა’დაეშვა…!

დაეშვა ზეცა გალაქტიკიდან…

და ეშვა ტკივილი-ტკივილითვე-ტკივილისათ’ვის…

ვის სხეულს ატარებენ ახლა ცხოვრებანათევი სულის ფიტულები…?!

უსიმფონიო დუმილს ვღიღინებ და ვფიქრობ ღმერთზე…

გაცვეთილი ფილოსოფია – ‘მზე ქმნის ჰორიზონტის სიშორეს თუ ჰორიზონტი გვაშორებს მზ’ეს…?!

ეს – ჯერ კიდევ იდეის შობამდე 2000 წლით ად’რე!

რე- მი’ყ’ ვარდი….

ვარდი კი… ახლა ის სულ მარტოა, უზარმაზარი ბაობაბის სქელ ფესვებზე  შემოხვეული…. მაგრამ აქვს ნება, ოცნება და დაუწერელი მცნება იმისა, რომ შეუძლია გა’დარჩეს…

დარჩეს ჯერ არდაბადებულ, ჯერ არამონასუნთქ  ნახშირო’ჟანგად…. ჟანგად მეკიდება ფიქრები სულზე…

და სულზე მომისწარი შენი სიზმრების რეინკარნა’ციით..

ცით არ მთავრდება არსებობა, ჩემო მეგობარო….

ეჰ… ნეტავ არასდროს ჩაგეხედა სილაჟვარდის ხავსიან ფსკერზე..!

არასოდეს დაგენახა მშვენიერი თვითმკვლელი ვარდი, ყველაზე მაღალი და ყველაზე ვიწრო ქიმიდან როგორ სწყდება, როგორ ეშვება,  ვერამომსკდარი, ნაწვიმარი სილის გუბიდან…

ნეტავ არასდროს, მარიამ….

 

 

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

 

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა –
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, –
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრებ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამე ნათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი