ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საზაფხულო არდადეგები – მოჩვენებითი დასვენება თუ შეუზღუდავი თავისუფლება -(პირველი ნაწილი)

ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ ზაფხული ძალიან მალე გადის. არდადეგების დასაწყისში მეჩვენებოდა, რომ სამ თვეში ყველაფრის მოსწრება შეიძლებოდა, აგვისტოში უცებ აღმოვაჩენდი, რომ სადაცაა ახალი სასწავლო წელი დაიწყებოდა, საზაფხულო დავალებების სია კი თითქმის ხელუხლებელი იყო. მუსიკალური სკოლის მოსწავლის მიერ შესასრულებელი სამუშაო  განსხვავდებოდა სტანდარტული სასკოლო საზაფხულო დავალებებისგან. დაწყებით კლასებში,  დღეში 2-3 საათი უნდა გამომეყო  ფორტეპიანოსთვის და უცნობი ნაწარმოებები გამერჩია-მესწავლა, ამომეხსნა მუსიკალური ამოცანები, მევარჯიშა სოლფეჯიოში, როგორმე დამემახსოვრებინა ცნობილი კომპოზიტორების დაბადებასა და სიკვდილს შორის მოქცეული წლები და ფაქტები… რა თქმა უნდა, ზაფხულის ძირითადი ნაწილი თვალსა და ხელს შუა შემომელეოდა, მხოლოდ აგვისტოში მახსენდებოდა მოახლოებული სექტემბერი და თითქმის ხელუხლებელი დავალებების გრძელი სია.

გავიდა დრო და ახლა ვცდილობ ჩემი შვილის საარდადეგებო დავალებების  შესრულებას  ვადევნო თვალი. გამოგიტყდებით, რამდენიმეფურცლიანი სიის ამოკითხვის შემდეგ ისევ ისეთი შეგრძნება მიჩნდება, როგორც ბავშვობაში – ზაფხულს მართმევენ!  

მაგრამ მე ხომ მარტო მშობელი არ ვარ, მასწავლებელიც ვარ. ამიტომ, ბუნებრივია, მიჩნდება კითხვა –  მაინც რა ტიპის საზაფხულო დავალება უნდა მივცეთ მოსწავლეებს,  რომ ზაფხულში ისევ სკოლაში სიარულის ტოლფასი დატვირთვა არ გამოუვიდეთ? 

ჩემი აზრით, საარდადეგებო დავალებების სია ისე უნდა შევადგინოთ, რომ მშობელს არ დასჭირდეს დასასვენებლად წასვლისას ნახევარი ბიბლიოთეკის ზურგზე მოკიდება (ყველას ხომ არ აქვს ელექტრონული წიგნები) ან ახალი სახელმძღვანელოების შეძენა (იმ სახელმძღვანელოების გარდა, რომლებიც მიღებული ცოდნის განსამტკიცებელი დამატებითი სავარჯიშოებითაა დაკომპლექტებული). მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტორიც, რომ ზაფხულის უმეტეს ნაწილს ბავშვები ქალაქგარეთ, ბებიებთან და ბაბუებთან ერთად ატარებენ, ამიტომ დავალებაში არაა სასურველი  CD-PLAYER-ის, კომპიუტერისა და მსგავსი აუდიო-ვიდეო აპარატურის ჩართვა. დავალება შეუსრულებელი დარჩება, მშობელი კი აუცილებლად გაღიზიანდება.

მასწავლებლების უმეტესობა მიიჩნევს, რომ სამი თვე ძალიან ბევრია დასვენებისთვის (ევროპაში იშვიათია მსგავსი გრძელვადიანი საზაფხულო არდადეგები. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპელები, განსაკუთრებით კათოლიკეები, წლის განმავლობაში უფრო ხშირად ისვენებენ, ვიდრე ქართველი მოსწავლეები), მოზარდის გონებას კი უკუსვლის თავიდან ასაცილებლად რეგულარული ვარჯიში სჭირდება.

ზარმაცი და არადამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრების მქონე  მოსწავლეებისთვის ზაფხული ხშირად გასული წლის პროგრამის დასაძლევ ბონუს-დროს წარმოადგენს.  მშობლებს ჰგონიათ, რომ რეპეტიტორის დახმარებით, მათი შვილები მთელი წლის მანძილზე დაგროვილ ,,კუდიანებს” ,,ფრიადებად” აქცევენ. ძალიან ძნელია ორ თვეში წლიური მასალის ხარისხიანად ათვისება და ასეც რომ იყოს, ზაფხულის მიწურულს ბავშვს აუცილებლად დასჭირდება კიდევ ერთი  არდადეგები, ოღონდ ამჯერად – ყოველგვარი მეცადინეობის გარეშე. 

მოსწავლეს, რომელსაც ათვისების ნელი ტემპი ან განსხვავებული სასწავლო უნარები აქვს და ამის გამო პროგრამას ჩამორჩება,  ფსიქოლოგების აზრით, განსაკუთრებით სჭირდება დასვენება,  რადგან სტანდარტული მონაცემების მქონე მოსწავლისაგან განსხვავებით, მათი ტვინი მთელი წლის განმავლობაში მეტად იყო დატვირთული. 

სასურველია,  საზაფხულო  დავალებები არ ჰგავდეს ტიპიურ სასკოლო დავალებას. უცხო ენა არასდროს მისწავლებია, მაგრამ ვფიქრობ რომ სახალისო და სასარგებლო დავალება მოსწავლისთვის ისეთი ტიპის სამუშაოს შესრულება იქნება, როგორიცაა მისი ცოდნის შესაბამისი სირთულის ტექსტის თარგმნა მშობლიურ ენაზე და, პირიქით, მარტივი ქართული საბავშვო მოთხრობის უცხო ენაზე გადათარგმნა.  დავაწესოთ სიგელები საუკეთესო თარგმანისა და საზაფხულო მთარგმნელობით კონკურში აქტიური მონაწილეობისთვის, რომელსაც მოსწავლეებს სექტემბერში გადავცემთ. შეგვიძლია მშობლებს ვურჩიოთ მულტფილმები და საბავშვო ფილმები კონკრეტულ ენაზე (თუ მათ ამის ტექნიკური რესურსი გააჩნიათ). საკითხავ მასალად შეგვიძლია შევურჩიოთ იმ ნაწარმოების უცხოენოვანი ვერსია, რომელიც მათ შვილებს მოსწონთ. თუ მშობელი ფლობს იმ ენას, რომელსაც მისი შვილი სწავლობს, მაშინ ამ ყველაფრის განხორციელება რეალურია.  მოსწავლეებს, რომლის მშობლებმაც არ იციან უცხო ენა, მასწავლებელმა ისეთი ტიპის დავალებები უნდა შეურჩიოს, მათი დამოუკიდებლად შესრულება რომ შეძლონ (ნახევრად  მზა, თანდართული ინსტრუქციებით, ტესტის მსგავსი).

ხელწერის გაუმჯობესების მიზნით,  დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ხშირად აძლევენ ლექსებს გადასაწერად.  ჩემი აზრით,  უმჯობესია ბავშვს ვათამაშოთ ,,მწერლობანა” – ვთხოვოთ მას საკუთარი მოთხრობების კრებულის შედგენა, ან დღიურის წარმოება (მაგალითად გამოდგება ,,ანა ფრანკის დღიური”, რომელიც ზაფხულში წასაკითხი ლიტერატურის სიასაც დაამშვენებდა). მოსწავლეები შეიძლება წავახალისოთ ლამაზი ალბომებით, რომელშიც მისი მომავალი წიგნი უნდა ჩაიწეროს. თუმცა  საკუთარი ხელით ,,დაკაბადონებულ” წიგნში მოქცეული ამბები უფრო მეტად დაამშვენებს საზაფხულო წიგნების გამოფენას, რომელიც შეგიძლიათ სკოლის ფოიეში მოაწყოთ… ესეც თქვენი წერით აზროვნებასა და კალიგრაფიაში ვარჯიში.

ჩემი აზრით, საკითხავი ლიტერატურის მოცულობა და თემატიკა აუცილებლად უნდა შეეფერებოდეს მოზარდის ასაკს და გათვლილი უნდა იყოს დღეში მისთვის დასათმობ სავარაუდო დროზე. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა ვაიძულოთ თუნდაც საბაზო კლასების მოსწავლეები იკითხონ იმ ტიპის მხატვრული ლიტერატურა, როგორსაც სკოლაში სწავლობენ. სასურველია, ქართველი კლასიკოსები სასწავლო პროცესის მსვლელობის დროს  დამატებით საკითხავ ლიტერატურად მივცეთ მოსწავლეებს. აი, ვთქვათ, თუ პროგრამის მიხედვით უნდა გავიაროთ ილია ჭავჭავაძის პოემა – ,,განდეგილი” , მოსწავლეებს ვთხოვოთ, დასვენების დღეებში წაიკითხონ ამავე პოეტის ლექსები, ამოარჩიონ მათთვის საინტერესო რამდენიმე ნიმუში და წარადგინონ კლასთან. არდადეგებზე კი მოზარდს საშუალება უნდა მივცეთ, იკითხოს შედარებით მსუბუქი  ხასიათის, თუნდაც გასართობი (სათავგადასავლო, ფენტეზი  და სხვა ჟანრები) ქართული თუ საზღვარგარეთული მხატვრული ლიტერატურა, გავაცნოთ სხვა ქვეყნების ლიტერატურულ მემკვიდრეობას.

ზაფხულის განმავლობაში ბავშვს უნდა მოენატროს სკოლა. მაგრამ როგორ შეძლებს ამას, თუ ის პროცესები, რაც სკოლაში მიმდინარეობდა,  არასდროს შეწყდება? ნუთუ უფროსებს არ გაღიზიანებთ  ნანატრი შვებულების დროს სამსახურის საკითხებთან დაკავშირებული თუნდაც ერთი ტელეფონის ზარი?  მასწავლებლებსაც და მშობლებსაც გვეშინია, რომ ბავშვს არდადეგების განმავლობაში ყველაფერი დაავიწყდება, რაც წლის განმავლობაში ისწავლა. ფსიქოლოგების აზრით კი, წელიწადში ერთი თვით მაინც უნდა მივცეთ მოზარდს ყველაფრის დავიწყების უფლება. შემდეგ შეგვიძლია ზომიერად დავტვირთოთ მისი დღე საზაფხულო დავალებებით. 

დაწყებით კლასებში მეცადინეობის დროს აუცილებელია მშობლის თანადგომა. უფროსკლასელებს კი პასუხისმგებლობა და სხვა შინაგანი მოტივატორები უნდა აიძულებდეს საწერ მაგიდასთან დაჯდომას. ჩემი აზრით, თუ მეშვიდე-მერვე კლასამდე ბავშვი ძალით მიგყავდათ წიგნთან, უფროს კლასებში ამას ვეღარ მოახერხებთ. ამიტომ,  სანამ დროა, მშობლებმაც და მასწავლებლებმაც შინაგანი მოტივაციის ამაღლებაზე უნდა ვიზრუნოთ. ამას კი ვერაფრით შევძლებთ, თუ ზაფხულობით პატარებს სახლში გამოვკეტავთ.

როგორც მშობელი, შეცდომას ვუშვებდი, როცა ჩემს შვილს ზაფხულის უმეტეს ნაწილს დახუთულ ოთახში, საწერ მაგიდასთან ვატარებინებდი. ამიტომაც მომდევნო წერილში ფსიქოლოგების რჩევებს და პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოვამზადებინოთ საზაფხულო დავალებები შვილს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი